ყველა ტკიპას კბენა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ინფიცირებულმა ტკიპამ გიკბინათ, - ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ტკიპას მიერ გადამდებ დაავადებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანმა რომ გაიგოს, ტკიპის ნაკბენით დაინფიცირებულია თუ არა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას 7-14 დღის განმავლობაში უნდა დააკვირდეს.
"რაც შეეხება ტკიპას, მისი მრავალნაირი სახეობა არსებობს. ისინი როგორც წესი, მინდვრად ან გარე სამყაროში ბუდობენ და საცხოვრისში არ შემოდიან. საცხოვრისში მხოლოდ შეიძლება შემოყვეს შინაურ ცხოველს, როცა ძაღლი ან კატა მინდორში სეირნობის. ტკიპას აქვს ის თვისება, რომ ირჩევს ცოცხალ ორგანიზმს, თავსდება მასზე საკმაოდ ხანგრძლივად. ეს შეიძლება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს. იკვებება მასპინძლის სისხლით და შემდეგ შორდება მასპინძელს თვითონვე. ეს შეიძლება გახდეს რამდენიმე დაავადების გამომწვევი მიზეზი. რეალურად, უნდა ვიცოდეთ, რომ ბუნებაში ტკიპა უფრო ბევრია, ვიდრე მოველით, რომ რომელიმე მათგანი იყოს ინფიცირებული და ყველა ტკიპის კბენა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ინფიცირებულმა ტკიპამ გიკბინათ. ამიტომ, როდესაც ტკიპას შენიშნავს ადამიანი თავის სხეულზე, ეს არის პატარა მწერი, რომელიც რაც უფრო დიდხანს არის სხეულზე მოთავსებული, მით უფრო იზრდება, იმიტომ, რომ სისხლს წოვს. მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ, გინდაც არ მოაცილოთ, თვითონ ჩამოვარდება სხეულიდან, თუმცა თუ ტკიპას ადრევე აღმოაჩენთ და მოიშორებთ, აჯობებს, რითაც შეამცირებთ დაავადებების გადაცემის რისკს", - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ექიმი იმ გამოვლინებების შესახებაც საუბრობს, რაც დაინფიცირებული ტკიპას ნაკბენის შემდეგ შეიძლება ადამიანს აღმოაჩნდეს.
"თუ ადამიანი შენიშნავს, რომ აქვს ტემპერატურული რეაქცია, ადგილობრივი სიწითლე კბენის ადგილზე, ნაკბენის ადგილი ნელ-ნელა ფართოვდება ან რაიმე უჩვეულო მოვლენა, რომელსაც შეიძლება უკავშირებდეს ტკიპის კბენას, დროულად უნდა მიმართოს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და აუხსნას, რომ ჰქონდა ტკიპასთან ექსპოზიცია. დანარჩენს კი ექიმი გადაწყვეტს, რომელ დაავადებაზეა გამოკვლება ჩასატარებელი და რა ტიპის მკურნალობა უნდა დაინიშნოს პაციენტისთვის", - განაცხადა ექიმმა.