თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ

თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და „ქართულ ოცნებაში“ ერთ-ერთ მთავარი ფიგურა იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც „ოცნების“ დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კანონროექტი ჩააგდეს, მან ყველა თანამდებობდა დატოვა. ის ახლა თანამოაზრეებთან ერთად, დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს პარლამენტში საქმიანობას.

ჩუგოშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში გუნდის დატოვებაზე, სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებზე საუბრობს.

- მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდეს, პროცესები პარლამენტიდან ქუჩაში გადავიდა. უმრავლესობა, მმართველი გუნდი და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის თქვენც. როგორ ფიქრობთ, გუნდში რომ დარჩენილიყავით, რამის შეცვლას და სიტუაციის ნორმალიზებას ვერ შეძლებდით?

- მე რომ დამენახა რესურსი შიგნით დარჩენით პროცესებზე მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენის მოხდენის, არც წამოვიდოდი პრინციპში იმიტომ, რომ ჩვენ ასეთი ეტაპები გამოგვივლია, მაგალითად, მოსამართლეებთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, როცა გუნდში ყოფნით რაღაც პროცესებს ბიძგი მიეცა. ახლა მე ვფიქრობ, შიგნით დარჩენის შემთხვევაში ასეთი რესურსი სამწუხაროდ, არ იყო.

ვფიქრობ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიდგომა საკმაოდ ხისტია, პროპორციულზე ლაპარაკი დასრულებულია და ვიცით, რომ ამ არჩევნებს პროპორციული საარჩევნო სისტემით ვერ შევხვდებით, თუმცა პროპორციულის გარდა სხვა გზებიც არსებობს, სხვა გზებითაც შეიძლება სიარული იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემა უფრო სამართლიანი იყოს. ამიტომ ჩემი და ჩემი კოლეგების პოზიცია არის ის, რომ უმრავლესობის მხრიდან კომპრომისზე წასვლა არის აუცილებელი, გარკვეულ დათმობებზე წასვლა არის აუცილებელი, სისტემის მოდიფიცირება უნდა მოხდეს იმ პირობებშიც კი, თუ კონსტიტუციაში ცვლილებები არ შევა. თუ მხოლოდ კანონში შევა ცვლილება, ესეც შესაძლებელია და მოფიქრებადია გზები, ბევრნაირი სისტემა არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და გამოყენება შეიძლება, მაგრამ ამ ყველაფრის მხარდაჭერას გარედან ვაკეთებთ და არა გუნდის შიგნიდან. დღეს რომ „ქართული ოცნების“ გუნდში ვიყო, არ ვფიქრობ, რომ შევძლებდი განსაკუთრებული გავლენა მომეხდინა გუნდზე, რათა სწორი მიმართულებით წასულიყო პროცესები. ალბათ, შიგნით ყოფნის პირობებშიც არ იქნებოდა რეალურად რესურსი, რომ პროცესებზე განსაკუთრებული გავლენა მოგვეხდინა.

- პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება აღმოჩნდა ის ბოლო წვეთი, რამაც გაიძულათ, რომ მმართველი გუნდი დაგეტოვებინათ. აქამდე თუ არსებობდა რაიმე საკითხი, რის გამოც გუნდის დატოვება გიფიქრიათ? ან ხმამაღალი საუბარი და კამათი გქონიათ კოლეგებთან?

