პროკურატურა ნიკა მელიას მიერ სატელევიზიო ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით - უწყება იმსჯელებს  მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას

საქართველოს პროკურატურა იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში დეპუტატ ნიკა მელიას მიერ ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით განუცხადეს. სხვა კომენტარს პროკურატურაში არ აკეთებენ.

მელიამ დღეს ტელეკომპანია „კავკასიას“ ინტერვიუ მისცა. მანამდე, დეპუტატმა ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ინტერვიუს შესახებ მისმა ადვოკატმა აცნობა პროკურორს, პასუხად კი კატეგორიული უარი მიიღო.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, სასამართლოს აკრძალვით ვერანაირად ვერ შეეზღუდება მელიას პარლამენტარის უფლებამოსილება, ვინაიდან ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ნიკა მელიას პოლიტიკურ თოქშოუში სტუმრობასთან დაკავშირებით, მათ როგორც გენერალური პროკურორი, ასევე სხვა პროკურორებიც გაფრთხილებული ჰყავდათ.

" პროკურატურა ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში გვყავდა ჩაყენებული, გენერალური პროკურორიც და შესაბამისი პროკურორებიც, წერილობითაც და წინასწარაც ვაცნობეთ. რაც არის დაკავშირებული უფლებამოსილებასთან - შეხვდეს ამომრჩეველს, იაროს პარლამენტის სესიებზე, დაესწროს საკომიტეტო მოსმენებს, მივიდეს, ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით და მასმედიით - ეს კონსტიტუციის მე-3 თავით არის გარანტირებული და ვერ იქნება პროკურორის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ასეთი, საქმის კურსში ჩავაყენეთ პროკურატურა, რომ ნიკანორ მელია პოლიტიკურ თოქშოუში მიდიოდა. თუ სამართლებრივ აბსურდში შევლენ, მათი საქმეა. თუ რეაგირებაში გულისხმობენ იმას, რომ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუცვალონ და დააპატიმრებენ, მაშინ პარლამენტში უნდა შეიტანონ, თავიდან გაიარონ პროცედურა, ნებართვა მიიღონ და მერე სასამართლოს მიმართონ", - განაცხადა კონდახიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელია საცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს