ISET-ის მკვლევარი - მიწის რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკითხი იმდენად ბუნდოვანია, რომ კრიტიკას ვერ უძლებს

იმდენად ბუნდოვანია რიგი საკითხები მიწის რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებით, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. რეფორმის დაწყებისთანავე ვამბობდით, რომ ის მიდგომა, რაც აქვს სახელმწიფოს, ანუ სპორადული რეგისტრაცია, ვერ მოიტანს შედეგს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ISET-ის მკვლევარმა რატი კოჭლამაზაშვილმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, რეფორმიდან ორწელიწადნახევრის შემდეგ რეგისტრირებული მიწის რაოდენობა მხოლოდ 9%-ით გაიზარდა და სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 45%-მდეა რეგისტრირებული, ეს ზრდა კი ძირითადად სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწის დარეგისტრირების ხარჯზეა, რაც წარმატებად ვერ ჩაითვლება. ამასთან, მკვლევარის შეფასებით, მას შემდეგ რაც სახელმწიფო გადავა სისტემურ რეგისტრაციაზე პრობლემა იქნება უკვე დარეგისტრირებულ მიწებზე გადაფარვები, რაც შესაძლოა სასამართლო დავებში გადაიზარდოს.

„როდესაც მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთებიდან ერთი დარეგისტრირებულია, მეორე არა, შესაძლოა იყოს გადაფარვები და ეს დავის საფუძველი გახდეს. სისტემური რეგისტრაცია, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო მიდის ყველასთან და ურეგისტრირებს მიწას, შედარებით ძვირია და წინა წლების შეფასებით დაახლოებით 35-40 მლნ დოლარია ამისთვის საჭირო. ჩვენ არ ვიცით რამდენი დახარჯა სახელმწიფომ რეფორმის ფარგლებში, ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდების კუთხით არ ითანამშრომლა საჯარო რეესტრმა“, - განაცხადა მკვლევარმა.

რატი კოჭლამაზაშვილი რეფორმის ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პრობლემაა რეგისტრაციის პროცედურის დროის ხანგრძლივობა და ასევე მოსახლეობის დაბალი მიმართვიანობა.

„არის ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც თვეობით ელოდება რეგისტრაციას, რადგან ხშირად ვერ ხდება ყველა საჭირო დოკუმენტის მოძიება. მეორე საკითხია თუ რატომ არ მიმართავენ მიწის მფლობელები უწყებას დასარეგისტრირებლად, ამის მიზეზებად გამოიკვეთა, რომ ადამიანებს უბრალოდ აქვთ წარმოდგენა, რომ მიწა მათ ეკუთვნით და ეს საკმარისია, შეიძლება დასახელდეს თანხის არქონაც, ასევე სახელმწიფოს მიმართ უნდობლობაცაა, რადგან 90-იანი წლებიდან მოსახლეობას რამდენჯერმე მოუხდა მიწის დარეგისტრირება. ამასთან, ადამიანებს ეშინიათ, რომ თუ მიწას დაირეგისტრირებენ, შესაძლოა სოციალური დახმარება ვერ მიიღონ, ან მოვალეთა რეესტრში მოხვედრის შემთხვევაში ბანკმა ჩამოართვას და ა.შ. ,“-განმარტავს კოჭლამაზაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა, 2016 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა და 2018 წლის 1 ივლისამდე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა რეფორმის დასრულების ვადა ორჯერ გახანგრძლივდა, თავდაპირველად მიმდინარე წლის 1 იანვრამდე, საბოლოო გადაწყვეტილებით კი, რეფორმა 1-ელ ივლისს სრულდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო