ვახუშტი მენაბდე - სამწუხაროა, ის რასაც საქმის მასალებში ვხედავთ - მტკიცებულებები დაბრალებად იქცა, ვინაიდან ის ვერ გამყარდა კონკრეტული დოკუმენტებით

თუ სასამართლო ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჩათვლის, რომ ეს საკმარისია ჩემი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობისთვის, მაშინ სასამართლოს ვთხოვ, ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობა გამოიყენოს, ვინაიდან ყველა იმ ქმედებას ისევ გავიმეორებ, - ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლე ივანე აღნიაშვილს ჭავჭავაძის გამზირზე გამართული აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული პირებიდან ერთ-ერთმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ.

მენაბდემ საკუთარ სიტყვაში მის უდანაშაულობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულებები არ გააჩნია. ის უარყოფს აქციაზე გინებასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

„სამწუხაროა ის, რასაც საქმის მასალებში ვხედავთ. მტკიცებულებები დაბრალებად იქცა, ვინაიდან ის ვერ გამყარდა კონკრეტული დოკუმენტებით.

ის, რასაც შსს ჩემ შემთხვევაში მიუთითებს, რამდენიმე თვალსაზისით არის ჩემთვის აღმაშფოთებელზე უფრო საწყენი, რადგან სურთ დაგაბრალონ ქმედებები, რომელიც არამხოლოდ ადმინისტრაციულ დარღვევაზე მიუთითებს, არამედ საზოგადოებრივ აღქმაზეც მოქმედებს. ეს დაბრალება არის გინება. თითქოს, აქციის რაღაც მომენტში ვილანძღებოდი, ოღონდ ვერ გავიგე პოლიციელების თუ ავტომობილების მძღოლების მისამართით. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ჩემს მიერ ასეთი ქმედების ჩადენის და ვერც იარსებებს.

ვაცნობიერებდი იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მქონდა აქციაზე, როგორც ერთ-ერთ მონაწილეს. ყველა ადამიანს ჰქონია მომენტი, როცა უწმაწური სიტყვა გამოუყენებია, მაგრამ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ამას კატეგორიულად უარვყოფ. რაც შეეხება გზის გადაკეტვას და დაუმორჩილებლობას, კადრებშიც ჩანს, შემაღლებულ ადგილზე, ღობის წინა ნაწილში ვიდექი, რომ სიტუაციის დამშვიდება მომეხერხებინა. ცხადია, როგორც ყველა სხვა მონაწილე, ვიმყოფებოდი ტროტუარზეც და სავალ ნაწილზეც, ეს იყო პირველი ზოლი, რომელიც პოლიციამ ჩაკეტა და თავად მოგვცა იქ განთავსების უფლება. ჩემი სიტყვების სიმართლეს ადასტურებს ისიც, რომ პოლიციამ პარკინგის ადგილზე მაშინ დამაკავა, როცა შემაღლებული ადგილიდან ჩამოვდიდოდი. თუ პოლიცია ამბობს, რომ გზას ვკეტავდი, იქ უნდა დავეკავებინე, სადაც ეს მოხდა", - განაცხადა მენაბდემ.

მან მოსამართლეს თხოვნით მიმართა, იმ შემთხვევაში, თუკი, სასამართლო მას სამართალდამრღვევად მიიჩნევს, მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯოს.

"თუ სასამართლო ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჩათვლის, რომ ეს საკმარისია ჩემი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობისთვის, მაშინ სასამართლოს ვთხოვ გამოიყენოს მაქსიმალური სიმკაცრე და ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობა გამოიყენოს ჩემ შემთხვევაში, ვინაიდან ყველა იმ ქმედებას ისევ გავიმეორებ, რადგან არ ვთვლი, რომ იქ არასწორი რამე გავაკეთე. თუ ქართულ მართლმსაჯულებას სურს ამისთვის დავისაჯო, თხოვნა მექნება, მაქსიმალური სიმკაცრით დავისაჯო", - განაცხადა მენაბდემ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭავჭავაძის გამზირზე გამართული აქციის დროს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული 6 პირის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მენაბდესთან ერთად საკუთარ პოზიციას სხვა დაკავებულებიც აფიქსირებენ.

ცნობისთვის, დაკავებული პირები: კახა ავალიშვილი, ცოტნე ცხვედიანი, ვახუშტი მენაბდე, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, დავით სუბელიანი 2 აპრილს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ექვსივე პირი საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით იყო დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ აქცია ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის შემდეგ გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა