პაატა სალია - „რუსთავი 2“-ს 852 თანამშრომელი ჰყავდა და მხოლოდ 50-მდე ადამიანი წავიდა

„რუსთავი 2“-ს 852 თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 50-მდე წავიდა. მათგან ნაწილს წასვლასთან დაკავშირებით, განცხადება დაწერილი აქვს, ნაწილს - არა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, არხზე დარჩენის გადაწყვეტილება თანამშრომლების უმეტესობამ მიიღო. თუმცა, სალია არ აკონკრეტებს არხიდან წასული თანამშრომლები დაბრუნდნენ თუ არა ისევ „რუსთავი 2“-ში.

„ამას ამ ეტაპზე არ გეტყვით. „კომედი ჯგუფიდან“ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, სულ რამდენიმე ადამიანი წავიდა. დანარჩენები აგრძელებენ მუშაობას, ფიქრობენ ახალ იდეებზე და ისინიც ძალიან ბევრი საინტერესო სიახლით დაგვიბრუნდებიან.

ალბათ, რთულად წარმოგიდგენიათ ის ფსიქოლოგიური ზეწოლა, სტრესი, რაც არხის თანამშრომლებმა გადაიტანეს იმის გამო, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს არხი დაანგრიონ, აქედან თანამშრომლები გაიყვანონ და მერე ქუჩაში უმუშევრად დატოვონ. ისინი ამ ადამიანების მიმართ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. არ მინდა, სახელები და გვარები დავასახელო, ვინაიდან მათ მიმართ კვლავ განახლდება ის შეტევა, რაც იმ დღეს ხორციელდებოდა, როცა ჟურნალისტებმა ტელევიზია დატოვეს. ამიტომ დავიცავ მათ კონფიდენციალობას.

არ ვიცი ემუქრებიან თუ არა, მაგრამ ალბათ, გახსოვთ, არხზე დარჩენილი თანამშრომლების მიმართ სხვადასხვა ტიპის მოწოდებები, შეურაცხყოფები, ღალატში დადანაშაულება რომ ხდებოდა. ადამიანები ძალიან სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და არ მინდა ეს განმეორდეს. მედიაში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს, ვიღაცებს სამმაგ ხელფასებს ვპირდებით და რომ ვიღაცებს ვურეკავთ, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ეს ადამიანები კვლავ დააშინონ, კვლავ შეუქმნან ისეთი პირობები და მოცემულობა, რომ მათ აქ დაბრუნება არ იფიქრონ.

კომპანიიდან, ალბათ, 10%-იც არ არის წასული. კომპანიას 852 თანამშრომელი ჰყავდა, აქედან 50-მდე წავიდა. მათგან ნაწილს წასვლასთან დაკავშირებით განცხადება დაწერილი აქვს, ნაწილს - არა. ვიმეორებ, ძალიან დიდი ემოციური ფონი იყო, იყო ზეწოლის მცდელობა, შემოტევა ადამიანებზე“, - აცხადებს სალია.

რაც შეეხება იმას, თუ ვისგან განიცდიდნენ არხზე დარჩენილი თანამშრომლები ზეწოლას, სალია აცხადებს, რომ ეს ნიკა გვარამიასგან და მისი მხარდამჭერებისგან ხდებოდა.

„აბა, გამოიცანით ვისი მხრიდან ხდებოდა? გვარამიას და მისი თანამებრძოლების მხრიდან, რომლებიც თითქოს, ამ არხის ერთგულები იყვნენ, მაგრამ ამავდროულად გვარამიასთან ერთად „მთავარ არხს“ აფუძნებდნენ, აქედან ადამიანების გადაბირებას ცდილობდნენ, ადამიანებს მოუწოდებდნენ ეს არხი დაეტოვებინათ და წასულიყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა აქ ჩვეულებრივ მუშაობა გრძელდებოდა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, ამაში შემდგომ მომხდარმა ძალიან ბევრმა ფაქტმა დამარწმუნა, რომ ეს ვითარება კომპანიაში გარდაუვალი იყო. დაგეგმილი აქტი იყო, რომ კომპანია ასე ჯგუფურად დაეტოვებინათ თანამშრომლების გუნდს და დღევანდელი მენეჯმენტის დადანაშაულება მომხდარიყო შევიწროვებაში, ან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში. კარგია, რომ ეს ახლა მოხდა და არა გვიან, რაც გაცილებით უფრო ძვირად დაუჯდებოდა ჩვენს ტელევიზიას“, - აცხადებს სალია.

მიმდინარეობს თუ არა, სხვა არხის ჟურნალისტებთან მოლაპარაკებები, ამას სალია არ აკონკრეტებს. ის აცხადებს, რომ ძალიან მალე, „რუსთავი 2“ ქვეყნის მთავარი არხი იქნება.

„ყველაფერს განვიხილავთ. ჩემთვის მთავარია, თანამშრომლებს ხელფასები ჰქონდეთ, ჩემთვის მთავარია, იმ ადამიანებს, რომლებსაც კომპანიის ფული აქვთ წაღებული, უკან მოვატანინო, ეს დროც დადგება აუცილებლად. ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა საინვესტიციო საკითხებზე, რითიც არხი გაჯანსაღდება, გაძლიერდება და მეტი დამოუკიდებლობა ექნება. ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. არხის გაყიდვა ამ ეტაპზე ნამდვილად არ განიხილება და ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. ახლა სირთულეების დაძლევაზე, არხის განახლებაზეა საუბარი.

„რუსთავი 2“ ქვეყნის მთავარი არხი იქნება და რეიტინგებშიც აუცილებლად ვიქნებით პირველები, ეს არის ჩვენი ამოცანა. ამის რესურსი, შესაძლებლობა გვაქვს და აუცილებლად, მიუხედავად შექმნილი სირთულეებისა, ჩვენ ძალიან მალე პირველები ვიქნებით“, - აცხადებს სალია.

იხილეთ ვიდეო

პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთი ცხინვალის რეგიონში აქტიურობით ცდილობს აიძულოს საქართველო რაღაც ფორმით გადავიდეს მოსკოვთან დიალოგის ფორმატზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.09.2019
მეთიუ ბრაიზა - დიდი პრობლემაა, რომ დონალდ ტრამპი ხშირად არც კი უსმენს მის მთავარ მრჩევლებს, რომლებიც ამბობენ - „ყურადღება მიაქციეთ საქართველოს“
დენიელ ფრიდი - ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ
ტექნიკის უდიდესი გამოფენა ევროპაში, სახელწოდებით IFA 2019, ბერლინში დასრულდა
პუტინს ცემახი უსათუოდ სჭირდება (R)
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ გრანდიოზულ წამახალისებელ გათამაშებას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს
გალფი ტურისტული ზონების დასუფთავების მასშტაბურ აქციას იწყებს