ირინა აბულაძე - ვაკეთებთ ყველაფერს, რომ თითოეული აბიტურიენტის უფლება იყოს დაცული, საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ საკანონმდებლო ცვლილებებისთვისაც

ვინც ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ ვერ შეძლეს გამოსვლა და ჩაბარება, ან გადმოვლენ მომავალში, ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმსა და სამართლებრივ ბერკეტს, რათა ამ აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვა არ შეექმნათ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა იმ აბიტურიენტების შესახებ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვლა და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლეს.

"ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ჩვენ გამოცდების დაწყების პირველივე დღეს ძალიან ცხადად განვმარტეთ, რომ უმაღლესი განათლების შეზღუდვას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს ამისთვის. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამთავრობო სხვა სტრუქტურებთან, პროცესი გვყავს აყვანილი კონტროლზე და მონიტორინგზე. ამ ორი დღის განმავლობაში სრული მობილიზაცია გამოვაცხადეთ საგამოცდო ცენტრებში, მაგალითად, ზუგდიდის ცენტრი სრულად მობილიზდა და ის აბიტურიენტები, რომლებიც გადადიოდნენ და ზუგდიდის ცენტრში მიდიოდნენ, მიუხედავად იმისა, დარეგისტრირებულნი იყვნენ თუ არა ზუგდიდში (მაგალითად, ზოგიერთი თბილისში იყო რეგისტრირებული), ზუგდიდის ცენტრში გადიოდნენ პროცესს. მობილიზებულია ექიმთა ჯგუფი, ფსიქოლოგები, სპეციალური პირობებია შექმნილი ამ აბიტურიენტებისთვის. ასე რომ, საგამოცდო პროცესი მიმდინარეობს სრული სიმშვიდით, წელს 41 000 აბიტურიენტი გადის ამ პროცესს. რაც შეეხება მათ, ვინც ჯერ ვერ შეძლეს გამოსვლა და ჩაბარება, ან გადმოვლენ მომავალში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ რეჟიმში ყოფნას მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში, ვუყურებთ სტატისტიკას და გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ მექანიზმს, სამართლებრივ ბერკეტს, რათა ამ აბიტურიენტებს არ შეექმნათ შეზღუდვა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობისთვის. ცხადია, თუ საჭირო გახდება, საკანონმდებლო ინიცირებასაც დავაყენებთ", - აღნიშნა აბულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა