ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019

ხათუნა ლაგაზიძე - “ცდილობენ არარაობად, არაფრისმაქნის ერად ვიგრძნოთ თავი”

განახლებული ბორდერიზაცია და ეკლესიიდან გატაცებული მოქალაქეები - რატომ დაიწყეს ოკუპანტებმა სიტუაციის დაძაბვა

ზაზა ფირალიშვილი - “შეიქმნა ვითარება, რომელზეც კრემლის სტრატეგოსები მხოლოდ იოცნებებდნენ”

ვახტანგ ძაბირაძე - “იქნებ ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ მედიის კონტროლს ვერ მოახერხებს”

* * *

ხათუნა ლაგაზიძე - “ცდილობენ არარაობად, არაფრისმაქნის ერად ვიგრძნოთ თავი”

“იმედის მომცემია ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ბოლო დაბეჯითებული განცხადება - “ამერიკას სჯერა, რომ ანაკლიის პროექტი ამერიკული ინვესტიციით უნდა შესრულდეს”. თუ სტრატეგიულად ასეთი მნიშვნელოვანი და ღირებულია ამერიკისთვის ანაკლიის პორტი, რატომ არ შეიძლება თავად გადააზღვიოს ფინანსური რისკები, სხვა საკითხია, რომ ჩინური ტვირთების გარეშე ეს ფინანსური რისკები იარსებებს, ანუ ანაკლიის პორტის სათანადო დატვირთვა მხოლოდ ჩინური ტვირთების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი... თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნილი ვითარება როგორ აისახება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მისცემს თუ არა აშშ ქართულ არჩევნებში კარტ-ბლანშს რუსეთის აქტიურ ჩარევას”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ცდილობენ არარაობად, არაფრისმაქნის ერად ვიგრძნოთ თავი” / “თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა, ახლა სხვა ტაქტიკითაც მოქმედებს - ახლა ჩვენს ცნობიერებას იპყრობს. ამის მიზანია საქართველოს მოსახლეობა ფსიქოლოგიურად დანებდეს და ვიქცეთ კაპიტულანტ ერად”.

“არსებული ინფორმაციით, შემოდგომაზე ამერიკის ისეთი მასშტაბის ოფიციალური პირის ვიზიტი იგეგმება საქართველოში, რომლის მსგავსი ვიზიტებიც გადამწყვეტი არჩევნების წინ სხვაც გვახსოვს, მაგალითად, 2012 წელს და ემსახურებოდა ერთს: ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ერთი პოლიტიკური ძალიდან მეორისთვის - ანუ ამერიკიდან საქართველოში ჩამოჰქონდათ მესიჯი, რომ ორი ვადის ამოწურვის და მოსახლეობაში დიდი ნეგატივის დაგროვების შედეგად მმართველი ძალა უნდა შეჰგუებოდა ხელისუფლების სხვისთვის გადაცემას. ამ მნიშვნელოვანი ვიზიტის მიზანი ლოგიკურად ანაკლიის თემაც უნდა იყოს.... მნიშვნელოვანია, რას იზამს აშშ, მისცემს თუ არა რუსეთს საშუალებას გააგრძელოს მცოცავი ოკუპაციის სახით ეს ძალიან მძიმე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური შეტევა საქართველოზე, რაც, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო გამძაფრდება 2020 წლის არჩევნების წინ. დღეს ჰიბრიდული ომის ძალიან აქტიური ფაზაა. თუ ადრე რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს სამხედრო ძალით იპყრობდა, ახლა სხვა ტაქტიკითაც მოქმედებს - ახლა ჩვენს ცნობიერებას იპყრობს. ამის მიზანია საქართველოს მოსახლეობა ფსიქოლოგიურად დანებდეს და ვიქცეთ კაპიტულანტ ერად, რომლის სამხედრო-პოლიტიკური დაპყრობა, ალბათ, აღარც დასჭირდება, მაგრამ თუ დასჭირდა, კრემლისთვის ეს უმარტივესი - ერთი დღის ამოცანა იქნება...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“ჩვენ ბევრი მიმართულებიდან გვიტევენ. მაგალითად, ცდილობენ ყველანაირად არარაობად გვაგრძნობინონ თავი. ამის ნათელი მაგალითია გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესი - ერთია, როდესაც მავთულხლართებს ოკუპანტი ავლებს დაუსახლებელ ტერიტორიაზე და მეორე, როდესაც სახლებში უვარდება მოსახლეობას და აიძულებს მათ კარ-მიდამო მიატოვონ. ეს ხდება ჩვენ თვალწინ, ამას მთელი ერი უყურებს და უსუსურობისგან ლამის ხელები დავიჭამოთ. ამ ყველაფერზე ჩვენი ხელისუფლების პასუხი, ფაქტობრივად, არ ჩანს. ეს კი საბოლოოდ ემსახურება იმას, რომ არა მარტო უსუსურობის განცდა გაგვიჩნდეს, არამედ სწორედ არარაობად, არაფრისმაქნის ერად ვიგრძნოთ თავი. ეს არის უმძიმესი რამ - ქვეყნის, ფაქტობრივად, სრული ოკუპაციისთვის შემზადება. ძალიან მაინტერესებს “ქართული ოცნების” პოლიტიკა ამ ვითარებაში რაში მდგომარეობს. არ დაგავიწყდეთ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთთან ყველანაირ დათმობაზე მიდის, მაგრამ ეს რუსეთთან უშედეგოა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჰიბრიდული ომის ფორმატში ეწერება საქართველოს საზოგადოების გახლეჩა, ერთმანეთზე წაკიდება, ღირებულებების მიზანმიმართული დეგრადაცია, ისეთი თემების შემოგდება, რომლებიც კონფრონტაციას შეიტანს საზოგადოების სხვადასხვა ფენაში - ეს ყველაფერი კლასიკური საინფორმაციო-ფსიქოლოგიური დივერსიის აქტებია. ამ ურთიერთაგრესიის გაღრმავების მიზანია საზოგადოების დეზორიენტაცია და დეზორგანიზაცია. ამას ძალიან კარგად ხედავს ამერიკის შეერთებული შტატები და განსაკუთრებით მისი საელჩო, რომელიც ყოველდღიურად აანალიზებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ძალიან დიდ საფრთხეს ხედავს. სწორედ ამიტომ მოგვიწოდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ერთიანობისკენ. ეს ძალიან დიდი საფრთხეა, რადგან კლავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებზე ერის ორიენტაციის მზაობას და ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საზოგადოებამ უნდა მიმართოს ქვეყნის შენებისკენ, რეალურად მიმართულია დაქუცმაცებისა და ერთმანეთის ჩაქოლვისკენ”, - განმარტავს ექსპერტი.

“ვთქვი და გავიმეორებ - რაც დღეს ხდება, არის საინფორმაციო-ფსიქოლოგიური კაპიტულაცია და ამის შესაკავებლად ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას. ჰიბრიდული ომი, სულ მცირე, 7 წელია მიმდინარეობს, კონტრაქციები კი არ ჩანს. სრულად ამის აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება გამკლავების ახალი მეთოდების შემუშავება. ბოლოს და ბოლოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გამოყენება და თავდაცვის ანალოგიური ხერხების შემუშავება შეგვიძლია. ერთადერთი შეკითხვა მაქვს ხელისუფლებასთან, რა მიიღო მან ამ გაუთავებელი დათმობებით? იმედია აშშ 2020 წლის არჩევნებისთვის გარკვეულწილად ხელს შეუწყობს იმგვარი პოლიტიკური კონფიგურაციის დალაგებას, რაც იქნება ქვეყნის პროდასავლური ვექტორის საყრდენი. სხვა შემთხვევაში დასავლეთი დაკარგავს საქართველოს და მასთან ერთად მთელ რეგიონსაც. ამაზე პასუხს ოქტომბერში ამერიკის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირის ვიზიტის დროს გავიგებთ”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

“დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობ, საინტერესოდ დალაგდება პოლიტიკური სპექტრი. ამ მოცემულობით მომავალ პარლამენტში 3 შესაძლო კომბინაცია შეიძლება განვიხილოთ. თუ მიიღეს არჩევნების პროპორციულად ჩატარების წესი, პარლამენტში სოლიდური უპირატესობით, სავარაუდოდ, შევლენ: “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, მათ მოჰყვება “ევროპული საქართველო”. შედარებით ნაკლები მასშტაბით: “პატრიოტთა ალიანსი”, ალეკო ელისაშვილის მოძრაობა, დავით უსუფაშვილი, “გირჩი”, ნინო ბურჯანაძე, ლეიბორისტული პარტია, გიორგი ვაშაძის “ახალი საქართველო” ოქრუაშვილ-სანიკიძის ერთობა, ვასაძე, რომელიც თუ რუსეთს დასჭირდება, აუცილებლად შექმნის პარტიას... რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისი წარმატების მასშტაბი დამოკიდებული იქნება, ვის შემოიკრებს და რამდენად სწორად გაივლის მისთვის დაგებულ მახეებს. თუ “ქართულ ოცნებას” მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიციის შექმნა დასჭირდება. მას ექნება 2 პირობითი გზა, პირველი: კოალიცია შექმნას “პატრიოტთა ალიანსთან”, ბურჯანაძესა და ვასაძესთან ერთად, რაც, ფაქტობრივად, პრორუსული ვექტორის არჩევა იქნება, და მეორე ალტერნატივაა - კოალიცია “ევროპულ საქართველოსთან”, “გირჩსა” და უსუფაშვილთან ერთად, რაც პროდასავლურ ძალებთან გაერთიანებას ნიშნავს”, - ამბობს რესპონდენტი.

“ოცნებისთვის" პრობლემა ის არის, რომ პირველი სახის კოალიცია ამერიკისთვის იქნება მიუღებელი, მეორე ვერსია კი, ანუ “ევროპულ საქართველოსთან” ერთად მთავრობის ფორმირება, მისივე ამომრჩევლისთვის. ამიტომ “ოცნებას” რჩება ორი გზა: ან ავტორიტარიზმის გზით წასვლა ან უნდა ველოდოთ ახალი პოლიტიკური პარტიების გამოჩენას, რომლებთან ერთადაც კოალიციის შეკვრა არც დასავლეთს გააღიზიანებს ზომაზე მეტად და არც “ოცნების” ამომრჩეველს. პოლიტიკური კონფიგურაციის მეორე ვერსია ის არის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში იმ მასშტაბით შევიდეს, რომ გამწევი ძალა გახდეს. თუმცა პროპორციული არჩევნები ოპოზიციურ ელექტორატს იმდენად დაქსაქსავს, რომ "ნაციონალების" მასშტაბური წარმომადგენლობა მომავალ პარლამენტში საარჩევნო გზით შეუძლებელი ხდება. მესამე კონფიგურაცია ხაზარაძის პოლიტიკური ძალა და მის გარშემო გაერთიანებული პარტიები შეიძლება გახდნენ. ხაზარაძის გარშემო შეიძლება დაჯგუფდეს პარლამენტში შესული ყველა პარტია, გარდა რადიკალური ფრთებისა: ვასაძე-“პატრიოტებისა” და “ნაციონალების”. ხაზარაძეს საარჩევნოდ ყველაზე რთული დისტანცია ექნება გასავლელი, რადგან ის სახელისუფლებო საინფორმაციო-მორალური იერიშის მთავარი ადრესატი იქნება. გარდა ამისა, ბანკებთან ხალხის დამოკიდებულებაც არ ასხამს მამუკა ხაზარაძის წისქვილზე წყალს. გადამწყვეტი მაინც ის იქნება, ვის დაიყენებს გვერდით და განიხილავს თუ არა აშშ მას ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის, თუ ასეთი იქნა, მთავარ სუბიექტად. ასე რომ, წარმატების მაღალ შანსთან ერთად მას აქვს ფალსტარტის დიდი ალბათობაც”, - დასძენს ხათუნა ლაგაზიძე.

განახლებული ბორდერიზაცია და ეკლესიიდან გატაცებული მოქალაქეები - რატომ დაიწყეს ოკუპანტებმა სიტუაციის დაძაბვა

“აგვისტოს ომის მე-11 წლისთავის შემდეგ ვითარება თანდათანობით იძაბება და უკვე სახიფათო ხასიათს იღებს. სოფელ გუგუტიანთკარის ცნობილი მოვლენების შემდეგ, ბოლო 2 დღეში “საზღვრის უკანონო კვეთის” ბრალდები ოკუპანტებმა 9 მოქალაქე გაიტაცეს, რომელთა “სასამართლო პროცესიც” ცხინვალში ორშაბათსაა დაგეგმილი. რატომ ძაბავენ ოკუპანტები და მათი მარიონეტული ხელისუფლება სიტუაციას და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს კიდევ უფრო მასშტაბური გამწვავების შემთხვევაში? კვირას, 18 აგვისტოს სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტებმა კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. 30 წლის სოსო დვალიშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება და ოჯახს არავინ დაკავშირებია. მანამდე კი, საქართველოს რვა მოქალაქე დასახლებულ პუნქტ აძესარში "საზღვრის" უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, დაკავებულები სოფელ ახალუბნის მცხოვრებლები არიან. ისინი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყვნენ წასული, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით განახლებული ბორდერიზაცია და ეკლესიიდან გატაცებული მოქალაქეები - რატომ დაიწყეს ოკუპანტებმა სიტუაციის დაძაბვა.

“კონფლიქტოლოგ მამუკა არშიძის განმარტებით, ბორდერიზაციის პროცესის განახლება და ორი დღის განმავლობაში საქართველოს 8 მოქალაქის დაპატიმრება შემთხვევითი პროცესი არაა და ემსახურება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის მიერ იმის დემონსტრირებას, რომ გააკეთებენ იმას, რაც მათ უნდათ და არც საერთაშორისო კრიტიკას არ მიაქცევენ ყურადღებას. არეშიძის თქმით, რუსები მხოლოდ მანიპულაციას გააგრძელებენ, ხოლო სამხედრო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებას არ აპირებენ. “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ე.წ. საზღვარზე სიტუაციის გამწვავება მიზანმიმართულია და მიზნად ისახავს რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაკავებას. პაატა დავითაიას აზრით, სიტუაციის გამწვავება უკავშირდება იმას, რომ საქართველო საერთაშორისო არეალზე აქტიურობასა და რუსეთის აგრესიისთვის გარკვეული წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე მგონია, რომ ამ ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის, რადგან გუგუტიანთკარს 2008 წლიდან მოყოლებული უცნაური სპეციფიკა ჰქონდა. მე თვითონ არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი და ვიცი, რომ მანდ სულ სამი თუ ოთხი სახლი იდგა, რომელშიც ხალხი ცხოვრობდა და ერთ-ერთი მათგანი იყო ბატონი ამირანი, რომლის სახლზე გადიოდა ეს პირობითი ხაზი. მისი სახლის ერთი ნაწილი აქეთ მხარეს იყო მეორე კი - იქით. ასეთი პარადოქსალური სიტუაცია იყო. ორივეგან იდგა პოსტები: “საზღვარს” იქით რუსულ-ოსური, აქეთ კი ქართული და ჯერ კიდევ მაშინ ძალიან უსიამოვნო სიტუაცია იყო შექმნილი. ახლა, როგორც ჩანს, რადგან ყველაზე გამოსაჩენი ადგილი სწორედ გუგუტიანთკარია, გადაწყვიტეს ამის განსაკუთრებულად ხაზგასმა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლების დასჯის პროცესი დაინახოს ყველამ და იმის დემონსტრირებისთვის, რომ რუსეთს რაც უნდა იმას აკეთებს და გასდის კიდეც. ამ ფონზე ოპოზიციის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ეს მთავრობა არის რუსეთუმე, უბრალოდ აბსურდულია და მიკვირს ხოლმე, რადგან, პრინციპში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება და მისი პარტნიორები ვერაფერს აკეთებენ. ამ ტიპის გზავნილები მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის არ არის - ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მისამართითაცაა, რომ ისინი რუსებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ეს არის ძალისა და საკუთარი სურვილისამებრ მოქმედების მუდმივი დემონსტრირება. ისინი სამხედრო ოპერაციას, დარწმუნებული ვარ, რომ არ გეგმავენ. დემონსტრირებაა იმისა, რომ რა სურვილიც აქვთ, იმას გააკეთებენ საქართველოს პოლიტიკური ელიტისა და ჩვენი პარტნიორების პოზიციის მიუხედავად. ეს უნდა განვიხილოთ გეოპოლიტიკურ ჭრილში - ბორდერიზაცია არის საქართველოს მიწების მიტაცება, რუსეთის გეოპოლიტიკური აქტიურობის ერთი პატარა ეპიზოდი. როდესაც ჩვენი პარტნიორებისთვის სამაგიეროს გადახდა უნდათ, ჩვენს ტერიტორიაზე იწყებენ მოქმედებას. კარგი იქნება, თუ ქართული საზოგადოება ამას გაიგებს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ ჩატარდა კასპიის პირველი ეკონომიკური ფორუმი, სადაც ძალიან აქტიურად დადგა თურქმენეთიდან ევროპისაკენ, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით გაზის ტრანსპორტირების საკითხი. ადრინდელი პროექტები, რომელიც ჩაიშალა, ახლა რეანიმაციის პროცესშია, ხოლო რუსეთისთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი”, - განაგრძობს არეშიძე.

“მართალია, ეს პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ ჩანასახშია, მაგრამ ისეთი სერიოზული ორგანიზაცია უჭერს მხარს, როგორიცაა ევროკავშირი. თუ გახსოვთ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანში ამ თემას ემსახურებოდა. არ უნდა რუსებს, რომ ეს პროექტი შედგეს, აქედან გამომდინარე ასეთი ტიპის აქტივობები - მოქალაქეების გატაცება-დაპატიმრება, „საზღვრების” გადმოწევა, სულ იქნება. ჩვენება იმისა, რომ საქართველო სუსტი სახელმწიფოა, ის, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის პარტნიორების აზრი არ აინტერესებთ, არის ერთგვარი პოლიტიკური დემარშები, რომელიც გზავნილად გვევლინება როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“რა თქმა უნდა, შემთხვევით ეს არ ხდება. ცალსახად, ეს არის მიზანმიმართული ქმედებები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ეს ბორდერიზაციის პრობლემა არ შეჩერდება იქამდე, სანამ ტერიტორიების მაქსიმუმს არ მიიღებენ და მაქსიმალურად არ დაუძაბავენ ქვეყანას სიტუაციას. რუსეთის ფედერაცია და სეპარატისტები მოქმედებენ საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის 1954 წლის სამხედრო რუკებით. ეს რუკები მე მაქვს და თავის დროზე გადავეცი შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროსაც და კაბინეტში მიკიდია რუკები. შემდეგ, 1962 წელს ეს რუკები შეიცვალა, როდესაც ე.წ. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიები შეიცვალა. მაგრამ დღეს, რუსები და ოსები მოქმედებენ 1954 წლის რუკებით, რომლის შესახებაც კაციშვილმა არ იცის. ამ რუკებით თბილისი - სენაკის საავტომობილო გზაც კი მათს ტერიტორიას ეკუთვნის. ამდენი წელია ვამბობ, რომ ესენი იმოქმედებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ტერიტორია მიითვისონ. დაახლოებით 2012 წლამდე მთელი პერიმეტრი თავიდან ბოლომდე დაცული იყო სპეცდანიშნულების რაზმებითა და პოლიციელებით და ბორდერიზაცია აღარ იყო და აღარ იყო იმიტომ, რომ ამას პოლიცია იცავდა, თუ არ ვცდები 17 მათგანი დაიღუპა კიდეც. 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება და მოიხსნა ეს ე.წ. ბლოკპოსტები მთელი პერიმენტრიდან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა დავითაია.

“მეზობელი მეზობელს გადაუწევს ღობეს, თუ იქ არავინ არ ცხოვრობს, ხომ სწორია?! ბლოკპოსტების მოხსნის შემდეგ დაევალათ პატრულირება, მაგრამ პატრულის ავლა-ჩავლის შემდეგ ესენი გადმოწევდნენ „საზღვარს“. პირველად 50 მეტრით გადმოწიეს, მოსინჯეს, მერე 100 მეტრით, შემდეგ უფრო მეტით და ა.შ. ამის შემდეგ ნავთობსადენი ჩაიგდეს ხელში, რომელმაც შეიცვალა მიმართულება და ახლა 1.5 კმ-იანი ნავთობსადენი მათ დარჩათ. მერე გადაწყვიტეს ტრასის ხელში ჩაგდება - არანაირი რეაქცია აქედან არ ყოფილა. ე.წ. ბლოკპოსტები გარკვეული მიმართულებით აღდგა მხოლოდ 2017 წელს. ახლა ის მაინტერესებს, 2017 წლამდე რა ტერიტორიაც დაიკარგა, ვინ აგებს ამაზე პასუხს? აღსანიშნავია, რომ ეს ბლოკპოსტები მთელ ტერიტორიაზე არ განლაგებულა და ჩვენ ვხედავთ იმას, რაც ხდება. ეს ყველაფერი მაშინ ხდება, როდესაც საქართველო “ურჩობას” იწყებს. საუბარია თუნდაც „გავრილოვის ღამეზე“ - ხელისფლებას რეალურად წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ საზოგადოებას ასეთი რეაქცია ექნებოდა. დღეს ე.წ. ლოიალური მთავრობის მიდგომით არის შექმნილი პრობლემები, რაც სულ დაიძაბება. მთავრობას პასუხი აღარ აქვს და ვერც ექნება. არანაირი სტრატეგია არ არსებობს. სტრატეგია არის ერთი - იმ რუკების მიხედვით, რომელზეც ვსაუბრობ და რომელზეც აღნიშნულია სახიფათო ტერიტორიები, სასწრაფოდ უნდა განლაგდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები. ეს “საზღვრების” არგადმოწევის საშუალებას მოგვცემს. თუ არადა, იმ შემთხვევაში, თუ არავის გაღიზიანება არ გვინდა, ღობეს გადმოგვიწევენ რუსთაველის პროსპექტამდე“, - დასძენს პაატა დავითაია.

ზაზა ფირალიშვილი - “შეიქმნა ვითარება, რომელზეც კრემლის სტრატეგოსები მხოლოდ იოცნებებდნენ”

“ვფიქრობ, ქუცნაშვილისა და კობახიძის გადადგომის შემდეგ ახალგაზრდებს უნდა შეეწყვიტათ პროტესტი - პარლამენტის თავმჯდომარისა და მმართველი პარტიის თვალსაჩინო დეპუტატის გადადგომა უკვე ძალზე დიდი მიღწევაა ნებისმიერი ქვეყნის ახალგაზრდული მოძრაობისათვის. ამით ისინი წარმატების პრეცედენტს შეინარჩუნებდნენ და დაგვანახებდნენ, რომ თურმე საზოგადოებას, როგორც სუბიექტს, შეუძლია რაღაცის მიღწევა. შემდეგ უკვე მოძრაობის ორგანიზაციულ მოწესრიგებასა და ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე შეეძლოთ ეზრუნათ”, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზაზა ფირალიშვილი: “შეიქმნა ვითარება, რომელზეც კრემლის სტრატეგოსები მხოლოდ იოცნებებდნენ” / „რუსეთი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ პროექტს, რომელიც ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანზე მის მონოპოლიას ეჭვქვეშ დააყენებს”.

“არცთუ უსაფუძვლოა ეჭვი, რომ მავანი საგანგებოდ არწევს ჩვენს სახელმწიფოებრივ ნავს და საამისოდ ჩვენვე გვიყენებს, ჩვენი ხასიათის ბევრ სავალალო თვისებას, უუნარობას, დიალოგი დავამყაროთ თუნდაც რადიკალურად დაპირისპირებულ ძალებს შორის, თავი დავაღწიოთ თავკერძაობას, ხელისუფალთა ნარცისიზმს და ოპოზიციის მცდელობას, ნებისმიერ ფასად მოიპოვოს ძალაუფლება... ზოგჯერ ვფიქრობ, მოსკოვს არც კი სჭირდება პოლიტიკური ძალების საგანგებო მობილიზება. საკმარისია, გარეჯაში, ჯავახეთში ან სადმე სხვაგან რაიმე პროცესებს შეუწყოს ხელი, დანარჩენს უკვე ჩვენ ვაკეთებთ... ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ა.შ., ისე გულგრილად ეკიდება ანაკლიის პორტის ბედს, თითქოს საქმე ხაზარაძისა და მისი პარტნიორების კერძო ბიზნესს ეხებოდეს. არადა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესის ინტერესები ემთხვევა საერთო-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ პროექტის დასამარება. კარგად გვახსოვს, როგორ ებრძოდნენ ნავთობსადენისა და სატრანსპორტო დერეფნის იდეას 90-იან წლებში. მაშინაც ამ ბრძოლის სულისჩამდგმელი მოსკოვი იყო. მაშინაც ბევრს ლაპარაკობდნენ, რომ სინამდვილეში ეს იყო შევარდნაძეების კლანის საქმე, რომელიც ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირების მეტს არაფერს მოუტანდა. გამოჩნდა რამდენიმე ეკოლოგიური პროფილის არასამთავრობოც, რომლებიც მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზე აყიჟინდნენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ფირალიშვილი.

“ნებისმიერი პროექტი, რომელიც გაზრდის ჩვენი, როგორც რეგიონული მოთამაშის მნიშვნელობას და რომლის წყალობითაც მხოლოდ ეთნოგრაფიული თვალსაზრისით საინტერესო ტურისტულ რეგიონად არ დავრჩებით, რუსული პოლიტიკისთვის მიუღებელია. ის შეეწინააღმდეგება ნებისმიერ პროექტს, რომელიც ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანზე მის მონოპოლიას ეჭვქვეშ დააყენებს. ამიტომაც არსებობს უფრო მეტი, ვიდრე, უბრალოდ, საფუძვლიანი ეჭვი, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ ბატალიებში მოსკოვისა და მისი თბილისელი მოკავშირეების ხელი ურევია. პროექტთან დაკავშირებული მოვლენები მხოლოდ საეჭვო კი არ არის, უბრალოდ აშკარაა, რომ რუსული ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება ხდება. ცხადია, ამქვეყნად მარტო არა ვართ და არაერთი ქვეყნის, მათ შორის რუსული ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ არა საკუთარი მომავლის დათმობისა და რუსული იმპერიის წიაღში ეგზოტიკურ, ღვინის მსმელ და ხინკლისმომხვევ არსებებად დაბრუნების ფასად”, - განაგრძობს ფილოსოფოსი.

“2013 წლის შემდეგ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა, მიუხედავად ფასადური პროდასავლურობისა, იმაზე მეტად ითვალისწინებდა რუსულ ინტერესებს, ვიდრე ეს დასაშვები იყო. ცხადია, სააკაშვილის ცეცხლოვანი ანტირუსული რიტორიკა დაუშვებელი იყო, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადასცდე. ანაკლიის პორტზე შეტევა ამ ეჭვს ტოვებს. არც დასავლელი პარტნიორები არიან კმაყოფილი “ოცნების” ბუნდოვანი საგარეო პოლიტიკით და უკმაყოფილება, ალბათ, გაორმაგდება ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის შემთხვევაში. სამწუხარო ის არის, რომ პასუხს აგებს არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლება, არამედ ჩვენ, საზოგადოება, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია და შემდეგ ვერ გამოიყენა შანსი, საპრეზიდენტო არჩევნებზე რაღაც ხარისხით მაინც გაეწონასწორებინა ის. ახლა უფრო მწვავედ იგრძნობა, როგორი აუცილებელია, პრეზიდენტის პოსტი პრინციპულ და თანმიმდევრულ პირს ეკავოს”, - მიიჩნევს ფირალიშვილი და შეკითხვაზე - “ხაზარაძის დაანონსებულ საზოგადოებრივ მოძრაობაზეც გკითხავთ. თუ პოლიტიკაში მოვიდა, რას შეცვლის პოლიტიკურ ველზე?” - პასუხობს:

“ჩვენში თითქმის ცხოვრების წესად იქცა, როდესაც ბიზნესმენები თავიანთი ბიზნესის დასაცავად პოლიტიკაში მიდიან. ეს სავალალო ვითარებაა და კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ სასამართლო სისტემა არ მოქმედებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესმენები არ იქნებოდნენ იძულებული, ეს ნაბიჯი გადაედგათ. 2012 წლის შემდეგ არჩევნებში იმთავითვე მარცხისთვის განწირული “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოპონენტად “დანიშვნა” წლების წინ მომგებიანი ნაბიჯი იყო, მაგრამ ამ სტრატეგიის გაჭიანურება საბოლოოდ მის შემოქმედს შემოუბრუნდა. უიდეობამ და სახელმწიფოებრივი პროექტების უქონლობამ ის მოიტანა, რომ წინა პლანზე გამოვიდნენ ძალები და პერსონები, რომელთა ნეოფეოდალურ პატრიოტიზმსაც პირდაპირ ჩრდილოეთისაკენ მივყავართ. შეიქმნა ვითარება, რომელზეც კრემლის სტრატეგოსები მხოლოდ თუ იოცნებებდნენ. პირადად მე 90-იანი წლების შემდეგ ვერც წარმოვიდგენდი, თუ კიდევ ერთხელ შევესწრებოდი სახელმწიფოებრივი ნავის ასეთ დარწევას. “ოცნება-ნაციონალების” ჩიხმა მესამე ძალის იდეა შვა. მაგრამ ხელოვნურად ეს საქმე არასოდეს მომხდარა და შეუძლებელია მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ბატონმა მამუკამ ისიც იცის, თუ როგორ საინფორმაციო ომს გაუმართავენ”.

“დღეს მოქალაქე განსხვავებულ სახელმწიფოებრივ პარადიგმას და განსხვავებულ პოლიტიკურ ლინგვისტიკას ელოდება. მოკლედ, მესამე ძალისათვის სოციალური ბაზა დიდია. ძნელია თქმა, რა ბედი ეწევა ხაზარაძის წამოწყებას, შეძლებს კი უნაყოფო და უსაზრისო მსოფლმხედველობრივი და პოლიტიკური ბატალიებიდან საზოგადოების ყურადღება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის იდეის პოზიტიურ სივრცეზე გადაიტანოს და ამით იქცეს მიზიდულობის ცენტრად? ცხადია, ამაზე პასუხი არა მაქვს. ერთი შემიძლია ვთქვა: დროც შესაბამისია და ადგილიც. "ნაციონალებისა" და "ოცნების" დაპირისპირებიდან გამოთავისუფლებულ მოქალაქეს შანსი ეძლევა, ამ ორის ალტერნატივა დაინახოს. უარყოფითი ფაქტორებიდან მთავარი, ალბათ, ბანკებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებაა. ხაზარაძის გამოჩენით “ოცნება” კარგავს “ნაციონალებისა” და “ოცნების” დაპირისპირების კომფორტულ რეჟიმს და “ოცნების” მთელი პროპაგანდისტული მანქანა ახლა მის წინააღმდეგ მიმართავს ძალებს. ალბათ, არც “ნაციონალები” დააკლებენ. ეს უკვე დაიწყო კიდეც. ყველაზე გულუბრყვილო არგუმენტი, რაც მის წინააღმდეგ სოცქსელებში ვნახე, ის არის, რომ ხაზარაძე ევროამერიკული კურსის მომხრეა და ამიტომაც თურმე ფარული “ნაციონალია”. ეს მიმანიშნებელია იმაზე, თურმე რა სოციალური ბაზა იყრიდა თავს ბოლო წლებში “ოცნების” გარშემო”, - დაასკვნის ზაზა ფირალიშვილი.

“გულახდილი ვიქნები და მისი მეორე განცხადება უადგილოდაც მომეჩვენა და შინაარსობრივად გაუმართავადაც - ღირსების აღდგენის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის, რაც მას მკვეთრად გამოარჩევს მთელი სპექტრისგან. ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელებში ყველა “ღირსების აღმდგენ მევახშეზე” ლაპარაკობდა. მამუკა ხაზარაძეზე არსებობს კითხვები და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. კიდევ ერთი რამ, რამაც მას ხელი შეიძლება შეუშალოს - ეს არის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევები. ბიზნესმენისათვის უცხოა ის პოლიტიკური ავანტიურიზმი, რომელიც პოლიტიკური ველის ჩაკეტილ კონტურებს გაარღვევს. ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის რაციონალიზმი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან. პოლიტიკოსისთვის სწორედ რისკი შეიძლება აღმოჩნდეს ზედმიწევნით რაციონალური. ივანიშვილსაც გაუჭირდა ბიზნესმენის ჩვევების დათმობა და ამჯობინა სახელმწიფო ბიზნესკორპორაციის ანალოგიით ემართა. მოკლედ, ერთი რამ ფაქტია: ხაზარაძის განაცხადმა სახელისუფლებო წრეები შეაშფოთა და დარწმუნებული ვარ, ახლა მასთან შეთანხმების გზებს ეძებენ”, - დასძენს რესპონდენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - “იქნებ ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ მედიის კონტროლს ვერ მოახერხებს”

“ის, რაც ხდება გუგუტიანთკარში, ეს არც მხოლოდ ამ ქვეყნის და არა მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების პრობლემაა. როდესაც ასეთი ამბავი ხდება, ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები უნდა იყვნენ გაცილებით ფრთხილები, ვიდრე ესენი იქცევიან. ჩემი აზრით, ძალიან სწორად იქცევა პოლიცია, რომ მათ იქ არ უშვებს იმიტომ, რომ არანაირი სამოქალაქო აქტივისტი ამ პროცესს არ შეაჩერებს და ვერც ვერაფერს იზამს გარდა იმისა, რომ პროვოცირებისთვის რაღაც ნიადაგს შექმნის. თუ ჩვენ პროვოცირება გვინდა, კი, ბატონო, შეუშვან და თუ პროვოცირება არ გვინდა, ამას თავი უნდა დავანებოთ და ზოგადად მივხვდეთ, რომ ეს ისეთი პრობლემებია, რომლებიც ორ დღეში არ და ვერ გადაწყდება”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “იქნებ ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ მედიის კონტროლს ვერ მოახერხებს”, - ძაბირაძე.

“სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ზომიერების ფარგლებში უნდა განაცხადონ და არ ითამაშონ ემოციებზე და მე ასეთ ზომიერ სამოქალაქო აქტივიზმს ქვეყანაში ჯერჯერობით ვერ ვხედავ. სამოქალაქო აქტივიზმი რომ შველოდეს, დიდი ხანია გადაწყდებოდა ჩვენი პრობლემა. როდესაც ქვეყნის საშინაო საქმეებს ეხება, გნებავთ საგარეოსაც, კი, ბატონო, აქტივობა გასაგებია, ოღონდ არა რუსეთთან მიმართებაში, იმიტომ, რომ რუსეთი ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე არაპროგნოზირებადია და ამ მიმართულებით ფრთხილები უნდა ვიყოთ. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა ის, რომ ერთმანეთში ვურევთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ასევე ერთმანეთში ვურევთ სხვა სახელმწიფოსა და საკუთარი მთავრობის ქმედებებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“მიუხედავად იმისა წინასწარ დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ახალი ოპოზიციური ტელევიზია არც დამოუკიდებელი არ იქნება - დაახლოებით ვიცი რა თემატიკით და სარედაქციო პოლიტიკით იქნება და ეს ჩემთვის მაინცდამაინც მისაღები არ იქნება - მაინც მივესალმები და ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ქვეყანაში ასეთი ტელევიზიები დაარსდება იმიტომ, რომ ჩვენ მედიასთან დაკავშირებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ, საქართველოში უნდა დასრულდეს ხელისუფლების მხრიდან მუდმივი მცდელობა იმისა, რომ აკონტროლებდეს ელექტორალურ მედიას. თუ გვარამია შეძლებს ტელევიზიის არა მხოლოდ დაფუძნების გამოცხადებას, არამედ რეალურად ამუშავებას, ჩემთვის ეს როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს, ზოგადად მისაღები და კარგი იქნება ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად. ამ ქვეყანაში ეს პრობლემა 30 წელია არსებობს და იქნებ ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მიხვდეს, რომ მედიის კონტროლს ვერ მოახერხებს”, - დასძენს ანალიტიკოსი.

ალექსეი მალაშენკო - სირიაში ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც აქამდე იყო,  ბაშარ ასადის შესანარჩუნებლად მოსკოვს ანკარასთან და თეირანთან კომპრომისებზე წასვლა უწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
საქართველოს საგარეო პოლიტიკა - ნაბიჯები მომავლისკენ
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში