საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსს აცხადდებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, 2018 წელს, კონკურსი VII კლასის, 2019 წელს საბაზოს VIII და IX კლასებზე, ხოლო 2020 წელს, ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის მიმდინარე რევიზიის დასრულების შემდეგ, საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოებზე გამოცხადდება.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ჩიქობავამ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ ახალი კონკურსის პირობები, პროცესის დასაწყისშივე ცხადი და მკაფიო იქნება ყველასთვის და ადგილი არ ექნება გზადაგზა განხორციელებულ არსებითი ხასიათის ცვლილებებს. გამომცემლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შემდეგ კი, დამტკიცდება რეცენზირების წესი, ასევე, შეფასების შინაარსობრივი და ტექნიკური კრიტერიუმები.

სამინისტროს ინფორმაციით, „წინა გრიფირებისგან განსხვავებით, შემფასებლების შერჩევის პროცესი სრულიად გამჭვირვალე იქნება“ და სახელმძღვანელოებს შეაფასებს არა დამატებითი კომისია, არამედ გამსწორებელთა მხოლოდ ერთი ჯგუფი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმძღვანელოები შეფასდება რამდენიმე მიმართულებით: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა; შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

უწყებაში განმარტავენ, რომ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის საფუძველზე, ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი არა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრებაზე, არამედ მის კრიტიკულ გააზრებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზეა გაკეთებული.

„შესაბამისად, ამ კომპონენტებთან ერთად, გრიფირების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების ავტორებისთვის მოთხოვნები მკაფიო იყოს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ გრიფირების პროცედურაში შესული ცვლილებების მიხედვით, სახელმძღვანელოების წერისთვის გამომცემლებს უფრო მეტი დრო ექნებათ - მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი.

ასევე მეტი დრო დაიხარჯება თავად ავტორებზე. კერძოდ, მათთვის ინტენსიურად ჩატარდება საგნობრივი კონსულტაციები, კონკრეტული საგნის სტანდარტის გააზრებისა და შეფასების კრიტერიუმების გაგება-გააზრებისთვის. ავტორებისთვის თემატურ სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებენ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რადგან სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ მათთვის არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაოდენობრივად შემცირდა შინაარსობრივი კრიტერიუმები, რომელიც უფრო მოქნილი, მკაფიო და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე ორიენტირებული გახდა. რაც შეეხება ხარისხისა და ფასის კორელაციას, სახელმძღვანელოების ხარისხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საბოლოო ქულის გაანგარიშებაში დაგეგმილია შემცირდეს ფასის წონა, ხოლო შინაარსის ხარისხის წონა გაიზარდოს“, - აცხადებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა