ლევან დავითაშვილი აშშ-ისა და საფრანგეთის დელეგაციებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ის ტეხასის შტატის დელეგაციას, ასევე საფრანგეთის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საექსპორტო პოტენციალი და აშშ-ის ბაზარზე მისი რეალიზაციის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს შესახებ და ყურადღება ღვინის წარმოების 8 ათასწლოვან უწყვეტ ისტორიაზე გაამახვილა. მინისტრმა დელეგაციის წევრებს ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის და ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში დაცული ქართული ვაზის 500 ენდემური ჯიშის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. შესაბამისად, თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შედის და სტუმრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ პროცესის გაცნობა. იმედი მაქვს, რომ ქართველ მწარმოებლებსა და ამერიკულ კომპანიებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა და უახლოეს მომავალში, აშშ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემსყიდველი გახდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიის „FRONTERA RESOURCES“ დამფუძნებლის, სტივ ნიკანდროსის განცხადებით, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც სავაჭრო შესაძლებლობების კუთხით, წარმატების დიდი რესურსი გააჩნია.

ფრანგული კომპანია „დისტილერი ტესანდიე ე ფის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყურადღება ქართული ღვინის ხარისხზე და საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა.

როგორც ფრანგული კომპანიის გენერალურმა დირექტორს, ჟერომ ტესანდიემ აღნიშნა, კომპანია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან „ბოლერო ჯგუფი“ 25 წლიანი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში კაკლოვანი კულტურების, მესაქონლეობის, ტყის მდგრადი განვითარებისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს და მათ მნიშვნელობას.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის და საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ჰოლდინგის, „ბოლერო ჯგუფის“ ორგანიზებით განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ესწრებოდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია