კატარაქტა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები (R)

როგორც ცნობილია, გარე სამყაროდან მიღებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი მხედველობის მიერ აღიქმება და სწორედ ამიტომ მიეკუთვნება თვალის დაავადებები სტრესის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ფაქტორებს. მსოფლიოში დღეს სხვადასხვა ოფთალმოლოგიური პრობლემის მქონე 170 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მათგან ყოველი მეოთხე უსინათლოა. მხედველობის დაკარგვის შემთხვევათა ნახევარზე მეტს უხსოვარი დროიდან ცნობილი და მეტად გავრცელებული პათოლოგია იწვევს, რომელიც კატარაქტის სახელითაა ცნობილი. იგი თვალის ბროლის შემღვრევის შედეგად ვითარდება და მხედველობის სხვადასხვა სიმძიმის დაქვეითებით ვლინდება. საბედნიეროდ, თანამედროვე ოფთალმოქირურგიაში უკვე ფართოდაა დანერგილი კატარაქტის მკურნალობის ეფექტური მეთოდოლოგია, თუმცა ამ დარგსაც ჰყავს თავისი ლიდერები და წარმატებას დიდად განსაზღვრავს თანამედროვე საოპერაციო ტექნოლოგიებისა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის თანაარსებობა.

კატარაქტაზე სასაუბროდ "ავერსის" კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის უფროსს, მედიცინის დოქტორს გიორგი პეტრიაშვილს ვეწვიეთ და მანაც ამომწურავი პასუხები გასცა ჩვენს კითხვებს.

- როდის ვითარდება კატარაქტა და შეიძლება თუ არა მისი თავიდან აცილება?

- კატარაქტა, როგორც წესი, მოხუცებულობის ასაკში ვლინდება, თუმცა იგი შეიძლება თანდაყოლილიც იყოს, განვითარდეს ტრავმის შედეგად, ანთების ფონზე და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მედიცინისთვის ცნობილი ერთ-ერთი უძველესი პათოლოგიაა, მისი ეტიმოლოგია და პათოგენეზი ჯერ კიდევ უამრავ კითხვასთან არის დაკავშირებული. ცალსახად დადგენილი მხოლოდ ისაა, რომ კატარაქტის განვითარება უკავშირდება თამბაქოს მოხმარებას, ერთობ არაკეთილსაიმედო ფაქტორად ითვლება ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება, ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი. კატარაქტა მნიშვნელოვნადაა განპირობებული თვალის ბროლის ასაკობრივი ცვლილებებით და, ცხადია, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად მისი სიხშირეც იზრდება.

- როგორია კატარაქტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდოლოგია??

- კატარაქტის მკურნალობის წარმატება ერთის მხრივ, მიკროქირურგიის განვითარებამ განაპირობა, ხოლო მეორეს მხრივ - თვალშიდა ლინზის ჩანერგვის ტექნოლოგიის შემუშავებამ. დღეისათვის ეს ორივე მიმართულება უაღრესად დახვეწილი და საკმაოდ ეფექტურია. კატარაქტის ოპერაციული მკურნალობის ტექნიკური დახვეწილობის პარალელურად უმაღლეს დონეზეა დამუშავებული ხელოვნური ბროლის დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიებიც.

- რამდენად ხელმისაწვდომია "ავერსის" კლინიკის პაციენტებისთვის კატარაქტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები?

- თამამად შეიძლება ითქვას, რომ კატარაქტის ოპერაციული მკურნალობა "ავერსის" კლინიკაში ისეთივე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ დონეზე ხორციელდება, როგორც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის საუკეთესო კლინიკაში. აქ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა უახლესი მეთოდია ათვისებული და კლინიკის უმაღლესი კვალიფიკაციის ოფთალმოლოგები თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ დიაგნოსტიკასაც და მხედველობის აღდგენის ურთულეს ოპერაციებსაც. რაც შეეხება კატარაქტის ოპერაციულ მკურნალობას, როგორც დაზიანებული ბროლის მოშორება, ასევე ხელოვნური ლინზის იმპლანტაცია, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება, რაც მინიმალურ ტრავმულობასა და მასალების უმაღლეს დონესა და ხარისხს გულისხმობს. ჩვენთან შემღვრეული ბროლის მოშორება ლაზერისა და ულტრაბგერის გამოყენებით ხდება, რაც შედეგის მიღწევას მინიმალური განაკვეთის გამოყენებით უზრუნველყოფს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია "ავერსის" კლინკაში წარმატებით დანერგილი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდი, რაც დაბალსიხშირიანი ულტრაბგერის გამოყენებას უკავშირდება. ამ მეთოდიკით ბროლის დაშლა თვალის შიგნით ხდება და ციცქნა (1-2 მმ) განაკვეთიდან შეიწოვება. განაკვეთი იმდენად პატარაა, რომ ნაკერის დადებასაც არ საჭიროებს. მეთოდის წარმატება გამოყენებული აპარატურის კლასზე დიდადაა დამოკიდებული, და სწორედ ამიტომ აღიჭურვა "ავერსის" კლინიკა დანადგარით, რომელიც მსოფლიო დონის ფაკოემულსიფიკატორებს შორის საუკეთესოდაა მიჩნეული. ამერიკული ფირმა „ALCON“-ის აპარატები “Infiniti” და „Constelation“ თანამედროვე სამედიცინო ტენოლოგიის უამრავ მიღწევასა თუ სიახლეს აერთიანებს და ოპერაციის უდიდეს ეფექტურობას უზრუნველყოფს.

- როგორ ხდება ხელოვნური ბროლის ინდივიდუალური შერჩევა?

- უნდა ითქვას, რომ ჩვენს კლინკაში ულტრათანამედროვე საოპერაციო მასალები და უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ინტრაოკულური ლინზები გამოიყენება. ავერსის კლინიკა მათ უდიდეს მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს და მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი ამგვარი პროდუქციის სრულ სპექტრზე ხელმისაწვდომობა ექიმებს საშუალებას აძლევს კონკრეტული კლინიკური შემთხვევის თავისებურებების მიხედვით შეარჩიონ გადასანერგი მასალის ოპტიმალური პარამეტრები. ახალი ქიმიური ნივთიერებების სინთეზმა მედიცინის მრავალ დარგს მისცა ახლებურად განვითარების საშუალება და არც ოფთალმოლოგია დარჩენილა პრინციპული სიახლეების გარეშე. მაგალითად თუნდაც იმგვარი დრეკადი ბროლების წარმოება გამოდგება, რომლებსაც ფორმის დამახსოვრების უნარი აქვთ და მნიშვნელოვნად ამცირებენ ოპერაციული ჩარევის ზომებსა და მოცულობას. თანამედროვე ინტრაოკულური ლინზები უაღრესად დახვეწილ და პრაქტიკულად სრულყოფილ ნაწარმს წარმოადგენს. ისინი უმცირესი ზომის განაკვეთში თავსდებიან, მინიმუმამდე ამცირებენ მეორადი კატარაქტის განვითარების რისკს, შეუძლიათ დაიცვან ბადურა ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, არ ცვლიან ფერების აღქმას და მაქსიმალურად უახლოვდებიან ბუნებრივ ბროლს. არსებობს მულტიფოკალური ლინზებიც, რომლებიც ფსევდოაკომოდაციის მეშვეობით საშუალებას აძლევენ პაციენტს ერთნაირად კარგად დაინახოს ყველა მანძილზე, შორსაც და ახლოსაც. ლინზების თანამედროვე არჩევანი დიდია, მაგრამ თუ ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ბროლის ერთადერთი, უნიკალური და მოცემული სიტუაციისთვის ოპტიმალური პარამეტრები არ შეირჩა, შედეგი საუკეთესო ვერ იქნება. "ავერსის" კლინიკას ამგვარი შერჩევის ყველა ტექნიკური საშუალება გააჩნია და წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოც ალბათ ამაშია.

- როგორ უნდა მომზადდეს პაციენტი საოპერაციოდ?

- კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის საქმეში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად ის უნდა ჩაითვალოს, რომ პაციენტის რაიმე სპეციალური მომზადება საჭირო აღარაა. მეტსაც გეტყვით. თავად ოპერაციაც სრულიად უმტკივნეულოა, კეთდება ამბულატორიულად და საკმაოდ სწრაფად - (ავერსის კლინიკაში ეს დრო სტანდარტულ შემთხვევებში 5-10 წუთია), გართულებები მინიმალური აქვს, ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი კი - ხანმოკლე (1-2 კვირა).

- ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კატარაქტის მკურნალობის საკითხი საბოლოოდაა გადაწყვეტილი?

- ჰოც და არაც. დარგის თვალსაჩინო პროგრესი უდავოდ შთამბეჭდავია, თუმცა მან არასგზით არ უნდა შექმნას პრობლემის გამარტივებული სურათი. ექიმმაც და პაციენტმაც კარგად უნდა გაიაზრონ, რომ, ერთის მხრივ, კატარაქტის სწორი დიაგნოსტიკა და მხედველობის დაქვეითებაში მისი როლის ზუსტი შეფასება საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, ხოლო მეორეს მხრივ - კატარაქტის ოპერაცია ურთულეს ქირურგიული ჩარევას წარმოადგენს და მისი წარმატება მხოლოდ უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ექიმის უმაღლესი კვალიფიკაციის ერთობლიობით მიიღწევა.

ქირურგია მედიცინის ურთულესი დარგია და ოპერაციის შედეგების პროგნოზირებას, როგორც წესი, უდიდესი სიფრთხილით აკეთებენ. ჩვენთვის კატარაქტა სასიამოვნო გამონაკლისია, რადგანაც "ავერსის" კლინიკაში მისი ოპერაციული მკურნალობის ეფექტურობა ყველაზე მეტად უახლოვდება უმაღლეს ნიშნულს და ამაში ყველა დარწმუნდება, ვინც აქ გადაწყვეტს მხედველობის აღდგენას.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა