ვახუშტი მენაბდე შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლაზე - პრეზიდენტი საკუთარ კომპეტენციას და უფლებამოსილებას ვერ გააჩუქებს და ვერც ვერავის გაუყოფს

პრეზიდენტი საკუთარ კომპეტენციას და უფლებამოსილებას ვერ გააჩუქებს და ვერც ვერავის გაუყოფს, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლას ეხება.

როგორც მენაბდემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, პრეზიდენტის მოკლე პრეზენტაცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ღრმა ანალიზი გაკეთდეს თუ რას გულისხმობს ის შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლაში.

„პრეზიდენტის ინიციატივა ჩემთვის ბუნდოვანია. შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენცია. პრეზიდენტი საკუთარ კომპეტენციას და უფლებამოსილებას ვერ გააჩუქებს და ვერც ვერავის გაუყოფს, თუმცა ბოლომდე არ მესმის პრეზიდენტის ინიციატივა და უფრო კონკრეტულად რომ ვნახავთ ინიცირებულ ვერსიას, შეგვეძლება შემდეგ დეტალურად განხილვა. აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს მსჯავრდებულ პირთა მიმართ გარკვეული შემსუბუქების მექანიზმები ინდივიდუალური პროფაილის შესწავლის შემთხვევაში, კიდევ დამატებითი აღჭურვა იუსტიციის სამინისტროსი ამ მექანიზმით საჭიროებს ძალიან დეტალურ განხილვას.

თუ პრეზიდენტი ამბობს, რომ ის შეწყალების პოლიტიკა, რაც აქამდე იყო ქვეყანაში არ მოსწონს, ეს მისი თავისუფლებაა. ეს მისი გადაწყვეტილებაა, შეუძლია ნაკლები ხალხი შეიწყალოს ან საერთოდ არ შეიწყალოს.

ფორმალურადაც რომ შევხედოთ ვინ შექმნის ამ კომისიას? თუ პრეზიდენტი შექმნის მაშინ ის იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურაში ვერაფერს შექმნის და თუ იუსტიციის სამინისტრო შექმნის, მაშინ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებებში შეჭრა იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ მოკლე პრეზენტაციიდან რაიმე ისეთის გამოტანა, რაც უფრო ღრმა ანალიზის შესაძლებლობას მოგვცემს“,- განაცხადა მენაბდემ.

შეგახსენებთ, რომ შეწყალების კომისიის იუსტიციის საბჭოში გადასვლის შესახებ ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან გააჟღერა. მისივე თქმით, კომისიაში დამატებით ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები.

გიორგი მარგველაშვილის დროს არსებული შეწყალების კომისია მას შემდეგ გაუქმდა, რაც ახალი პრეზიდენტი აირჩიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო