ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ.

როგორც ზაზა სარალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შალვა თადუმაძე შეხვდრას დაპირდა, თუმცა მოატყუა.

"რა ტრაგედიებიც ამ ახალი წლის დასაწყისში მოხდა, თავს ვიკავებდი, არ გადამეკვეთა ისინი ჩემი ტრაგედიით. მაგრამ არც უმოქმედოდ ჯდომა მაწყობს, ამიტომ გადავწყვიტეთ, გადავიდეთ აქტიურ ბრძოლაზე, კონკრეტულად,

გენერალურ პროკურორს, თადუმაძეს ჩემმა უფლებადამცველმა ცენტრმა მიმართა წერილობით, რომ გვინდოდა შეხვედრა მასთან. ის პირველ შეხვედრაზე დაგვპირდა, რომ 2-3 კვირის განმავლობაში შეისწავლიდა საქმის დეტალებს და შეგვხვდებოდა მე და ჩემს უფლებადამცველებს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად, მაგრამ ფაქტია, რომ არ შევხვედრილვართ და მოგვატყუა. სამწუხაროდ, არც წერილობით მიმართვაზე მიგვიღია უარი ან დასტური. ახლა ჩავთვალეთ საჭიროდ, მედიასაშუალებების დახმარებით მივმართოთ ბატონ თადუმაძეს, რომ ამ წლის 6 თებერვალს, ოთხშაბათს, 12:00 საათზე, მივდივართ მასთან შესახვედრად და იმედია, არ დაგვემალება და გვიპასუხებს კითხვებზე, რაც ამ 1 წლის განმავლობაში დაგროვდა, არამარტო ჩემი შვილის მკვლელობის, არამედ სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც", - განაცხადა სარალიძემ.

თავის მხრივ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, საქმესთან დაკავშირებით არსებული კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.

„ძირითადი საქმე მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში. დაზარალებულის მოთხოვნაა და ჩვენი ცენტრი ეთანხმება ამას, რომ დაისაჯოს მკვლელი, რომელიც აქამდე არაა პასუხისგებაში. 1 წლის განმავლობაში ამას დიდი პროტესტი მოჰყვა, გამოიწვია პროკურორის გადადგომა, პარლამენტში კომისიის შექმნა და გამრავლდა საქმეებიც, რაშიც ჩვენი ცენტრია ჩართული სარალიძის უფლებადამცველის როლით. სახელმწიფო არ აძლევდა შვილმკვდარ მამებს უფლებას, მშვიდობიანად შეკრებილიყვნენ და წვიმაში კარვები გაეშალათ საპროტესტო აქციაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა განვაცხადეთ, რომ ეს მათი უფლებების უხეში დარღვევა იყო. შემდეგ კი ჩვენს ერთობლივ აქციაზე ორგანიზაციებისა და აქციის მონაწილეთა უფლებები დაირღვა, პოლიციელებმა გაიტაცეს კარვები და ამის ამსახველი კადრები საზოგადოებამ თვალნათლივ იხილა. ისინი, ვისი სახეებიც იდენტიფიცირებულია, უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. ასევე, არ ვეთანხმებით იმას, რომ სახელმწიფო ედავება ზაზა სარალიძეს, თითქოს ის თავს დაესხა პოლიციას. ამაზე გვაქვს ერთობლივი მიმართვა და მართლმსაჯულებამ ეს საქმე არ უნდა განიხილოს კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არამედ, აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევას მოჰყვა ინციდენტი პარლამენტთან. ზაზა სარალიძე უდანაშაულოა და გვინდა, შევხვდეთ პროკურორს, შალვა თადუმაძეს და გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები." - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქცია ისევ გრძელდება და სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ იგი დასრულდეს.

"აქცია უსასრულოდ არ უნდა გაგრძელდეს, ეს სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს. უთქვამთ კიდეც, რომ მათი ინტერესია დიალოგი დაზარალებულებთან. ასეთი კომენტარები ჩნდება მაშინ, როცა მასშტაბურია აქცია. როდესაც არის ნაკლები ხალხი, პროცესი უკვე მიძინებულ მდგომარეობაში გადადის. სწორედ ამაზე გამოთქვა წუხილი ზაზა სარალიძემ", - განაცხადა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა