მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა

თქვენ ნახეთ დღეს, როგორ სამარცხვინოდ მოიქცა ე.წ. ხელისუფლება. 2003 წლის კადრები გამახსენდა, როგორ კეტავდნენ კახეთიდან თბილისში მომავალ გზას, ზუსტად ასეთი კორუმპირებული, თავზენამუსაღებული, თავზეხელაღებული ე.წ. პოლიციელები და ადიკო ივანიშვილის ჯიბის პოლიციელს კუპატაძეს სხვა არაფერი არ შემიძლია ვუწოდო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ველისციხეში მომხდარი მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, დღეს, საღამოს, თბილისში რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

„როგორ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა გამოაცხადეს, ამას კარგად უნდა გაეცეს პასუხი. მაინც, საბოლოო პასუხის გაცემა თბილისში ხდება, თუმცა მთელი საქართველო უნდა დადგეს ფეხზე.

ეს არ არის საქართველოს პოლიცია, ეს არ არის ის, რაც შეიძლება ხალხის წარმომადგენლად ჩაითვალოს. ამიტომ ჩემი აზრით, ახლა, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, მთელი ძალების კონსოლიდაცია. ისინი დღეს ძალიან სუსტები არიან, მათ მოიპარეს არჩევნები, აქ ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს კი არ უპირისპირდება, „რუსთავი 2“-ზე“გასულმა საარჩევნო კომისიებიდან ამოღებულმა კადრებმა ნათლად აჩვენა, რომ არჩევნები მხოლოდ კარტოფილით კი არ იქნა ნაყიდი, ძალადობით კი არ იქნა წაღებული, რეალური ციფრები იქნა დადებული მხოლოდ მოპარვის, ქურდობის, ჩაყრის, გაყალბების, კომისიის წევრების მოსყიდვის შედეგად. არჩევნები არის არალეგიტიმური და ასეთი არჩევნები 21-ე საუკუნეში ევროპულ ქვეყანაში არ უნდა ტარდებოდეს. საქართველო არ არის მუგაბესდროინდელი ზიმბაბვე. საქართველო არ არის ის, რისი გადაქცევად ივანიშვილს უნდა. ჩვენ არ ვართ 70-იანი წლების უგანდა, გასული საუკუნის შუაპერიოდის ლათინური ამერიკა, ჩვენ არ ვართ საბჭოთა კავშირში, არ ვართ თურქმენეთი, რომლის წარმომადგენელიც ამ ინაუგურაციაზე ჩამოვიდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტაქსისა და სამარშტურო ტაქსების მძღოლებს მოუწოდა, ყველა, ვინც თბილისში თავისი ხმების დასაცავად წავა, მგზავრობის საშუალება უფასოდ მისცენ.

„ახლა მთავარია, მშვიდობიანი კონსოლიდაცია და საქართველოს ყველა რეგიონში, ვისაც შეუძლია ჩამოსვლა თბილისში, უნდა ჩამოვიდეს. მაქსიმალური კონსოლიდაცია თბილისში, იმიტომ, რომ ყველა თბილისელს, ყველა ქუთაისელს, ყველა ბათუმელს, ყველა ლანჩხუთელს, ყველა თელაველს, ყველა რეგიონის წარმომადგენელს, ყველას მოგპარეს არჩევნები, ყველას უბრალოდ წაგართვეს თქვენი ქვეყნის განკარგვის უფლება, ამიტომ ვინც ადგილზე იქნება, იქნება. მე მინდა, ვთხოვო ტაქსის მძღოლებს, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს, ვინც თბილისში თავისი ხმების დასაცავად წამოვა, ის ხალხი წამოვიყვანოთ იქიდან უფასოდ, შეიტანეთ თქვენი წვლილი საქართველოს გადარჩენის საქმეში“,- განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ახლა ყველანი რუსთაველზე" - სააკაშვილის რეაქცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს