დავით ბაქრაძე - პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და „ქართული მარშის" ტერმინოლოგიის და მათი არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის გიგა ბოკერიას

პრობლემაა, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და „ქართული მარშის" ტერმინოლოგიის და მათი არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის გიგა ბოკერიას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს. ბაქრაძის თქმით, დასანანია, რომ სააკაშვილი დასცილდა იმ ღირებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც ის 2004 წელს დასავლური სახელმწიფოს მშენებლობას იწყებდა.

„სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად დასცილდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, ისევე, როგორც იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც ის 2004 წელს თავის გუნდთან ერთად იწყებდა ქვეყნაში რეფორმებს და აშენებდა დასავლურ, ტოლერანტულ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. მხედველობაში მაქვს გიგა ბოკერიას წინააღმდეგ წარმოებული შეტევა. მინდა ვიყო ძალიან მკაფიო - პრობლემა არ არის გიგა ბოკერიას კრიტიკაში, პრობლემა არის იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და „ქართული მარშის" ტერმინოლოგიის და მათი არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის, თუნდაც გიგა ბოკერიას,” - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პრობლემაა ასევე ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მხოლოდ ორ პოლიტიკურ ალტერნატივას სთავაზობს მისი და ივანიშვილის სახით.

„ჩვენი შეფასებით, საკითხის ასე დაყენება ფუნდამენტურად აზიანებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტს და არ ემსახურება ოპოზიციის და ქართველი ხალხის ინტერესებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის ერთდაერთი გზა გახლავთ, რომ არჩევნებზე მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი. ამ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს გააჩნიათ სხვადასხვა სიმპატია და ხმას აძლევენ სხვადასხვა პარტიას. თუ ჩვენ მათ ვეტყვით, რომ მათი ერთადერთი არჩევანი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომელსაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ, დარჩება სახლში და მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებში. ისევე, როგორც ეს მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ 2020-ში დავამარცხოთ ივანიშვილი და "ქართული ოცნება", ეს არის გზა, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოიყვანოს რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ აიღოს რაც შეიძლება მეტი ხმა. ნებისმიერი საუბარი, რომ ამ ქვეყანაში არის მხოლოდ ორი ალტერნატივა, ადამიანებს აფრთხობს არჩევნებზე მოსვლისგან. ეს პირდაპირ ემსახურება "ქართული ოცნების" ინტერესს და ხელს გვიშლის ოპოზიციას "ქართული ოცნების" დამარცხებაში. ამის მაგალითი იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პირველ ტურში განსხვავებულმა ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთად აიღეს ძალიან ბევრი ხმა და მაღალი პროცენტი, ხოლო მეორე ტურში - ერთი ერთზე დარჩენილ "ოცნებას" საშუალება მიეცა ძალიან ბინძური და ცუდი პროპაგანდით, მაგრამ მოეგო არჩევნების მეორე ტური,” - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულება აქვს ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ.

„ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებიდან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა