პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს

პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს. სწორედ ასე ეწოდება კანონპროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისათვის 13 მაისის სხდომაზე წარედგინება.

კანონის მიღების მიზანია შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.

პროექტის მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველი წარმოადგენს ცხოველს, რომელიც ადამიანს ჰყავს ესთეტიკური, თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ფუნქციური დანიშნულებით, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.

საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრაციას და დროებით რეგისტრაციას. რეგისტრაციის შემდეგ კი, შინაური ბინადარი ცხოველის მაინდენტიფიცირებელ საშუალებებს წარმოადგენს სვირინგი, “საჭდი“, მიკროჩიპი ან სპეციალური საყელური, რომელზეც განთავსებულია შინაური ბინადარი ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი და მეპატრონის მონაცემები.

პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით, დაუშვებელი ხდება შინაურ ბინადარ ცხოველთა გამოყენება ისეთი საშუალებებითა და მეთოდებით, რაც მათ ტანჯვას ან ძლიერ ფიზიკურ ტკივილს გამოიწვევს. რაც შეეხება მოკვდინებას, აუცილებელი ხდება მოკვდინებისას ჰუმანური მეთოდების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ვეტერინარისა და კინოლოგის სავალდებულო მონაწილეობით დადგინდება შინაური ბინადარი ცხოველის განუკურნებელი და საშიში დაავადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელი ცხოველის მოკვდინება მისთვის სიცოცხლის განზრახ მოსპობად ჩაითვლება.

კანონპროექტში წერია, რომ ნებისმიერი პირი, ვინც უვლის ან პატრონობს შინაურ ბინადარ ცხოველს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს შინაური ბინადარი ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა.

შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე კანონით ვალდებული ხდება უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი შინაური ბინადარი ცხოველის შთამომავლობის მოვლა - პატრონობა ან გასხვისება.

ამასთან, კანონით დაუშვებელი ხდება შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება და ასევე, ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა. დაუშვებელი იქნება შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.

თუკი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავდა ან დაიღუპა შინაური ბინადარი ცხოველი, მძღოლი ვალდებული ხდება ამის თაობაზე პოლიციას შეატყობინოს.

ამავე პროექტის მიხედვით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე, ერთი ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გარდა ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ ეს მისამართი და ტერიტორია ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში აკრძალული იქნება 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა.

კანონპროექტი ცხოველთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციება მოამზადეს. პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები: კახა კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა