„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - არჩევნებმა მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვირვებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური ტენდენცია, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩევლის მიუღებელი ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, მათი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა და დაიწერა 12 საჩივარი.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ტენდენციები:

„მთელი დღის განმავლობაში თითქმის ყველა საარჩევნო უბნის გარეთ შეიმჩნეოდა საპრეზიდენტო კანდიდატების კოორდინატორების მობილიზება, რაც დაძაბულ ატმოსფეროს ქმნიდა. გარდა ამისა, ზოგიერთი საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები სხდებოდნენ უბნის გარეთ მდგომ ავტომობილებში და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გადმოდიოდნენ. ოთხ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებლების მტკიცებით, ამომრჩევლებს ავტომობილში სავარაუდოდ ფული გადასცეს. კიდევ ერთ შემთხვევაში კი ამომორჩევლის სავარაუდო მოსყიდვას უბნის შიგნით ჰქონდა ადგილი.

პრობლემური იყო საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევები. ბევრ უბანზე კენჭისყრის კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი შემოხაზულ ბიულეტენს აჩვენებდა ან კომისიის რომელიმე წევრს, ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, ან რომელიმე დამკვირვებელს.

ასევე პრობლემური იყო ნაკადის მომწესრიგებლების მიერ მოსული ამომრჩევლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დამკვირვებლებისთვის. ბევრ უბანზე ისინი ან ხმამაღლა ასახელებდნენ მოსული ამომრჩევლის სახელსა და გვარს ან კარნახობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციის დამკვირვებლებს. ასეთი ქმედება ამომორჩევლის მხრიდან შესაძლოა აღქმული ყოფილიყო მასზე განხორციელებულ ზეწოლად და მისი ნების კონტროლის მცდელობად.

დაფიქსირდა ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ორი ფაქტი, როდესაც „ტვ პირველი”-სა და news.on.ge-ის ჟურნალისტებს საარჩევნო უბნების გარეთ არ მისცეს ვიდეო გადაღების საშუალება და სცადეს ფიზიკური ძალადობა. ორივე საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.

#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #52 საარჩევნო უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დაინახა თუ როგორ ცდილობდა ერთ-ერთი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტის ჩაყრას. პროტესტის შემდეგ იგი უბნიდან გაიქცა, თუმცა ჩვენმა დამკვირვებელლმა მოახერხა მისთვის ფოტოს გადაღება. შსს-მ ამ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო და ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინა.

დილიდან მასობრივად ფიქსირდებოდა საარჩევნო უბნებზე ჩვენი დამკვირვებლების არშეშვების ფაქტები. საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები უარს იმ მიზეზით ამბობდნენ, რომ დამკვირვებლის მოწმობებს მოქმედების ვადად 20 ნოემბერი ჰქონდა მითითებული. როგორც ჩანს, თავმჯდომარეები არ იყვნენ ინფორმირებული ცესკოს იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც დამკვირვებლის მოწმობების ვადები გახანგრძლივდა. საოლქო საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ ჩვენი დამკვირვებლები უბნებზე დაუშვეს.

ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრების ფუნქციების გადასანაწილებელი წილისყრის ჩატარების დროს გამოიკვეთა დარღვევები. კომისიის თავმჯდომარეები ან უარს ამბობდნენ წილისყრის ჩატარებაზე, ან არაჯეროვნად ატარებდნენ ამ პროცედურას.

#67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომობილით (სახ. ნომრით ZMG 400) მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებოდა ზუგდიდის კეთილმოწყობის მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილე მამუკა ციმინტია. სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების საარჩევნო მიზნით გამოყენება საარჩევნო კოდექსით აკრძალულია და წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას.

ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ჩვენს მონიტორებს ჯეროვანი დაკვირვების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. ორი უბნიდან ჩვენი დამკვირვებლები გაუგებარი მიზეზების გამო გამოაძევეს. ზემდგომი საარჩევნო კომისიების ჩარევის შემდეგ დამკვირვებლები უბნებზე უკან დააბრუნეს.

ზოგიერთ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმში საბოლოო ბალანსს ვერ სვამდნენ და შეუსაბამო, ზოგჯერ კი ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებებს წერდნენ“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს: პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ყველა შემთხვევა; ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გაატაროს შესაბამისი ზომები საარჩევნო კომისიის წევრების დაბალი კვალიფიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად; საარჩევნო კომისიებმა უნდა უზრუნველყონ დამკვირვებლებისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა და არ დაუშვან მონიტორების მიმართ აგრესიული ქმედებები კომისიის წევრების მხრიდან; პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ საკუთარი მხარდამჭერების აღრიცხვისა და მობილიზაციის დროს ისეთი მეთოდების გამოყენებისგან, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნას ამომრჩევლის ნების გამოხატვის შეზღუდვად და იწვევდეს კენჭისყრის ფარულობის დარღვევას.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)