„საქართველოს ბანკის” სრული დაფინანსებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამა 19-მა სტუდენტმა გაიარა

“საქართველოს ბანკის” სრული დაფინანსებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში სამაგისტრო პროგრამა 19-მა სტუდენტმა გაიარა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” “საქართველოს ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების დირექტორმა ხათუნა კაკაბაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, “ფულბრიტისა” და “ჩივნინგის” პროგრამები ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი და ევროპული ღირებულებების გამოვლინებაა.

“საქართველოს ბანკისთვის”, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ, წლებია ბანკი მხარს უჭერს „ჩივნინგისა“ და „ფულბრაიტის“ პროექტების განხორციელებას. 2015-2018 წლებში Fulbright – ის პროგრამის დაფინანსებისთვის ბანკის მხრიდან დახარჯულია 350 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება Chevening-ის პროგრამას, ბანკი 5 წელია (2014- 2018) მხარს უჭერს სტუდენტებს, მიიღონ განათლება დიდ ბრიტანეთში. ამ დროის განმავლობაში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსება 416 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს”, - განაცხადა ხათუნა კაკაბაძემ.

ნინო ვარდოსანიძე ერთ-ერთია იმ 13 სტიპენდიანტიდან, რომლებმაც “ჩივნინგის” პროგრამის ფარგლებში მაგისტრის ხარისხი დიდ ბრიტანეთში მიიღეს. როგორც ის “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, 1 წელი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაატარა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული ცოდნის მიღების თვალსაზრისით და მის კარიერაზეც დადებითად აისახა.

“ჩივნინგის” წყალობით საქართველოში დაგროვილ პრაქტიკულ გამოცდილებას სხვა თვალით შევხედე. აკადემიური სიკეთეების გარდა, ამ პროგრამამ უნიკალური შესაძლებლობა მომცა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩემი კოლეგების გამოცდილება გამეზიარებინა და საქართველოში ახალი იდეებით და ენერგიით დავბრუნებულიყავი. დიდ ბრიტანეთში მიღებული ცოდნა ჩემს ამჟამინდელ როლშიც ფასდაუდებელია - ვხელმძღვანელობ NDI-ის ერთ-ერთ პროექტს უკრაინაში და ჩემი პროექტის მიზანი სწორედ პოლიტიკის შემუშავების პროცესში კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვაა, რაშიც უკრაინის მთავრობას ვეხმარები. მიმაჩნია, რომ მსგავსი პროგრამები და ზოგადად, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია საუკეთესოა ქვეყნის განვითარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ასეთ ინიციატივებში კერძო კომპანიები მონაწილეობენ, როგორც „საქართველოს ბანკი“ მონაწილეობს “ჩივნინგის” პროგრამაში წლებია. ჩემი აზრით, ეს სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია",- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

როგორც “საქართველოს ბანკში” აცხადებენ, პროგრამები კვლავ გრძელდება და მათში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც არის მიზანდასახული, მოტივირებული, ვისაც არ აშინებს გამოწვევები და ის უსაზღვრო შესაძლებლობები, რომლებიც ამ უნიკალური გამოცდილების მიღების შემთხვევაში ელის.

დამატებითი დეტალების მოძიება პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ იხილონ boe.ge -ზე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა