ვიქტორ დოლიძემ ირაკლი  კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე  გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ფარგლებში ისაუბრა

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, ევროკავშირის დელეგაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელსაც ევროკაშირის მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა შეხვედრის ფარგლებში განცხადება გააკეთა და ევროკავშირსა და მეგობარ ქვეყნებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიქტორ დოლიძემ საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე. მან კოლეგებს მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ ამჟამად ქართული მხარე ინტენსიურად მუშაობს, რათა ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, დროულად დადგინდეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები. აღნიშნულზე საუბრისას, მან ასევე ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს და საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომლის თანახმადაც შემუშავებულია „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას“ სია.

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვოლტერ სტივენსმა მწუხარება გამოთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მიადევნებს თვალს მოვლენების განვითარებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისთანავე საერთაშორისო თანამეგობრობას ასევე მიეწოდება შესაბამისი ცნობები.

აღნიშნული შეხვედრა ევროკავშირის მისიაში გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიაზე ევროკავშირის მიერ ინიცირებული რეზოლუციების განხილვა და ევროკავშირის პრიორიტეტების შესახებ დისკუსიის გამართვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის, ისლანდიის, ნიდერლანდების, მალტის, მოლდოვას, ავსტრიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის, ბულგარეთის, პოლონეთის, ესტონეთის, სლოვაკეთის, მონტენეგროს, უნგრეთის, პორტუგალიის, იტალიის, შვეიცარიის, სერბეთის, ესპანეთის, ალბანეთის, კვიპროსის, ხორვატიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა, ფინეთისა და ირლანდიის წარმომადგენლები.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა