ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2018

რამაზ საყვარელიძე - “ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან “ნაცმოძრაობა” ყველაფერზეა წამსვლელი”

“საპროტესტო კარვები და საახალწლო ნაძვის ხე”

დავით უსუფაშვილი - “ოცნების” მთავარი შეცდომა ის არის, რომ სააკაშვილის ხაფანგში გაება”

* * *

რამაზ საყვარელიძე - “ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან “ნაცმოძრაობა” ყველაფერზეა წამსვლელი”

“ვფიქრობ, ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, ხელისუფლების ოპონენტი ძალა კი, “ნაციონალური მოძრაობა”, ყველაფერზეა წამსვლელი. მას არ უნდა მიეცეს პროვოკაციისთვის საფუძველი, თორემ ამის გამოყენება როგორ შეუძლია, ვიცით. შეცდომა მგონია, რომ არ მისცეს თავის დროზე კარვების გაშლის საშუალება, თუმცა ისიც ცხადია, რომ საბოლოოდ დაიხიეს უკან. ხორავას ქუჩის საქმე ძალიან საფრთხილო თემაა და “ქართულ ოცნებაში” უნდა იცოდნენ, რომ დაგროვილ კითხვებზე მაინც მოუწევთ პასუხის გაცემა, თუ არადა, მოუწევთ პასუხის გება. თუმცა აშკარაა ისიც, ამ საკითხის გამოყენებას როგორ ცდილობენ პოლიტიკურად. პროცესების ესკალაციის გეგმა რომ აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” და პოსტსაარჩევნოდ აქციებისთვის ემზადება, არც მალავენ. ეს არის ძალა, რომელიც ყველა ხერხს გამოიყენებს ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად”, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან “ნაცმოძრაობა” ყველაფერზეა წამსვლელი” / “ვეკითხები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გულში ჩაიხედონ და ისე თქვან, დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს ვინმე ამოაღებინებდა ხმას?!” / “სააკაშვილთან ჩახუტებით “ევროპულმა საქართველომ” სწორედ ის ელექტორატი დაკარგა, რომელიც ამდენი წვალებით მოიპოვა. ამიტომ, ალბათ, ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევს”.

“შედეგად, ვხედავთ, რომ ერთი მხარე იბრძვის ხელით, ფეხით, კბილებით, ტყუილით, ცრუბრალდებებით, ძალადობით... მეორე მხარე კი მხოლოდ იგერიებს და ამასობაში უშვებს შეცდომებს, თუმცა გამოსწორებასაც ცდილობს - ისე, ხელისუფლებაც რომ გადავიდეს ამავე ხერხებზე, ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის განცხადებებს მართლმსაჯულებასა და სხვა პრობლემებზე, კი, პრობლემები არსებობს და ამისთვის ხელისუფლება უნდა გავაკრიტიკოთ, მაგრამ ახლა ხომ ცხადია, რომ ბრძოლა მიდის არა შეცდომების გამოსასწორებლად, არამედ იმის დასაბრუნებლად, რაც სააკაშვილის მმართველობისას, 9 წლის წინ გვქონდა. ეს უნდათ, ის სტანდარტები სჯობს დღევანდელს?! ამ კონტექსტში თუ გაიაზრებენ თავიანთ განცხადებებს, იქნებ დაინახონ, რომ დღეს კი აკრიტიკებენ ხელისუფლების შეცდომებს, მაგრამ ამით შეიძლება გზა გაუხსნან პოლიტიკურ ძალას, რომელიც დანაშაულის ჩამდენია. ვეკითხები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გულში ჩაიხედონ და ისე თქვან, დღეს რომ სააკაშვილი იყოს ხელისუფლებაში, მაჩალიკაშვილს ვინმე ამოაღებინებდა ხმას?! არათუ ამდენს არავინ გააბედვინებდა, არ არის გამორიცხული, მისი ლიკვიდაციაც კი მოეხდინათ. გაიხსენეთ, რა მოხდა ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, როცა ოჯახებს მიცვალებულები არ ატირეს, ან როგორ გაანადგურეს აფრასიძეების ოჯახი სვანეთში... იქნებ კარგად დავინახოთ, რა ძევს დღეს სასწორზე. ასევე ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რა რთულ პროცესში ვართ - წინ გვაქვს მეორე ტური და ყველა პასუხისმგებელია იმაზე, რომ ამ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს. ზოგადად, ამაზრზენია იმის ყურება, როგორ ცდილობენ უბედურების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“მეორე ტურამდე დროის ათვლა დაიწყო. ამ პირველ ეტაპზე რჩება შთაბეჭდილება, რომ ის სიბინძურე, რაც 28 ოქტომბრამდე იღვრებოდა დაპირისპირებული მხარეებისგან, გამქრალი თუ არა, მნიშვნელოვნადაა შემცირებული. იმედია, როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში”, ისე “ქართულ ოცნებაში”, დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ტალახის სროლისას მსროლელიც და მსხვერპლიც ზარალდებიან. როგორც ერთს, ისე მეორეს ახლა ამომრჩევლის იმ 50%-ის ხმა სჭირდება, რომელიც 28 ოქტომბერს არ მივიდა არჩევნებზე. არ მივიდა დიდწილად იმიტომ, რომ ძალიან მგრძნობიარეა ამ საარჩევნო ჭუჭყის მიმართ, ამიტომაც ყველა პოლიტიკურ ძალას და კანდიდატს ზურგი შეაქცია. ამან სიფრთხილე გაუღვიძა პოლიტიკურ ძალებს, განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობას”, შეწყდა მასშტაბური ბინძური კამპანია, თუმცა აგერ საოკუპაციო ხაზთან ვნახეთ, როგორ შეურაცხყო მათმა აქტივისტმა სალომე ზურაბიშვილი. მაგრამ, თუ იმავე სოციალურ ქსელს გადავხედავთ, ამან სალომე ზურაბიშვილი კი არა, “ნაციონალური მოძრაობა” დააზარალა”, - თვლის რესპონდენტი.

“ბიძინა ივანიშვილი აშკარად გაცილებით კრიტიკული გახდა `ქართული ოცნების~ მიმართ. ბოლო მიმართვა უფრო მძაფრი იყო, განსაკუთრებით იმ დეტალით, რომ ის საკადრო პოლიტიკის შეცვლას აპირებს, რაც ნიშნავს, რომ ის, ვინც ახლა თანამდებობაზეა, დიდი ალბათობით, შესაძლოა ცოტა ხანში აღარ იყოს. ვფიქრობ, ეს ივანიშვილისთვის სახიფათო განაცხადია, მით უფრო, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნებით ისედაც თითქმის ყველას თავზე დაეკიდა დამოკლეს მახვილი. ვიღაცის თანამდებობა ამან უკვე იმსხვერპლა, ცხადია, სხვებიც დგანან რიგში. რატომ არის ეს სახიფათო? იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა თუ დაინახეს, რომ კარგავენ თანამდებობებს, მოისურვებენ კი არჩევნებში `ქართული ოცნების~ გამარჯვებას? ივანიშვილი აშკარად და პირდაპირ ვერ დაუპირისპირდება გარემოცვას, მით უფრო, წინასაარჩევნოდ - როცა ლიდერი უპირისპირდება გარემოცვას, ეს ძალიან რთულ ვითარებას ქმნის და ლიდერს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ თავისი გაიტანოს... რაც შეეხება ფარცხალაძის საკითხს - მაინც რა გავლენის პატრონია ფარცხალაძე, რომ `ქართული ოცნება~ ლამის მზად არის მას ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება შესწიროს. მისთვის შეფარდებული გირაოს ოდენობა, 5.000 ლარი, ნამდვილად არ ტოვებს სერიოზული სასჯელისა და იმის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ფარცხალაძისგან, როგორც არაფორმალური ჯგუფების გავლენის სიმბოლოსგან, გათავისუფლებას აპირებს. ეს იყო, ჩემი აზრით, ძალიან უხარისხო ფასადური ნაბიჯი და სამწუხაროდ, ცხადყოფს, რომ `ქართული ოცნება~ შექმნილ ვითარებას მთლად ადეკვატურად კიდევ ვერ აღიქვამს, ან არ უნდა, რომ აღიქვას”, - დაასკვნის პოლიტოლოგი.

“ვიტყვი, რომ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” აფიშირებული შერიგება შეცდომა იყო მომავლისთვისაც და კონკრეტულად ამ არჩევნებშიც და ვაშაძეს ბევრს არაფერს შესძენს. “ევროპულმა საქართველომ” “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებიდან გამოყოლილი ელექტორატის გარდა, ამომრჩევლის გარკვეული კატეგორიის ყურადღება მიიპყრო, როგორც “ნაციონალური მოძრაობისგან” დამოუკიდებელმა ძალამ და ეს ელექტორატი არასდროს ყოფილა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი. ეს არის უფრო მესამე ცენტრის ჩამოყალიბების მოსურნე ელექტორატი, რომელსაც არც “ნაციონალები” უნდოდა და არც “მეოცნებეები”... მათ ასეთ მესამე ძალად “ევროპული საქართველო” დაიგულეს და ახლა ძალიან იმედგაცრუებული არიან. ძალიან ბევრმა სწორედ ამგვარ პოზიციაზე მყოფმა მოქალაქემ მისცა დავით ბაქრაძეს ხმა, მით უფრო, რომ ეს უკანასკნელი ზომიერ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება. სააკაშვილთან ჩახუტებით “ევროპულმა საქართველომ” სწორედ ის ელექტორატი დაკარგა, რომელიც ამდენი წვალებით მოიპოვა. ამიტომ, ალბათ, ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუწევს”, - მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - “არაერთხელ გაისმა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე განცხადებები...” - პასუხობს:

“თუ გავითვალისწინებთ, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაზეა” გაბრაზებული, უკვე გაბრაზებულია “ქართულ ოცნებაზეც”, რადგან ფიქრობს, რომ სამართლიანობა მათი მიზეზით არ აღდგა. ამიტომ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში “ქართული ოცნების” სამშვიდობო პოზიცია მათთვის არაფრისმთქმელი იქნება - ანუ რასაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაემორჩილნენ, რის გამოც მეტ-ნაკლებად მიიღეს კოაბიტაცია და ა.შ. თუ საზოგადოების ნაწილმა დაინახა, რომ გაჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერებისა და დაბრუნების შანსი, არ არის გამორიცხული, თავის ჭკუაზე მოქმედება გადაწყვიტოს. შესაბამისად, ანგარიშსწორებისა და არეულობის საფრთხე არსებობს, მაგრამ არ ველი მასშტაბურ პროცესებს. მეორე მხრივაც არის პრობლემა - “ნაციონალური მოძრაობა” უკვე ამბობს, რომ თუ გაიმარჯვა სალომე ზურაბიშვილმა, გაყალბების მოტივით დაიწყებს პროცესებს ქუჩაში. ესეც სახიფათო სცენარია, რადგან ერთი მხარე თუ გავიდა ქუჩაში, მეორეც აუცილებლად გავა, რაც დაპირისპირების საფრთხეს გაზრდის, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, “ნაციონალების” პრეტენზიას გაყალბების თაობაზე არ ექნება საზოგადოებაში ის გამოხმაურება, რაც 2003 წელს ჰქონდა. იმჟამად ეს მოტივი აიტაცა საზოგადოებამ, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლების მიუღებლობას გაცილებით მეტი და დიდი მიზეზები ჰქონდა - როგორც წესი, არჩევნების გაყალბებაზე დიდი ემოციები ქართველებს არა აქვთ. დღეს საზოგადოებაში ნამდვილად არ არის განწყობა, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობით” შევცვალოთ.

“სხვათა შორის, “ნაციონალური მოძრაობისა” და სააკაშვილის აქტიურობა სწორედ დაგეგმილ აქციებზე საერთაშორისო მხარდაჭერისთვისაც შეიძლება იყოს გათვლილი. მათ აქვთ გამოცდილება, რომ რევოლუციისას გვერდით დაიყენონ უცხოელები, მაგრამ 2003 წელს აშშ-ს ჰქონდა სურვილი და გეგმაც, ხელი შეეწყო “ხავერდოვანი” რევოლუციებისთვის, დღეს ამგვარი ინტერესი დასავლეთს არა აქვს, ამისთვის არც სცალია, თავისი გასჭირვებია. “ქართული ოცნებისთვის” ვაშაძის გამარჯვება უპირველესად იმიტომაა საფრთხე, რომ თუ ძალა “ნაციონალურ მოძრაობაში” დაინახეს, “ქართულ ოცნებაში” გადაპორტირებულებიდან ბევრი უკან გადაპორტირდება და მეტიც, ძალიან ბევრი ახალი პორტირებულიც შეიძლება გაჩნდეს. ასე რომ, “ქართულ ოცნებას” შესაძლოა დაეშალოს კიდეც საპარლამენტო უმრავლესობა, ხომ კარგად ვიცით, მისი ნაწილი იქ პრინციპების გამო არ არის”, - დასძენს პოლიტოლოგი.

“საპროტესტო კარვები და საახალწლო ნაძვის ხე”

“რუსთაველის გამზირზე კარვები გაშლილია. შაბათ ღამით, ორთვიანი მცდელობის შემდეგ, შვილმოკლული მამების - ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნა, რომ პარლამენტის შენობასთან კარვები გაეშალათ, წარმატებით დაგვირგვინდა, თუმცა ამას ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იყო შეხლა-შემოხლა. ზაზა სარალიძის დედა და თავად სარალიძეც აქციაზე შეუძლოდ გახდნენ და მცირე ხნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. აქციები გრძელდება და ახლა განხილვის საკითხი ქვეყნის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის განთავსების ადგილია. დედაქალაქის მერია ნაძვის ხის გამართვას, ტრადიციისამებრ, პარლამენტთან გეგმავს და ამის შესახებ ოფიციალურადაც აცნობა აქციის ორგანიზატორებს, რასაც საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება მოყვა, მერიაში კი აცხადებენ, რომ მათი წერილი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “საპროტესტო კარვები და საახალწლო ნაძვის ხე”.

“თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ სრულიად წარმოუდგენელი და გაუგებარია, ვინ მოიფიქრა შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშნის დასმა შვილმკვდარ მამასა და საახალწლო ნაძვის ხეს შორის. აქციის მონაწილეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იქ, სადაც და რა ფორმითაც სურთ, ამის აკრძალვა ან დაშვება მერიის პრეროგატივა არასდროს ყოფილა. კახა კალაძემ ბრიფინგზე ზაზა სარალიძისა და მერიის მიმოწერაც წარმოადგინა. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიის პასუხში საუბარია იმაზე, რომ ნაძვის ხის ანთების ცერემონია 15 დეკემბერს იმართება და ამას შაბათ ღამით მომხდარ ინციდენტთან კავშირი არ აქვს. პარალელურად, ინტერნეტში გაჩნდა პეტიცია სახელწოდებით - “უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!” პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება საზოგადოებას აიძულებს არჩევანს ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის, ადამიანს აირჩევენ. კვირა საღამოსათვის პეტიციას 2 ათასზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ “შეთანხმებით შესაძლებელია, ყვლაფერი ძალიან ნორმალურად და მშვიდად მოგვარდეს”. “მშვიდად შეიძლება ამაზე შეთანხმება, შესაძლებელია, იყოს კარავიც, ოღონდ სხვანაირი კარავი, რომელშიც დაჯდება ადამიანი და ნაძვის ხეც იყოს იქ ისეთი, რომელიც საერთო ვითარებიდან არ იქნება ამოვარდნილი. თუ არა და ადამიანების ცუდად გახდომა არ ღირს არც ნაძვის ხედ და არც სხვა გასართოდ საშუალებად. თუ ადამიანები ამის გამო ცუდად უნდა გახდნენ, ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ და დაიწყოს სიძულვილი, მაშინ ვის რად უნდა ნაძვის ხე. ნაძვის ხეს საახალწლოდ იყოს სიხარული უნდა მოჰქონდეს ბავშვებისთვის და თუ ეს საზოგადოების ნაწილისთვის გადაიქცევა დაძაბულობის კერად, ამაზე არც ღირს ლაპრაკი, ვფიქრობ, შეთანხმებით შესაძლებელია, ყვლაფერი ძალიან ნორმალურად და მშვიდად მოგვარდეს”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. “ქართული ოცნების” კიდევ ერთი წარმომადგენელი, დეპუტატი შოთა ხაბარელი ამბობს, რომ ოპოზიცია ამ დაპირისპირებას თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“მერიამ განმარტა, რომ ეს არ არის ხელის შეშლა. ეს არის ჩვეულებრივი საახალწლო მზადება. იმ ადგილზე ნაძვის ხე უნდა დაიდგას. ეს არ ხდება მხოლოდ წელს. რუსთაველის გამზირი არის ლოკაცია საახალწლო ნაძვის ხისთვის. იყო თხოვნა დეკემბრის თვესთან დაკავშირებით. არის სხვა ადგილები, სადაც შეუძლია, გამოხატოს თავისი პროტესტი. “გუშინდელი არეულობა იყო ვიღაცების მიერ პოლიტიკური ნიშნით ანგაჟირებული. საზოგადოება ამას ხედავს. კილაძის გუშინდელი გამოსვლა ვნახეთ - ამბობს, რომ თურმე სარალიძის დედა პატრულმა ცემა, მეორე წუთში სარალიძის დედა გამოდის და ამბობს, რომ, პირიქით, პატრული დამეხმარა, ხალხი გასწია, რომ კარგად მესუნთქაო. ეს ყველაფერი სიცრუესთან არის დაკავშირებული”, - განაცხადა შოთა ხაბარელმა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ შაბათის მოვლენებში არასამთავრობოებმა გარკვეული როლი ითამაშეს. საზოგადოებისა და ხელისუფლების დაპირისპირება კი ამ ფაქტის გამო არ უნდა მოხდეს”, - დასძენს გამოცემა.

“არასამთავრობოების ამოქმედებამ ითამაშა გარკვეული როლი კანონთან დაკავშირებით, რომ კარავი არის ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, კანონი ამას არ ზღუდავს და ა.შ. ზოგადად, ყველა ქვეყანა თავს არიდებს, რომ სახელმწიფო დაწესებულებებთან იყოს კარვების ქალაქი, თუმცა ეს საქართველოსთვის უცხო არ არის. გვახსოვს კარვების ქალაქად გადაქცეული რუსთაველის პროსპექტი”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, რომლის თქმით, “ეს არ არის ისეთი დრამატული საკითხი, რომ ხელისუფლების დაპირისპირება ადამიანებთან გამართლებული იყოს”, - წერს სტატიის ავტორი.

დავით უსუფაშვილი - “ოცნების” მთავარი შეცდომა ის არის, რომ სააკაშვილის ხაფანგში გაება”

“2012 წელს, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იცვლებოდა, “ქართული ოცნების” მთავარი დაპირება იყო საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების აღმოფხვრა, მისი გამთლიანება, ისეთი ხელისუფლების შექმნა, რომელიც ყველას ხელისუფლება იქნებოდა, მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრება, სადაც პარტიები და მათი მხარდამჭერი საზოგადოებრივი ძალები ერთმანეთის კონკურენტები იქნებოდნენ და არა მტრები. “ქართული ოცნების” ყველაზე მეტად შეუსრულებელი და მიუღწეველი ამოცანა ის არის, რომ მეექვსე წლისთავზე მივიღეთ პოლარიზებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ მთლიანად საზოგადოება. ვითარებას ამწვავებს ისიც, რომ ხელისუფლებისა და ყოფილი ხელისუფლების ერთობლივი მონდომებით პოლიტიკურ სპექტრშიც მოხდა სხვა პოლიტიკური ძალების ნიველირება და ამან შედეგად მოიტანა საზოგადოების თითქმის შუაზე გაყოფა, ორად გაყოფილ საზოგადოებაში კი დესტაბილიზაციის საფრთხე გაცილებით მაღალია”, - აცხადებს “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნების” მთავარი შეცდომა ის არის, რომ სააკაშვილის ხაფანგში გაება” / დავით უსუფაშვილი: „ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. მაგრამ ორივე მხარის განწყობა ისეთია, რომ იცვლება და ეს ქმნის ფეთქებადსაშიშ ვითარებას“.

“საზოგადოდ, დემოკრატია მეორე ტურით მხოლოდ იგებს და ეს სასურველი რეალობაა, მაგრამ ჩვენთან ერთ მხარეს აღმოჩნდა სახელისუფლებო რესურსი და დაბალი ნდობის მქონე კანდიდატი, მეორე მხარეს კი რევანშის მოსურნე და ხელისუფლებით უკმაყოფილო აქტიური ამომრჩეველი. მსგავს ვითარებაში, როცა დემოკრატიულ ქვეყანაში მეორე ტურში ერთ-ერთი კანდიდატი იგებს, დამარცხებულსა და მის მხარდამჭერებს არა აქვთ განცდა, რომ ყველაფერი დაკარგეს. მათ აქვთ განცდა, რომ მიიღეს არასასურველი, მაგრამ ასატანი პრეზიდენტი. ეს არის კონკურენციის შედეგი და ვინაიდან ჩვენთან კონკურენცია კი არა, მტრობა და ერთმანეთის განადგურებამდე ბრძოლაა, დამარცხებულს აქვს განცდა, რომ საერთოდ განადგურდება და მისი ადგილი აღარ იქნება ქვეყანაში. “ქართული ოცნების” მთავარი შეცდომა ის არის, რომ სააკაშვილის დაგებულ ხაფანგში გაება და საპრეზიდენტო არჩევნები სახელისუფლებო არჩევნებად გადააქცია, მაშინ, როდესაც ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება. მაგრამ ორივე მხარის განწყობა ისეთია, რომ იცვლება და ეს ქმნის ფეთქებადსაშიშ ვითარებას. რატომ? ხელისუფლება წაგების შემთხვევაში ფიქრობს, რომ დაკარგა ხელისუფლება, ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ვერ მოიპოვა ნანატრი ხელისუფლება. ამის გამო კი ვიღებთ შეშინებულ და დაზაფრულ ხელისუფლების მომხრეებს...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.

“ხელისუფლება თავისი მომხრეების შიშით მობილიზებას ცდილობს, მაგრამ იმდენს ვერ ხვდება, რომ ამ რიტორიკით დამატებით ენერგიას აძლევს მოწინააღმდეგის ამომრჩეველს. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ხელის გაწვდენაზეა, მით უმეტეს, არჩევნების შედეგებით აქვს უპირატესობა და ეს მათთვის სტიმულია. ოპოზიციის მხარეს ენთუზიაზმი, ხალისი და ჟინია, ხოლო შიში და დაბნეულობა ხელისუფლებისა. სწორედ ამ ტიპის დაპირისპირებაა სახიფათო... სწორედ იმაშია საქმე, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, ვაშაძე გახდება თუ არა პრეზიდენტი და შეიწყალებს თუ არა ვინმეს, დრო მაინც გადის და იმ პირთა პატიმრობის ვადები იწურება, ადრე თუ გვიან, მათ გარეთ ვიხილავთ და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ აპოკალიფსური გააზრება იმისა, რომ ჩვენ ვერ შევძელით “ნაცმოძრაობის” მოსპობა და ახლა ისინი ციხეებიდანაც გამოვლენო, შეცდომა და ოპონენტთან ისეთი დამოკიდებულებაა, როგორიც მომხდურ მტერთან გექნებოდა, ვთქვათ, ჯალალედინის შვიდასათასიან ჯართან. ასეთი დამოკიდებულებაა ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ და ეს იკითხება "ოცნების" აქტიურ მხარდამჭერებს შორის. იგივე ხდება ოპოზიციის მხარეს - ცოტა დაგვაცადეთ და, თქვენ იქნებით ჯალალედინის ლაშქარი, რომელსაც განვდევნით ქვეყნიდანო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება სააკაშვილისა და “ნაცმოძრაობის” რეიტინგის ზრდას, ეს ივანიშვილისა და მისი გუნდის ორი სტრატეგიული შეცდომის ბრალია: პირველი - გადაწყვიტეს, რომ “ნაცმოძრაობა” მათთვის საუკეთესო სპარინგპარტნიორია, რადგან მის ფონზე “ოცნება” ყოველთვის გაცილებით უკეთესი გამოჩნდებოდა. ამიტომ ჩათვალეს, რომ ყველა არჩევნებს მოიგებდნენ, სანამ ეგონათ, რომ სააკაშვილსა და მათი ხმების 20-25%-იან მაქსიმუმს აკონტროლებდნენ; და მეორე - მათ არ უნდოდათ ნამდვილი ოპონენტი და “ნაცმოძრაობას” რაც უნდა ეთქვა, მარტივად ეუბნებოდნენ, თქვენ არა გაქვთ ამის თქმის უფლება, თქვენ ჩვენზე უარესები ხართო, რასაც დღესაც აკეთებენ. ამიტომ არ დაუშვეს სხვა პოლიტიკური ძალების ფეხზე დადგომა. ყველას უთხრეს, რომ პარტია გაეუქმებინა, “ქართულ ოცნებაში” შესულიყო და ვიღაცებმა ეს ძალიანაც მარტივად გააკეთეს. ვინც უარი ვთქვით, კეთროვანებად გამოვცხადდით”, - განმარტავს “შენების მოძრაობის” ლიდერი.

“ნებისმიერი გზით ზურაბიშვილის გამარჯვება შესაძლოა “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი დამარცხება აღმოჩნდეს - ნებისმიერ გზაში ვგულისხმობ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის არასწორად გამოყენებას. თუკი ამას შეეცდებიან და მიიღებენ სასურველ შედეგს, ზურაბიშვილს გამარჯვებულად გამოაცხადებენ, თავად იმ წუთშივე დამარცხდებიან. ყველა მოგება არ არის მოგება. უნდა გაიაზრონ, რომ მათი ამოცანაა ქვეყნის მართვა მანამ, სანამ ხალხი მხარს უჭერს, მათ უნდა დაანახონ ხალხს გზა სახელისუფლებო ცვლილებებისკენ. დღესვე უნდა თქვან, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება პროპორციული და არჩევნების თარიღი იქნება მოლაპარაკების საგანი. ასეთ შემთხვევაში ამ არჩევნებზე დაძაბულობა აღარ იქნება და მათაც მიეცემათ შვებით ამოსუნთქვის საშუალება... და კანდიდატიც გამოაჩინონ, ნუ მალავენ. მიმართონ მოსახლეობას ძალიან მკაფიო მესიჯით - ხალხო,­ იძულებით ნურავინ ნურავის მისცემთ ხმას, თქვენი პასუხისმგებლობით მიიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენ ვცდილობთ ჩვენმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ გეშინიათ, ქვეყანა ცეცხლის ალში არ გაეხვევაო. ასეთ შემთხვევაში, ჩემი ღრმა რწმენით, ხმასაც მეტს მიიღებენ და მოქალაქეებსაც აღარ ექნებათ განცდა, რომ მთავრობა მათ აშანტაჟებს. თუ ხელისუფლება ამას მოახერხებს, შეიძლება ეს პროცესი შედარებით უმტკივნეულოდ გავიაროთ”, - დაასკვნის დავით უსუფაშვილი.

“ემოციური შეძახილებითა და სადღეგრძელოებით ვერაფერს მიაღწევენ. მოგვეცით კიდევ ერთი წელი და ბევრ რამეს გამოვასწორებთო, - ამაში კონკრეტიკა არ ჩანს, რას გამოასწორებენ და როგორ. დიდი-დიდი, ვინმე შეცვალონ, მაგრამ ეს ხომ სისტემის შეცვლას არ ნიშნავს?! არადა, სისტემის შეცვლაა აუცილებელი. უნდა გააცნობიერონ, რომ მათი ერთპიროვნული მმართველობა უკვე დასრულებულია არა “ნაცმოძრაობის” სიძლიერის, არამედ მათივე სისუსტისა და უნიათობის გამო. ეს კრიზისი დღეს არ დაწყებულა, ივანიშვილმა ეს, მინიმუმ, შარშან დაინახა. ასე რომ, ერთმმართველობის ეპოქა დასრულდა და უნდა მოემზადონ, რომ სამართლიანი და პროპორციული არჩევნების ჩატარების შემდეგ მათაც შეძლონ მმართველ კოალიციაში მონაწილეობა... ხოლო ახლა ძველი სახეების წამოწევა ის მესიჯია, თუ ვინმე ნაწყენი ხართ, ახლა დაგვიჭირეთ მხარიო, და არა ის, ხელისუფლებაში გაბრუნებთო, თუმცა ბევრმა სწორედ ასე გაიგო, ახლა ჩავდგები რიგში და იქნებ რამე შემხვდესო”, - დასძენს უსუფაშვილი და შეკითხვაზე - “პირველი ტურის შემდეგ თქვენ თუ გქონდათ ივანიშვილთან კომუნიკაცია? კულუარული ინფორმაციით, მან თქვენ ღია მხარდაჭერა მოგთხოვათ და ამის გამო ვერ მორიგდით”, - პასუხობს:

“არანაირი შეხება ივანიშვილთან არ მქონია უკვე ორ წელზე მეტია. თუ რამეს ვამბობ მიმდინარე მოვლენებსა თუ სტრატეგიულ საკითხებზე, ვამბობ საჯაროდ. თუკი სურს, მოისმინონ მანაც და სხვამაც. არ ვთვლი, რომ შეხვედრაა საჭირო და ჩვენ შორის რაიმე გასარკვევია. ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყარა და ყველა ჩვენსას ვცდილობთ, მაგრამ, როდესაც საქმე მიდგება საერთო-პოლიტიკურ საკითხებზე, რა თქმა უნდა, დიალოგიც შეიძლება და ურთიერთობაც. თუმცა ისიც უნდა გავიაზროთ, აზრი აქვს შეხვედრას თუ არა. ორი დღის მოსული არა ვარ პოლიტიკაში, რომ რაღაც დაპირებებს წამოვეგო. ეს ყველამ კარგად იცის. არც ივანიშვილია მარტივი ადამიანი, უცბად რამეზე რომ დამეთანხმოს. ამიტომ შეხვედრის ამბავი ჭორია”.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა