EMC საქალაქო სასამართლოს მიმართავს და მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საჩივრით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვს.

„როგორც ცნობილია, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს. გამოძიების ფარგლებში დაყენებული არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მალხაზ მაჩალიკაშვილი არ არის ცნობილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, რასაც პროკურატურა ამ დრომდე საქმეზე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობით და სპეცრაზმელისთვის ბრალის წარუდგენლობის მოტივით ამართლებდა. თუმცა, ვინაიდან ამ ეტაპისთვის საქმეზე უკვე ჩატარებულია ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება და ცნობილია მათი შედეგები, EMC-იმ 2019 წლის 10 იანვარს, 17 თებერვალსა და 23 თებერვალს კვლავ მიმართა თბილისის პროკურატურას და ითხოვა მ. მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, მაგრამ კანონით გათვალისწინებული ვადების გასვლის მიუხედავად, პროკურატურამ განცხადებები ამჯერად საერთოდ უპასუხოდ დატოვა.

EMC მიიჩნევს, რომ პროკურატურისგან პასუხის მიღების ყველა გონივრული გზა ამოწურულია, რის გამოც მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვს, დაევალოს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა. სასამართლოში წარდგენილ საჩივარში EMC უთითებს, რომ:

ბოლო პერიოდში EMC-ის მიერ წარდგენილ განცხადებებზე პროკურატურის მხრიდან პასუხის გაუცემლობა უკანონოა, უფლების ბოროტად გამოყენების პრაქტიკას წარმოადგენს და დაზარალებულს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზებაში ხელს უშლის;

პროკურატურის თავდაპირველი მითითებები მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონს, რამდენადაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირის დაზარალებულად/დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობისთვის არ მოითხოვს კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ამოწურვას;

საქმის გამოძიების ამ ეტაპზე, უკვე ჩატარებულია ყველა რელევანტური საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება და ცნობილია მათი შედეგი. შესაბამისად, გაუგებარია, რა მოქმედებების ჩატარებას და შედეგების დადგომას უკავშირებს პროკურატურა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას.

EMC მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები დეტალურად, აღადგინოს მალხაზ მაჩალიკაშვილის დარღვეული უფლება“, - ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო