ქართული პრესის მიმოხილვა 03.06.2019

გია ხუხაშვილი - “ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა, კორუფციული მეტასტაზები უკვე მთელ სახელისუფლებო სხეულში გავრცელდა”

როგორ რთულდება მართვის მოწმობის აღება

ეკა ბესელია - “არავითარი მესამე ძალა, ჩვენ ალტერნატიული ძალა უნდა გავხდეთ!”

თადუმაძე მიქაუტაძისა და „კლანის“ წინააღმდეგ?!

* * *

გია ხუხაშვილი - “ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა, კორუფციული მეტასტაზები უკვე მთელ სახელისუფლებო სხეულში გავრცელდა”

“სამწუხაროდ, შეიმჩნევა რამდენიმე დაჯგუფების აქტივობა, რომელთაც, ასე ვთქვათ, მწვანე აქვთ ანთებული - ისინი ბაზარზე დომინირებენ და რა თქმა უნდა, სიტუაციას საკუთარი ინტერესების შესაბამისად აყალიბებენ როგორც ბიუჯეტთან, ასევე სახელმწიფო ან მსხვილ კომპანიებთან დაკავშირებით. ეს არის კორუფციის ყველაზე სახიფათო ფორმა, რასაც ჩვენ ელიტურ კორუფციას ვეძახით. ეს ხდებოდა ადრეც და ხდება დღესაც, თუმცა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამას დაემატა კორუფციული რისკები საშუალო და ქვედა დონეებზე. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლებას ასე სურს. არა - ის, კონტროლს ვერ ახერხებს სისუსტის გამო! სამწუხაროდ, შეიმჩნევა რამდენიმე დაჯგუფების აქტივობა, რომელთაც, ასე ვთქვათ, მწვანე აქვთ ანთებული და ბაზარზე დომინირებენ. ისინი როგორც ბიუჯეტთან, ასევე სახელმწიფო ან მსხვილ კომპანიებთან დაკავშირებით სიტუაციას, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად აყალიბებენ...” - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “...ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა” / “დღეს ქართული ეკონომიკა როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური მონოპოლიების ხელშია. როგორ შეიძლება ფარმაცევტს ჰქონდეს საკუთარი საავადმყოფო, მით უფრო - სადაზღვევო კომპანია! ეს ხომ ბაზრის განვითარებისთვის კატასტროფაა!...”

“ეს არის კორუფციის ყველაზე სახიფათო ფორმა, რასაც ჩვენ ელიტურ კორუფციას ვეძახით! ეს ხდებოდა ადრეც და ხდება დღესაც, თუმცა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამას დაემატა კორუფციული რისკები საშუალო და ქვედა დონეებზე. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლებას ასე სურს. არა. ის, სისუსტის გამო, კონტროლს ვერ ახერხებს. შედეგად ქვედა და საშუალო რგოლის ჩინოსნებს ნაკლებად ეშინიათ, თუმცა ამბიციები დიდი აქვთ. ყველა, ვინც ხელისუფლებას საეჭვოდ ჩატარებულ არჩევნებში ეხმარება, მიიჩნევს, რომ ამისთვის დივიდენდები უნდა მიიღოს. შესაბამისად, კორუფციული მეტასტაზები უკვე მთელ სახელისუფლებო სხეულში გავრცელდა. ვერ ვეტყვი, რომ ეს გადაულახავ პრობლემად არის ქცეული, მაგრამ აშკარაა, რომ ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა. სხვათა შორის, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაძაბულობის მიზეზი. მე მას ვთავაზობდი, სასწრაფოდ შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სისტემა, რომელიც ამ მიმართულებით აგრესიულ მოქმედებებს დაიწყებდა. თან ეს უნდა მომხდარიყო ეკონომიკის მოდერნიზაციასთან ერთად. ამ ელემენტების გაერთიანებით ქვეყანაში განვითარების ახალი ტალღის საფუძველი შეიქმნებოდა, რაც ქართველ საზოგადოებას ოპტიმიზმსაც გაუჩენდა... თუმცა ივანიშვილისთვის ეს მისაღები არ აღმოჩნდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული ისტორია საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ პროცესები მიმართული იყო და ახლაც არის არა ანაკლიის პროექტის, არამედ იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელმაც ამ პროექტის განხორციელება საკუთარ თავზე აიღო. ხელისუფლების არგუმენტები, რომ ეს პროცესები ურთიერთდაკავშირებული არ არის, არადამაჯერებელია, იმიტომ, რომ ინვესტორი, რომელსაც ეუბნებიან, რომ პროექტის მთავარი ოპერატორი მძიმე დანაშაულში - ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი, ბუნებრივია, ინვესტიციას ამ პროექტში აღარ ჩადებს. შემდეგ ხელისუფლებამ აბსოლუტურად შეცვალა თავისი პოლიტიკა - კეთილგანწყობა გამოხატა პროექტის მიმართ, მაგრამ ამ ფონზე ისევ განხორციელდა პროექტზე ირიბი დარტყმა. თითქოს ამ ყველაფერში კონსოლიდირებული ხელისუფლება არ ურევია, მაგრამ ეს არავის სჯერა. შეიძლება ვიეჭვოთ, რომ ხდება ანაკლიის პროექტის საბოტირება. ანაკლიის პორტი არის კონსტიტუციით გამყარებული პროექტი, როგორც სახელმწიფოსთვის სტრატეგიული, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი და როდესაც ასეთ სახელმწიფოებრივ პროექტს ასე ეხებიან, აუცილებლად უნდა ვეძებოთ საბოტაჟის ნიშნები. ჩემი აზრით, ეს თემა გამოსაძიებელია. თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია, მაშინ ყველაზე მეტად მას უნდა აინტერესებდეს იმის გარკვევა, რა მოხდა. გასაგებია, რომ ახლა ჯოხი ტყდება ვიღაც ერთ ჩინოსანზე, რომელმაც თურმე საკუთარ ნებით მოაწერა ხელი ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ საინტერესოა, დამკვეთი ვინ იყო. შეიძლება მან საკუთარ თავზე აიღო რაღაც, მაგრამ აშკარაა, ის საკუთარი ინტერესებით არ მოქმედებდა. მას ჰყავდა დამკვეთი და ხელისუფლება ვალდებულია, გამოავლინოს ეს დამკვეთი, მისცეს ამ ყველაფერს შესაბამისი კვალიფიკაცია”, -დააკვნის ექსპერტი.

“ორი აზრი არ არსებობს, რომ ფოთისთვის კონკურენტულ ბრძოლაში ანაკლია სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ყოვლად მიუღებელია ის ფორმა, რაც ჩვენ ვნახეთ... ამ მეთოდებით საბოტაჟი არასწორია, მით უფრო, რომ ძალიან საეჭვოა, რეალობას შეესაბამებოდეს ან შესაძლებელი იყოს ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. მათ ეს კარგად იციან, თუმცა, როგორც ჩანს, მათი განცხადების მიზანი მშენებლობა არც ყოფილა - მიზანი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა იყო. ასეთი თამაშები სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს. ხელისუფლება, კონსტიტუციური ნორმიდან გამომდინარე, ვალდებულია, ხელი შეუწყოს ამ პროექტის განხორციელებას, ჩამოაშოროს მას ყველა სუბიექტური და ობიექტური რისკი. თუმცა არ დავეთანხმებოდი ერთ საკითხს, რომელსაც ჰქვია კომერციული რისკების დაზღვევა. აქ ვიზიარებ ხელისუფლების პოზიციას და მეც მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან კომერციული რისკების განსაკუთრებული ფორმით დაზღვევა სწორი არ იქნებოდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კიდევ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს - ამ პროექტს ეკონომიკურზე მეტად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქმე ის არის, რომ გარდა საპორტო მომსახურებისა, ანაკლიის ირგვლივ შეიძლება განვითარდეს ორი ძალიან სერიოზული მიმართულება. ერთი, ეს არის ლოჯისტიკური ცენტრი თავისი ინდუსტრიული ზონით, რაც, ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, შეიძლება სტრატეგიულად საინტერესო პროექტი გამოდგეს. მეორე - უსაფრთხოების კუთხითაც ანაკლია შეიძლება სამომავლოდ ძალიან საინტერესო პროექტად იქცეს. მოგეხსენებათ, შავი ზღვა დასავლეთ რუსეთის დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიცენტრია, თუმცა დასავლეთს არა აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა, რომ რუსეთის დომინირება დააბალანსოს. სწორედ ამიტომ ანაკლიას უსაფრთხოების კუთხით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიენიჭოს. საქართველოს სხვა პორტებში ამის გაკეთება შეუძლებელია. ცალსახაა, რომ ამ პროექტის განხორციელება რუსეთის ინტერესებს არ შეესაბამება. ისიც აშკარად ჩანს, როგორ ცდილობენ მათი აგენტები ამ საბოტაჟის წახალისებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ მცდელობის სათავე არ არის რუსული დაკვეთა. ისევე, როგორც დავითგარეჯასთან დაკავშირებით არ ყოფილა რუსული დაკვეთა და პრობლემები რუსეთის გარეშეც არსებობდა. როდესაც ჩვენში პრობლემები იჩენს თავს, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ დაპირისპირება გააძლიეროს. სამწუხაროდ, როგორც ანაკლიის პორტის, ისე დავითგარეჯის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს რუსული და საქართველოში მოქმედი დაჯგუფებების ინტერესთა თანხვედრასთან”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

“ რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, ხელისუფლების ახსნას შეიძლება დავეთანხმოთ, მაგრამ ესეც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. მათი განმარტებები დანაშაულის აღიარების ტოლფასია. რატომ მოქმედებს გარე ფაქტორები ჩვენს შიდა ბაზარზე ასე? ამის მიზეზი ხელისუფლების მცდარი ეკონომიკური პოლიტიკა ხომ არ არის? აი, რას ვგულისხმობ - ეროვნულ ვალუტაზე გარე ფაქტორები ზემოქმედებს იმპორტ-ექსპორტის სალდოდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს კატასტროფული სავაჭრო სალდო თურქეთთან. ამიტომაც მოხდა ასეთი დაწოლა ლარის კურსზე. ახლა ლირა გამყარდა და თითქოს ლარიც გაჩერდა. როდესაც ექსპორტ-იმპორტის ასეთი სალდო გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას ეკონომიკა არ გააჩნია და საგარეო რისკებზეა დამოკიდებული. ხელისუფლებამ ვერაფრით შეძლო ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება ისე, რომ ეს სისტემური ხარვეზი გამოსწორებულიყო. ლარის კურსის სიმყარის ყველა სხვა ფაქტორი - იქნება ეს ტურიზმი, პირდაპირი ინვესტიციები თუ ფულადი გზავნილები - არის მხოლოდ სუბიექტური და ეს ვერ იქნება სტაბილურობის გარანტია. სამწუხაროდ, მცირე ცვლილებებს თუ არ ჩავთვლით - ვგულისხმობ ეკონომიკის სტიმულირების გარკვეულ პროგრამებსა და პროექტებს - ეკონომიკური მიმართულებითაც იგივე ხდება, რა პოლიტიკასაც სააკაშვილი ატარებდა. გამოწვევა არის სისტემური და ამას სჭირდება არა კამპანიური, არამედ სისტემური სტიმულირება”, - განმარტავს ექსპერტი.

“ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს იმიტომ, რომ მასშტაბური, სისტემური გადაწყვეტილებების მიღების ან უნარი არა აქვს, ანაც ხედვა. ჩემი აზრით, თუნდაც მამუკა ბახტაძეს აქვს საკმარისი კვალიფიკაცია, რომ ამ პრობლემებს ხედავდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ის გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. მე ისე წამოვედი ხელისუფლებიდან, რომ გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა არ არსებობდა. ჩვენ ვლაპარაკობდით, რა იყო გასაკეთებელი, მაგრამ ამისთვის სტრატეგიის სახე არ მიგვიცია. მით უმეტეს, რომ ბევრი იყო ხელის შემშლელი ფაქტორი, მათ შორის - ეკონომიკური ცენტრების განაწილება, სხვადასხვა ინტერესჯგუფის არსებობა და ა.შ. ამ მხრივ ბევრი არაფერი შეიცვალა. ინტერესჯგუფები დარჩნენ ინტერესჯგუფებად, მონოპოლიები უფრო გამსხვილდნენ. როდესაც ხელისუფლებას აქვს პრეტენზიები საბანკო სექტორთან, ისმის კითხვა: ვინ შექმნა ეს პრობლემები?! საბანკო სექტორის ეკონომიკაზე დომინირება ახალი ხელისუფლების პირობებში კი არ შემცირდა, პირიქით, გაიზარდა. ბახტაძის მოსვლის შემდეგ ამ კუთხით პოლიტიკა ცოტა გამკაცრდა, თორემ მანამდე სრული განუკითხაობა იყო. დღეს ქართული ეკონომიკა როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური მონოპოლიების ხელშია. როგორ შეიძლება ფარმაცევტს ჰქონდეს საკუთარი საავადმყოფო, მით უფრო _ სადაზღვევო კომპანია! ეს ხომ ბაზრის განვითარებისთვის კატასტროფაა!..” - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “უზანაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების სიაში მოხვდა არაერთი მოსამართლე, რომელთა სახელიც ასოცირდება უკანონო გადაწყვეტილებებთან...” - პასუხობს:

“ამ პროცესთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, რადგან იქ ყველაფერს კვლავაც ცნობილი კლანი აკონტროლებს, ამის თავიდათავი კი იუსტიციის საბჭოა. ამ ვითარებაში კანონზე აპელირება სასაცილოა. რა მნიშვნელობა აქვს, რა კანონი იქნება, გადაწყვეტილებებს ხომ ეს ავგიას თავლა - იუსტიციის საბჭო იღებს და ამჯერადაც მშვენივრად მოახერხებს კანონისთვის გვერდის ავლას. თვითონ ეს ინსტიტუტია დისკრედიტებული. რადგან ინსტიტუციურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, გრძელვადიანი განვითარების თვალსაზრისით იქნებ სჯობდეს კიდეც, რომ უზენაეს სასამართლოშიც ეს ოდიოზური მოსამართლეები აირჩიონ, რათა პრობლემა მთლად გაშიშვლდეს და როდესაც სასამართლო სისტემის რეალურად გაჯანსაღების დრო დადგება, ჩვენ, ყველას, მეტი მორალური უფლება გვექნება, ეს ხალხი “ჯოხით” გამოვყაროთ სასამართლოდან.”

როგორ რთულდება მართვის მოწმობის აღება

“იდეა იმისა, რომ პრაქტიკული გამოცდა ორ ეტაპიანი იყოს, ჩვენგან მხარდაჭერილია და მეტიც, წლებია ამას ვითხოვთ. ეს მოთხოვნა არ არის ჩვენი ახირება. მაგრამ ეს პროცესი არ გამოვა, თუ ავტოსკოლის გავლა არ იქნება სავალდებულო, რადგან საშიშია ადამიანის საჭესთან დასმა ისე, რომ არ იცოდე მას მანამდე გავლილი აქვს თუ არა ავტოსკოლის კურსი”, - განაცხადა “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა “რეზონანსთან” საუბრისას და განმარტა, რომ შს სამინისტროს მიერ დაანონსებული რეგულაციები კარგი და მისასალმებელია, მაგრამ მაინც საჭიროებს დამატებით განხილვას. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდები მნიშვნელოვნად რთულდება და რამდენიმე ეტაპად იყოფა. პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. გარდა ამისა, თეორიულ გამოცდაზე დაშვება გახდება 20 ლარი, ნაცვლად 40 ლარისა, პრაქტიკული გამოცდის თითოეული ეტაპის საფასური კი დადგინდება დამოუკიდებლად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ რთულდება მართვის მოწმობის აღება და რამდენად გამართლებულია ეს ცვლილებები.

“ასევე ცვლილებები შედის არასრულწლოვანთათვის მართვის უფლების მინიჭების საკითხში, კერძოდ, “A1” ქვეკატეგორიის და “B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი იცვლება და ნაცვლად 17 წლისა, 18 წელი ხდება. მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის მოქმედების ვადა 30 დღიდან შესაძლოა, ერთ წლამდე გაიზარდოს. შესაბამისი ცვლილებები შსს-მ მოამზადა, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის სახით პარლამენტს უკვე წარუდგინა. შსს განმარტავს, რომ თუ დღემდე არსებული რედაქციით პირს პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 30 დღის განმავლობაში შეუძლია, ცვლილებებით, ეს ვადა ერთ კალენდარულ წლამდე გაიზრდება. მძღოლობის კანდიდატს უფლება ექნება, ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკული გამოცდის პირველი ან/და მეორე ეტაპი ისე ჩააბაროს, რომ თეორიული გამოცდის ჩაბარება და შესაბამისი საფასურის გადახდა თავიდან არ მოუწიოს. რაც შეეხება პრაქტიკულ დავალებებს, დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, პირველი ეტაპი - სპეციალური მანევრები, ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, როგორც ეს ამჟამადაც ხორციელდება. მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და შს მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ “B” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური - 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური კი 90 ლარი გახდება. “A”, “C”, “D”, “BE”, “CE”, “DE” კატეგორიის და “A1”, “A2”, “B1”, “C1”, “D1”, “C1E” და “D1E” ქვეკატეგორიის ნსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასურია 40 ლარი, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური კი 150 ლარი იქნება. გარდა ამისა, დაშვებული გახდება მოტოციკლით სასწავლო სვლა ქუჩებშიც, სასწავლო სვლისთვის გამოყოფილ სპეციალურ მარშრუტებზე, რაც დღეისთვის აკრძალულია. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს 3 ივნისის სხდომაზე წარედგინება. დავით მესხიშვილის თქმით, ეს რეგულაცია ახალი არაა და ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა დააგვიანა”, - განაგრძობს გამოცემა.

“მგონია, რომ ჯერ ბოლომდე და ზედმიწევნით დეტალები დამუშავებული არაა, მაგრამ იდეა იმისა, რომ პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი იყოს, ჩვენგან მხარდაჭერილია და მეტიც, წლებია ამას ვითხოვთ. ეს კანონი შარშან 1 სექტემბერს უნდა შესულიყო ძალაში და დროში ვერ ჩაეტია. ჩვენი ინფორმაციით იმიტომ, რომ ქალაქის რეალურ სივრცეში, სადაც პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩატარდეს, არ მოიძებნა მოწესრიგებული ადგილი, ანუ ტერიტორია, სადაც საგზაო ნიშნები და მონიშვნები ვერ იქნა ნანახი ისეთ დონეზე, რომ ყველაფერი იყოს შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. ეს მოთხოვნა არ არის ჩვენი ახირება - ევროკავშირის მოთხოვნებია. არსებობს შესაბამისი ევროდირექტივაც. ქალაქის რეალურ სივრცეში პრაქტიკული გამოცდის დანერგვა გარკვეულ წილად შესაძლოა გახდეს საფუძველი იმისა, რომ შედარებით მცოდნე ადამიანმა აიღოს მართვის მოწმობა, რომელსაც აქვს გარკვეული უნარ-ჩვევები. მაგრამ ეს პროცესი არ გამოვა, თუ ავტოსკოლის გავლა არ იქნება სავალდებულო, რადგან, ჯერ ერთი, საშიშია ადამიანის საჭესთან დასმა ისე, რომ არ იცოდე მას მანამდე გავლილი აქვს თუ არა ავტოსკოლის კურსი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით მესხიშვილი.

„თუმცა ის ავტოსკოლები, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი არ არის პროფილური ორგანიზაცია. დღეს თაღლითური მეთოდებით ამზადებენ თვითმარქია ავტოსკოლები, ანუ თეორიულ გამოცდაზე ისე შეგიძლიათ გახვიდეთ, რომ თქვენთვის გაუგებარ ენაზეც რომ იყოს შედგენილი საგამოცდო ტესტი, მაინც ჩაატარებთ - ამას ჰქვია კოდირება. ეს საკითხი უნდა მიებას ავტოსკოლების რეფორმას, სხვა შემთხვევაში აზრს დაკარგავს ასეთი ტიპის რეფორმის გატარება... რაც შეეხება ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებას, გულწრფელად გეტყვით, დიდ სხვაობას 17-სა და 18 წელს შორის ვერ ვხედავ. აქ მთავარია პრინციპი. შეგვიძლია იმავე სკანდინავიის ქვეყნებს შევხედოთ - დიახ, იქ 17 წლის ახალგაზრდაც იღებს მართვის მოწმობას, არის ასეთი ქვეყნები, მაგრამ სანქციებია ძალიან მკაცრი და არის რიგი ქვეყნებისა, სადაც 17 წლის ახალგაზრდები მართავენ საჭეს უფროსის ზედამხედველობის ქვეშ - ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც რაღაც გამოცდილება აქვს მანქანის მართვის. მე ამ მოდელის მომხრე ვარ, ის აპრობირებულია და გაამართლა”, - განაგრძობს მესხიშვილი.

“რაც შეეხება პრაქტიკული გამოცდის გადავადებას და 30 დღის ნაცვლად ერთი წლის ვადის მიცემას, ეს სამსჯელოა და გასარკევევია, რა მოდელია, რასთანაა დაკავშირებული, რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება და ა.შ. ხომ არ არის ეს საერთაშორისო გამოცდილება და რაიმე კვლევას ხომ არ ეყრდნობა. ასე თქმა გამიჭირდება. ხოლო ფინანსურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, არ მგონია, რომ გადასახადის გაზრდამ მსურველების რაოდენობა შეამციროს. ეს, შეგვიძლია, ჩავთვალოთ ბიუჯეტის შევსების სურვილად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლარის გაუფასურება, ძირითადად, კვების პრიდუქტების ფასებს ეხება, მაგრამ გაუფასურებული ლარის ფონზე ეს ზრდა შეიძლება ამასა და ბიუჯეტის შევსებას დავაბრალოთ”, - დაასკვნის რესპონდენტი.

ეკა ბესელია - “არავითარი მესამე ძალა, ჩვენ ალტერნატიული ძალა უნდა გავხდეთ!”

“სამართლიანობისთვის” _ ასე ერქმევა “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას ახალ პოლიტიკურ პარტიას. ინტერვიუში იმ საკითხებზე საუბრობს, რომელთა გამო მმართველ გუნდთან უთანხმოება ჰქონდა და რისთვისაც გადაწყვიტა პარტიის შექმნა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით „ჩემში კიდევ ახალი ეკა გაჩნდა“ / “ოცნების” დატოვებამდე ივანიშვილს რამდენჯერმე შევხვდი და მითხრა, არ მინდა პარტია დატოვოო. მერე თქვა, ბოლომდე მაინც არ არის ჩემთვის გასაგები, რატომ დატოვა პარტიაო. ეტყობა, ჩემი არგუმენტი არ იყო მისთვის ბოლომდე მისაღები. ამის შემდეგ სხვა ძალებთან გაერთიანებაც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი” / “მშვიდობაში მოიხმარონ უკრაინელებმა სააკაშვილი, საქართველოში კი არა მგონია, მას რაიმეს შანსი ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ზელენსკიც პოროშენკოსავით ინანებს თავის გადაწყვეტილებას”.

“არ ვფიქრობდი პარტიის შექმნაზე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს და ახალი ძალის შექმნა გადავწყვიტეთ, რათა 2020 წლის არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა და შევცვალოთ ხელისუფლება. “ქართული ოცნება” იმიტომ დავტოვე, რომ სამართლიანობის იდეა თავდაყირა დადგა, იმ იდეალებს შეაქციეს ზურგი, რამაც 1-ლი ოქტომბერი შექმნა. არადა, წლების წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილს შევხვდი, ვუთხარი, რომ ამ ბრძოლაში ისევ მასთან ერთად ვიქნებოდი, “ისევ” იმიტომ, რომ მე სამართლიანობისთვის მის პოლიტიკაში მოსვლამდეც ვიბრძოდი. როდესაც ხელისუფლებას შევცვლიდით, ქვეყანაში სამართლის აღსრულების ყველა წინა პირობა უნდა ყოფილიყო. ის თანახმა იყო, თუმცა შემდგომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - 2018 წლის დეკემბერში ათკაციანი შავი სიის (უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის) მიღების შესაჩერებლად თანამდებობიდან გადავდექი, შემდეგ კი “ქართული ოცნებიდანაც” წამოვედი. ყველა მცდელობა, დამერწმუნებინა გუნდი, რომ მცდარი ნაბიჯები არ გადაგვედგა, ფუჭი გამოდგა. შემდეგ კანონში არასწორი ცვლილებები შეიტანეს, ჩვენი მომზადებული ცვლილებები კი - მოსამართლეების უვადოდ არჩევაზე მორატორიუმის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო სექტორსა და ექსპერტებთან ერთად მომზადებული ინიციატივის შესახებ - ჩააგდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უკა ბესელია.

“ პარტიის შექმნის შესახებ განცხადების შემდეგ ივანიშვილი არ დამკავშირებია, თუმცა “ოცნების” დატოვებამდე რამდენჯერმე შევხვდი და მითხრა, არ მინდა პარტია დატოვოო. მერე თქვა, ბოლომდე მაინც არ არის ჩემთვის გასაგები, რატომ დატოვა პარტიაო. ეტყობა, ჩემი არგუმენტი არ იყო მისთვის ბოლომდე მისაღები. ამის შემდეგ სხვა ძალებთან გაერთიანებაც შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. იმას, რასაც წლები შევალიე და რის გამოც ჩემს ოჯახს საფრთხე შევუქმენი, წყალში იყრებოდა. ამასთან, მიუღებელი იყო ის მეთოდები, რომლებითაც ჩემი გაჩერება სცადეს და ვთქვი, ახლა არ შეიძლება გაბრაზება, ხელის ჩაქნევა და წასვლა-მეთქი. ფარულ ჩანაწერები იყო ის აკრძალული მეთოდი, რომლითაც პირდაპირ მითხრეს, გაჩერდიო”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “თქვენი პარტია მესამე ძალა იქნება?” - პასუხობს:

“არავითარი მესამე, ჩვენ ალტერნატიული ძალა უნდა გავხდეთ. “ქართულმა ოცნებამ” და “ნაციონალურმა მოძრაობამ” პოლიტიკური რესურსი ამოწურეს, “ნაციონალური მოძრაობა” კი ხელისუფლებაში არასდროს არ უნდა დაბრუნდეს!”

“უკრაინელებმა სააკაშვილი მშვიდობაში მოიხმარონ, საქართველოში კი არა მგონია, მას რაიმეს შანსი ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ზელენსკიც პოროშენკოსავით ინანებს თავის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, უკვე ისეთ დღეშია, რომ განახლების უნარიც არ შესწევს. ეს რომ შეეძლოს, წინა პლანზე ზარდიაშვილები, მათიკაშვილები და ოხანაშვილები, 2016 წელს გამოჩეკილი ვითომ პოლიტიკოსები, არ იქნებოდნენ. ივანიშვილს არ აღმოაჩნდა ძალა მათ ჩამოსაშორებლად. არადა, არაერთხელ გამიგონია, რა უნდათ ზარდიაშვილსა და მისთანებს პარლამენტშიო. საიდან მოხვდნენ, თვითონ გაარკვიოს, ფაქტია, არც მაშინ და არც ახლა მათი ჩამოშორების სურვილი არ ჰქონია”, - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი.

ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი, ვინც პარლამენტი მოსამართლეებისა და ჩინჩალაძის ჯგუფისთვის, პრაქტიკულად, პოლიგონად აქცია. ეს კობახიძისთვის პირველი საჯარო სამსახურია. არ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნო ადამიანი, რომელსაც ხელქვეითად ორი კაციც არ ჰყოლია და არც პარლამენტის მართვა იცის. ახლა მან პარლამენტში თავისი კურსელები - ოხანაშვილი, მათიკაშვილი, მდინარაძე და ჩინჩალაძე შემოყარა. პარლამენტის ისტორიაში კობახიძე ყველაზე უღირსი თავმჯდომარეა თუნდაც იმიტომ, რომ პერსონალური შურისძიებით არის დაკავებული. წერილებს რომ ვუგზავნი, პასუხსაც არ მცემს, მემალება. კობახიძე თავის დროზე არც ივანიშვილს მოსწონდა, თუმცა ახლა ეგუება. ვიცი, რომ მის შეცვლასაც აპირებდა. უბრალოდ, “ქართულ ოცნებას” განსაახლებლად ადამიანური რესურსი აღარ აქვს. ამის დასტურია ადეიშვილის თანაშემწე ვანო ზარდიაშვილი. პირველად დავუჭირე მხარი აკაკი ბობოხიძეს, როდესაც ზარდიაშვილი ისე დაახასიათა, როგორც ეკუთვნოდა. როდესაც გიგა ბოკერია გეუბნება, ჩვენი მსახური იყავიო, თავმოყვარეობა თუ გაქვს, უნდა წახვიდე, მაგრამ ამის ნაცვლად შალვა შავგულიძეს მორალს უკითხავს”, - ამბობს ბესელია.

“ვფიქრობ, შავგულიძეს უკეთესი არჩევანი ჰქონდა, თუნდაც დამოუკიდებელი კანდიდატობა. თუმცა, თუ საკითხი ასე დგას, ვინ უკეთესია დღეს პარლამენტში, შალვა ბევრად უკეთესი დეპუტატი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მისი იმ ძალასთან გაერთიანების გადაწყვეტილება მცდარი იყო. ცოტა დრო დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე, პარტიის აწყობას კი ერთი წელი მაინც სჭირდება და ამ პროცესს იოლად არ ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ჩემი და კიდევ რამდენიმე კაცის აწყობილია. თუ მართლმსაჯულების გადარჩენა შევძელით, ვიტყვი, რომ პირნათელი ვარ. მთელი ცხოვრება პოლიტიკაში ყოფნას ნამდვილად არ ვაპირებ... მაჩალიკაშვილისა და სარალიძის საქმეები კი ხელისუფლებას კისერზე ტვირთად აწევს და პასუხი სამართლის ენაზე უნდა გასცეს, ამიტომაც დავუჭირე მხარი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც მაინც ჩავარდა”, - დასძენს ეკა ბესელია.

თადუმაძე მიქაუტაძისა და „კლანის“ წინააღმდეგ?!

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიას ოპოზიციისა და არასამთავრობოების ნაწილი უკვე წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. მათი ოპტიმიზმი ემყარება იმ ფაქტს, რომ სია საკმაოდ ვრცელია, მასში ზოგიერთი ოდიოზური ფიგურა არ არის და თანაც 144 კანდიდატიდან მხოლოდ 60-ია მოქმედი მოსამართლე. იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე კონკურსი 11 მაისს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც 2018 წლის ბოლოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ კანდიდატთა სიას არასამთავრობოებისა და პოლიტიკოსების პროტესტი მოყვა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველთა სია, რომელშიც 144 ადამიანია, შაბათს გამოაქვეყნა. მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე. სიაში არ არიან მოსამართლეები დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თადუმაძე მიქაუტაძისა და „კლანის“ წინააღმდეგ / იურისტთა ნაწილის ვარაუდით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოქმედი გენერალური პროკურორი გახდება და მას “კლანთან” დაპირისპირება მოუწევს.

“იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ გარკვეულწილად ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ისიც უკვე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ გვრიტიშვილმა და ჩინჩალაძემ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობაზე განაცხადის შეტანა ვეღარ გაბედეს. თუმცა ე.წ. კლანის გავლენა სიაში მაინც ჩანს, რადგანაც წარმოდგენილი კანდიდატებიდან ბევრი ისევ კლანის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანია. ის ფაქტი, რომ გარედანაც არიან მსურველები გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, უკვე კარგია, რადგანაც კლანს ალბათ არ ჰქონდა წარმოდგენაც კი, რომ ამდენი მსურველი გამოჩნდებოდა, თანაც ისეთები, რომლებიც სასამართლოს შიგნით არ მოღვაწეობენ. ჯანეზაშვილი ამბობს, რომ პერსონალურად შეფასებებისგან თავს შეიკავებს, რადგანაც მას მათი მხარდაჭერა მოუწევს, თუმცა ის გარედან შემოსულ კანდიდატებს მხარდაჭერას აუცილებლად გამოუცხადებს. “არ ვიქნები ალბათ ამბიციური, როდესაც ვიტყვი, რომ მე და ანა დოლიძის ბრძოლამ გარკვეული შედეგი ამ კუთხით გამოიღო, რადგანაც, როგორც ვიცი, ჩინჩალაძის ოცნება ნამდვილად იყო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გამხდარიყო. ალბათ მას ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა, რომ ის ამას ვერ შეძლებდა და ასევე ამდენი მსურველი იქნებოდა. თანაც ამ სიაში ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია... ”, - აცხადებს ჯანეზაშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად დარეგისტრირდა, საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ჯანეზაშვილის თქმით, ის მის პერსონაზე საუბარს და შეფასებებს მოერიდება, თუმცა კანდიდატების მხარდაჭერის დროს, პოლიტიკურ ფაქტორსაც გაითვალსიწინებს და მხარს იმ ადამიანებს დაუჭერს, ვინც ამ გავლენისგან თავისუფალი იქნება. როგორც ჯანეზაშვილი ამბობს, თადუმაძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მიქაუტაძესთან კონკურენცია მოუწევს, რომელიც ასევე უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაშია. “ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა მეტი დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ალბათ თადუმაძეს კონკურენციის გაწევა მოუწევს მიქაუტაძესთან, რომელიც უკვე გავლენიანი პირია სისტემაში. თუმცა, მინახავს, კლანის წევრებს თუ დასჭირდათ, გარედან შემოსულთანაც საერთო ენას როგორ უცებ გამონახავენ. ამიტომ შეხედავენ თადუმაძის შესაძლებლობებს და ამის მიხედვით კი გადაწყვეტენ როგორ იმოქმედონ”, - ამბობს ჯანეზაშვილი. მისივე შეფასებით, სია მრავალფეროვანია და იძლევა კონკურენციის საშუალებას, თუმცა სასამართლოში ასებული ე.წ. კლანი ყველაფერს შეეცდება იმისთვის, რომ ის ადამიანები გაიყვანონ, ვინც მათი მფარველობის ქვეშ არიან”, - განაგრძობს გამოცემა.

“უკვე რამდენიმე ოდიოზური გვარი ამოვიკითხე ამ სიაში, რომლებიც, ჩემი აზრით, არ უნდა ყოფილიყვნენ, თუ კლანს არ ჰქონდა ამოცანა, რომ უნდა გაემეორებინა ის, რაც დეკემბერში იყო დასახული”, - ასე აფასებს დეპუტატი გედევან ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატთა სიას, თუმცა მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია თავად იუსტიციის საბჭო აღნიშნული სიიდან ვის წარადგენს პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად. “შემოთავაზებული სიიდან უკვე ჩანს იმ კანდიდატების წრე, რომლის გაყვანაც კლანს სურდა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეებად. ასევე სია თავისთავად ჯერ სრულფასოვანი ანალიზის საშუალებას არ გვაძლევს, სანამ არ გამოიკვეთებიან ის უშუალო კანდიდატები, რომლებიც კლანს უნდა და რა სიაც შემოვა საბოლოოდ პარლამენტში. ამის შემდეგ კი უფრო სიღრმისეული ანალიზის საშუალება გვექნება. ვერ გეტყვით, რომ სიაში მოცემული კანდიდატებიდან ყველას წინააღმდეგი ვარ. რამდენიმე ისეთი ადამიანი მომხვდა თვალში, რომ, თუ პარლამენტში შემოვა, მათ კანდიდატურას მხარს აუცილებლად დავუჭერ. თუმცა ჯერ მათ ვინაობას არ დავასახელებ. ფაქტია, ბრძოლამ გარკვეულ წილად შედეგი გამოიღო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საბრძოლი გვაქვს, რადგანაც კლანი საკუთარი კანდიდატების გაყვანაზე აქტიურად იმუშავებს”, - აცხადებს ფოფხაძე „რეზონანსთან“. მესამე სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ სიაში 144 პირიდან დაახლოებით 60 მოქმედი მოსამართლეა. შესაბამისად, ისინი ეჭვობენ, რომ ამ ადამიანებს ე.წ. კლანის წევრებთან კომუნიკაცია აქვთ - სხვა შემთხვევაში მათ არ ექნებათ გასვლის შანსი”, - დასძენს გამოცემა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი ეკა გიგაური კი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ყველაფერი ორკესტრირებულია და ამის უკან მმართველი პარტია დგას. მათი სურვილია გაძლიერდეს ეს კლანი, რათა შემდეგ სასამართლოს ყველა შტოზე ჰქონდეთ გავლენა. “ხელისუფლების მიზანია სასამართლო კონტროლი და მნიშვნელობა არ აქვს, ამას ერთი გავლენიანი ჯგუფით მოახერხებს თუ - ორით. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის ყოფილ პირად ადვოკატზე შალვა თადუმაძეზე. ამიტომაც ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ მიზანი სასამართლოს კონტროლია და ეს მიიღწევა ორი გავლენიანი ჯგუფის შექმნის შედეგად თუ ერთის, ამას არსებითი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის არ აქვს”, - აცხადებს გიგაური. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კი სიის შეფასებისგან ჟურნალისტებთან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველებთან დაკავშირებით პარლამენტში სიის გადაგზავნის შემდეგ ისაუბრებს”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო