5 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთის რეგიონში, 5 სექტემბრის მონაცემებით, 11 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე რთველის მიმდინარეობას სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში გაეცნო და რამდენიმე ისეთ მცირე მარანს ესტუმრა, რომლებიც ღვინის წარმოებასა და ბაზარზე რეალიზაციას ახლა იწყებენ.

„სიღნაღში, სოფელ ძველ ანაგაში მარანი „ანაგურელი“ წელს პირველ მოსავალს გადაამუშავებს. „ანაგურელი“ ისტორიული მარნის რესტავრაციის შედეგად გაიხსნა და მასში ასწლოვანი ქვევრებია განთავსებული. ყურძნის გადამამუშავებელი მოწყობილობები მარანმა ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შეიძინა. მარანში ამჟამად შესაძლებელია 80 ტონა ყურძნის გადამუშავება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში „ნასრაშვილების მარანი“ მეორე წელია რთველს ატარებს და წელს ღვინის ექსპორტს უკვე ევროპის მიმართულებით გეგმავს. „ნასრაშვილების მარანში“ ღვინოს აყენებენ როგორც ტრადიციული ქართული, ისე კლასიკური მეთოდით. ორივე მარანი როგორც საკუთარ ვენახში მოწეულ, ასევე მევენახეებისგან შეძენილ იშვიათი ჯიშის ყურძენს გადაამუშავებს და საექსპორტო ბაზრების ათვისებასთან ერთად, ორიენტირებულები არიან ღვინის ტურიზმის განვითარებაზე“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ტყემალაძის განცხადებით, სახელმწიფოს ხელშეწყობით მცირე მარნების რაოდენობა კახეთის რეგიონში ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა და ამჟამად მარტო კახეთში 500-ზე მეტს ითვლის. მისი თქმით, აღნიშნული მიანიშნებს, რომ მეღვინეობის ინდუსტრია სწორი მიმართულებით ვითარდება, ევროპის განვითარებული მეღვინეობის ქვეყნების მაგალითზე.

„2019 წლის ივნისის ბოლოდან განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირებას და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინს კერძო სექტორის აქტივობაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოეხდინა, ამის მიუხედავად, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნოების სამინისტროსთან და მეღვინეობის ინდუსტრიასთან ერთად იმუშავა, რომ მოსახლეობას ყურძნის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნოდა და რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე დაწყებულიყო. რთველი კახეთში პიკურ ფაზას დაახლოებით ერთ კვირაში მიაღწევს“, - აღნიშნა დავით ტყემალაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან.

„რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა. სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო