ადვოკატი - დავით ბაგრატიონ- მუხრანელი უახლოეს დღეებში აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას და მზად არის, გამოძიებასთან ითანამშრომლოს

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი უახლოეს დღეებში აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას, მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ნებისმიერ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს, - ამის შესახებ დავით ბაგრატიონ- მუხრანელის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მახარაშვილმა ისაუბრა შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ და აღნიშნა, რომ დავით ბაგრატიონის მიმართ ადგილი აქვს სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რაც მისი ღირსების შელახვის მიზნით ხდება.

„მინდა გავაკეთო საგანგებო განცხადება, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, ე.წ. ძალადობის ფაქტზე. ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა მისი მეუღლის მიმართ ძალადობა, მაგრამ ამ ინფორმაციის გავრცელებას გააჩნია მხოლოდ ერთი მიზანი - მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ჩემი კლიენტის პატივისა და ღირსების შელახვა.

ასევე, რატომღაც ე.წ. დაზარალებულის მიერ ხორციელდება ფაქტის გასაჯაროება, რომელიც მისი თქმით, თითქოს მოხდა 5 წლის წინ. თუმცა ეს ფაქტი ასევე უცნაურია, რადგან ქრონოლოგიურად ემთხვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უარის განცხადებას მათი აბსურდული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ეს ყველაფერი რომ დავაკავშიროთ, მარტივია დასკვნის გამოტანა, რომ უაპელაციოდ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიმართ", - განაცხადა მახარაშვილმა.

მისივე თქმით, სიმართლეს არც ის შეესაბამება, თითქოს დავით ბაგრატიონი საქართველოში გამოძიებისთვის თავის არიდების გამო არ იმყოფება.

„ამასთანავე, გავრცელდა ასევე ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ემალება გამოძიებას და ამ მოტივით მან დატოვა სახელმწიფო. ვადასტურებთ, რომ დავითი არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი გამგზავრება ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მოტივს, რომ დედა გაუხდა შეუძლოდ. ის უახლოეს დღეებში აპირებს ქვეყანაში დაბრუნებას და მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ნებისმიერ კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი. მეტიც, ჩვენი, ანუ დაცვის მხარის, ასევე ჩემი მარწმუნებლის ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს გამოძიება, რაც შეიძლება ობიექტური და გამჭვირვალე იყოს მისი მიმდინარეობა. შესაბამისად, საზოგადოება უახლოეს მომავალში დარწმუნდება, რომ ეს ბრალდებები არის მიზანმიმართული სიცრუე და არანაირი ძალადობის ფაქტი არ მომხდარა. ამას გარდა, მედიის მხრიდან ხდება მითითება, თითქოს გამოძიება მიმდინარეობს ბატონი დავითის მიმართ და ესეც არ შეესაბამება სინამდვილეს. გამოძიება მიმდინარეობს ე.წ. ძალადობის ფაქტზე, რომელზეც ინფორმაციას იძლევა მხოლოდ ე.წ. დაზარალებული", - აღნიშნა ადვოკატმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა