მარჯვენასაჭიან ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე საგადასახადო შეღავათი 60%-დან 20%-მდე მცირდება

პარლამენტმა მესამე მოსმენით - 90 ხმით, ერთხმად დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვით, აქციზის განაკვეთი მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60%-ით, ხოლო იმ ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, რომლებსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს ან გადატანილი აქვს, 20%-ით მცირდება.

დეპუტატთა ჯგუფის მიერ “საგადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ცვლილება კოდექსის 188-ე მუხლში შედის, რომელიც ადგენს საგადასახადო შეღავათს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის. ცვლილებით, მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი შემცირდება 20%-ით, ნაცვლად არსებული 60%-სა.

“საგადასახადო კოდექსში“ 2016 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2017 წლის 2 იანვარს ამოქმედდა. დაწესდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობით დაიბეგრებოდნენ. ამავე ცვლილებების თანახმად, როგორც მარჯვენასაჭიანი, ისე მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტისას დაწესდა 60%-იანი შეღავათი აქციზური გადასახადის გადახდისას, ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული რეგულაცია ყოფილიყო მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კოდექსის მიღების დროიდან (2010 წელი), როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი ავტომანქანები იმპორტისას სრულად გათავისუფლებულები არიან აქციზის გადასახადისგან.

„შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2017 წლისა და 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებულია: მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი - 26,463; მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი - 4,277; მარცხენასაჭიანი ელექტრომობილი - 386; მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილი - 799. აღსანიშნავია, რომ მზარდია ელექტრომობილების ბაზარი როგორც საქართველოში, ისევე მთელ მსოფლიოში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილების რაოდენობა აღემატება მარცხენასაჭიან ელექტრომობილების რაოდენობას. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა დაგეგმილია მთლიანად მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვის, მთელი ინფრასტრუქტურა მორგებულია მასზე.

კანონპროექტის ამოქმედების შედეგად შემცირდება მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების იმპორტი, რაც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოებას, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო