ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2018

საქართველოს ეკლესიის პასუხი უკრაინის ავტოკეფალიაზე - სამი შესაძლო სცენარი

“შესაძლოა რუსები მათ თავს დაესხან” - მოჩვენებითი სიმშვიდე სოფელ ატოცში

“ერთ აფხაზსაც ვერ ნახავთ...” - აფხაზები მანდარინის პლანტაციებში რუსებს ამუშავებენ

* * *

საქართველოს ეკლესიის პასუხი უკრაინის ავტოკეფალიაზე - სამი შესაძლო სცენარი

“უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებამდე დღეებია დარჩენილი და რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ილარიონ ალფეევი ილია II-სთან მოლაპარაკებებს მართავს, რომ საქართველომ მხარი მოსკოვს დაუჭიროს და არა კონსტანტინოპოლსა და უკრაინას. 15 დეკემბერს უკრაინაში გამაერთიანებელი საეკლესიო კრება იმართება, რომლის არჩეულ პირველ იერარქსაც კონსტანტინოპოლი ავტოკეფალიის ტომოსს გადასცემს და ამ კრებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის ეკლესიამ თბილისში საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი ილარიონ ალფეევი გამოგზავნა წმინდა ნაწილებითა და საბუთებით, სადაც დაფიქსირებულია მოსკოვის უარყოფითი პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე. ალფეევის სტუმრობასა და საბუთების გადაცემაზე განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს შეხვდა, რომელმაც “შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემის გამო” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოს ეკლესიის პასუხი უკრაინის ავტოკეფალიაზე - სამი შესაძლო სცენარი.

“შეხვედრაზე ეკლესიათა შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. მეუფე ილარიონმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემის გამო და საქართველოს ეკლესიას გადმოსცა საბუთები, სადაც დაფიქსირებულია რუსეთის ეკლესიის პოზიცია. მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ გაეცნობიან და შეისწავლიან როგორც მსოფლიო საპატრიარქოს, ისე რუსეთის ეკლესიის მიერ წარმოდგენილ მასალებს და წმ. სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ მათ შესახებ”, - ნათქვამია განცხადებაში. ჯერ უცნობია, როდის გაიმართება სინოდის სხდომა და რა პოზიციას დაიჭერს საქართველოს ეკლესია - აღიარებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, არ აღიარებს და მოსკოვის პოზიციას გაიზიარებს, თუ შეძლებისდაგვარად შეეცდება, გააჭიანუროს ამ საკითხზე თავისი ოფიციალური პოზიციის გამოცხადება. თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით, კონსტანტინოპოლი ავტოკეფალიას ანიჭებს მის მიერ დაარსებულ ეკლესიას, რისი კანონიკური უფლება აქვს და შემდეგ კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული ეკლესია უნდა აღიაროს სხვა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სხვა შემთხვევაში მათ შორის ევქარისტული კავშირი არ იქნება. მისი თქმით, საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კონსტანტინოპოლის არგუმენტები გაჯერებულია საეკლესიო კანონებით, მთელი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით, რაც ზოგადად ავტოკეფალიის საკითხს შეეხება, რუსეთის არგუმენტები კი მხოლოდ და მხოლოდ ბრალდებებია. თუნდაც მოსკოვის პატრიარქის გუშინდელი გამოსვლა, რომ უკრაინის ადგილობრივი ეკლესია ეშმაკის, ბოროტების ეკლესიაა და ა.შ. მათ არგუმენტები არ აქვთ და ასეთ ბრალდებებსა და შეურაცხყოფაზე არიან გადასული. თუ საქართველო უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, ჩვენთან გავრცელებულია რუსული ნარატივი - რომ რუსეთი საპირისპიროდ აღიარებს აფხაზეთს. აფხაზეთი ე.წ. რესპუბლიკად რუსეთის სახელმწიფომ აღიარა და არც საეკლესიო ე.წ. აღიარება არ არის გამორიცხული, მაგრამ, როგორც პოლიტიკურად არავინ არ აღიარა აფხაზეთი რესპუბლიკად, ასევე არანაირი რეზონანსი არ მოჰყვება ამას საეკლესიო სფეროში. რუსეთის ეკლესიას, კანონიკური წესებიდან გამომდინარე, არანაირი უფლება არ აქვს, რომელიმე ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს. რუსეთმა, მაგალითად, ეროვნული ნიშნით აღიარა ამერიკის ეკლესია და ამან არანაირი რეზონანსი არ გამოიწვია. რუსეთისა და, სამწუხაროდ, საქართველოს გარდა ამერიკის ეკლესიას არავინ აღიარებს. თუკი ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების გამო ჩვენ დავკარგავთ აფხაზეთს, ეს რუსული ნარატივია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა ბარნოვი.

“თუკი საქართველომ არ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, ბარნოვის თქმით, საქართველო აღმოჩნდება ჩიხში რუსეთის ეკლესიასთან ერთად. გარდა ამისა, მართლმადიდებელ სამყაროში ისედაც მიიჩნევენ, რომ საქართველოს ეკლესია გადაწყვეტილებების მიღებისას დამოუკიდებელი არ არის, მასზე დიდია რუსული გავლენა და ეს სამწუხარო ნარატივი კიდევ უფრო გამტკიცდება, რაც ეკლესიას ჩრდილს აყენებს. “საქართველოს ეკლესია ბევრ უხერხულობაში ჩავარდება. მაგალითად, როდესაც ეკლესიების სინაქსისი შედგება და საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში ჩასვლა მოუწევთ, იქ წირვაზე იქნება უკრაინის ეკლესიის წარმომადგენელი და რა უნდა გააკეთოს საქართველოს ეკლესიამ, რომელიც არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას, წირვა უნდა დატოვოს თუ მიესალმება? თუ მიესალმები, ე.ი. აღიარებ. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. კანონიკურად, საქართველოს ეკლესიამ, რა თქმა უნდა, რუსეთისა და კოსტანტინოპოლის მტკიცებულებებს უნდა გადახედოს, მაგრამ მთავარია ის, რომ კონსტანტინოპოლი მიჰყვება კანონიკურ ტრადიციას, რაც აქვს მინიჭებული მსოფლიო კრების მიერ”, - განმარტავს ბარნოვი. თუ საქართველოს ეკლესია შეეცდება, გააჭიანუროს პოზიციის დაფიქსირება, თეოლოგის თქმით, ესეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ უსასრულოდ ასე მაინც ვერ გაგრძელდება და საქართველოს ეკლესიას მოუწევს, რაღაც პოზიცია დააფიქსიროს”, - დასძენს გამოცემა.

“რამდენ ხანს შეიძლება, გაურკვეველ სიტუაციაში იყოს ეკლესია? იქნება რაღაც შეხვედრები, სინაქსისები, კრებები, ერთობლივი მსახურება და რამდენ ხანს გაწელავს დუმილს - 1 წელი, 2 წელი? თვითონ უკრაინა მოსთხოვს პასუხს, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოს მასთან, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა აღიარებს. უარყოფისა და დროის გაწელვის შემთხვევაში საქართველოს ეკლესია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება”, - მიიჩნევს ბარნოვი. მისი თქმით, დღეს ძალიან ძნელია პროგნოზის გაკეთება, რა პოზიციას დაიჭერს საქართველოს საპატრიარქო, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ მღვდელმთავრების დიდი ნაწილის აზრით, უკრაინას ავტოკეფალია ეკუთვნის და აქედან გამომდინარე იმედოვნებს, რომ სინოდის სხდომა უკრაინას დაუჭერს მხარს. “სავარაუდოდ, დაუჭერენ უკრაინას მხარს. აქ პოლიტიკური ფაქტორებიც დიდ როლს ითამაშებს”, თვლის თეოლოგი, რომლის თქმით, “საეკლესიო კანონებით სინოდის სხდომა გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, ამ წესს ყველა სხვა ეკლესია იცავს და ჩვენთან საშემოდგომო სხდომას როდის ჩაატარებენ, ძნელი სათქმელია”, - წერს სტატიის ავტორი.

“შესაძლოა რუსები მათ თავს დაესხან” - მოჩვენებითი სიმშვიდე სოფელ ატოცში

“ატოცში მოჩვენებითი სიმშვიდეა, შესაძლოა რუსი ოკუპანტები რაღაც უფრო ცუდს ამზადებდნენ - ასე აფასებენ ანალიტიკოსები სოფელ ატოცში შეჩერებულ ბორდერიზაციას. მათი აზრით, მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს, როდესაც ცდილობენ, რომ ქვეყანა და ხალხი გამოაფხიზლონ, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს საქმე ვისთან გვაქვს და რა პროვოკაცია შეიძლება მათი მხრიდან წამოვიდეს. სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტები მავთულხლართების გაბმას კვლავ ვერ ახერხებენ. საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო მოძრაობის “ძალა ერთობაშია“ წევრები და პოლიციელები პატრულირებას კვლავ აგრძელებენ. შაბათი-კვირას კი საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე აქცია-მანიფესტი გაიმართა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “შესაძლოა რუსები მათ თავს დაესხან” - როდემდე გაგრძელდება მოჩვენებითი სიმშვიდე სოფელ ატოცში.

“კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ “ძალა ერთობაშიას” აქტივობამ გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა ამას მუდმივი სახე არ ექნება. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ოკუპანტები ამ სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებენ. არეშიძის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამ დაიწყო საუბარი, რომ ცხინვალში ბუნკერების მშენებლობას იწყებენ, ამით კი რაღაცისთვის ნიადაგს ამზადებენ. მისი აზრით, ეს არის ერთგვარი პიარსვლა რუსებისგან, რომლებიც ამით მიანიშნებენ, რომ ქართველებმა შესაძლოა ომი დაიწყონ. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ იქ მყოფ ქართველ ახალგაზრდებზე რუსების მხრიდან თავდასხმა მოხდეს. “რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე, რომ სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან მყოფ ახალგაზრდებზე რუსების მხრიდან თავდასხმა მოხდეს. ამიტომ ვკითხულობ - არის თუ არა ყველა ეს რისკი მათი მხრიდან გათვლილი? ვიცი, ბევრი ადამიანი გამოჩნდება, ვინც ამ განცხადების გამო გამაკრიტიკებს, მაგრამ ჩვენ ხომ საბოლოო შედეგი გვაინტერესებს. შუალედური შედეგი, რასაც ისინი აღწევენ, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით საქმე ვისთან გვაქვს”, - ამბობს არეშიძე, რომლის თქმით, “ყველამ ვიცით, რომ რუსეთის სპეცსამსახურები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობს და ისინი ასე გულხელდაკრეფილები არ სხედან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რუსები იმაზეც კი არიან წამსვლელები, რომ იქ ტყვია გავარდეს და ვიღაცა დაიღუპოს - თუნდაც ეს რუსი ან ოსი იყოს - ისინი არაფერზე უკან არ დაიხევენ. ამის შემდეგ კი ყველაფრისთვის ხელები გახსნილი ექნებათ. ეს ახალგაზრდები ვიცით, რომ მსგავს არაფერს გააკეთებენ, მაგრამ რუსებს თავდებად ვერავინ დაუდგება”, - აცხადებს “რეზონანსთან” არეშიძე. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რუსეთი ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მას სურს და მოძრაობა “ძალა ერთობაშია” მათ შეფერხებას მუდმივად ვერ შეძლებს. მისივე აზრით, უბრალოდ რუსებს ახლა დაპირისპირება არ სურთ და ცდილობენ ჯერჯერობით სიტუაცია ასე დატოვონ, მაგრამ ეს დიდხანს ასე არ იქნება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ასეთ აქციებს გავლენა აქვთ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი გავლენაა, რომელსაც შეიძლება უფრო მწვავე რეაქცია მოჰყვეს. ისინი ახლა ეძებენ გარკვეულ ფორმებს, რასაც ამ მოძრაობას დაუპირისპირებენ”, - დასძენს გამოცემა.

“ოსები და ქართველები საბოლოოდ უნდა შერიგდნენ, ამიტომ ჩვენ ისინი ჩვენივე ქცევით ყოველდღე იმაში უნდა დავარწმუნოთ, რომ მათთან შერიგება გვსურს და არა კონფრონტაცია. ისინი თავს ოკუპირებულად არ თვლიან, ისინი ფიქრობენ, რომ რუსები მათ ქართველებისგან იცავენ. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსებს იმის საბაბი, რომ ოსებს ჩვენგან დაცვა სჭირდებათ. მართალია, რომ ამ ეტაპზე “ძალა ერთობაშიას” აქცია მოქმედებს და გარკვეულ შეფერხებას ახერხებენ, მაგრამ როდემდე? ჩვენ ხომ რუსებს კარგად ვიცნობთ და ვიცით, რომ ყოველდღე ჩვენს პროვოკაციაზე წამოგებას ოცნებობენ. ერთი პატარა ფეხის წაცდენა და ყველაფერს ამას სათავისოდ გამოიყენებენ. ამ ყველაფერში ერთადერთი გამოსავალი ოსებთან დიალოგი და საუბარია. ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველანაირად მათთან საუბარი. ხომ უნდა გაგვიჩნდეს კითხვა, ჩვენს მოქალაქე ოსებს რატომ ურჩევნიათ იმ ხალხთან ცხოვრება, რომლებიც მთელს მსოფლიოში ყველას ეჯავრება და სახიფათო ქვეყნად არის მიჩნეული?... ხან მუსიკა დავუკრათ, ხან შარვალი ჩავიხადოთ და ხანაც იქ რუსებს ვიდეოები ვუღოთ - ეს პრობლემას კიდევ უფრო გაამწვავებს და ოსებს უფრო მივცემთ იმის ფიქრის საშუალებას, რომ ჩვენგან დასაცავები არიან”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ერთ აფხაზსაც ვერ ნახავთ...” - აფხაზები მანდარინის პლანტაციებში რუსებს ამუშავებენ

“აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან - დონეცკიდან და ლუგანსკიდან სეზონურ სამუშაოებზე მოქალაქეები აფხაზეთში მიდიან და წელს ამან განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო. ამის შესახებ რუსული “კომსომოლსკაია პრავდას” ჟურნალისტი დმიტრი ტიხომიროვი წერს, რომელიც თავადაც სეზონური მუშის სტატუსით ჩავიდა აფხაზეთში და იქ ნანახის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა. აფხაზეთში დონეცკელებისა და ლუგანსკელების რაოდენობის მატება ციტრუსების კრეფის სეზონს უკავშირდება. “მოსკოვში მთელ შავ სამუშაოს სამხრეთელები ასრულებენ, აფხაზეთში პირიქითაა”, - აღნიშნავს სტატიაში „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი, რომლის თქმით, მას მანდარინის პლანტაციებში მუშაობის დროს არც ერთი აფხაზი არ შეხვედრია!” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “აქ ერთ აფხაზსაც ვერ ნახავთ...” - როგორ ამუშავებენ აფხაზები რუსებს მანდარინის პლანტაციებში.

“ძირითადად მუშაობენ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან მასობრივად წამოსული ადამიანები, ასევე ადგილობრივი რუსები, რომლებსაც, აფხაზებისგან განსხვავებით, მიწების იჯარით აღების საშუალება არ აქვთ. აქ პოლიტიკაზე არავინ ლაპარკობს”, - ამბობს სტატიაში „კომსომოლსკაია პრავდას“ კორესპონდენტი. იგი მანდარინის შეგროვებისა და ჩაბარების სისტემასაც აღწერს - რომ არის გაუსაძლისი პირობები, დამქირავებელს მუშები პალანტაციებში დილის 6 საათზე მიჰყავს. თითო ყუთ დაკრეფილ მანდარინში მუშას 50 რუბლს (2 ლარი) უხდიან. ერთი სეზონური მუშა დღეში საშუალოდ 4-5 ყუთის დაკრეფას ახერხებს, თუმცა, აქედან აღებული ფული ძირითადად ბინაში ეხარჯებათ. მაგალითად, ოთახის დაქირავება აფხაზეთში დღეში კაცზე საშუალოდ 200 რუბლი (8 ლარი) ჯდება. რუსი ჟურნალისტის ცნობით, სეზონური მუშების უმრავლესობოსათვის ეს პირობები მისაღებია - ურჩევნიათ მხოლოდ საჭმლისა და დასაძინებელი ადგილის სანაცვლოდაც იმუშაონ შედარებით თბილ კლიმატურ პირობებში, ვიდრე ცივი ზამთარი რუსეთში ან უკრაინაში გაატარონ. როგორც აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, მანადარინის ეს ბაღები, სადაც დღეს რუსეთის ქალაქებიდან ჩასული ადამიანები მუშაობენ, ქართველებს ეკუთვნოდა და ახლა აფხაზები არიან დაპატრონებული”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს ახალი ამბავი არ არის და არც “კომსომოლსკაია პრავდას” ჟურტანლისტს აღმოუჩენია. წლები ეს ტენდენცია შეიმჩნევა - აფხაზები ციტრუსებს სეზონზე რუსებს აკრეფინებენ. ციტრუსების კრეფის დროს სამუშაოდ ჩადიან ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ასევე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან - როსტოვიდან, კარასნოდარიდან და ა.შ. მანდარინის ეს ბაღები ადრე ქართველების საკუთრება იყო. ძალიან ბევრი მანდარინის პლანტაცია ჰქონდათ ქართველებს სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში, გულრიფში და სხვაგან, ახლა კი აფხაზები დაეპატრონენ და რუსეთიდან თუ უკრაინიდან ჩასულ მუშახელს აკრეფინებენ მიზერულ თანხად, ხშირ შემთხვევებში კი ნატურით უხდიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კიკნაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა