თინა ბოკუჩავა - 2012 წლის შემდეგ, რაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენი სპეცსამსახურები რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებით ივსება

2012 წლის შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენი სპეცსამსახურები ივსება რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებით, რაც რეალურად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულ ჩამოშლას და გადაბარებას ჩვენი მტრისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება.

„გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტისას გამოქვეყნდა უმძიმესი ანგარიში ერთ-ერთი ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონდე კვლევითი ცენტრისგან, რომელიც ჩვენს რეგიონზე მუშაობს, სადაც საუბარი იყო პირდაპირ, რომ 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენი სპეცსამსახურები ივსება რუსული სპეცსამსახურების წამომადგენლებით. ჩვენ ამაზე მრავალი წელია ვსაუბრობთ, რომ ხდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების სრული ინფილტრაცია, რაც რეალურად ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულ ჩამოშლას და გადაბარებას ჩვენი მტრისთვის. ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება და სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი არის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური პროექტი, რომ ჩამოშალოს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები და ეტაპობრივად ჩამოაშოროს საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. ამიტომ არიან გააქტიურებული „ქართული ოცნების“ სატელიტები, კრემლის ფილიალი, რომელიც ასევე გვესაუბრება გარეჯის პრობლემაზე იმიტომ, რომ აქვს ღია მცდელობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან დაიძაბოს ურთიერთობა. ეს არის ვლადიმერ პუტინის ნარატივი, რომელსაც ახორციელებთ თქვენ და უფრო თავზეხელაღებულად და ღიად თქვენი სატელიტი პარტია, რომელიც ახლა საუბარში ხელს მიშლის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ვლადიმერ კარამურზაა, რომელიც მისივე მტკიცებით, პუტინმა ორჯერ მოწამლა.

„თავად ამ ანგარიშის შინაარსი არ გამკვირვებია, რადგან მრავალი წელია ვსაუბრობთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების ინფილტრაცია ხდება რუსეთის გრუ-ს აგენტების მხრიდან და თავად პუტინის, როგორც კგბ-ს წარმომადგენელის მთავარი ბრძოლის იარაღი არის უსაფრთხოების სტრუქტურების ჩამოშლა, მაგრამ გასაკვირი ის იყო, რა პასუხებიც ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე მონდომებული ხელისგან, როდესაც მაგალითად, ქალბატონმა ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ არ ენდობოდა ამ ანგარიშს და არცკი გაუგია მისი ავტორების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი თანაავტორი ამ კვლევის არის ვლადიმერ კარამურზა, რომელიც პუტინმა ორჯერ მოწამლა და სასწაულებრივად გადარჩა, ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია პუტინის რეჟიმის და რომელსაც იმდენად პატივს სცემდა ლეგენდარული ამერიკელი სენატრო ჯონ მაკკეინი, რომ სწორედ მას ხვდა წილად პატივი გამოესვენებინა სენატორი ვაშინგტონის ეროვნული კათედრალიდან. ძალიან სამწუხაროა, ქალბატონო თამარ, თუ თქვენ მას არ იცნობთ და არ ენდობით, მაგრამ არ შეგაქვთ ეჭვი „კასპერსკი ლაბის“ რეპუტაციაში, რომელიც არის პუტინის ჰიბრიდული ომის საერთაშორისოდ აღიარებული იარაღი. როდესაც მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული ე.წ. პრეზიდენტი იყენებს ხოლმე მას და ციტირებს ამ ორგანიზაციას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, თინა ბოკუჩავამ მოუწოდა პარლამენტის თავმჯდომარეს, გაემიჯნოს ძალადობრივ მოწოდებებს, რაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაისმა.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმას, რაც დღეს დარბაზში გაისმა. მაინტერესებს აქ რა სტანდარტია - როდესაც ზღვარგადასულ ბრალებებს ვისმენთ ჩვენ არ უნდა გვქონდეს რეაქცია და როდესაც სიმართლეს მოისმენს, ფაქტების კონსტანტაციას, მაგალითად, გია ვოლსკი, რომელიც იყო ცეკას ინსტრუქტორი მათ შორის 9 აპრილის შემდეგ, ან ბატონი კოპალიანი, რა პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტების კონსტანტაციას ვახდენთ?! ხოლო თქვენ არ გაქვთ იმდენი თმენის ვალდებულება, რომ არ მოახდინოთ ძალადობის ინსპირირება პლენარულ სხდომათა დარბაზაში. მოგართავთ გაემიჯნოთ ამ ძალადობას, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბოლო არჩევნებზე, პირადად თქვენც, ისევე როგორც თქვენი გუნდის არაერთი წევრი, ახალისებით და ამართლებდით კრიმინალების და ძველი ბიჭების მხრიდან ძალადობრივ მოწოდებებს, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ თქვენგან ვერანაირ გამიჯვნას თქვენგან ძალადობრივ მოწოდებებზე ვერ მოვისმენთ. იმიტომ, რომ ძალადობა არის „ქართული ოცნების“ მთავარი სამარკო ნიშანი. ასე მიდის ის არჩევნებზე და ასე ცდილობს ის ძალაუფლების შენარჩუნებას“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)