ევროკავშირი იწყებს პროექტს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემის გასაძლიერებლად

7 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო „მეტეხი პალასში“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა’’ გახსნის ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, ღონისძიებით საჯარო სამსახურების დაძმობილების (ე.წ. ტვინინგის) პროექტის დაწყება აღინიშნება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ხარისხის პოლიტიკის გაუმჯობესებას. საქონლის გეოგრაფიული აღნიშვნების გამოყენების კონტროლის, სამართლიანი კონკურენციისა და დაცვის ეფექტური სისტემის ხელშეწყობას, არსებული ვითარების გაუმჯობესებას, საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

ევროკავშირის მიერ 1.5 მილიონი ევროთი დაფინანსებულ პროექტს ახორციელებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული სამსახურები მოცემულ სფეროში (იტალია და საფრანგეთი). პროექტის ბენეფიციარი კი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრია.

ღონისძიებას გახსნის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი ენრიკო ბარტოლი, საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი იულია სოტიერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე გენადი ლებანიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ბუჯიაშვილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ბენეფიციარი ქვეყნის პროექტის ლიდერები, პროექტის ადგილობრივ მრჩეველთან ერთად.

ტვინინგის პროექტის მიზანია, ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის დებულებებითა და ეფექტური დამხმარე ინსტრუმენტების შექმნის გზით საქართველოში საქონლის „ადგილწარმოშობის დასახელებისა“ და „გეოგრაფიული აღნიშვნების“ სისტემის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი 2021 წლის იანვრის ჩათვლით გაგრძელდება და იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის, სატყევე მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ ხორციელდება.

„ევროკავშირი საქართველოსთვის“ ინფორმაციით, მოსალოდნელი შედეგებია: საქართველოში გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ევროპულთან ჰარმონიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერება; გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე საქონლის მწარმოებელთა ასოციაციებისა და სახელმწიფო ორგანოების როლის გაძლიერება; საქართველოში გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით ეფექტური კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება.

საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი საქართველოსადმი ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიანი სექტორული მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს ქვეყნის დახმარებას გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული სისტემების ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციისათვის.

ტვინინგი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც, ასევე აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების საჯარო სექტორში დაგროვილ გამოცდილებას თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა