ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგის რესურსს ვერ ვხედავ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგის რესურსს ვერ ხედავს.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ორიენტირებულია, რომ ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში აღმოჩნდეს.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, კონსტრუქციული საუბრისთვის იმ ხალხთან, ვისაც შესწევს კონსტრუქციული საუბრის უნარი. ჩვენ ვნახეთ, რომ იქ მდგომი ადამიანების, ოპოზიციონერი ე.წ.ლიდერების უმეტესობას, არ სურს კონსტრუქციული დიალოგი. შესაბამისად, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დიალოგის რესურს ვერ ვხედავ. ადამიანები, რომლებიც მოუწოდებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კანონდარღვევისკენ, ბოროტად იყენებენ იქ მდგომ ზოგიერთ ახალგაზრდას და ორიენტირებული არიან, რომ ყველა ფორმა გამოიყენონ შურისძიების, იქნებ როგორღაც აღმოჩნდნენ ხელისუფლებაში, თუმცა მათ ეს იმედები გაუცრუვდებათ. საქართველოში წარსულს ჩაბარდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობა. ჩვენ დავიცავთ აზრის და გამოხატვის თავისუფლებას განუხრელად“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიზანია, რომ 2020 წელს არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს.

„ჩვენ ვმუშაობთ, ჩვენ ვერ ავყვებით ოპოზიციის დღის წესრიგს. როგორც ჩანს, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა პასუხისმგებლობა აიღო მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ამ პასუხისმგებლობას უფრთხილდებიან, რომელიც მათ აიღეს მათი ბელადის მიმართ. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული საზოგადოების წინაშე. დღეს განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც შეეხება მიწების რეგისტრაციის საკითხს. ჩვენ ვცდილობთ ამ პროექტით გადავჭრათ ის საკითხები, რომელიც უკავშირდება მიწების დარეგისტრირების საკითხს, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის საინტერესოა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე შეფასებით, საზოგადოების ინტერესებშია ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და არა ქუჩაში ამ ფორმით პროტესტი.

„ეს არ არის მათი დაკვეთა, მათი დაკვეთაა მშვიდობიანი განვითარება და საზოგადოების ამოცანაა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წელს არჩევნები იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, კიდევ უფრო დემოკრატიული, ვიდრე აქამდე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პოლიციის ამოცანაა, რომ მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება უზრუნველყონ.

„რაც შეეხება პოლიციის მობილიზებას, პოლიციის ამოცანაა უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფალი გადაადგილება და ის, რომ პარლამენტის წევრებმა შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა, რისთვისაც საზოგადოება გვიხდის ჩვენ ხელფასს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა