რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია  ებრაული ვენის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს და ებრაელთა ავსტრიის თემის გენერალურ მდივანს შეხვდა

ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ებრაული ვენის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს, დეზონი დავარაშვილსა და ებრაელთა ავსტრიის თემის გენერალურ მდივანს, რაიმუნდ ფასტენბაუერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა მასპინძლებს თბილი მიღებისათვის, ვრცლად გააცნო რელიგიის სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აქტივობები, მიმოიხილა საქართველოს ზოგადი რელიგიური პოლიტიკა და ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის - ებრაული თემის ამჟამინდელი მდგომაროების შესახებ.

„დიალოგში აღინიშნა, რომ ებრაულ თემს გადაეცა თითქმის, ყველა სინაგოგა საქართველოში, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს სინაგოგების მოვლა-პატრონობას და რომ სახელმწიფომ, საქართველოს მთავრობისა და ისრაელის სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით, საზეიმოდ აღნიშნა ონის სინაგოგის 120 და ახალციხის სინაგოგის 275 წლის იუბილე“, - ნათქვამია რელიგიის სააგენტოს ინფორმაციაში.

ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სააგენტოს ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და საქართველომ უკვე მიმართა იუნესკო-ს, რათა ეროვნული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დონეზე აღიარება მოხდეს.

„ებრაული თემის ხელმძღვანელობამ მოიწონა სააგენტოსა და ქართული სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ებრაული თემის მიმართ და ასევე, დამოკიდებულება საქართველოში არსებული სხვა კონფესიებისადმი“, - განმარტავენ სააგენტოში.

ებრაული ვენის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, დეზონი დავარაშვილმა აღნიშნა, რომ თავად არის ქართველი ებრაელი, უახლოეს მომავალში გეგმავს ესტუმროს საქართველოს და თბილად გაიხსენა საქართველოში გატარებული წლები.

„მასპინძელმა მხარემ აღნიშნა, რომ მათ აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა ავსტრიის ხელისუფლებასთან და მხარდაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს იუნესკოს მიერ ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობის ტრადიციის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის აღიარების პროცესში“, - აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს დესპანი, გიორგი ტაბატაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს