ანდრია ჯაღმაიძე - სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დაუშვებლად მიიჩნევს წმინდა სინოდის სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას. ამით მამა ანდრია მეუფე პეტრეს იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ სინოდის მომდევნო სხდომა პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ სინოდზე შიდა საეკლესიო საკითხები განიხილება და ხშირად საეკლესიო თემების განხილვა საჯარო სივრცეში ბევრ გაუგებრობას იწვევს.

„სინოდის სხდომა არის შიდა საეკლესიო საკითხების განხილვა. ძალიან ხშირად საეკლესიო თემების გარჩევა საჯარო სივრცეში იწვევს ძალიან ბევრ გაუგებრობას. ეკლესიური აზროვნება არ არის მსგავსი იმისი, რასაც მიჩვეული ვართ ზოგადად ერში და რას ვგულისხმობ - გასაგები არის თუ არა ყველასთვის, რომ ჩვენ ვდღესასწაულობთ ჩვენი წმინდანების წამებას და სიკვდილის დღეებს. ეს ლოგიკური და გასაგები არის?! ვდღესასწაულობთ ღვთისმშობლის მიძინებას, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას. ჩვენ სხვა აზროვნებაში ვართ და ამიტომ შიდა საეკლესიო საკითხების გამოტანა საჯარო სივრცეში, სადაც ამ თემებზე იმსჯელებს ხალხი, ვისაც საერთოდ არ აქვს ეკლესიური აზროვნება და არ არიან ეკლესიის წევრები, იწვევს ძალიან ბევრ გაუგებრობებს, ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია სინოდის სხდომა იმართებოდეს საჯაროდ", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ეკლესიაში ახლა სიმშვიდეა და საჭიროა „არაკომპეტენტურმა ხალხმა თავი შეიკავოს ინტერპრეტაციებისგან იმისა, რაც ხდება ეკლესიაში".

ამასთან, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ ეთანხმება მეუფე პეტრეს შეფასებას, რომ ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი პატრიარქთან წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება იყო. მისი თქმით, პატრიარქს არაერთმა ადამიანმა გამოუცხადა თანადგომა.

„გუშინ უამრავი ხალხი იყო პატრიარქთან მოსული. არანაირ არჩევნებთან არ იყო დაკავშირებული იმ ხალხის მოსვლა იქ. ჩვეულებრივი თანადგომა იყო, ისე როგორც მთელმა საქართველომ გამოუცხადა პატრიარქს", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

იხილეთ ვიდეო: ანდრია ჯაღმაიძე - სრულიად წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა საჯაროდ იმართებოდეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო