ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2019

მამუკა არეშიძე - “კულუარებიდან ვიცი, რომ ხელისუფლებაში შესაძლოა, მალე არაერთი თავი დაგორდეს”

ახალი სკანდალური სია - გამოიწვევს თუ არა გასაუბრებები განხეთქილებას “ოცნებაში”

ალეკო ელისაშვილი - “თქვას ზურაბიშვილმა, ვინ დაუდო სია მაგიდაზე”

* * *

მამუკა არეშიძე - “კულუარებიდან ვიცი, რომ ხელისუფლებაში შესაძლოა, მალე არაერთი თავი დაგორდეს”

გახსოვთ, ალბათ, სალომე ზურაბიშვილის პირველი ნაბიჯები შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, როდესაც თქვა, რომ არ სურდა შეწყალების უფლება შეენარჩუნებინა. საბოლოოდ აღარ შეიქმნა შეწყალების კომისია, რომელიც მანამდე მუდმივად არსებობდა; რატომ დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა ამის წინააღმდეგ გალაშქრება, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო თავიდანვე და გაუგებარია ახლაც. ჩემი აზრით, ბოლო შეწყალების აქტისას აშკარად ჩანს კონკრეტული პირების დაინტერესება, რომლებმაც ეს ბუნდოვანი ვითარება სათავისოდ გამოიყენეს. გამიჭირდება იმაზე ლაპარაკი, ჩაიდინეს თუ არა დანაშაული იმ ადამიანებმა, ვინც პრეზიდენტს ამ სიას უმზადებდა, თუმცა ჩემთვის ძალიან საეჭვოა, რომ მაგალითად, შეწყალებულთა შორის მკვლელობაში მსჯავრდადებული სამი პირიდან ორი აჭარიდანაა...” - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კულუარებიდან ვიცი, რომ ხელისუფლებაში შესაძლოა, მალე არაერთი თავი დაგორდეს” / “ჩემი აზრით, აქცია “სირცხვილიას” უკან აშკარად იკითხება “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი განაყოფების ინტერესები”.

“ ჩემი აზრით, ზურაბიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვიღაცებს მიანდო მასალების მომზადება და, სავარაუდოდ, ამ საქმეებს პირადად საფუძვლიანად არ გაეცნო. ეს მას ბუმერანგივით დაუბრუნდა უკან. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტის ზურგს უკან მოხდა დანაშაული და ვიღაცამ მართლაც აიღო ქრთამი, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელი მაინც პრეზიდენტია, ასე რომ, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ჩემთვის აუხსნელია, რატომ გააკეთა ეს, როგორ მიიყვანა საქმე აქამდე და არ ვიცი, როგორ დააღწევს თავს ამ რთულ ვითარებას. ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე მდგომარეობის ფონზე ამ ნაბიჯით მან, ფაქტობრივად, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ქართულ სამართალს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე,

“აქცია “სირცხვილიას” უკან, ჩემი აზრით, აშკარად იკითხება “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი განაყოფების ინტერესები, რომელთაც შანსი არა აქვთ, ამ ტიპის მოძრაობას ჩაუყარონ საფუძველი და ეს მასობრივი გახადონ. მოვისმინე განცხადებები, რომ ისინი აპირებენ რეგიონებში ჩასვლას, არადა, ნებისმიერ რეგიონში, სადაც უნდა ჩავიდნენ, აუცილებლად დახვდებათ ორი-სამი ადამიანი, რომლებსაც თავის დროზე სწორედ “ნაციონალების” გამო დაატყდათ თავს უბედურება. ისინი, ვისაც თვითონ არაერთი დანაშაული აქვთ ჩადენილი, სხვის დანაშაულზე ლაპარაკით შედეგს ვერ მიიღებენ... ბევრს არ უნდა ამ ადამიანების გვერდით დგომა და არა იმიტომ, რომ ან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება მოსწონთ, ან ის, რაც 20-21 ივნისს მოხდა, მაგრამ როდესაც ამას აკრიტიკებს ძალა, რომელსაც თვითონ არაერთი ამგვარი და უარესი აქვს ჩადენილი, ეს ისევ ხელისუფლების პოზიციას ამაგრებს”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის “სირცხვილიას” აქციაზე მისვლას და სიტყვით გამოსვლას... იმ დროს, როცა ხაზარაძე რუსთაველზე მივიდა, დამირეკა ერთმა ნაცნობმა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს იყო დაპატიმრებული და ჯოჯოხეთი გამოიარა; დამირეკა რომ ეთქვა, რუსთაველზე ვარ, მამუკა ხაზარაძე მოვიდა, უნდა მივიდე და ვკითხო, მე რომ დაჭერილი ვიყავი ან 2011 წლის 26 მაისს აქ რომ ხალხი დახოცეს, მაშინ სად იყოო? დიდი ხვეწნა-მუდარით გავაჩერე, თორემ ამას, სავარაუდოდ, ექსცესი მოჰყვებოდა. ეს კითხვა ბევრს გაუჩნდება, მით უმეტეს, თუ ის “ნაცმოძრაობის” გვერდით დაინახეს - ეს უნდა იცოდეს მამუკა ხაზარაძემ და პასუხისთვისაც მოემზადოს! რაც შეეხება მის წარმოდგენილ გუნდს, მასში ბევრი პატივსაცემი ადამიანია, მაგრამ ამ გუნდით რთულია სერიოზულ პოლიტიკურ გარღვევაზე ფიქრი, მით უფრო, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი. არ ვიცი, მამუკა ხაზარაძე რა პროგრამას, მოქმედების რა ტაქტიკას შესთავაზებს საზოგადოებას; ვნახოთ, მალე იქნება მისი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია და ამის შემდეგ უფრო ადვილი იქნება მის შანსებზე ლაპარაკი. საზოგადოების ნაწილს აუცილებლად ექნება მისი ბიოგრაფიის მიმართ პრეტენზია - ვგულისხმობ მის საბანკო საქმიანობას. ესეც უნდა გაითვალისწინოს და ამ წინააღმდეგობისთვისაც იყოს მზად”, - ამბობს ექსპერტი.

“ენ-დი-აის დასკვნებს მაინცდამაინც არ ვენდობი, რაც, ძირითადად, ამ ორგანიზაციის ქართველი პარტნიორების ბრალია, თუმცა ამჯერად აშკარაა, რომ კვლევის შედეგი საზოგადოების განწყობას მეტ-ნაკლებად ასახავს. საზოგადოებაში არსებობს პოლიტიკური ნიჰილიზმი. რა გასაკვირია, რომ ამომრჩეველს არავინ, არც ერთი პოლიტიკური პარტია აღარ აინტერესებს?! საქმე ის არის, რომ ყველა არჩევნების წინ გაიცემა უამრავი დაპირება, რომელთა ნახევარიც არ სრულდება, ეს კი დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ადამიანი მსჯელობს საკუთარი სოციალური მდგომარეობით, თავისი ოჯახის შემოსავლის დონით. როდესაც ხედავს, რომ მისი მდგომარეობა წლიდან წლამდე არ იცვლება ან უარესდება, ბუნებრივად უჩნდება ნიჰილიზმის განცდა. დღეს ჩვენ ნიჰილიზმის ზეობის დროში ვცხოვრობთ. კიდევ ერთი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - დღევანდელი ქართული პოლიტიკური იდეა არის ცარიელი! როდესაც ვამბობთ, პოლიტიკური სივრცეა ცარიელიო, არასწორია; ეს სივრცე გადავსებულიც კია, მაგრამ დაცლილია პოლიტიკური იდეებისგან. ერთადერთი იდეა, რაც ასულდგმულებს პოლიტიკურ სპექტრს, იმის მტკიცებაა, ის ცუდია და მე კარგი ვარო!” - ამბობს მამუკა არეშიძე.

“თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ამას მიაშველებს, პირობითად, 20 ლარსაც, საზოგადოების ნაწილი შეიძლება მიიმხროს კიდეც. ეს ადამიანები განა ვერ ხვდებიან, რომ ტყუილში ერევიან, მაგრამ აკეთებენ ამას, რადგან ეს 20 ლარი სჭირდებათ. მაგრამ ეს ამომრჩეველი არ არის ის, ვინც იმ პოლიტიკური ძალის დაძახილზე, რომელსაც ხმას აძლევს, რევოლუციაში მიიღებს მონაწილეობას ან ახალი ქვეყნის მშენებლობისთვის დაიკაპიწებს ხელებს. ხალხი მხოლოდ მაშინ არის უანგარო და კონსოლიდირებული, როდესაც არის იდეა - ეს არის აქსიომა და ისტორიული გამოცდილებაც ამას გვკარნახობს! თუ პოლიტიკა დაცლილია იდეისგან, შედეგები არის ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს. რაც უნდა შემოიხიონ ტანსაცმელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, ან გინდაც სახელისუფლებო პარტიის ზოგიერთმა ლიდერმა, ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერასდროს შექმნიან...” - დაასკვნის რესპონდენტი.

“რატომ არის დაცემული "ქართული ოცნების" რეიტინგი? ამის მიზეზია შეუსრულებელი დაპირებები, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობები, სამართლიანობის არაღდგენა და კოაბიტაცია. ამის გამოსწორება ერთ წელიწადში წარმოუდგენელია, თუმცა “ქართული ოცნება” შეეცდება, ამ საყოველთაო ნეგატიური ფონის პირობებში როგორმე მოახერხოს პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა. ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა სწორედ ამის მაგალითია. ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი პროექტია, მაგრამ ერთი ამგვარი პროექტი გაზაფხულს ვერ მოიყვანს. წინასაარჩევნო პროცესში ეს შეიძლება იქცეს ელექტორატის ნაწილის მოზიდვის მიზეზად, მაგრამ ეს ვერ იქნება საკმარისი ქვეყნის რეალური განვითარებისთვის. ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება დიდი ეკონომიკური პროექტების განხორციელება და ეს არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ არჩევნები მოიგოს. იმედია, “ქართულ ოცნებაში” ბოლოს და ბოლოს დაინახეს პოზიტიური დღის წესრიგის აუცილებლობა, გაიგეს, რომ იმ დაპირებებს, რომლებიც 2012 წელს გაიცა, შესრულება სჭირდება. ვფიქრობ, გიორგი გახარიას აქვს რესურსი, განახორციელოს მნიშვნელოვანი ცვლილებები. როგორც კულუარული ინფორმაციებით ვიგებ, სახელისუფლებო ვერტიკალში შეიძლება მალე არაერთი თავი დაგორდეს. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, ვფიქრობ, არჩევნებამდე კიდევ ვიხილავთ მის ცვლილებებს. როგორც ვიცი, ზოგიერთ მათგანს გამოსაცდელი ვადა აქვს მიცემული...”, - დასძენს არეშიძე და შეკითხვაზე - “4 სექტემბერს ჩაკეტილი ოკუპირებული ახალგორის გზის გახსნის პერსპექტივა ისევ ბუნდოვანია... პარალელურად, რთულდება აფხაზეთში გალელების ცხოვრებაც...” - პასუხობს:

“კვიწინიას მარცხმა აფხაზების ნაწილი გვარიანად აღაშფოთა. ამ პროცესმა ძალიან სერიოზული პრობლემები ამოიტანა ზედაპირზე. ეს არის, უპირველესად, ის ეთნოსურათი, რაც აფხაზეთშია შექმნილი - ვგულისხმობ აფხაზურ-სომხურ დაპირისპირებას, რამაც სერიოზული მასშტაბი მიიღო. ეს არ არის მარტივი დაპირისპირება. რომ გადავხედოთ სოციალურ ქსელებს, იქ ისეთი ომი მიმდინარეობს, აფხაზების მხრიდან ისეთი ზიზღი იფრქვევა სომხების მიმართ!.. არადა, ამ ცოტა ხნის წინ ეს წარმოუდგენელი იყო... რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს... ახალგორში ვითარება უკიდურესად მძიმეა. ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას ადგილობრივ ოსებს შორის ჰყავს მოწინააღმდეგეები; ნახავთ განცხადებებს, რომლებშიც ისინი კითხულობენ, როცა ნათესავები გვყავს საქართველოში, ჩრდილოეთ ოსეთიდან სამკურნალოდ თუ სავაჭროდ არაერთი ოსი დადის თბილისში, რატომ ვიქცევით ასე, რატომ ვამწვავებთ ვითარებასო?! სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, ჯერჯერობით ცხინვალში ამინდს ვერ ქმნიან, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ განწყობის გამოყენებით შესაძლებელია კულუარული მოლაპარაკებები და ამ პრობლემის მოგვარება... უფრო გააზრებული პოლიტიკის წარმოება გვმართებს”.

ახალი სკანდალური სია - გამოიწვევს თუ არა გასაუბრებები “ოცნებაში” განხეთქილებას

“პარლამენტი მომავალი კვირიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას იწყებს, თუმცა კანდიდატების ახალი 20-კაციანი სიის ირგვლივ პრეტენზიები და უკმაყოფილება კვლავ გაისმის. არ არის გამორიცხული, რომ ამ სიის გამო “ოცნებაში” ახალი შიდა დაპირისპირება დაიწყოს და პარტია სხვა დეპუტატებმაც დატოვონ. “რეზონანსი” შეეცადა ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდიდან ვინმეს გასაუბრებოდა, თუმცა ჩვენს ზარებს არავინ უპასუხა. საქმე კი ისაა, რომ 20-კაციანი სიის 5 წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შედგენილი იმ სკანდალური 10-კაციანი სიიდანაა, რომელმაც შარშან უკვე გამოიწვია “ოცნებაში” სერიოზული განხეთქილება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალი სკანდალური სია - გამოიწვევს თუ არა „ოცნებაში“ განხეთქილებას ორშაბათს დაწყებული გასაუბრებები

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, სიის წევრი გიორგი მიქაუტაძე კანონის და რეგლამენტის დარღვევით არის დარეგისტრირებული, რის გამოც არსებობს სრული საფუძველი, რომ სია არალეგიტიმურად გამოცხადდეს. ასევე ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სიაში მოცემული ყველა კანდიდატი ჩინჩალაძის ყოფილი თანამშრომელია და ყველა მათგანი მხოლოდ თბილისიდან არიან. მისი აზრით, ესეც კიდევ ერთი დარღვევაა, რადგანაც დაუშვებელია, რომ უზენაეს სასამართლოში რეგიონს არც ერთი კანდიდატი არ წარმოადგენდეს. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ შაბათს გამართული პრეზენტაციისას ხელისუფლების 10 მთავარ გამოწვევას შორის ერთ-ერთად სასამართლო რეფორმა დაასახელა. მისი თქმით, საშემოდგომო სესიის ფარგლებში სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა განხორციელდება. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეფორმის მეოთხე ტალღა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის პროცესს მოიცავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მნიშვნელოვანი თემა არის სასამართლოს რეფორმა. დამოუკიდებელი სასამართლო, სანდო მართლმსაჯულება, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საშემოდგომო სესიის ფარგლებში, ჩვენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას განვახორციელებთ, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი თემები შედის. ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნის წესი და პროცესი, ამის უკეთ ორგანიზება, უკეთ დარეგულირება, დისციპლინური სამართალწარმოება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულების საკითხები”, - განაცხადა თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტი ორშაბათიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების ინდივიდუალურ განხილვას იწყებს. თალაკვაძე ამბობს, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება. ნაზი ჯანეზაშვილი კი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია პარლამენტში პირველად ვის გაესაუბრებიან. თუმცა იცის, რომ ორშაბათისთვის ორი კანდიდატურის განხილვა და მათთან გასაუბრება მოხდება”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სიაში ისეთი ადამიანებიც არიან მოხვედრილი, რომლებიც მხოლოდ ფორმალურად არიან და მხოლოდ სიის შემავსებლის ფუნქციას ასრულებენ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არის გაკეთებული, რომ ჩინჩალაძის ე.წ. კლანის წარმომადგენლები გავიდნენ. “ალანიას, გეწაძეს, გაბინაშვილს და სხვა ჩინჩალაძის მეგობრებს დიდი ამბიციები აქვთ. როგორც ჩანს, მოლოდინიც გააჩნიათ, რომ საბოლოოდ უზენაეს სასამართლოში მოხვდებიან. იმ ფონზე კი, როდესაც ეუთომ საკმაოდ მკაცრი დასკვნა მოამზადა, ამ სიის ლეგიტიმურობა კითხვის ქვეშ დგება. დასკვნაში გიორგი მიქაუტაძეზე ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. ეს ადამიანი თავიდანვე კანონის დარღვევით დარეგისტრირდა და სამი რეკომენდატორის მაგივრად ორი მიუთითა. ამ 20-დან თუნდაც ერთი გიორგი მიქაუტაძე დარღვევით რომ იყოს სიაში წარდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი არალეგიტიმურია, - ამბობს ჯანეზაშვილი. მისივე თქმით, სიაში მყოფი კანდიდატების უმეტესობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები არიან, სადაც ხელმძღვანელი ჩინჩალაძეა. ამიტომაც ჯანეზაშვილი ამბობს, რომ წარმოუდგენელია ეს ადამიანები სიაში მხოლოდ იმის გამო მოხვედრილიყვნენ, რომ მათ გასაუბრება კარგად გაიარეს”, - დასძენს გამოცემა.

“იუსტიციის არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ გამორიცხულია ჩინჩალაძის რეკომენდაციის გარეშე ისინი სიაში მოხვედრილიყვნენ. მისი თქმით, 20 კანდიდატიდან 18 ან მოქმედი მაღალჩინოსანია, ან კიდევ მოქმედი მოსამართლე. ანუ გამოდის, რომ სასამართლოს გარეთ მყოფი პირებისთვის კარი არ გახსნილა და ისევ სისტემის წარმომადგენლები არიან სიის დომინანტები. “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და დეპუტატი გედევან ფოფხაძე აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა მოსამართლეების სიაში იგივე კანდიდატები შეიყვანა, თუმცა საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად რამდენიმე სხვა ადამიანი ფორმალურად დაამატა. ფოფხაძე ამბობს, რომ მათ გასვლაზე საერთოდ პრეტენზიაც კი არ აქვთ და დიდი აქტიურობით არც გამოირჩევიან. მისი აზრით, ეს ჩვეულებრივი საკონსტიტუციო გადატრიალებაა, როდესაც სასამართლოს ერთი კაცი ჯიბეში იდებს და დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ამის საშუალებას მისცემს”, - წერს სტატიის ავტორი.

“უმრავლესობა ბოლომდე ამ დაკვეთას ასრულებს და საკონსტიტუციო გადატრიალების მოწმენი ვართ. ყველა, ვინც ამაში მონაწილეობს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ, ეს ადამიანები ელემენტარულად ანტიკონსტიტუციურ გადატრიალებას აფორმებენ, რათა ერთი ადამიანის გული მოიგონ. ეს მოსამართლეობის კანდიდატები ამ ყველაფერში უბრალოდ მონაწილეობას იღებენ. ისევ ის ძველი კანდიდატურები არიან, თუმცა თვალის ასახვევად რამდენიმე კაცი დაამატეს. ეს არის ფორმალური სია და ისევ ე.წ. კლანის წევრებს გაიყვანენ. ფაქტი ერთია, რომ ყველა ამ კაცის დაკვეთის შემსრულებელია. მე არავის “გამპრავებელი” და ხელის მომწერი არ ვარ. ამიტომაც მხადაჭერას ამ სიას არც გამოვუცხადებ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გედევან ფოფხაძე.

ალეკო ელისაშვილი - “თქვას ზურაბიშვილმა, ვინ დაუდო სია მაგიდაზე”

“კორუფციულმა სქემამ იმუშავა და ფული გააკეთა იმ პირმა, ვინც პრეზიდენტს ეს სია მაგიდაზე დაუდო. შეწყალების კომისია 9 თვეა გაუქმებულია. გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და ამ სქემას კარგად ვიცნობ - პრეზიდენტი იღებდა უკვე დამუშავებულ და დაწურულ შესაწყალებ პირთა სიას. ჩემ შემდეგ ამას ქორიძე აკეთებდა. თქვას ზურაბიშვილმა, ვინ დაუდო სია მაგიდაზე. სუს-ში რომ არსებობს კორუფციული სააგენტო, რომ სხედან და მსჯელობენ, ბოზბაში ჯობია თუ ჩიხირთმა, წესით, აქამდე უნდა დაედოთ ამაზე მტკიცებულებები. სასწრაფოდ უნდა გამოავლინონ შეწყალების სკანდალის მთავარი ფიგურანტი, რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს ის. ამ საქმეების უკან კონკრეტული პირები არიან და კომუნიკაცია ვის ვისთან ჰქონდა, არ არის ძნელი დასადგენი”, - აცხადებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თქვას ზურაბიშვილმა, ვინ დაუდო სია მაგიდაზე” / „ზურაბიშვილი იმპიჩმენტის გარეშე ვერ დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას“

“კორუფციის გარეშე სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია - მაშინ ამიხსენით, ძებნილის საქმე როგორ აღმოჩნდა პრეზიდენტთან, ძებნილის განცხადება შეფრინდა მის ოთახში? ვიღაცამ დაულაგა წინ ძალიან მძიმე და საჩოთირო საქმეები, რომელთა ფიგურანტები არანაირი მოტივით შეწყალებას არ იმსახურებდნენ. როგორც შეწყალების კომისის ყოფილი თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვ იმისთვის, რაც თქვა - ეს კრიტერიუმების ხარვეზის გამო მოხდა და პარლამენტს მივმართავ, დახვეწოსო. იმ კრიტერიუმებს დასახვეწი არაფერი სჭირს. არც აქვს წარმოდგენა, რა წერია, წაიკითხოს მაინც. დროზე უნდა დაეკომპლექტებინა შეწყალების კომისია და იმ კრიტერიუმებით რომ ეხელმძღვანელა, იმ ოთხი საქმიდან ვერც ერთი მის მაგიდაზე ვერ აღმოჩნდებოდა: დებულებაში წერია, რომ შეწყალების კომისია მსჯელობს მხოლოდ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდადებულთა საქმეებზე. ეს ნიშნავს, რომ ძებნილის საქმე არ განიხილება. ერთ-ერთი კრიტერიუმით, თუ პირს 5 წელზე მეტი აქვს მისჯილი და ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მისი შეწყალება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი. არც ნადირაძეს, არც დევაძესა და არც ბეჟანიძეს მესამედიც არა აქვთ მოხდილი, ამიტომ მიმართვის უფლებაც არ ექნებოდათ. კრიტერიუმები, რომლებიც ვითომ არ მოსწონს სალომე ზურაბიშვილს, ავტომატურად გამორიცხავდა ამ საქმეების განხილვას”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.

“როცა ვიყავი კომისიის თავმჯდომარე, მარგველაშვილის თანხმობით დავიწყე სააკაშვილის დროინდელი ქაოსური კორუფციული ნიშნების მქონე შეწყალების რეფორმის შეცვლა. ჩვენთან ერთად მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სასჯელაღსრულებიდან ჩართული იყო არჩილ თალაკვაძე, მაშინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე. ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ და შესანიშნავი დოკუმენტი შევადგინეთ. რა თქმა უნდა, მისი დახვეწაც შეიძლება, მაგრამ დღეს რაც არის, იმით გამოირიცხება ასეთი საქმეების შეწყალებაში მოხვედრა. სააკაშვილის დროს ორგვარი კორუფცია იყო: ერთით პირდაპირ ფულს იხდიდნენ და მეორით პოლიტიკური კორუფციაც იყო. მქონდა ინფორმაცია, რომ შეწყალების კომისიის რამდენიმე გავლენიანი წევრი ჯიბესაც ისქელებდა. იყო საარჩევნო კორუფციაც - შეწყალების პროცესს ზურაბ ადეიშვილი წარმართავდა და პატიმრებს ხმების მიცემისთვის ათავისუფლებდნენ. შემდეგ ჩვენი უზარმაზარი შრომით დებულება ადამიანური, კრიტერიუმები კი მკაფიო გავხადეთ, კორუფციის ხვრელები დავხურეთ”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მარგველაშვილსაც აკრიტიკებდნენ ამისთვის, მაშინაც ამბობდნენ, რომ ფულს იხდიდა ხალხი... როგორ გათავისუფლდნენ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულები, მათ შორის ნარკორეალიზატორები? - პასუხობს:

“ფულის აღებას გამოვრიცხავ - მძიმე შეცდომები დაუშვა, შეიწყალა ვიღაცები, მაგრამ ფულს არ იღებდა. იყო ოჯახის წევრებიდან და ნათესაობიდან გამომდინარე რაღაცებიც, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, მაგრამ გამოვრიცხავ ფულის აღებას. 5 თვე ვიყავი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, 3 შეწყალება ჩავატარეთ, დღედაღამეს ვასწორებდით, 1200-ზე ნაკლები საქმე არ განგვიხილავს. მარგველაშვილი 99%-ით ეყრდნობოდა ჩვენს სიას და ვიღაცას იწყალებდა, ვიღაცას არა”.

სალომე ზურაბიშვილს ეს სარეკომენდაციო ორგანოც არა აქვს. ის 11 პირი, ვინც კომისიაში შედიოდა, ერთობლივი მუშაობით გაფილტრულ საქმეებს წარადგენდა. ახლა, როგორც ჩანს, ვიღაც არაფორმალური კურატორი ჰყავთ. განცხადება შედის პრეზიდენტის სახელზე და მათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იბარებს. ყველა საქმეს ხომ არ შეიტანდნენ პრეზიდენტთან, ამას ხომ აკონტროლებს ვიღაც? თქვან, ის არაფორმალური მმართველი ვინ არის. დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილს არც ჩაუხედავს საქმეებში და ისე გაათავისუფლა დამნაშავეები. იქნებ ბაჩო ახალაიას გათავისუფლებაზეც მოაწერა ხელი? იქნებ ვიღაცამ დაუდოს მაგიდაზე ადეიშვილის, მერაბიშვილისა და სააკაშვილის საქმეებიც? რას აწერ ხელს, ხომ უნდა იცოდე?!”- მიიჩნევს ალეკო ელისაშვილი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება უპასუხისმგებლობის პიკი იყო. თავის უფლებამოსილებას მორატორიუმს რომ უცხადებს, მაშინ საერთოდ არაფერი გააკეთოს. თავისი საქმიანობის ნახევარი გააჩერა, მაშინ ხელფასიც გაუნახევრდეს. პრობლემა სალომე ზურაბიშვილის უპასუხისმგებლობაა, თორემ შეწყალება ჰუმანური აქტია და ამაზე არ უნდა ვთქვათ უარი. პასუხისმგებლობის მქონე პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. მაშინაც ვამბობდი, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რა თავსატეხი გაიჩინა ამ ქალის დასკუპებით-მეთქი. ღრმად ვარ დარწმუნებული, იმპიჩმენტის გარეშე ვერ დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას. სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს ეს საქმე. ვინ აკონტროლებდა ადმინისტრაციაში შესულ განცხადებებს, ვინ მიიტანა მის კაბინეტამდე ეს სია, ამის დადგენა ადვილია. ზურაბიშვილის ადგილას გადავდგებოდი, პასუხისმგებლობის ნატამალი რომ ჰქონდეს. სიმართლე გაირკვევა და მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რა მოტივით აუჩუყდა იმ პატიმრებზე გული, რატომ შეიწყალა და როგორ აღმოჩნდა ძებნილის საქმე მის მაგიდაზე”, - დასძენს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა