იულია სუსლიაკის  ადვოკატი - ერთი ახირებული პროკურორის დაუსაბუთებელი ბრალის გამო, საქართველომ საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი

ამ მოვლენების გონივრული ანალიზი იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველომ ერთი ახირებული პროკურორის დაუსაბუთებელი ბრალის გამო, საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი, - ამის შესახებ არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც იულია სუსლიაკს უარი ეთქვა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის - გაუქმების მოთხოვნაზე, არ არის ობიექტური.

მისი ინფორმაციით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე საქმის პროკურორმა თეა გიორგაძემ და მისმა მეუღლემ პაატა სილაგაძემ იქონიეს გავლენა. როგორც იულია სუსლიაკის ადვოკატი აცხადებს, „თეა გიორგაძის მიერ დაშვებული შეცდომის აღიარება პროკურატურას არ სურს და ამის მოგვარებას ოჯახურად ცდილობენ“.

„ამ მოვლენების გონივრული ანალიზი იძლევა საფუძველს ვთქვათ, რომ საქართველომ ერთი ახირებული პროკურორის დაუსაბუთებელი ბრალის გამო, საერთაშორისო სკანდალში გაყო თავი. 4 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მივმართე იულია სუსლიაკის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით, რაზეც სასამართლომ უარი მითხრა იმ საფუძვლით, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია. ამავე დროს, ამ დოკუმენტების ნამდვილობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. პროკურორმა თეა გიორგაძემ სასამართლო დაარწმუნა იმაში, რომ ამ დოკუმენტებზე არ ემსჯელა. მოსამართლის გუშინდელი გადაწყვეტილება იმდენად საცოდავია, რომ არც ერთი თავმოყვარე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც კი ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდა. ერთი მუხლიც კი არ არის მასში მითითებული და ჩემ მიერ წარმოდგენილ არც ერთ მტკიცებულებაზე არ აქვს ნამსჯელი.

სასამართლოს მიერ მიღებული გუშინდელი გადაწყვეტილება არის თეა გიორგაძის ოჯახური კლანის გადაწყვეტილება. მისი მეუღლე პაატა სილაგაძე 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში უვადოდ დაინიშნა. საქართველოს პროკურატურამ ჩაიდინა უდიდესი სისულელე და ამის მოგვარება უნდათ ოჯახურად. პირდაპირ ვაცხადებ, რომ იულია სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე უარი არის თეა გიორგაძის მეუღლის მიერ გაცემული განკარგულება,“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ადვოკატის თქმით, ის გაასაჯაროვებს იულია სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებაზე სასამართლოს უარს და მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ასევე, თოდუას ინფორმაციით, იგეგმება სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაც და შემდგომში, საქმის სტრასბურგში გაგზავნაც.

ცნობისთვის, იულია სუსლიაკი მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა.

შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა