სოფო ვერძეული - თუ მართლმსაჯულება მოქალაქეებისა და პოლიციელების მიმართ ერთნაირად არ განხორციელდება, გაჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლების დამხობაზე ლაპარაკი გამოყენებულია პროტესტის ჩასაცხრობად

მართლმსაჯულება ერთნაირად უნდა განხორციელდეს როგორც პოლიციელების მიმართ, ასევე მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში. თუ ეს ასე არ მოხდება, გაჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლების დამხობაზე ლაპარაკი გამოყენებულია პროტესტის ჩასაცხრობად, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით ვერძეული გამოეხმაურა 20-21 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში შსს-ს მიერ ოთხი პირის დაკავებას. მისი შეფასებით, თუ გამოძიება ორივე მიმართულებით სამართლიანად არ წარიმართა, გაჩნდება ეჭვი, რომ პროკურატურის ბრიფინგები გამოყენებულია იმისთვის, რათა საზოგადოებაში შეიქმნას განწყობა, რომ ახლა არ არის შს მინისტრის გადაყენების დრო.

„ის, რაც ჩვენ 20 ივნისს პარლამენტის წინ დემონსტრანტების ნაწილის მხრიდან ვნახეთ, იყო ცალსახად თავდასხმა პოლიციელებზე პარლამენტში შეჭრის მიზნით და ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს, მაგრამ ასეთივე ცალსახაა ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რაც 12 საათის შემდეგ მოხდა პარლამენტის შენობის წინ და მელიქიშვილზე პოლიციის მხრიდან. თვალნათლივ ჩანდა დამიზნებით მცირე დისტანციიდან სროლა, არაპროპორციული ძალის გამოყენება და ვიცით, რომ დაკავების შემდგომ, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას. ამასაც ცალსახად უნდა მოჰყვეს რეაგირება.

მართლმსაჯულება ერთნაირად უნდა განხორციელდეს როგორც პოლიციელების მიმართ, ასევე მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში. თუ ეს ასე არ მოხდება, გაჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მართლმსაჯულება ერთგვაროვნად არ ხორციელდება და ეს საქმეები, რაზეც შსს და პროკურატურა გველაპარაკება, აღმოჩნდება, რომ გამოყენებულია პროტესტის გადასაფარად. დამხობასა და გადატრიალებაზე ლაპარაკი გამოყენებულია იმისთვის, რომ საზოგადოების პროტესტი ჩააცხროს და შექმნას განწყობა, რომ ახლა არ არის მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების დრო, პოლიტიკური რყევების დრო და გვჭირდება სტაბილურობა, რადგან რაღაც ძალები აპირებენ ქვეყნის გადატრიალებას,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

მისივე შეფასებით, იმ ფონზე როდესაც პროკურატურასა და სასამართლოს ნდობის კრიზისი აქვს, დაბალია მოლოდინი იმისა, რომ საზოგადოება სერიოზულად აღიქვამს პროკურატურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგებს. ვერძეული ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ ქვეყნის დამხობის თაობაზე ბრიფინგი არც გენერალურ პროკურორს და არც მის მოადგილეებს არ ჩაუტარებიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა