ეკა ბესელია - არავინ იფიქროს, რომ  მოსამართლეებთან დაკავშირებული ისეთი კანონის მიღება, როგორიც არ უნდა იყოს, ვინმეს იოლად შერჩება!

არავინ იფიქროს, რომ ისეთი კანონპროექტი გავა ან ისეთი სია დამტკიცდება პარლამენტში, როგორი კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, რომ საზოგადოება მიიღებს ამას უკრიტიკოდ და ვინმეს ეს იოლად შერჩება, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით მისი ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ეკა ბესელიამ ისაუბრა, რა უპირატესობები აქვს მისი და თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს ირაკლი კობახიძის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან შედარებით.

„მე მგონი, ეს ძალიან კარგი ვერსიაა პარლამენტისთვის, რომელიც არ უნდა დააკნინო, ისე როგორც დაკნინებულია კობახიძის კანონპროექტის ვერსიაში, სადაც პარლამენტს პრაქტიკულად, არაფერი შეუძლია გარდა იმისა, რომ რასაც დაუდებენ წინ ან დაუკრას თავი ან უარი თქვას და მერე უარს რომ იტყვის, ისევ იმ გადარჩეული და ხუთჯერ გაცხრილული სიიდან უნდა აირჩიოს მეტად უარესი ან ნაკლებად უარესი. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტი ძალიან დაკნინებულია იმ კანონპროექტით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა ისაუბრა გრძელი სიის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ ამ სიაშივე შეუძლია პარლამენტს მოაწყოს „უპრეცედენტო“ განხილვები, როგორც ამას პარლამენტის თავმჯდომარე დღეს აანონსებს.

„შემდეგ შეუძლია იმსჯელოს, დეტალურად შევიდეს განხილვაში და მოაწყოს ის უპრეცედენტო განხილვა, როგორც გვესმის ხოლმე და საბოლოოდ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ გადარევს ამ ხალხს და ამ ქვეყანას შეუქმნის უკეთეს მომავალს და რაღაც პასუხს გასცემს ამ რამდენიმეწლიან ბრძოლას და ამდენ წლიან წვალებას და მცდელობას ყველა ჩვენგანის - იმ ადამიანებს ვგულისხმობ, ვინც ბოლო 20 წელია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის და ყოველთვის, ყველა ხელისუფლების დროს, ეს იყო საჯილდაო ქვა და ყველაზე მძიმე თემა, რომელსაც ვერ მოერია ვერც ერთი ხელისუფლება. არავინ იფიქროს, რომ ახლა ისეთი კანონპროექტი გავა აქ ან ისეთი სია დამტკიცდება პარლამენტში, როგორი კონფიგურაციაც არ უნდა იყოს, რომ ამას საზოგადოება მიიღებს უკრიტიკოდ და ვინმეს ეს ასე იოლად შერჩება. მე მგონი, ამას ყველა უნდა აცნობიერებდეს - პოლიტიკოსიც და არაპოლიტიკოსიც, ვინც გრძნობს საზოგადოების განწყობას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა