ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019

რა ემუქრება საქართველოს ანაკლიის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში

რატომ უშვებენ სახლში 6 000 პედაგოგს

***

რა ემუქრება საქართველოს ანაკლიის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში

"ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ, აშშ-ის კიდევ ერთი ირიბი გაფრთხილება საქართველოს - აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო კვაზი-სუვერენული სახელმწიფოა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა ემუქრება საქართველოს ანაკლიის პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში / “ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით, საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა”

"ბრაიზას ამ განცხადებას „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი კორნელი კაკაჩია გამოეხმაურა. მან „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ, როგორც აშშ-სთვის, ასევე საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება და დროა მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. „მეთიუ ბრაიზას ეს განცხადება საკმაოდ მნიშველოვანია; შესაძლოა ზედმეტად გაბუქებული იყოს, რადგან საქართველო, როგორც სახელმწიფო, მეტ-ნაკლებად უკვე შემდგარია, თუმცა, მან შესაძლოა იგულისხმა, რომ საქართველოს განვითარებისა და მომავლისთვის, ეს პროექტი საკმაოდ მნიშვენლოვანია, თუნდაც იმისათვის, რომ რეალურად ის დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს, რომელსაც ექნება გარკვეული როლი მსოფლიო პოლიტიკაში, რაც ჰაბის პროექტს, რომელზეც ქართული ელიტა დიდი ხანია საუბრობს და ზოგადად, ასეთი ტიპის პროექტებს ეყრდნობა. „ამ განცხადებით იკვეთება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები საქართველოსთვის. ბრაიზამ ასევე აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც ეკონომიკისთვის, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროთათვის," - განაცხადა კაკაჩიამ”, - აღნიშნავს გამოცემა.

"აღსანიშნავია ისიც, რომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ამერიკული „კონტი ჯგუფი" გავიდა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელების საკითხი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამერიკული კომპანიის შესაბამისი ინვესტორით ჩანაცვლებას მოითხოვს. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუკი ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა? არის თუ არა მოსალოდნელი, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა გარკვეულწილად შეიცვალოს? კორნელი კაკაჩია თვლის, რომ ეს გარკვეულ გავლენას ვერ იქონიებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. იმ შემთხვევაში, თუკი პროექტის რეალიზება არ მოხდა, მისი თქმით, აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მაინც დარჩება. „არა მგონია, რომ ურთიერთობა შეიცვალოს. აშშ მხარს უჭერს საქართველოს, მის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს იქიდან გამომდინარე, რომ ეს მის ეროვნულ ინტერესებში შედის. ეს პორტი შედგება თუ არა, საბოლოოდ მაინც ქართული მხარის გადასაწყვეტია, თუმცა, ინტერესი აშშ-ს მხრიდან, რომ ასეთი პორტი იყოს, არსებობს, რაც მრავალჯერ გამოიხატა და სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს განცხადებაშიც საკმაოდ მკაფიოდ ჩანდა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ბუნებრივია, თუ ასეთი პროექტი იქნება, აშშ-სთვის ეს საინტერესოა, ისევე, როგორც საქართველოსთვის, მაგრამ თუკი ეს პროექტი არ შედგა, ამის გამო არ მგონია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუარესდეს. „ფაქტია, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს ეს პროექტი აინტერესებს და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებსაც პასუხობს, ბუნებრივია, ამ თემასთან დაკავშირებით, სასურველია ერთიანი და შეჯერებული პოზიცია ორივე მხარე ჰქონდეს," - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ. შეგახსენებთ, მეთიუ ბრაიზამ IWPR-სთან საუბრისას განაცხადა, რომ თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველო კვაზი-სუვერენული სახელმწიფოა. ბრაიზას შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს: „თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა. „ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალაზრისით, საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას. პორტი მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. „მაგალითად, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალების, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი. „ასე რომ, გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. "პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით," - განაცხადა ბრაიზამ”, - წერს სტატიის ავტორი.

რატომ უშვებენ სახლში 6 000 პედაგოგს

"ამას ხომ იმ მიზნით აკეთებდნენ, რომ განათლების ხარისხი ამაღლდეს? ის მაძიებელი არის მაღალი კვალიფიკაციის, რომელსაც არც საგანი აქვს ჩაბარებული, არც გამოცდილება და სტაჟი აქვს? რომელს აქვს ხარისხი, - გამოცდილ, სტაჟიან მასწავლებელს, თუ მაძიებელს? ეს ყველაფერი არის ერთი დიდი ტყუილი, ქაოსი და მავნებლობა," - ასე აფასებს "რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი განათლების საკითხებში მანანა ნიკოლეიშვილი სკოლებში მიმდინარე რეფორმას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ უშვებენ სახლში 6 000 პედაგოგს / “უფრო კვალიფიციურს უშვებენ და აბსოლუტურად, არაკვალიფიციურები მოჰყავთ” - ექსპერტი

"მანანა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ფაქტობრივად, სკოლებიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგთა გაყრა მოხდა. მისი თქმით, მხოლოდ 500 ვაკანტური ადგილია გამოცხადებული, დანარჩენი 6 ათასი მასწავლებლის ადგილი შიგნით სკოლაში სხვა პედაგოგთა ხარჯზე შეივსო, რაც არასწორია. „ხელისუფლებამ ეს არა თანხმობით, არამედ ზეწოლითა და შანტაჟით გააკეთა. არ შეიძლება საპენსიო ასაკის ადამიანი სამსახურიდან გაუშვა. ამიტომ ეს ხალხი პირადი განცხადების საფუძველზე გაუშვეს. ამათ ადგილზე მოდის ისევ არაკვალიფიციური ხალხი, რომელთაც არც გამოცდა აქვთ ჩაბარებული და მაძიებლობის პროგრამაში არიან ჩართული. 6000 მასწავლებელი გაუშვეს და 500 ვაკანსია გამოაცხადეს, დანარჩენი შიგნით გადანაწილდა. ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ ძალადობით, მუქარით, შანტაჟით, ზეწოლითა და კანონმდებლობის გვერდის ავლით გაუშვეს ეს მასწავლებლები. მეორე მთავარი საკითხი კი ის გახლავთ, რომ მოდის არაკვალიფიციური კადრები. უფრო კვალიფიციურს უშვებენ და აბსოლუტურად, არაკვალიფიცურები მოჰყავთ, რადგან, დღევანდელი უმაღლესი სკოლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - ძალიან დაბალი დონის აბიტურიენტები შედიან უნივერსიტეტებში და სტუდენტებს ძალიან დაბალი ცოდნა აქვთ. მასწავლებლის მომზადების პროგრამაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს," - განაცხადა მანანა ნიკოლეიშვილმა”, - აღნიშნავს გამოცემა.

"შეგახსენებთ, რომ ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა. დარეგისტრირებულია 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი, რომლებიც ფულად ჯილდოს მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღებენ. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - ამ მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი კი წლის ბოლოს განხორციელდება”, - განაგრძობს გამოცემა.

"მანანა ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ დაპირება, რომელიც პედაგოგებისათვის ხელფასის მომატებას გულისხმობდა, რეალობას არ შეესაბამება; ხელფასის მომატება მხოლოდ მასწავლებელთათვის გაზრდილი საათების რაოდენობის საფუძველზე ხდება. „მთავარი ის არის, რომ მასწავლებლებს, რომელთაც ხელფასების მომატებას პირდებოდნენ, იმათ ხელფასები კი არ ემატებათ, არამედ საათები. 6 ათასმა კაცმა დატოვა სამსახური და 500 ვაკანსია გამოცხადდა. რამდენი საათია გადანაწილებული შიგნით? 25 საათამდე გაუზარდეს მასწავლებელს დატვირთვა და ის ხელფასი მოემატებათ საათების მომატების ხარჯზე. „ტოტალურად არღვევენ ადამიანის უფლებებს, როგორც გაყრილი პედაგოგების, ასევე, ვინც სკოლაში დარჩა, რომლებიც ასევე დაზარალებულები არიან. საერთოდ ჯამში, ყველა ოჯახი და სახელმწიფო ინტერესები დაზარალდება, რადგან ძალიან დაბალი კვალიფიკაციის ხალხი შემოდის," - განაცხადა მანანა ნიკოლეიშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

"ცნობისათვის, მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ამ რეფორმის უმთავრესი მიზანი ცოდნის, სწავლა-სწავლების დონის ამაღლება და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფაა. ამისთვის განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს. ირინა აბულაძემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნულ პროცესში მოიაზრება სამწლიან პერსპექტივაში პედაგოგების სახელფასო ზრდა, ამისათვის მკაფიო და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, არსებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული სქემის გამარტივება და საგაკვეთილო პროცესთან დაახლოება”, - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა