უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის შეფასებით, სასამართლო არ არის სისტემა, ეს არის ხელისუფლება, რომელსაც იგივე უფლებები გააჩნია, რაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას.
„შეიძლება ვცდები, შესაძლოა თავდაჯერებული და ზედმეტად მომთხოვნი ვარ, მაგრამ მე არ ვუყურებ ამას, როგორც სასამართლო სისტემას, მე ამას ვუყურებ, როგორც ხელისუფლების შტოს და ეს არსებითად განსხვავებულია ჩემთვის. სასამართლო არის ხელისუფლება, ეს არ არის პროფესიულ ადამიანთა ერთობა, არამედ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში აბსოლუტური, იგივე უფლებებით სარგებლობს, რა უფლებამოსილებებიც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას გააჩნია“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ პრობლემებზე საუბრისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის შეფასების კუთხით, სასამართლოს და პროკურატურას იდენტური პრობლემები გააჩნიათ.
“რაც შეეხება პრობლემატიკას, მიფიქრია და აქაც რომ გულწრფელი ვარ, ალბათ გაგახსენდებათ ჩემი გასაუბრება საპროკურორო საბჭოში. იდენტური პრობლემა გააჩნია სასამართლოს იმისა, რაც გააჩნია პროკურატურას. 27 წლის მანძილზე საზოგადოებაში არსებობდა აზრი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რომ სასამართლო სისტემა არის კორუმპირებული. ამ აზრის შექმნას პოლიტიკოსებიც უწყობდნენ ხელს, შეიძლება მოსამართლეებიც და ადვოკატებიც ეხმარებოდნენ. ბევრია ამ სერვისის მომხმარებელი. ამ საფუძველზე დაიწყო ისეთი სასამართლოს მშენებლობა, რომელიც ამ კლიშედან უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ მივიღეთ სასამართლო, რომელზეც მუდმივი საუბარი იყო, რომ არ არის დამოუკიდებელი, ექვემდებარება ვიღაცას ან რაღაცას. შესაბამისად, სასამართლო მუდმივად ამ ქარტეხილებს გადიოდა, ისევე როგორც პროკურატურა“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.
მისივე თქმით, სასამართლოს მიმართ არსებობს კლიშე და ისეთი დამოკიდებულება, რომ ის ხელისუფლების კონკურენტია.
“შემდეგ მივიღეთ შემადგენლობა, როდესაც მოსამართლეთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ხელისუფლების განცდა დანერგოს სისტემაში და სასამართლო ჩამოაყალიბოს, როგორც ხელისუფლება. შემდეგ სასამართლომ დარტყმა მიიღო პოლიტიკური მანიპულირებით. თუნდაც ახლა, ჩემთან მიმართებაში პირველი კითხვა ის, რომ რეკომენდატორები არიან პოლიტიკოსები და ეს რამეზე იმოქმედებს თუ არა, ესეც არის ის კლიშე, რაც შეიძლება მაქსიმალურად იყოს სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება, რომ ხელისუფლების კონკურენტია“, - აღნიშნა თადუმაძემ.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა სასამართლო ხელისუფლების უპირატესობებზეც გაამახვილა ყურადღება.
“სასამართლო ხელისუფლების უპირატესობა არის ერთადერთი ის, რომ ეს არის მაღალპროფესიული შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების განცდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, შექმნას როგორც ბალანსი, რისთვისაც შეიცვალა ზოგადად სასამართლო ხელისუფლება“,- აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"