სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი  ვერტმფრენის კატასტროფაზე - მოკვლევის პროცესში მოწვეული არიან როგორც ვერტმფრენის, ასევე მისი ძრავის დამამზადებელი ქარხნის წარმომადგენლები

მოკვლევის პროცესში მოწვეული არიან როგორც ვერტმფრენის, ასევე მისი ძრავის დამამზადებელი ქარხნის წარმომადგენლები, - ამის შესახებ ყაზბეგში ვერტმფრენის კატასტროფაზე საუბრისას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მოკვლევის პროცესში ჩართულია როგორც საგამოძიებო უწყება, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.

კარანაძის განცხადებით, ვერტმფრენი აფრენიდან ძალიან მალე ჩამოვარდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მას ცეცხლი გაუჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მოკვლევა. დღეს მიმდინარეობდა ნივთმტკიცებების შეგროვება. ჯერჯერობით რაიმე წინასწარი დასკვნის გაკეთება ძალიან ნაადრევია. ვინც კი ჩართული იყო ამ ვერტფრენის მომსახურებაში, მფრინავის მომზადებაში და ა.შ. ყველა ჩაერთვება მოკვლევის პროცესში. ასევე, ჩემი ინფორმაციით, მოწვეული არიან როგორც ამ ვერტმფრენის, ასევე მისი ძრავის დამამზადებელი ქარხნის წარმომადგენლები. ეს არის კომპლექსური პროცესი, ვინაიდან ყველა მონაწილე უნდა იყოს ჩართული“, - განაცხადა კარანაძემ.

ამავე დროს, კარანაძე გამოეხმაურა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს და აღნიშნა, რომ სააგენტოს წინააღმდეგ არაკვალიფიცური შეტევა ხორციელდება.

„სამწუხაროა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ ხორციელდება აბსოლუტურად არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური შემოტევა. გასულ წელს სააგენტომ და მოკვლევის ბიურომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შემოწმება გაიარა, რომლის შედეგების მიხედვითაც ჩვენ ისტორიულ მაქსიმუმს მივაღწიეთ, ვართ ევროპის ათეულში, მსოფლიოში კი 30-ე ადგილზე. სპეკულაციები იმაზე, რომ სააგენტო ვერ ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლებამოვალეობებს, ძალიან არაპროფესიონალურია,“ - განაცხადა ლევან კარანაძემ.

ვერტმფრენი აჭარა ჯგუფს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო