ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2019

ზაქარეიშვილი - “ქველმოქმედება ერთია და პოლიტიკა მეორე. აშკარაა, რომ პოლიტიკა ივანიშვილის საქმე არ არის”

რა უშლის ხელს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას - “ზურაბიშვილი გარკვეული ჯგუფის პოზიციას ელოდება”

მაისაია - “რუსული ინტერნეტ-“რკინის ფარდა” ახალი "ცივი ომის" რეციდივია”

* * *

ზაქარეიშვილი - “ქველმოქმედება ერთია და პოლიტიკა მეორე. აშკარაა, რომ პოლიტიკა ივანიშვილის საქმე არ არის”

“წინასაარჩევნო კონტექსტი დაიწყო ჯერ კიდევ 20 ივნისს, ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც “ოცნებამ” გამოაცხადა, რომ მომავალი არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდებოდა. ეს არის მართლაც ახალი გამოწვევა, ძალიან საინტერესო პერიოდში შევდივართ; საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად ტარდება არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით. პარლამენტი ახალი სისტემით დაკომპლექტდება და შეიქმნება კონკურენტული გარემო. პირველი პერიოდი შეიძლება იყოს ქაოტური, ამიტომ, არჩევნების შემდეგ, არ გამოვრიცხავ მალევე ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები; მაგრამ, მომავალი არჩევნები მართლაც ევროპული დონის არჩევნები იქნება და ახალგაზრდობას დავუტოვებთ რეალურ დემოკრატიას. ამიტომ, საზოგადოება არ უნდა შეშინდეს, ამ წლების ჯახირით გატარება ნამდვილად ღირს. “ოცნებას”, ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა ეთქმის, შეიძლება თვითონ ჩაიფერფლოს, მაგრამ ქვეყანა გადარჩება”, - აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილი რაც მალე წავა პოლიტიკიდან, მისთვის მომგებიანი იქნება” - ზაქარეიშვილისთვის მთავარი კითხვაა, ვინ წავა “ოცნებასთან” ალიანსზე.

“პროპორციულ სისტემას აქვს ის უნიკალური მნიშვნელობა, ვინ დააკომპლექტებს მთავრობას. ერთი წლით ადრე პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა, დღეის მოცემულობით ვერც ერთი პოლიტიკური ძალა 50%-ზე მეტს ვერ აიღებს. ანუ, “ქართულმა ოცნებამ” 40%-იც რომ აიღოს, მან უნდა იპოვოს მოკავშირეები პარლამენტის შიგნით. ამაზე შეიძლება წავიდეს “ევროპული საქართველო”. ის პრაგმატული პარტიაა, საკონტროლო პაკეტიც ხელში უჭირავს, ანუ ივაჭროს ან “ოცნებასთან” ან “ნაციოანალებთან”. “ნაციონალების” და “ოცნების” ერთმანეთთან თანამშრომლობა გამორიცხულია. “ოცნებამ”ორი დიდი შეცდომა დაუშვა, პირველი, როცა შუა გაკრიფა, მეორე კი როცა კოალიცია დაშალა, ამიტომაც, ბევრი პოლიტიკური პროგრამა ჩაუვარდათ. ახლა, როგორც ჩანს, ამის გამოსწორებას აპირებს. მაგრამ, თუ “ოცნება” მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს მას “მოქალაქეთა” კავშირის ბედი ელოდება. ოპოზიციაშიც დიდხანს ვერ გაძლებს. ასე რომ, ამ არჩევნების მთავარი კითხვა არის, ვინ წავა “ქართულ ოცნებასთან” ალიანსზე”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“არ ვიცი, რისი თქმა უნდოდა თავისი ბოლო განცხადებებით ივანიშვილს, ის მდიდარ პროექტებზე ლაპარაკობს. მას მართლაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, ძალიან ბევრი ქველმოქმედებაც გააკეთა, რისთვისაც მადლობა გვეთქმის; მაგრამ, ქველმოქმედება ერთია და პოლიტიკა მეორე. აშკარაა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის და რაც მალე წავა პოლიტიკიდან მისთვის მომგებიანი იქნება”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერები, საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მათი ერთობა არ დაიშლება, ხოლო როგორ წარსდგებიან მომავალ არჩევნებზე, ამ მექანიზმებზე კი უკვე მუშაობენ...” - პასუხობს:

“გაერთიანებული ოპოზიცია” რეალურად არის “ნაციონალური მოძრაობა”, ღერძი, რომლის გარშემოც გაერთიანებულია პატარა პარტიები. სავარაუდოდ, მომავალი არჩევნებისთვის ერთიანი სიით დარეგისტრირდებიან და ყველა პარტიას ექნება თავისი ადგილი. ანუ ერთიან სიაში შევა ყველა პარტიიდან ერთ ან ორი კაცი. ალბათ ერქმევა “გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა” - “ნაციონალები” სახელს არ დაკარგავენ”.

რა უშლის ხელს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას - “ზურაბიშვილი გარკვეული ჯგუფის პოზიციას ელოდება”

“რატომ ვერ ამბობს ზუსტად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს თუ არა ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. სინოდის შუამდგომლობის შემდეგ ვისი თანხმობა ან რეკომენდაცია სჭირდება პრეზიდენტს, რომ დეკანოზის შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ის შეწყალებების გამო საკმაოდ დიდ სკანდალში გაეხვა. ფაქტია, რომ მამალაძის შეწყალება პრეზიდენტს გარკვეულ დივიდენდებს მისცემს და მის სკანდალურ შეწყალებებს ცოტათი მაინც გადაფარავს. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი კიდევ ვიღაცის თანხმობას ელოდება. საზოგადეობაში გაჩნდა ლეგიტიმური მოსაზრება, შესაძლოა დეკანოზ მამალაძისგან ხელისუფლებას უფრო მეტი გარანტიები სჭირდება, რომ ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში ის საჯაროდ აღარ იაქტიურებს და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ საუბარი დასრულდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა უშლის ხელს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას - “ზურაბიშვილი გარკვეული ჯგუფის პოზიციას ელოდება”.

“ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, უნდა შევიწყალო, თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღებული გადაწყვეტილება. როცა იქნება, დამერწმუნეთ, მე საზოგადოებას ვეტყვი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა. დეკანოზის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, თუ გამოძიების წინაპირობას გავიხსენებთ და გავითვალისწინებთ იმ პირებს, რომლებიც პირადად იყვნენ დაინტერესებული დეკანოზის ციხეში ყოფნით, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს არავინ მისცემს იმის უფლებას, რომ მან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პირადი შეხედულების საფუძველზე მიიღოს...”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იგივე გიორგი მარგველაშვილის დროს შეწყალებაზე ორჯერ მივმართეთ. ასევე სალომე ზურაბიშვილსაც ამდენჯერ ვთხოვეთ, რომ დეკანოზი შეეწყალებინა. თუმცა, არც ერთმა პრეზიდენტმა ამ საქმის ირგვლივ პირადი გადაწყვეტილება არ მიიღო. ორივე მათგანზე გარკვეული გავლენა არსებობდა. მარგველაშვილის შემთხვევაში ის მოსაყდრე მეუფე შიოს მეგობარია, ამიტომ, ეს გავლენა აშკარა და ღია იყო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მასზე თავდაპირველად საპატრიარქოც მანიპულირებდა, თუმცა, ახლა მიმართვის შემდეგ, მას როგორც ჩანს პროკურატურა და ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ მწვანე შუქს არ უნთებენ. ზურაბიშვილი გარკვეული ჯგუფის პოზიციას ელოდება, უნდა მოხდეს თუ არა უნდა მოხდეს დეკანოზ მამალაძის შეწყალება. იმედია, რომ საპატრიარქომ ეს თემა თავიდან მოიშორა და ახლა პასუხისმგებლობა მხოლოდ პრეზიდენტზე გადაიტანეს, რომელიც თავის მხრივ ამ პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღებას ვერ ახერხებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ რამიშვილი.

“უახლოეს დროში გამოჩნდება, საპატრიარქოს მიმართვა მხოლოდ ფარატინა ქაღალდად ხომ არ დარჩება. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც შეწყალებასთან დაკავშირებით გარკვეული საუბარი იყო. ეს პირადად შენდობის დღეს, სინოდის ტაძარში მამა ანდრია ჯაღმაიძე დამიკავშირდა და შევხვდით. იმედია, ამ ფაქტს არ უარყოფს. შეხვედრის დროს მან ასეთი რამ მითხრა, თუ დეკანოზი საჯაროდ პირობას დადებდა, რომ ის თავს დამნაშავედ სცნობდა და შეეშალა. ხოლო მეუფე იაკობი, თეთრუაშვილი და სხვა პირები ამ საქმეში უდანაშაულები იყვნენ, მაშინ პრეზიდენტს შეწყალების შუამავლობით მიმართავდნენ. მე მაშინვე ვუთხარი ჯაღმაიძეს, რომ გამორიცხულია ადამიანმა აღიაროს დანაშაული, რომელიც არცკი ჩაუდენია. მეორე გარემოება კი ის იყო, რომ თუ ის ამ დანაშაულს აღიარებდა, მაშინ შემოუტრიალებდნენ და თანამზრახველების დასახელებას და ხელის დადებას მოსთხოვდნენ. რა თქმა უნდა, ახლაც ეს პირობები გამორიცხული არ არის უკვე პროკურატურისგან. შესაძლოა საპატრიარქოს საერთოდ იმედიც არა აქვს, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს და ყველაფერი ეს მხოლოდ ფარსია. ერთი ის არის, რომ მამალაძე ამ შეთავაზებებს არ დასთანხმდება”, - დასძენს რამიშვილი.

“იურისტი და უფლებადამცველი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების უფლებას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ხელისუფლება პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად გამოიყენებს. მისი აზრით, ამ გადაწყვეტილების მიმღები იქნება არა პრეზიდენტი, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალა. ხოლო როდესაც ის ჩათვლის საჭიროდ, რომ შეწყალების გაფორმება საჭიროა ზურაბიშვილის ხელმოწერით, დეკანოზსაც მაშინ შეიწყალებენ. მისივე თქმით, დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი წინასაარჩევნოდ გამოკიდებული იქნება და როდესაც ეს სკანდალური ამბები ჩაწყდება, ამის შემდეგ მიიღებენ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რასაც ზურაბიშვვილი უბრალოდ ხელს მოაწერს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს თემა ახლა კარგი პოლიტიკური დივიდენდების მომტანია, ამიტომაც ეს აქტუალური თემები, როგორც კი საზოგადოების ყურადღების ქვედა ნაწილში გადაინაცვლებს, მაშინ ამ თემით ზუსტად მმართველი გუნდი წარმოჩინდება. ამის შედეგად კი მადლობას მიიღებენ, როგორც საპატრიარქოს, ასევე მამალაძის ოჯახის წევრების და პოლიტიკსოებიც, რომლებიც მის გათავისუფლებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ. რაც შეეხება იმას, რომ დეკანოზ მამალაძის გამოსვლის შემდეგ ვინმეს მისი ხმამაღლა საუბრის კიდევ ეშინია, არ მგონია. მამალაძემ ისეთი სკანდალური რაღაც უნდა თქვას, როგორი განცხადებაც მეუფე იაკობმა და მეუფე პეტრემ გააკეთეს? ამიტომაც, არ მგონია, რომ ხელისუფლება მისგან რამე გარანტიებს ელოდება. კი ბატონო, თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომ მამალაძემ შეიძლება მეუფეების ნათქვამი დაადასტუროს, მაინც მათზე სკანდალურს უკვე ვეღარაფერს იტყვის. არსებულ მდგომარეობას საპატრიაქროსთან მიმართებაში იმაზე მეტად ვეღარ დაამძიმებს რაც არის”, - თვლის ლევან ალაფიშვილი.

მაისაია - “რუსული ინტერნეტ-“რკინის ფარდა” ახალი "ცივი ომის" რეციდივია”

“რუსებმა შესაძლოა ფეისბუქის ანალოგი შექმნან და საქართველოს მოსახლეობასაც შესთავაზონ, რომ რუსეთში მცხოვრებ ნათესავებთან კონტაქტი ამ საშუალებით შეინარჩუნონ - ვლადიმირ პუტინი საკუთარ ხალხს ინტერნეტვაკუუმს უქმნის, ის რუსეთს დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსგან წყვეტს და ქვეყანას ერთგვარ ელექტრონულ “რკინის ფარდას” აფარებს. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც რუსული ინტერნეტსივრცის მოდელის შექმნას ითვალისწინებს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ამ კანონის შემოღებით, პუტინი რუსეთში დასავლეთის გავლენის აღკვეთას ცდილობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ქართველ ემიგრანტებს საქართველოში დასაკავშირებლად შესაძლოა შეზღუდვები შეექმნათ - ინტერნეტ “რკინის ფარდა” რუსეთში.

“რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ცნობილმა დეპუტატმა ანდრეი ლუგავოიმ (რომელიც ლიტვინენკოს მოწამვლის მთავარ ფიგურანტად ითვლება და რომელსაც რუსეთში გაქცევის შემდეგ დეპუტატის მანდატი მისცეს) და კიდევ ორმა დეპუტატმა, კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში 2021 წელს ძალაში შევა რუსული საინტერნეტო სივრცის მოდელი. ისინი ცდილობენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლეთის გავლენის აღსაკვეთად ინტერნეტი შეზღუდონ, ანუ ეს იგივე ვარიანტია, რაც ჩინეთმა გააკეთა. “სამშაბათს პუტინმა სახელმწიფო საბჭოს სხდომა ჩაატარა - სხვათა შორის, სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად დააყენა, რომ რუსულ ენას რუსეთის საგარეო პოლიტიკის რბილი ძალის სტატუსი მიენიჭოს, მეორე საკითხი იყო ის, რომ პუტინმა სხდომას შესთავაზა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ვიკიპედია გაუქმდეს და შემოტანილ იქნას მისი ანალოგი რუსეთის ენციკლოპედიური ლექსიკონი. ეს ფაქტიურად ლუგავოის კანონპროექტის გაგრძელებაა, რომელ კანონპროექტსაც ვერ შეიმუშავებდა პუტინის და კრემლის გარეშე, იმიტომ, რომ იგი კრემლის უშუალო გამხმოვანებელია”, - ამბობს მაისაია, რომლის განმარტებით 2021 წლისთვის რუსეთში დაგეგმილია არსებული ინტერნეტის აღმოფხვრა და ამ პროექტის განხორციელებისთვის სავარაუდოდ გამოყოფილია 100 მილიარდი რუსული რუბლი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ კანონპროექტს რუსეთის სახემწიფო დუმა ყველა ვარიანტში მიიღებს, იმიტომ, რომ რუსეთის მმართველ პარტიას კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს, ამ პროექტს სავარაუდოდ მხარს დაუჭერენ რუსი კომუნისტები, ასევე ლიბერალ-დემოკრატიული პარტია, ამიტომაც, ფაქტობრივად ეს კანონი მიღებულ იქნება და საბოლოო ჯამში ბუნებრივია ხელს პრეზიდენტი პუტინიც მოაწერს, ამით რუსეთში ფაქტობრივად დასავლური სოციალური ქსელების სისტემები შეიზღუდება. ალბათ რუსული მეილები შენარჩუნდება, სოციალური ქსელების შემთხვევაში, შესაძლოა რუსებმა ფეისბუქის ანალოგი შექმნან, როგორც ეს ჩინელებმა გააკეთეს, ამ კუთხით საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობასაც შესაძლოა შესთავაზონ ის, რომ მათ რუსეთში მცხოვრებ ნათესავებთან კონტაქტი შეინარჩუნონ. რუსეთში ინტერნეტი თუ იქნება, სავარაუდოდ ჭჰატსAპპ-ისა და Vიბერ-ის წვდომაც იქნება, რადგან არ მგონია, რომ რუსეთის “ფე-ეს-ბემ” ეს პროგრამები გატეხოს და პრობლემები შეუქმნას იმიტომ, რომ ეს ჩინელებმაც ვერ შეძლეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამით რუსეთი ერთგვარ ელექტრონულ “რკინის ფარდას” ქმნის, არაა გამორიცხული, რომ ამ პროექტში ბელორუსიც ჩაერთოს, ასევე ევრაზიული კავშირის სხვა სახელმწიფოებიც. საინტერესოა, 2 მილიონ ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ საქართველოში ოჯახებთან და ნათესავებთან როგორი სახის კომუნიკაცია ექნება. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იქნება ისეთივე სისტემა, რაც რუსეთში დაინერგება, ფაქტიურად ისინი მის გადმოკოპირებას და ამ რეგიონებში დანერგვას მოახდენენ და შეუერთდებიან რუსული ელექტრონული ქსელის ვარიანტს. ეს ახალი ცივი ომის რეციდივია და საბჭოთა კავშირის ადრინდელი რეჟიმის გამეორებაა, რასაც ახლა პუტინი აპირებს”, - განაგრძობს ექსპერტი

“რუსები შექმნიან მათთვის მისაღებ საკომუნიკაციო სოციალურ ქსელს, თუ ნებისმიერი ჩვენთაგანი იმ სოციალურ ქსელში ჩაერთვება, მათთვის უფრო კარგი იქნება, რუსეთი დასავლური სოციალური ქსელების დაბლოკვით იყენებს არა რბილ ძალას, არამედ ჭკვიანი ძალის ელემენტებს. ეს ფაქტიურად იდეოლოგიური ფრონტის პირობების შექმნაა, როდესაც იყენებს ისეთ საშუალებებს, რომლითაც მოწინააღმდეგეებზე ახდენ მისი კულტურის, ცნობიერებისა და ინფორმაციულობის ველების შექმნას. რუსული პროგრამების გადმოწერა და იქ დარეგისტრირება ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი პიროვნების დაფიქსირება “ფე-ეს-ბეს” სპეციალურ ელექტრონულ კატალოგებში და უცებ გამოყენება უკვე შესაძლებელი გახდება, უკვე ჭკვიან ძალასთან გვაქვს საქმე, ისინი უკვე თითოეულ ინდივიდზე იმუშავებენ, რომლებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ იქნებიან და რუსეთში კომუნიკაციას შეძლებენ” - დასძენს. მაისაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა