ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2019

ლია მუხაშავრია - “ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია”

“არანაირი სტანდარტი არ დაგვირღვევია...” - რას აცხადებს “იმედის” საინფორმაციოს უფროსი “ამერიკის ხმის” ბრალდებაზე

ხაზარაძის 12 რჩეული, და როგორია მათი პირველი შეფასებები

* * *

ლია მუხაშავრია - “ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია”

“როდესაც შენ შენს წინამორბედს აკრიტიკებდი და კონცეპტუალურად შეწყალების ახალი ინსტიტუტის შექმნას აცხადებდი და მერე ასეთ გადაწყვეტილებებს იღებ, ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიმართ ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია”, - ასე ეხმიანება იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებას. მუხაშავრია ამბობს, რომ შეწყალების აქტი ის ერთ-ერთი მთავარ ფუნქციათაგანია, რომელიც დღეს პრეზიდენტს ეხება და ამასაც, მისი თქმით, უპასუხისმგებლოდ ეკიდება. აღსანიშნავია, რომ ლია მუხაშავრია ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის დროს შეწყალების კომისიის წევრი იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაშის სათაურით “ეს მინიმუმ იმპიჩმენტის საფუძველია” - რას ამბობს კომისიის ყოფილი წევრი შეწყალების ახალ სკანდალზე.

“ამაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია მას პრაქტიკულად აღარ დარჩა (თავისი კომპეტენციის ფარგლებში), და ამასაც ასე ზერელედ და უპასუხისმგებლოდ ასრულებს (არ ასრულებს, როცა არ ჰყავთ კომისია, არ აქვს დებულება) და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ძალიან საეჭვოა, რომ კორუფციულია. გავიხსენებ იმას, რომ წინა კომისიამ სამი ადვოკატი დავაჭერინეთ იმიტომ, რომ თაღლითები იყვნენ და ატყუებდნენ თავიანთ კლიენტებს, რომ ჩააწყობდნენ შეწყალების კომისიაში და შეწყალებას გაუკეთებდნენ და იხდის ეს ხალხი სასჯელს. ეს რომ ძალიან დიდ კორუფციულ რისკებთან დაკავშირებული საკითხია, პრეზიდენტმა ეს არ უნდა იცოდეს? ვინც მის მაგიდაზე დადო ის პროექტი, რომლითაც ორი მკვლელი შეწყალებულ იქნა, ეს ხომ აშკარად კორუფციული გარიგებაა? არ ვამბობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირადად ჩაიდინა კორუფციული დანაშაული, მაგრამ მის აპარატში ხომ ამით აშკარად ბოროტად ისარგებლეს. როდესაც ასეთ სათუთ საკითხზე, ასეთი ზერელე და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტს, ის რა თქმა უნდა არ იმსახურებს, რომ ქვეყნის პირველი პირი იყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იურისტი და უფლებადამცველი ლია მუხაშავრია.

“ჩვენს კომისიასაც დაგვემართა... იყო გორის ინციდენტი, როდესაც მცირეწლოვანი ბავშვის საზარელი მკვლელობა მოხდა, ამ შემთხვევაში ამ ადამიანს სასჯელი მოხდილი ჰქონდა და მხოლოდ ერთი წელი შევუმცირეთ და მეორე შემთხვევაში, რვა თვით შევუმცირეთ. იმანაც თბილისში ჩაიდინა მკვლელობა. არც ერთ ამ პირს წინა დანაშაული მკვლელობა არ ჰქონდა ჩადენილი, მათ ჰქონდათ სხვა ტიპის დანაშაული ჩადენილი, რომლისთვისაც მოხდილი ჰქონდათ სასჯელის 2/3 ნაწილი და მეტი. პატიმარი ოდესღაც ყოველთვის მოიხდის სასჯელს, თუნდაც მას ნუ შეიწყალებ და მერე, რომ გათავისუფლდება, ვინმე დააკავებს, რომ მკვლელობა არ ჩაიდინოს? ამიტომ არც ერთ შემთხვევაში, როდესაც კომისია გააკრიტიკეს, ეს არ იყო კომისიის მიერ რაიმე ფორმით ხელშეწყობილი. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობდით ამის გამო და ძალიან განვიცდიდით, მაგრამ ახლა რაც მოხდა, როდესაც მკვლელობაში ეჭვმიტანილი კი არა, მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ანუ სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ჩაიდინა მკვლელობა და ასეთ პირს იწყალებს პრეზიდენტი და დაუყონებლივ ათავისუფლებს, ამაზეა საუბარი”, - დასძენს მუხაშავრია.

“არანაირი სტანდარტი არ დაგვირღვევია...” - რას აცხადებს “იმედის” საინფორმაციოს უფროსი “ამერიკის ხმის” ბრალდებაზე

“ამერიკის ხმა” ტელეკომპანია “იმედს” ბრალდებას უყენებს, რომ “იმედმა” მათი ჟურნალისტის კომენტარი არასწორ კონტექსტში წარმოაჩინა, რასაც “ღრმად შემაშფოთებელი” უწოდა. ამ ბრალდების საპასუხოდ “იმედის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიხლაძემ “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა, რომ “ამერიკის ხმა” მომხდარი ამბის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს და მზად არის, ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს დაუმონტაჟებელი მასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მათი მხრიდან არანაირი სტანდარტი არ დარღვეულა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “არანაირი სტანდარტი არ დაგვირღვევია...” - რას აცხადებს “იმედის” საინფორმაციოს უფროსი “ამერიკის ხმის” ბრალდებაზე.

“ამერიკის ხმის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ჟურნალისტს, ჯიმ მალონს “იმედმა” ინტერვიუ აშშ-ის 2020 საპრეზიდენტო არჩევნებზე სასაუბროდ სთხოვა, თუმცა ინტერვიუს განმავლობაში “იმედის” ჟურნალისტმა მას კითხვები ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე დაუსვა, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ჯიმ მალონის საქმიანობის მთავარი ნაწილი აშშ-ის შიდა პოლიტიკაა... “ის, რაზეც ამერიკის ხმის ქართული რედაქცია საკუთარ წერილში წერს, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ გვაქვს სატელევიზიო ინტერვიუს სრული, დაუმონტაჟებელი ვერსია და ყველა დაინტერესებულ პირს შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ დარწმუნდნენ, არ მომხდარა არც ვაშინგტონში ჩვენი ჟურნალისტის და არც ადგილზე რეპორტაჟის ავტორის მხრიდან კონტექსტის ცვლილება”, ამბობს ირაკლი ჩიხლაძე, რომლის თქმით, “სამწუხაროა, რომ “ამერიკის ხმის” ქართულმა ბიურომ ისე გამოაქვეყნა წერილი, რომ მათთვის არ მოუმართავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა ფაქტს, რომ არასოდეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ჟურნალისტური სტანდარტი არ დაგვირღვევია, არ დაგვიმახინჯებია რესპონდენტის პოზიცია და არასოდეს შეგვიცვლია კონტექსტი, რაც შეეხება რესპონდეტს, განცხადებაში ნათქვამია თითქოს ჩვენც ვცდილობთ “ამერიკის ხმის” ჟურნალისტს და მის კომპეტენციას ჩრდილი მივაყენოთ, რაც არის ტყუილი, რადგან რესპოდენტი ჩვენ სწორედ მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე შევარჩიეთ, რადგან ის წლებია შტატების შიდა პოლიტიკას და კონგრესის ამბებს აშუქებს და მან კარგად იცის რა გავლენა აქვს ცალკეულ პოლიტიკოსსა თუ არასამთავრობოს წარმომადგენელს შტატებში. მეორეს მხრივ ამას დაერთო დეზინფორმაციული კამპანია ადგილობრივი, ჩასაფრებული ჯგუფების მხრიდან, ისინი ცდილობენ ინფორმაციის კიდევ უფრო დამახინჯებას, თუმცა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ჩიხლაძე.

“ამერიკის ხმის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია: “ინტერვიუს მიმდინარეობისას, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა დაიწყო შეკითხვების დასმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ და მას კომენტარი სთხოვა რამდენიმე ამერიკელი პოლიტიკის მწარმოებლის გავლენაზე ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების შესარჩევ პროცესზე. შეკითხვების ეს ხაზი ინტერვიუს თავდაპირველ თემას სრულიად სცდებოდა და ბატონმა მალონმა განაცხადა, რომ ამ ადამიანების სახელები მას იმ წუთას და ამერიკის არჩევნების კონტექსტში არ ეცნობოდა და რომ არ სურდა მათზე კომენტარის გაკეთება. ჯიმ მალონი "ამერიკის ხმაში” წლების მანძილზე შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, კონგრესში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებს აშუქებს. ამერიკის საგარეო პოლიტიკა მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულება არ არის. ბატონი მალონი “ამერიკის ხმის” გამოცდილი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ პოლიტიკას წლებია აშუქებს. ნებისმიერი მცდელობა, ამ ინტერვიუში მისი პასუხები ამოღებულ იქნას კონტექსტიდან იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტების კალიბრს და კვალიფიკაციას, ან იმისთვის, რომ არასწორად იქნას გადაცემული “ამერიკის ხმის" საქმიანობა საქართველოში ნებისმიერ სიახლესთან დაკავშირებით, ღრმად შემაშფოთებელია”, - აღნიშნულია განცხადებაში”, - წერს სტატიის ავტორი.

ხაზარაძის 12 რჩეული, და როგორია მათი პირველი შეფასებები

“დადებს თუ არა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ “ლელოს” 2020 წელს, ამას უკვე არჩევნების დღეს გავიგებთ, თუმცა მან უკვე წარადგინა ის 12 რჩეული ადამიანი, ვინც მას პოლიტიკური “ლელოს” დადებაში დაეხმარება. ხაზარაძის მთავარი აქცენტი ახალ სახეებზე და იმ ადამიანებზე გაკეთდება, რომლებიც წინა და ახალი ხელისუფლებების დროს სამთავრობო სტრუქტურებში მუშაობდნენ და მართვის უნარები აქვთ. ხაზარაძის მთავარი მიზანია, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფთან აფილირებული არ იყოს. ის ცდილობს გაემიჯნოს როგორც “ნაციონალებს”, ასევე “ოცნებას”. ითანამშრომლებს მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომელთაც დასავლური ვექტორი აქვთ. შესაბამისად მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა, რომელთაგან არც ერთი პოლიტიკოსი არ არის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხაზარაძის 12 რჩეული, და როგორია მათი პირველი შეფასებები.

“ეს არის მოძრაობა. როგორც გითხარით, პარტია იქნება ცალკე დაფუძნებული და ზოგიერთი ადამიანი, ვისაც თქვენ აქ ხედავთ, მისი სურვილით შეიძლება ვიხილოთ პარტიაში, ზოგიერთი დარჩება მოძრაობაში. ჩვენ მოძრაობას არ გარდავქმნით პარტიად, იმიტომ რომ მოძრაობა იქნება ის მაყურებელი და იმ პოლიტიკის მაკონტროლებელი, რომელიც აიღებს თავისთავზე ქვეყანაში გამარჯვებისკენ სიარულს”, - განაცხადა ხაზარაძემ. მისი თქმით, “ლელო” ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც დასავლეთის ვექტორი აქვს და ქვეყნის სწრაფი განვითარება უნდა. “განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, რომელიც წინა ან ახლანდელი მთავრობის დროს იყვნენ უწყებებში, მუშაობდნენ, მათ კისერზე გადაიარა ძალიან ბევრმა პროფესიულმა ნაშრომმა და არავინ არ გამოიყვანა ეს ხალხი წინაპლანზე”, - აცხადებს მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელი, “ჩვენ მოძრაობას არ გარდავქმნით პარტიად, მოძრაობა იქნება მაყურებელი, მაკონტროლებელი”, - ამბობს ხაზარაძე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ლელოს” წევრები არიან: ლანა გალდავა, იურისტი, ლევან ბოძაშვილი,უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი, თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი, კახა კოჟორიძე, იურისტი; მედეა მეტრეველი,ფილოლოგი; გიგა გუგუშვილი, მხატვარი, პროფესორი; საბა ბუაძე, “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი; გიგლა მიქაუტაძე, ეკონომისტი; ქეთი ენუქიძე, ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი; ელენე მელიქიშვილი,საგარეოპოლიტიკის მკვლევარი; გია მორდეხაშვილი, ბიზნესმენი; დავითგელაშვილი, ეკონომისტი; საზოგადოებრივიმოძრაობა პარტიასთან არაფერ კავშირშია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები პრაიმერის პრინციპით იქნებიან არჩეული. იყო სპეკულაციები, რომ თითქოს ჩვენ პირველ 12-ს წარვადგენთ. არანაირი პირველი და 150-ე არ არსებობს. იქნება 12-12 ადამიანის წარდგენა, რომლებიც მოდიან თანაბარსრულუფლებიანი პრინციპით, ჰორიზონტალური პრინციპით და თითოეული შეასრულებს განსაკუთრებულ ფუნქციას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და კითხვაზე - “შეიძლება თუ არა პრემიერის თანამდებობაზე მათმა პოლიტიკურმა გუნდმა მამუკა ხაზარაძე დაასახელოს, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ამას თვითონ პოლიტიკური პარტიის წევრები გადაწყვეტენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხაზარაძის ახალ მოძრაობას და მის წევრებს აფასებს. მისი თქმით, ხაზარაძის ნაბიჯები პოლიტიკურად კარგად არის გააზრებული, თუმცა თვლის,რომ მას პოლიტიკური კომპონენტი სჭირდება, რადგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს, რომ მამუკა ხაზარაძეს არა აქვს საზოგადოებაში არც რეიტინგი და არც ის ქარიზმა, რომ მან ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის ყურადღება მიიპყროს. მით უმეტეს ბანკირების მიმართ ჩვენს საზოგადოებაში არც თუ კარგი დამოკიდებულება არსებობს. ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ხაზარაძეს რესურსი აქვს, თუმცა გააჩნია ამ რესურსებს როგორ და რა ფორმით გამოიყენებს. მას არა აქვს პოლიტიკაში მოღვაწეობის გამოცდილება, ამიტომაც ახალი სახეებით პოლიტიკაში შემოსვლა საკამოდ რთული და სარისკოა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ხაზარაძე ცდილობს დაიწყოს სუფთა ფურცლიდან. ბუნებრივია, ამას აქვს თავისი რისკები და პრობლემები, იმიტომ რომ ცნობადობის გარეშე პოლიტიკა არ არსებობს, ცნობადობის ფორმირებისთვის ერთი წელი არის ძალიან ცოტა და ეს მას შეუქმნის პრობლემებს. მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია. მე ვფიქრობ, რომ მას აუცილებლად სჭირდება პოლიტიკური კომპონენტის გაჩენა, რომელიც ჯერ არ იგრძნობა და ქმედებებშიც არ ჩანს. თუმცა, ეს არის ძალიან წვრილმანი და ამ ეტაპისთვის არც თუ ისე მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც გამოსწორებადია. პოლიტიკურად კარგად გააზრებულია მისი ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ ეს არის ჯერ მოძრაობა. მას ძლიერი პოლიტიკური კომპონენტის გამოჩენა უფრო დასჭირდება პარტიის დაფუძნების, მისი ყრილობის მომენტში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“რესურსი იმისა, რომ შეიქმნას ძლიერი პარტია და გუნდი არსებობს. ელექტორატი, რომელიც “ოცნებასა” და “ნაციონალებს” მიღმაა, ნამდვილად ასათვისებელია. თუ პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია არ იქნა და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები არ გამწვავდა, ეს ელექტორატი მშვიდად რომელიმე მესამე ძალაზე არჩევანს აუცილებლად გააკეთებს. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არჩევანს მაინც და მაინც ხაზარაძეზე გააკეთებენ. აქ ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში გუნდი, ვინ იქნებიან ხაზარაძის გვერდით. შემდეგ, ამ ხალხს პოლიტიკის კეთების რა გამოცდილება აქვს. თავად ხაზარაძეს ეს გამოცდილება არა აქვს. კი ბიზნესმენია და საქართველოში ცხოვრობდა, მაგრამ პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. მხოლოდ ფინანსური რესურსი და იმის იმედად ყოფნა, რომ ეს ორი პარტია “ოცნება” და “ნაციონალები” გულზე დიდად არავის აღარ ეხატება, არ შეიძლება. ეს გარანტიები ვერ იქნება. შესაძლოა ბარიერი ხაზარაძემ გადალახოს, მაგრამ მერე რა. ის იქნება ერთი ჩვეულებრივი დეპუტატი. სხვას სერიოზულს ვერაფერს გააკეთებს“, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით