დავით უსუფაშვილი - ხელისუფლებაში ყოფნისას, ნეტავ მეტი მომეხერხებინა ზოგიერთის იმ მთავარ საქმეებთან არმისაშვებად, ვინც ახლა მსაყვედურობს

ხელისუფლებაში ყოფნისას, ნეტავ მეტი მომეხერხებინა ზოგიერთის იმ მთავარ საქმეებთან არმისაშვებად, ვინც ახლა მსაყვედურობს, - ამის შესახებ მოძრაობა „შენების“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, „ქართული ოცნების“ მიერ ძველი სახეების წამოწევა რა მიზანს ემსახურება, უსუფაშვილი პასუხობს, რომ „ემოციური შეძახილებითა და სადღეგრძელოებით ვერაფერს მიაღწევენ“.

„მოგვეცით კიდევ ერთი წელი და ბევრ რამეს გამოვასწორებთო, ამაში კონკრეტიკა არ ჩანს, რას გამოასწორებენ და როგორ. დიდი-დიდი, ვინმე შეცვალონ, მაგრამ ეს ხომ სისტემის შეცვლას არ ნიშნავს?! არადა, სისტემის შეცვლაა აუცილებელი. ე.წ. ძველი გვარდიიდან ოლეგ იაძე და კიდევ ვიღაცები გამოსულან და უთქვამთ, ივანიშვილთან უსუფაშვილმა დაგვბლოკაო. ჯერ ერთი, 2016 წელს სიას ვინც ადგენდა, კარგად იციან და მე არაფერ შუაში ვარ, და მეორე, ნეტავ მეტი მომეხერხებინა ზოგიერთის იმ მთავარ საქმეებთან არმისაშვებად, ვინც ახლა მსაყვედურობს. თუ ახლა ამ ადამიანების დაბრუნებაზეა ლაპარაკი, ამით რა გამოვა ცხადია. თუმცა, ეს მათი გადასაწყვეტია, რა კადრებით წარდგება "ქართული ოცნება", მაგრამ მინისტრებმა და ხელისუფლებამ უნდა გაითავისონ, რომ ისინი მხოლოდ პარტიის არ არიან და მათ სახელმწიფო აბარიათ. სახელმწიფო ინტერესი უნდა დააყენონ მაღლა და არა პარტიული. უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ერთპიროვნული მმართველობა უკვე დასრულებულია არა "ნაცმოძრაობის" სიძლიერის, არამედ მათივე სისუსტისა და უნიათობის გამო. რაც მთავარია, ახლა ძველი სახეების წამოწევა ის მესიჯია, თუ ვინმე ნაწყენი ხართ, ახლა დაგვიჭირეთ მხარიო, და არა ის, ხელისუფლებაში გაბრუნებთო, თუმცა ბევრმა სწორედ ასე გაიგო, ახლა ჩავდგები რიგში და იქნებ რამე შემხვდესო“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს