მორჩაძესთან დაკავშირებით მე პრეტენზია არ მქონია და არც მექნება - ვინც არის პასუხისგებაში მისაცემი, ის მისცენ და ვიღაცების მოძებნას და ვითომ საქმის გადაფარვას შეეშვან,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ზაზა სარალიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
სარალიძის თქმით, მორჩაძის საქმე ხელისუფლების მხრიდან თამაში იყო, რომ „თითქოს შსს და პროკურატურა რაღაცას აკეთებს".
„ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ იმიტომ, რომ ეს პიროვნება როცა პასუხისგებაში მისცეს, მაშინაც გაურკვეველი იყო რა მოტივით იყო პასუხისგებაში მიცემული. ეს მგონია ისევ თამაში ხელისუფლების მხრიდან. ჩემი აზრით, ის მაშინ პასუხისგებაში მისცეს სუბელიანის თამაშის გამო, რომ თითქოსდა რაღაცას აკეთებს შსს და პროკურატურა. ეს იყო უსაფუძვლო ნაბიჯები. რაც შეეხება მოწმეების მოსყიდვას და დაშინებას, იმდენი ადამიანი ჰყავთ პასუხისგებაში მისაცემი, რომ თითები არ გვეყოფა მის ჩამოსათვლელად“, - განაცხადა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მერაბ მორჩაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა და მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე.