ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2019

„ხელისუფლებას შეეშინდა, რომ კოალიციას ვერ შექმნიდა” - დემეტრაშვილი

გია ხუხაშვილი - “ოცნებამ” სიტუაციის აფეთქება მოახდინა... გვექნება მცოცავი არასტაბილურობა არჩევნების დღემდე”

“ხელისუფლების მიზანი მაქსიმალური პოლარიზებაა” - დავით ზურაბიშვილი

* * *

„ხელისუფლებას შეეშინდა, რომ კოალიციას ვერ შექმნიდა” - დემეტრაშვილი

“ვინც ნათელაშვილთან იკრიბება, აქედან უმრავლესობამ იცის, რომ 2020-ში 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს და ნულოვანი ბარიერის დაბრუნება უნდა. ხელისუფლებამ კი უარი იმიტომ თქვა, რომ რეალური საშიშროება იყო, კოალიციას ვერ შექმნიდა. 40%-ზე ნაკლები რომ აეღო, “პატრიოტთა ალიანსი” საკმარისი არ იქნებოდა, მაშინ ვისთან უნდა შეექმნა მთავრობა...” - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს, რომელიც უახლოეს დღეებში განსახილველად ეუთო-ს გადაეგზავნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით „ხელისუფლებას შეეშინდა, რომ კოალიციას ვერ შექმნიდა” - დემეტრაშვილი.

“აქ მოდელში არ არის საქმე, ეს არის პოლიტიკური ნება. თუ “ქართულ ოცნებას” უნდა, რომ ჩაატაროს არჩევნები, გინდა გერმანული იყოს და გინდა იაპონური დასვას თავისი იურისტები და ერთ დღეში გააკეთებენ. მაგრამ უნდა, რომ შეინარჩუნოს მაჟორიტარული სისტემა. გერმანული მოდელი ამის საშუალებას იძლევა და ორივე მხარე დაკმაყოფილდება. არის სხვა საშუალებაც, კონსტიტუცია რომ არ გადაიხედოს, პირველი მოსმენით თუ ჩავარდა პროპორციული სისტემა, მეორე და მესამე მოსმენით ჩაატაროს. მარტივი ასახსნელია, რაც ახლა ხდება, ოპოზიციას უნდა რომ დანაპირები შესრულდეს, ხელისუფლებამ კი უარი იმიტომ თქვა, რომ რეალური საშიშროება იყო, კოალიციას ვერ შექმნიდა... ამიტომ სულ ასე იქნება, ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკის ხარვეზი. მაგალითად მერკელმა 4 თვის განმავლობაში ვერ შექმნა მთავრობა. იგივე ხდება საბერძნეთში, იტალიაში და სხვაგან. ამიტომ, ჩემი აზრით, გამოსავალი არის ორპალატიანი პარლამენტი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილი.

“რაც შეეხება ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ ვარიანტს, განსახილველად სად გადააგზავნის ოპოზიცია არ ვიცი, მაგრამ არც ვენეციის კომისია, არც ეუთო თუ ევროსაბჭო თავის თავზე არ აიღებს უფლებას გიკარნახოს, ყოველთვის ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ, ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ან არ ეწინააღმდეგება, ასეთი დასკვნა იქნება. პასუხის მოსვლას დიდი დრო არ დასჭირდება, რადგან სიტუაცია სხვაგვარად არის. ორგანული კანონის მიღებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება, მაგრამ თუ “ოცნების” დეპუტატები გააჭიანურებენ, შეიძლება ერთი წელიც დასჭირდეს. შემდეგ ხელმოსაწერად პრეზიდენტთან უნდა წავიდეს, პრეზიდენტს ვეტოს დადების უფლება აქვს”... - დასძენს ავთანდილ დემეტრაშვილი.

გია ხუხაშვილი - “ოცნებამ” სიტუაციის აფეთქება მოახდინა... გვექნება მცოცავი არასტაბილურობა არჩევნების დღემდე”

“დღეს სამწუხაროდ ისეთი სურათი იქმნება, თითქოს ამ 7 წლის განმავლობაში, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” გარდა სხვა არავინ არსებობს. ერთმანეთისთვის თავპირის დალეწვა ამ ორი პარტიის დღის წესრიგია. ეს არის კიდევ ერთი ინდიკატორი იმისა, რომ არც წასული უნდა გვინდოდეს და არც აწმყო, რადგან აწმყო ძალიან დაემსგავსა წარსულს”, - აცხადებს “რეზონანსთან” ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ოცნებამ” სიტუაციის აფეთქება მოახდინა, მაგიდა ააყირავა” - გია ხუხაშვილი.

“ოცნება” და “ნაცმოძრაობა”, ერთ ძალად ჩამოყალიბდნენ. თვლიან, რომ სამყაროში მხოლოდ ისინი არიან და ყველამ მათ თავპირის მტვრევას უნდა უყუროს. ეს ძალიან კარგი ინდიკატორია. საზოგადოება ხედავს, რომ არც ერთსა და არც მეორეს სხვა ენაზე საუბარი არ შეუძლიათ, ამიტომაც უნდა გააკეთოს ალტერნატიული არჩევანი. ასე რომ, პოზიტიურადაც შევხედავდი ამას. ისინი ერთმანეთს აბრალებენ ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობას - აბა, რას იზამენ, თავისით ხომ არ დაიბრალებენ? - ესენი ყოველთვის ერთმანეთს აბრალებენ ყველაფერს... ამ კრიზისში კი ვინ გადაგვჩეხა? - რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, რომელმაც თავისი დანაპირები უკან წაიღო, რითაც სიტუაციის აფეთქება მოახდინა, მაგიდა ააყირავა. ამ პროტესტს ნუ წარმოვიდგენთ ისე, თითქოს მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, ეს პროტესტი აქვს ყველას, ყველა სამოქალაქო ჯგუფსა და პარტიას, რომლებიც არ მონაწილეობენ ამ თავპირის მტვრევაში. ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს პროტესტი დაიყვანოს “ნაციონალური მოძრაობის” დონეზე, თითქოს მხოლოდ ისინი აპროტესტებენ, სინამდვილეში ასე არ არის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“ხელისუფლება მოიქცა ძალიან მძიმედ. დღევანდელ კრიზისზე მთლიანად ის არის პასუხისმგებელი. ამ დაპირისპირების პროვოცირება მან დაიწყო იმით, რომ უკან წაიღო თავისი დანაპირები. რაც შეეხება ე.წ. გერმანული მოდელს, რომელიც ოპოზიციამ პარლამენტში დაარეგისტრირა, ამას სკეპტიკურად ვუყურებ. ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ამ პროექტს პერსპექტივა არ აქვს, რადგან ეს ანტიკონსტიტუციურია - ამაზე ლაპარაკობს გია ვოლსკი, ძალიან კომპეტენტური კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძის საპირწონედ... ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა არის კონსტიტუციური და რა არა. მათ უნდათ ძალაუფლების შენარჩუნება და ამის ერთადერთ ინსტუმენტად მაჟორიტარული არჩევნების დატოვებას განხილავენ”, - დასძენს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “რა მოხდება “ქართული ოცნების” კიდევ ერთი უარის შემთხვევაში?” - პასუხობს:

“ვითარება ისედაც დაძაბულია. ეს დაძაბული ვითარება გამოვა თუ არა კონტროლიდან, ეს სხვა საკითხია. არ მგონია, რომ კონტროლიდან გამოვიდეს, მაგრამ გვექნება მცოცავი არასტაბილურობა არჩევნების დღემდე. ამას მიაღწია ხელისუფლებამ”.

“ხელისუფლების მიზანი მაქსიმალური პოლარიზებაა” - დავით ზურაბიშვილი

“ხელისუფლებამ არ იცის, როგორ უპასუხოს ამ პროცესებს, მიზანი არის მაქსიმალური პოლარიზება და ცდილობს გაითამაშოს ხალხის რისხვა, თითქოს ხალხია აღშფოთებული, რაც სინამდვილეში ასე არ არის”, - ასე ეხმაურება "რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ზურაბიშვილი ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრადამჭერებს შორის დაპირისპირებას, რომელიც რეგიონებში სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ხელისუფლების მიზანი მაქსიმალური პოლარიზებაა” - დავით ზურაბიშვილი.

“ამ საპროტესტო აქციებით ხელისუფლება კი არ იცვლება, ეს არის ზეწოლის ფორმა, რომ ხელისუფლებამ დაგვიბრუნოს ის, რაც დაგვპირდა და შემდეგ გადაგვაგდო, პროპორციული არჩევნები. ეს არის ამ საპროტესტო აქციების მიზეზი და ზეწოლის საშუალება. არც ერთი პარტია არ გაიზიარებს ხელისუფლების დამხობას, საერთო მოთხოვნა არის პროპორციული არჩევნები, თუ ამას დამხობა ჰქვია, არ ვიცი. ხელისუფლება ცდილობს გაითამაშოს ხალხის რისხვა, თითქოს ხალხია აღშფოთებული, სინამდვილეში ასე არ არის. არ იცის, როგორ უპასუხოს ამ პროცესებს, მიზანი არის მაქსიმალური პოლარიზაცია, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ამიტომ, სამოქალაქო აქტივისტებს დაუპირისპირა თავის ზონდერ ჯგუფები და ის ხალხი, რომელიც დასაქმებული ჰყავს. უხდის პრემიებს და ცოცხებთან ერთად ბოთლსაც თუ ჩაგარტყამს, შეიძლება პრემიაზე დანამატი მიიღოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“რაც შეეხება "გერმანულ მოდელს", ხელისუფლებას შევთავაზეთ, გაეგზავნა ვენეციის კომისიაში, მაგრამ ცივ უარზე არიან, იციან, რა პასუხსაც მიიღებენ. ახლა სახალხო დამცველი აგზავნის ეუთოს სტრუქტურაში. მოლოდინი არის ის, რომ თუ ხელისუფლება დათანხმდება ჩვენ მიერ შეთავაზებულ წინადადებას, აქციებიც დასრულდება და მოვემზადებით არჩევნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები და ზეწოლა ხელისუფლებაზე გაგრძელდება და პარალელურად მოვემზადებით არჩევნებისთვის. რაც შეეხება ხელისუფლების ბრალდებას, თითქოს "გერმანულ მოდელზე" მხარდაჭერას მოსკოვში ვეძებთ, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გამზავრებას რომ მიაბეს. ნამდვილად არ გამოუვათ ოპოზიციას დააბრალოს პრორუსულობა, რადგან ჩვენთვის მიუღებელია ქართულ პოლიტიკაში რუსული ფაქტორის შემოყვანა”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შემუშავებულ ე.წ. გერმანულ მოდელს ოპოზიცია პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს, რაც ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის აზრით, შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან თავად “ქართულ ოცნებას” “გერმანულ მოდელზე" გადასვლა არ აწყობს და არც პარლამენტი მიიღებს ამ კანონპროექტს. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში დარეგისტრირების შემდეგ, კანონპროექტი ჯერ ბიუროს წარედგინება, მოგვიანებით კი მის განხილვას კომიტეტები დაიწყებს. ოპოზიციის ინიციატივის კანონპროექტად ჩამოყალიბების შემდეგ, წესით სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირისგან პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები უნდა გამოითხოვოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვინ ცდილობს დესტაბილიზაციას და რა მოხდება თუ “ოცნებამ” გერმანული მოდელი საბოლოოდ უარყო.

„ხელისუფლება არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას, არც პარლამენტი მიიღებს ამ ინიციატივას, შეიძლება განიხილოს, მაგრამ არ მიიღებს, რადგან „ოცნებას" არ სურს „გერმანულ მოდელზე" გადასვლა. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მუხტმა აიწიოს, თუმცა, სიტუაცია განსაკუთრებით არჩევნების წინა პერიოდში დაიძაბება, როდესაც ოფიციალურად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია. ხელისუფლება ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციას, რადგან თავად ხელისუფლებამ დაარღვია წინაპირობა, როდესაც მოსახლეობას დაპირდა, რომ საარჩევნო კანონს შეცვლიდა... თითქოს მაჟორიტარები წავიდნენ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, ასეთი იმიტაცია შეიქმნა, მაგრამ რეალობა გახლავთ ის, რომ პირველ რიგში ხელისუფლებამ დაარღვია თავისი სიტყვა. ამან გამოიწვია ეს ვნებათაღელვაც”, - მიიჩნევს ნიკა ჩიტაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა