ბიზნესმენი ლაშა ქორიძე „რუსთავი 2“-ში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ლაშა ქორიძე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ეხება, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„ვფიქრობდი, საერთოდ მეპასუხა თუ არა გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის ეთერით გასულ ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, პატივისა და ღირსების შემლახველ სიუჟეტზე, რომელიც პირველი სიტყვიდან ბოლო წერტილამდე აბსოლუტურ ტყუილსა და მონაჭორზეა აგებული. სიმართლე გითხრათ, ვერც მივხვდი, რა უნდა მეპასუხა სრულ ზღაპარზე, რომელიც ფიქციური დღგ-ს ანგარიშფაქტურების გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ეხებოდა. ერთადერთი რეალობა ამ მართლაცდა საშინელ სიუჟეტიან ზღაპარში ის გახლდათ, რომ ნამდვილად ვიყავი კომპანია „ჰექსას“ წილის მფლობელი, 2015 წლის 3 იანვრიდან 2019 წლის 4 თებერვლამდე, რომლის თანადამფუძნებელი იყო და დღესაც არის ოთარ ფარცხალაძის ვაჟი ანდრია ფარცხალაძე. ამ დროისთვის ამ კომპანიასთან არავითარი შეხება არ მაქვს, მაგრამ რომელ უკანონო საქმიანობასა და ბიუჯეტის თანხების მითვისებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა შემოსავლების სამსახურში არსებული საჯარო დოკუმენტაციის მიხედვით შპს „ჰექსას“ 2016 წლიდან დღემდე ბიუჯეტში, გადასახადების სახით, 24,5 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი და არავითარი კითხვა ამ კომპანიის მიმართ არ გაჩენილა.

საერთოდ, გაუგებარია, როგორ დააკავშირეს ამ თემას ჩემი ბიზნესპარტნიორი ივანე ბაქრაძე, რომელსაც კომპანია „ჰექსასთან“ არასოდეს არ ჰქონია კავშირი.

30 წელია, ბიზნესში ვარ და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ. სიუჟეტში ჩემს პარტნიორებად მოხსენიებულ პირებთან: ბიძინა ივანიშვილთან, მამუკა ბახტაძესთან, ოთარ ფარცხალაძესთან და უჩა მამაცაშვილთან, არანაირი საქმიანი და ნათესაური კავშირი არ მაქვს. მეტიც, ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და უჩა მამაცაშვილს ერთხელაც არ შევხვედრივარ. ამ სიუჟეტიდან კი გავიგე, რომ თურმე მათთან ერთად კორუფციულ გარიგებებში ვმონაწილეობ და ბიუჯეტის ფულს ვიპარავ. ეს ყველაფერი მართლაც სასაცილო იქნებოდა, რომ არა ის სამწუხარო ფაქტი, რომ ხალხის ნაწილს ამ მიზანმიმართული დეზინფორმაციის სჯერა.

არც მე და არც კომპანია „ჰექსას“ დასამალი არაფერი გვაქვს. მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ და დოკუმენტებით დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სამართლებრივ გზას და ამ ცილისმწამებლურ, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ კამპანიას უპასუხოდ არ დავტოვებთ“, - ნათქვამია ბიზნესმენის განცხადებაში.

(R)

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში