ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2019

რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს

რას უპირებენ ანაკლიას - შესაძლო სცენარები

ვინ არის კიდევ 2 დეპუტატი, ვინც სავარაუდოდ “ოცნებას” დატოვებს

* * *

რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს

“თავდაცვის კუთხით, ამერიკა აკეთებს იმას, რაც მას შეუძლია. ბოლო პერიოდში თავდაცვის კუთხით, რაც კი რაიმე გაკეთდა, აშშ-სთან ახლო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი და “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” დირექტორი კორნელი კაკაჩია აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის შესახებ საუბრისას, რომელიც 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა და მნიშვნელოვან დოკუმენტად არის მიჩნეული. რას გულისხმობს სტრატეგიული პარტნიორობა, დღევანდელ რეალობაში რა პრაქტიკულ ასახვას ჰპოვებს და საერთოდაც, აშშ-სა და საქართველოს შორის რა დონის ურთიერთობები არსებობს, - ქართულმა მხარემ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგას იმისათვის, რომ აშშ-სთან ურთიერთობა უფრო მაღალი დონის გახდეს?”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს / “აშშ მზადაა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმაროს, თუმცა, გარანტიებს გაცემა ადვილი არ არის”.

“კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ვაშინგტონში გაფორმებული ეს დოკუმენტი საქართველოს მხსნელად მოევლინა. ანალიტიკოსი სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ს მოკავშირე არ არის და ამერიკულ მხარეს საქართველოსთვის არც სამხედრო დამხარების გაწვა შეუძლია, თუკი ამის აუცილებლობა დადგება. “ამ ქარტიის ხელმოწერა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა; რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველომ, ფაქტობრივად, დსთ პოსტსაბჭოური სისტემა დატოვა, - გარკვეულწილად იყო იზოლაციაში და აქედან გამომდინარე, მას მხარდამჭერი ინიციატივა სჭირდებოდა, რომელიც ამ იზოლაციის დაძლევაში დაეხმარებოდა. ამ კუთხით, ამ ქარტიის ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომელსაც ორმხრივ ურთიერთობა სხვა დონეზე აჰყავს და მთლიანობაში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. ქარტიის ხელმოწერა არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო აშშ-ს სამხედრო მოკავშირე გახდა, - ეს ასე არ არის. იმ შემთხვევაში თუ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, მაშინ აშშ და სხვა მოკავშირეები ვალდებულნი იქნებიან საქართველოს უსაფრთხოება დაიცვან”, - ამბობს კაკაჩია, რომლის განცხადებით, “ეს უფრო აშშ-ს მხრიდან კეთილი ნებაა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესებს ხელი შეუწყოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დღევანდელი მოცულობით, აშშ-ს მოკავშირე ჩვენ არ ვართ და ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს, თავდაცვის გარანტიებს არ იღებს, მაგრამ დანარჩენს, ხელს უწყობს შეიარაღებული ძალების რეფორმებს, ორმხრივ ურთიერთობებს, თუმცა ეს სამწუხაროდ, არ გულისხმობს ვალლდებულებებს, რომ საქართველოს უსაფრთხოება დაიცვას”, - აღნიშნავს ის. რა შემთხვევაში იქნება ვალდებული აშშ საქართველოს უსაფრთხოება დაიცვას? კაკაჩია აცხადებს, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახდება. “აშშ-ს აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ტაილანდთან, რომლის სამხედრო უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში არიან კიდევ სხვა ქვეყნები, - ეს ისტორიულად ჩამოყალიბდა. წლები დასჭირდა აშშ-ს პოლიტიკური ელიტას ამ გადაწყვეტილებამდე მისულიყო”, - განმარტავს ანალიტიკოსი, რომელიც მიიჩნევს, რომ “საქართველოს ძალიან კარგი, სტრატეგიული ურთიერთობები აქვს აშშ-სთან, მაგრამ იმისათვის, რომ შეერთებულმა შტატებმა გარკვეული ვალდებულება აიღოს, ადვილი არ არის. ამაში პოლიტიკური სპექტრი უნდა იყოს დარწმუნებული და ამასთანავე ხელს უშლის რუსეთის ფაქტორიც”, - დასძენს გამოცემა.

“აშშ მზად არის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმაროს, - ის აკეთებს კიდევაც ამას, მაგრამ იმისათვის რომ აშშ-მა სხვა ქვეყანას გარანტიები მისცეს, ასე ადვილად არ ხდება, - ამას გარკვეული კონტექსტი სჭირდება, რასაც საქართველო ჯერჯერობით ვერ აკეთებს. თუ სიტუაცია ისე წავიდა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გაიწელა, მაშინ ერთ-ერთი ალტერნატიული ვარიანტია, რომ ჩვენ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ, რომლის დროსაც, აშშ საქართველოს უსაფრთხოების მხრივ, ვალდებულებას აიღებდა, თუმცა ჯერჯერობით ეს მისია რთული შესასრულებელია. აშშ ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს ნატო-ს წევრობას, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ვიცით სხვა ქვეყნების მოსაზრებები, - რა პრობლემები არსებობს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

რას უპირებენ ანაკლიას - შესაძლო სცენარები

“ანაკლიის პორტის მშენებლობა შესაძლოა შეფერხდეს, ანდა ჩაიშალოს - ამას თიბისი ბანკთან დაკავშირებული პროცესების განვითარების შედეგად ანალიტიკოსები ვარაუდობენ. ის, რომ ანაკლიის პორტის მომავალი შესაძლოა დაზარალდეს, თავად მამუკა ხაზარაძეც არ გამორიცხავს: ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს შორის მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას უპირებენ ანაკლიას - შესაძლო სცენარები / “შესაძლოა ხაზარაძის ჩამნაცვლებელს ეძებენ და დროში გაჭიანურებას ცდილობენ”.

“სამწუხაროდ, ძალიან ნელა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობასა და ბანკებს შორის. მე ვერ გეტყვით მიზეზებს. ველოდებოდით, რომ შეხვედრა აპრილში შედგებოდა. მხოლოდ ორი წერილი გაიცვალა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის. იმედია, უახლოეს პერიოდში შეხვდებიან, რადგან ეს გაჭიანურება პირდაპირ ხელს უშლის ვადას, რომელშიც უნდა ჩავეტიოთ. იცით, რომ ჩვენი ვადა სახელმწიფოსთან იწურება 15 ივნისს და, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ ამ მოლაპარაკებებზე. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ თემებზე, მთავარია, შეხვედრა შედგეს და პოზიციები დაფიქსირდეს”, - განაცხადა ხაზარაძემ. ანაკლიის პორტის პირველი ფაზისთვის საჭიროა 600 მილიონი დოლარი. ეს ფული მსოფლიოს წამყვანმა საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა გამოყონ. შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ თიბისი ბანკთან დაკავშირებულმა პროცესებმა, ანალიტიკოსების ვარაუდით, შესაძლოა ყველაფერი გააფუჭოს. მოლაპარაკება აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა 2 თვით გადაიდო. კითხვაზე, მოითხოვს თუ არა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელებას, ხაზარაძის თქმით, გააჩნია პროცესს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ პროცესი ინტენსიური მოლაპარაკებების ფაზაში გადავიდა, ალბათ დავინახავთ, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია, რათა პროცესი დასრულდეს. შეგახსენებთ, საუბარია იმ ბანკებთან მოლაპარაკებებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმსხვილესი დონორები არიან. წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვერ მოელაპარაკო ბანკებს, რომლებსაც მილიარდები აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული, ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. აქ უბრალოდ საუბარია უფრო სწრაფ მენეჯმენტსა და სურვილზე, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად დაიწყოს. იმედი მაქვს, მაისში გააქტიურდება ეს შეხვედრები, მოთმინებით ველით ამ პროცესს”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ანალიტიკოსები კი სიტუაციის ასე განვითარებას ელოდნენ და ამბობენ, რომ ამ პროექტის შეჩერებით ან დაკონსრევებით, საქართველო დასავლეთთან, ნატოსთან უფრო მეტ ინტეგრაციის შანსს კარგავს. მათი აზრით, ამ პორტის საშუალებით, რუსეთის მხრიდან კრიზისული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, პარტნიორები საქართველოსთვის უფრო ეფექტიანი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ეს პროექტი საქართველოს მეტ დაცულობას მოუტანს, რადგან მასშტაბური უცხოური ინვესტიციები უსაფრთხოების დაცვის გარანტიც არის. ასევე, პროექტი ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს, ხოლო ძლიერი ეკონომიკის გარეშე თავს ვერავინ დაიცავს. “ნაციონალური მოძრაობის”წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ანკლიის პორტთან დაკავშირებით მთავრობამ ახალ ხერხს მიმართა. მისი აზრით, ხელისუფლება ცდილობს, რომ პროექტის განვითარება დროში გააჭიანუროს და საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შემდეგ თავი იმართლოს. გოცირიძე ამბობს, რომ გამორიცხულია საქართველოს მთავრობამ რკინგზის და საავტომობილო გზის გაყვანა დაწესებულ ვადაში შეძლოს. დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს პროექტი დროში ჩავარდა და მინიმუმ რამდენიმე წლით გაჭიანურდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“მოლაპარაკებები უცხოელ ინვესტორებთან აპრილის დასაწყისში უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც ამბობენ, ივნისში გაიმართება. ანუ ფაქტობრივად 2 თვით გადაიწია. ამ მოლაპარაკების დროს უნდა გაირკვას ჩვენი ხელისუფლება არის თუ არა თანახმა ინვესტორების შემოთავაზებებს ნაწილობრივ ან სრულად დათანხმდეს. ასევე, თუ გავიხსენებთ ხაზარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მის განცხადებას, რომ ის ლონდონიდან პასუხს გახარიას მიერ გაგზავნილ წერილზე უახლოეს მომავალში ელოდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ეს ყველაფერი ნეგატიურ ასახვას ჰპოვებს. თუ ხელს ამ პროქტის ჩაშლაზე ხაზარაძეს შეახოცავენ, მაინც ხელისუფება იქნება დამნაშავე, რადგანაც ეს კონკურსი მათ ჩაატარეს და 18 ინვესტორიდან თიბისი ბანკი შერჩიეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რომან გოცირიძე.

“მისივე თქმით, ამ ყველაფერში ერთი მთავარი მიზანი დევს, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს. გოცირიძის განცხადებით, არსებობს მოლოდინი და პროცესებიც ამ მიმართულებით ვითარდება, რომ ხაზარაძე პროექტს ჩამოაშორონ. შემდეგ მოხდება მისი ჩანაცვლება თუ არა სხვა ინვესტორით, ეს უკვე ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული - უნდა თუ არა მას საერთოდ ამ პროექტის აშენება. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ის ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, სიტუაციის და სცენარის ამ მიმართულებით განვითარებას ელოდა. ხუხაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და სისტემური პრობლემა შეიქმნა. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ პროექტის მშენებლობა ან დაკონსერდებოდა ან დროში გაჭიანურდებოდა”, - დასძენს გამოცემა.

“შესაძლოა ხაზარაძის ჩამნაცვლებელს ეძებენ და დროში გაჭიანურებას ცდილობენ. ფაქტია, რომ პროკურატურის ამ დაკიდებულმა საქმემ ფოსმაჟორული სიტუაცია შექმნა და აქედან რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს, ძალიან რთული სათქმელია. ქვეყნისთვის ზიანი უკვე დამდგარია, რადგანაც საფინანსო პაკეტის შექმნის წინ, რომ სისხლის სამართლის საქმეს წამოიწყებ, ესეგი რისკები იქნება და ზიანი ასეთ დროს გარდაუვალია. ხელისუფლება რა გზას აირჩევს, პროექტის ბედი ამაზე იქნება დამოკიდებული. იპოვის ხაზარაძის ჩამნაცვლებელს თუ პროექტს საერთოდ დააკონსერვებს. ეს ყველაფერი უახლოეს დროში ხელისუფლების ქმედებიდან გამოჩნდება”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ვინ არის კიდევ 2 დეპუტატი, ვინც სავარაუდოდ “ოცნებას” დატოვებს

“ქართული ოცნება” კიდევ ერთმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ დატოვა. კობერიძე უკვე მე-9 დეპუტატია, ვინც 2019 წელს საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან წავიდა. ვინ იქნება შემდეგი? საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, რომ რიგში კიდევ 2 დეპუტატი დგას, ვინც შეიძლება “ოცნება” დატოვოს. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ კობერიძე ბოლო ნამდვილად არ არის და “ოცნებიდან” სხვებიც წამოვლენ. სავარაუდო წამსვლელებად ალექსანდრე ერქვანია და ბიძინა გეგიძე განიხილებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ არის 2 დეპუტატი, ვინც სავარაუდოდ “ოცნების” დატოვებას აპირებს / “ოცნებას” პარლამენტში უკვე 10 დეპუტატით ნაკლები ჰყავს, წამსვლელებს ისევ ელოდებიან.

“კმაყოფილების რა გითხრათ, ალბათ, გამბედაობა კიდევ ვის ეყოფა, ის წამოვა. თუმცა ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. “ქართული ოცნება” პრაქტიკულად განწირულია. უბრალოდ ძალიან მძიმე საყურებელია, ვისაც ოდნავ მაინც ხედვა გააჩნდა და რამე ეთქმოდა, პრაქტიკულად ყველამ დატოვა “ოცნება”. ახლა კოლექტიური ზარდიაშვილები და ქუცნაშვილები რას იტყვიან, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ერთ ტიპზე მოჭრილი უპრინციპო ადამიანები არიან. კობერიძემ, როგორც შეეძლო, პრაქტიკულად ბოლომდე იბრძოლა. “ოცნებაშიც” ცდილობდნენ, რომ ასეთი კადრი შეენარჩუნებინათ, მაგრამ ღირებულებებში საკმაოდ დიდი ცდომილება იყო და ლევანმა ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მე ვფიქრობ, რომ მის გზას ძალიან ბევრი გაჰყვება”,- ამბობს ჭიჭინაძე. მისი თქმით, მაგალითად, ალექსანდრე ერქვანია ძალიან პრინციპული ადამიანია და თავს საკმაოდ დისკომფორტულად გრძნობს უმრავლესობაში. ასევე ვხედავთ, რომ ბიძინა გეგიძეც განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს ხოლმე. მაგრამ ერქვანია და გეგიძე ჯერ იბრძვიან შიგნით, იქნებ ამ ბრძოლით შედეგს მიაღწიოს”, აცხადებს ჭიჭინაძე, რომლის აზრით “გადაწყვეტილებას ეგენიც მიიღებენ, როცა ჩათვლიან, რომ ძალიან დიდი სირცხვილი იქნება ამ ქუცნაშვილებთან და ზარდიაშვილებთან და ამ გაუგებარ წარმონაქმნებთან ჯდომა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე ვფიქრობ, რომ ვინც ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა აიღო დაპირებებით, რომელიც დღეს არ სრულდება, ვისაც ღირებულებები გააჩნია, მათ “ოცნება” უნდა დატოვონ. “ქართულ ოცნებაში” ყოფნა უკვე სირცხვილია. მერე კი ისეთი დაგვიანებული იქნება წამოსვლაც, ჩაძირული გემიდან გაქცევას დაემსგავსება”, - თვლის ჭიჭინაძე. ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობიდან წამოსვლის მიზეზად მოსამართლეების შესახებ მესამე და საბოლოო მოსმენით მიღებული კანონპროექტი დაასახელა. კანონპროექტი პარლამენტმა ოთხშაბათს, 1-ელ მაისს 87 ხმით 33-ის წინააღმდეგ დაამტკიცა და ის არ მოსწონს არავის, თავად “ოცნებაში” დარჩენილების გარდა. კობერიძის თქმით, ეს კანონი და მოსამართლეებთან დაკავშირებული მთელი პროცესი მისთვის წყალგამყოფია და დღეიდან პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამ წუთას არავისთან არ მაქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. მივიღე ჩემი გადაწყვეტილება და მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა მომავლის. კონსულტაციები დატოვებასთან დაკავშირებით პარტიაში არ მქონია, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცის”, - განაცხადა კობერიძემ. “ქართული ოცნებიდან” პირველი დიდი წასვლა იყო 22 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი მოსამართლეების 2025 წლამდე დანიშვნის გადავადებაზე ჩავარდა. “ოცნება” დატოვა 4-მა დეპუტატმა: ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე დღეში მათ შეუერთდა ზვიად კვაჭანტირაძე. “ოცნება” ასევე დატოვეს ფრაქცია “სოციალისტების” 4-მა წევრმა. მათგან ლაშა ნაცვლიშვილი და კობა ნარჩემაშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით არიან, და აცხადებენ, რომ არავისთან გაერთიანებას არ გეგმავენ. კიდევ 2 “სოციალისტი”, გია ჟორჟოლიანი და მირიან წიკლაური კი ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსს” შეურთდნენ. ახლა, უკვე მაისის პირველივე დღეს “ოცნება” დატოვა ლევან კობერიძემ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებულ კანონპროექტი მოსამართლეების თემაზე... “რეზონანსთან” საუბრისას ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ წასვლაზე ბევრჯერ ჰკითხეს და გადაწყვეტილებას მიიღებს იმის მიხედვით, როგორ დასრულდება მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი”, - დასძენს გამოცემა.

“კობერიძის წასვლა უმრავლესობისთვის დანაკლისია, ის ერთ-ერთი საინტერესო დეპუტატია. მისი წასვლის გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ, პოლიტიკოსს ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ უნდა გაუჭირდეს. კანონპროექტს მხარს არც მე ვუჭერ, პირველ და მეორე მოსმენაზე წინააღმდეგი წავედი, დღეს მიწერ-მოწერაში ვიყავი და ამიტომ არ ვარ მოწინააღმდეგეების სიაში. ჩემი აზრით, ეს კანონპროექტი არ არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, მთავარი კრიტიკული პროცესი ახლა იწყება - უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის. წასვლაზე ბევრჯერ მკითხეს და ვთქვი, რომ გადაწყვეტილებას მივიღებ იმის მიხედვით, როგორ დასრულდება პროცესი. ყველა მოქალაქისთვის მთავარია, ვინ დაინიშნება უზენაეს სასამართლოში მოსამართლე. დეკემბერში იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი 10-კაციანი სია მიუღებელი იყო ჩემთვის. კითხვები არ უნდა გაჩნდეს მოსამართლეების რეპუტაციაზე და ბიოგრაფიაზე. მე საჯაროდ ჩემს თავს მაღალი თამასა დავუწესე და ჩემთვის ამ სიის ხელახალი წარდგენა მიუღებელი იქნება”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ბიძინა გეგიძე.