ზვიად კუპრავას ადვოკატი - არარეალურია, ბრალდების მხარემ  ბრალის დადასტურება შეძლოს, რადგან თვითონაც არ არიან ბრალის რეალობაში დარწმუნებული

ვფიქრობ, არარეალურია, ბრალდების მხარემ ბრალის დადასტურება შეძლოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თვითონაც არ არიან ბრალის რეალობაში დარწმუნებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებული „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ადვოკატმა, ლევან დავითაიამ განუცხადა.

პროცესი თბილისის საქალქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეებს დაკითხავენ.

„გასულ პროცესებზე ყველამ კარგად ნახა, რომ ბრალდების მოწმეები იმ ვერსიას ადასტურებენ, რომელიც დაცვის მხარის არის და ბრალდების მხარის პოზიციისგან სრულად განსხვავდება. დასტურდება ის ფაქტი, რომ გინება, თუ სხვა სახის სიტყვები ზვიად კუპრავას პროცესის მიმდინარეობისას არ უთქვამს, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, არც შეურაცხყოფა არ შეიძლებოდა პროცესის მონაწილისთვის.

ეს ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველი მოვლენაა, შესაბამისად, ამას პრეცედენტული მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, რადგან ეს საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის", - განაცხადა დავითაიამ.

შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

გამოძიების ინფორმაციით, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს.

„აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით“, - აცხადებენ სამართალდამცავ უწყებაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს