სამმხრივი სოციალური დიალოგის გაძლიერების საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, კონფერენცია 3-4 მაისს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და პროფკავშირების ორგანიზებით თბილისში შედგება.
მათივე ცნობით, განიხილება ისეთი მნიშვნელობის საკითხი, როგორიცაა სოციალური დიალოგი და შრომის საერთაშორისო სტანდარტების როლი ტრიპარტიზმის ხელშეწყობაში. იმსჯელებენ შსო-ს 144-ე კონვენციაზე და სამმხრივი სოციალური დიალოგის გზით, შრომის საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკულ რეალიზებაზე.
შეგახსენებთ, რომ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შესახებ დებულება საქართველოს მთავრობის მიერ 2013 წლის 7 ოქტომბერს დამტკიცდა. თუმცა დამტკიცების მიუხედავად გასული 6 წლის განმავლობაში სულ რამდენჯერმე შეიკრიბა და რეალურად ეფექტური და რეგულარული ხასიათი ამ დრომდე ვერ მიიღო,მაშინ როდესაც მოლაპარაკების ეს გზა განვითარებული სამყაროსთვის სოციალური კრიზისების თავიდან აცილების და ჰარმონიული წყობის წინაპირობაა.
აღსანიშნავია, რომ პროფკავშირების ძალისხმევით, 2017 წელს განხორციელდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) #144ე კონვენციის რატიფიცირება ,,შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ“, რითაც ქვეყანამ აიღო ვალდებულება გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური კონსულტაციების გამართვას როგორც პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, მთავრობის, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა წარმომადგენლებს შორი, რაც გულისხმობს ასოციაციის უფლების დაცვას, კოლექტიური მოლაპარაკებების წახალისებას ყველა დონეზე და ხაზს უსვამს ტრიპარტიზმის პრინციპის მნიშვნელობას. აღსანიშნავია, რომ კონვენცია ძალაში 2019 წლის 8 მაისს შედის.
"საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, რომ სოციალური დიალოგი და ტრიპარტიზმი, რაც გულისხმობს სამმხრივ თანამშრომლობას, წარმოადგენს შრომის ბაზრის მართვის ძლიერ ინსტრუმენტს და არის ღირსეული შრომის, ინკლუზიური განვითარების და სოციალური ერთიანობისა და მშვიდობის დამკვიდრების გარანტი. ვფიქრობ, თუკი მოხდება აღნიშნული კონვენციის რეალური იმპლემენტაცია და სოციალური დიალოგის განვითარება ქვეყნის მასშტაბით ყველა დონეზე, ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შესაბამისი ცვლილებებისა და რეფორმების გზით ბევრ სფეროში, როგორიცაა: ღირსეული დასაქმება, სოციალური უზრუნველყოფა, გენდერული თანასწორობა, დასაქმების არასტანდარტული ფორმები და ა.შ.“,- განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.
პროფესიული კავშირების გაერთიანების ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პროფკავშირების რეგიონალური წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და უზბეკეთიდან.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, სამმხრივ პარტნიორობაზე კონფერენციაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის, პარლამენტის, საერთშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ბარკალაია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე , ელგუჯა მელაძე - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, სერგიუს გლოვაცკასი - შსო/ACTRAV ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფიცერი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"