- კამათი და აზრთა სხვადასხვაობაც ჩვეულებრივი მოვლენაა, მითუმეტეს იცით, რომ „ქართული ოცნება“ არის გაერთიანება, რომელიც სრულიად სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ადამიანებისგან შედგება, „კონსერვატორებიც“ იყვნენ, „სოციალისტებიც“, „მწვანეებიც“ - მრავალფეროვანი შემადგენლობაა, ამიტომ კამათი, დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური პროცესია და ამის გარეშე ვერც იქნები პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ ისეთი რამ, რამაც განცდა გამიჩინა, რომ პროცესები პრინციპულად არასწორი მიმართულებით მიდიოდა და ეს იქნებოდა ქვეყნისთვის მძიმე, აქამდე არ მქონია. პირველად გამიჩნდა ასეთი შეგრძნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქუჩის აქციები, რასაც ახლა ვხედავთ, მხოლოდ დასაწყისია, ეს გაგრძელდება, სულ ამას ვამბობ, ეს გაგრძელდება ძალიან ცუდი და შავი საარჩევნო კამპანიით. თუ ხელისუფლება დათმობებზე არ წავიდა ანუ თუ ეს არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა და ისევ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე იქნა საუბარი, ვფიქრობ, კიდევ უფრო მძიმე იქნება არჩევნების მერე პროცესები, ამიტომ ამ გადაწყვეტილებამ ხანგრძლივ პოლიტიკურ რყევებში შეიყვანა ქვეყანა. მე ეს მგონია ძალიან დამაზიანებელი და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება. აქამდე განცდა, რომ პრინციპულად და გამიზნულად არასწორი მიმართულებით მიემართებოდა პროცესები, არ მქონია იმ გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რომლის მიღება პარლამენტს უწევდა და რომელშიც ჩვენ ვმონაწილებდით.

- როდესაც გუნდის დატოვებაზე აკეთებდით განცხადებას, თქვით, რომ ვერ აუხსნიდით საერთაშორისო პარტნიორებს, რატომ ჩავარდა ეს კანონპროექტი. დატოვების შემდეგ თუ გქონდათ მათთან კომუნიკაცია და როგორი იყო მათი რეაქცია, როდესაც გაიგეს, რომ რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის თქვენც, გუნდი დატოვეთ?

- მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ყველასთან, ასე იყო, სანამ უმრავლესობაში ვიყავი და ასეა ახლაც. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს როგორც ევროპელ, ასევე ამერიკელ პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, ცხადია და მათი საჯარო განცხადებებიდან ჩანს ის, რაც მე ვთქვი იმ წუთში, რომ ეს იქნებოდა იმედგაცრუება, ნდობის შერყევა ძალიან სერიოზულად ქვეყნის, სახელმწიფოსა და მმართველი გუნდის მიმართ. საქართველოს მთავარი ღირებულება ამ დიდ ქვეყნებთან და დიდ პარტნიორებთან ურთიერთობის არის ის, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვითვლებით კეთილსინდისიერ და სანდო პარტნიორად და ამის შერყევა არის ძალიან სახიფათო რამ, ეს შეიძლება ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქვეყნისთვის და ბევრად უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს დროთა განმავლობაში, ვიდრე ჩვენ დღეს წარმოგვიდგენია. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე, უსაფრთხოებაზე, ქვეყნის მიმართ მხარდაჭერაზე, დახმარებაზე, იტენგრაციის პროცესზე, ძალიან ბევრ რაღაცაზე, ძალიან ბევრი რამ შეიძლება ამან დააზიანოს, ამიტომ ერთადერთი და მთავარი საზომი ჩემთვის არ ყოფილა ის, რომ „ამას უცხოელი პარტნიორები როგორ შეხედავდნენ“, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანას უბრალოდ სჭირდება ეს ხალხი, სჭირდება ეს პარტნიორები, სხვანაირად ჩვენნაირი პატარა ქვეყანა ამ ძალიან მძიმე რეგიონსა და სივრცეში უბრალოდ ვერ გაძლებს. მათი დახმარება ძალიან გვჭირდება და როდესაც მთავარი იარაღი შენს ხელშია - კეთილსინდისერ პარტნიორად ითვლები, რომელსაც ღირებულებითი ერთობა გაქვს დასავლეთთან და ამიტომ გინდა ინტეგრაცია და უცებ ისეთ რაღაცებს აკეთებ, რაც ამ ნდობასა და კეთილსინდისიერი პარტნიორის განცდას არყევს, კითხვებს ან უნდობლობას აჩენს, ეს ჩემთვის პატარა ამბავი არ არის, ეს მგონია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რამ არის. ამიტომ ერთ-ერთი ფაქტორი იყო.

- თქვენ, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა მუდმივ კომუნიკაციაში იყავით საერთაშორისო პარტნიორებთან. როგორ ფიქრობთ, მათ ხომ არ ჰქონდათ მოლოდინი, რომ გუნდში დარჩებოდით და რაიმეს შეცვლას კიდევ შეეცდებოდით თუ მათთვის უფრო „მისაღები იქნებოდა“ რომ გუნდი დაგეტოვებინათ?

- რა თქმა უნდა, მათთვის სრულიად გასაგებია და ძალიან კარგად ესმით, რატომ მივიღეთ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება, თუმცა პრაგმატულად მათთვის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორები პარლამენტში, უმრავლესობაში ადგილზე ყოფილიყვნენ და მათთან გაეგრძელებინათ ურთიერთობა. გულის წყვეტა იყო ნამდვილად, სამი წელი ვაშენებდით, მანამდე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მეც, ჩემი კოლეგებიც, ამ ურთიერთობებს და ყველაფერზე ერთად ვმუშაობდით - ევროინტეგრაციაზეც, ზოგადად საგარეო ურთიერთობაზეც, ტექნიკურ დახმარებაზეც და ა.შ. ყველა მიმართულებით, ამიტომ რა თქმა უნდა, სერიოზული გულის წყვეტა ჰქონდათ, რომ პარტნიორებს კარგავდნენ, იმ ადამიანებს, ვისთანაც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის გასაგები იყო ჩვენი გადაწყვეტილება და ძალიან კარგად ხვდებოდნენ და ესმოდათ, რატომ მოგვიწია ჩვენ ამ ნაბიჯის გადადგმა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში მარიამ ჯაშმა, რომელმაც იმავე მიზეზით დატოვა გუნდი, თქვა, რომ მას არ სჯერა მაჟორიტარების დამოუკიდებელი მოქმედების. თქვენ როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ, როცა ნახეთ სურათი, რომ მაჟორიტარებმა, რომელთა ნაწილს ხმაც კი არასდროს ამოუღია პარლამენტში, „პრინციპულობა გამოიჩინეს“ და ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გაილაშქნენ? გჯერათ მათი გულწრფელობისა და დამოუკიდებლობის?

- იცით რა არის, სულ თავს ვიკავებ ხოლმე ამ კითხვაზე პასუხისგან იმიტომ, რომ ჩემი კოლეგები არიან, რამდენიმე დღისა და კვირის წინ ერთი გუნდის წევრები ვიყავით და ვცდილობ, რომ არავის ვაწყენინო, ისე გამოვხატო აზრი, მაგრამ რა არის იცით? მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ ასე უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში.ალბათ, ამის არავის სჯერა და თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ, ეს არის ერთი და მეორე - ფაქტებს რომ შევხედოთ, სულ წინა დღეს, ერთი-ორი დღით ადრე აბსოლუტურად ყველანი დარწმუნებულები ვიყავით, რომ გადიოდა ცვლილებები იმიტომ, რომ თუ ამხელა პროცესში შედიხარ, მთელი ეს თვეები უნდა ყოფილიყო ერთი ამბავი უმრავლესობაში, უნდა ყოფილიყო დიდი გარჩევები, დიდი დებატები, დიდი დისკუსიები, რომ წინააღმდეგები ვართ, ამას არ დავუშვებთ და ა.შ. ასეთი რამ არ ყოფილა, პირიქით, ყველამ ხელი მოაწერა, თითქმის ყველამ, რამდენიმე ადამიანის გარდა, რომელიც სულ ამბობდა, ყოველთვის ამბობდა, რომ არ ეთანხმებოდა, პრინციპულად გამოდიოდა პროპორციული სისტემის წინააღმდეგ, ისინი უკვე ძალიან დიდი ხანია დეპუტატები არიან და მე მათი პოზიცია აბსოლუტურად მესმის. მათთან არანაირი კითხვები არ მაქვს იმიტომ, რომ მათი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო. პრობლემა გაჩნდა, როდესაც პირიქით, ყველამ თქვა, რომ უმრავლესობა შეთანხმდა, კი ბატონო, გადავდივართ ამ სისტემაზე, ეს არის სწორი გზა, ყველამ ხელი მოაწერა, ყველამ ერთობლივად დაარეგისტრირა. თვეების განმავლობაში, როდესაც ჩვენ დავდიოდით, ხალხს ვეუბნებოდით, რომ ასეთ რაღაცას ვაკეთებთ, აბსოლუტურად არავის უთქვამს, რომ იცით, რა არის? - გადავიფიქრე, არ ვეთანხმები და უცებ წინა დღეს აღმოჩნდა, რომ პარლამენტის წევრების გარკვეული ნაწილისთვის ეს პრინციპულად მიუღებელია, ანუ იმდენად ხელოვნური ჩანდა ეს ყველაფერი ჩემთვის და მე მგონი, საზოგადოებისთვისაც, რომ მე რომ ვთქვა, ეს ნამდვილად ბუნებრივი პროცესი იყო, ამით საზოგადოებას მივაყენებ შეურაცხყოფას - თავისი თვალითაც ხედავენ ადამიანები, რას აქვს დამაჯერებლობა და რას - არა. ამ პროცესს არ ჰქონდა არანაირი დამაჯერებლობა.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულებდნენ ეს მაჟორიტარები?

- არ აქვს ამას ჩემთვის მნიშვნელობა იმიტომ, რომ პირობა გასცა ბიძინა ივანიშვილმა, გასცა პარტიის ხელმძღვანელობამ და პირობის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ასევე პარტიის ხელმძღვანელობას. მერე გადავიდა საუბარი იმაზე, ეს პირობა იყო თუ არა, რაც იყო, არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოლოდინი შექმნა პარტიის ხელმძღვანელობამ და აი, ამ მოლოდინის აღსრულება და რეალობად ქცევა შესაბამისად პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება იყო. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცები რომც ყოფილიყვნენ წინააღმდეგები, მონდომებისა და სწორი კომუნიკაციის პირობებში აბსოლუტურად შესაძლებელი იყო საკმარისი ხმების მოპოვება, აი, ეჭვი არ მეპარება ამაში. უბრალოდ ახლა სპეციალურად ჩავარდა თუ შემთხვევით, ამის შეფასებებში არ შევალ ისევ იმიტომ, რომ ცოტას მე მოვუფრთხილდები იმ კოლეგებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ასე მოიქცნენ.

- სხვათაშორის, მე-9 მოწვევის პარლამენტში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მთლიანად ოპოზიციური სპექტრი და მმართველი გუნდი თანხმდებოდა კონკრეტულ საკითხზე...

- მე-9 მოწვევის კი არა, მე საერთოდ არ მახსენდება, რომ არ მოგატყუოთ. მე პარლამენტის საქმიანობას დიდი ხანია ვაკვირდები, ჯერ კიდევ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“ მოყოლებული საპარლამენტო მდივანი ვიყავი და 2009 წლიდან ძალიან კარგად ვიცი პარლამენტი როგორ მუშაობს, როგორ ოპერირებს, 10 წელია უკვე ვაკვირდები, 3 წელია წევრი ვარ და უბრალოდ არ მახსენდება საკითხი ამ მასშტაბისა და ამ დონის, რომელსაც შეიძლებოდა საკონსტიტუციო რანგის ცვლილება ან რეფორმა დასჭირვებოდა და ყველა ყოფილიყო მომხრე. ასეთი შემთხვევა ჩვენ არ გვქონია. საზოგადოებაში პირველად გაჩნდა შანსი, რომ ყველა, მიუხედავად იდეოლოგიის, პოლიტიკური გემოვნების და ა.შ. ყოფილიყო თანახმა რაღაც ცვლილების. ეს იყო პირველი შანსი, ეს იყო შანსი, რომ დიდი საზოგადოებრივი ერთობა ყოფილიყო პოლიტიკურად ყველაზე წინააღმდეგობრივი პოლიტიკური თემის მიმართ. წლებია ერთმანეთს ვჯიჯგნით საარჩევნო სისტემის თემაზე და არ ვიცი, რა ფორმებს არ იღებს ეს ყველაფერი და პირველად გაჩნდა შანსი, რომ სრული საზოგადოება შეთანხმებულიყო და ყველას ეთქვა, პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენელს, სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რომ ეს არის სწორი და სამართლიანი თამაშის წესები და ამ თამაშის წესებზე თუ გადავალთ, ქვეყანაში ძალაუფლება იქნება სამართლიანად გადანაწილებული, მაგრამ სამწუხაროდ, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული.

ამ პარლამენტს უკვე აქვს მიღებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ეს არის ზუსტად საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2017 წელს მივიღეთ და ზუსტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რომელიც ეს არჩევნები როგორც კი ჩატარდება, შევა ძალაში. ახლა მთავარი თემაა, ეს არჩევნები როგორ ჩატარდება, თორემ ამ არჩევნების მერე ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები როგორ წავა, ამას მეტ-ნაკლებად ვხვდებით ყველა იმიტომ, რომ ეს კონსტიტუციაში უკვე წერია. ვფიქრობ, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო რაც აქვს - ჩაწერა და ახლა თუ არ იქნება, მომავალი წლიდან მაინც ძალაში იქნება, მთავარია, რომ ამას არ დაემუქროს რამე და ვიღაცამ არ მოინდომოს და უკვე არსებული ჩანაწერი არ დააყენოს საფრთხის ქვეშ...

- ხედავთ საფრთხეს, რომ 2024 წელსაც არ გვექნება პროპოციული წესით არჩევნები?

- არა, ამ ეტაპზე არანაირ საფრთხეს არ ვხედავ, უბრალოდ რაღაც მომენტში საუბარი რომ დაიწყო რეფერენდუმზე, პლებისციტზე, ამან რაღაც კითხვები გააჩინა, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ამ ეტაპზე რამე საფრთხეს ვხედავ უკვე გარანტირებული, კონსტიტუციაში ჩაწერილი წინადადების ფორმულირების შეცვლის ან ამოღების, არა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც დავინახავ არასდროს ასეთ სურვილს, რომ რაც უკვე გარანტირებულად ვიცით, რომ წერია კონსტიტუციაში, ისიც გავაფუჭოთ.

- როდესაც თანამოაზრებთან ერთად მმართველი გუნდი დატოვეთ, იყო ვარაუდები, რომ თქვენი სახით ბიძინა ივანიშვილი „ყალბ ოპოზიციას“ ქმნიდა. შესაძლოა, ეს ეჭვები დღეის მდგომარეობით გაქარწყლდა, მაგრამ ალბათ, არსებობენ ადამიანები, ვისაც დღესაც აქვთ ეს განცდა. ამასთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?

- ბევრი ადამიანია, ვისაც თავისუფალი დრო აქვს და შეუძლია, იფანტაზიოროს. არ ვიცი, რა უნდა ვილაპარაკო ამაზე, მე მგონი, ფაქტები მეტყველებს ყველაფერზე. ჩვენ არც პარტიის შექმნა დაგვიწყია და არც ის პროცესები, რაც როგორმე გაამყარებდა მაგ ეჭვებს. მე რასაც ვფიქრობ და ყველაფერი, რასაც ვამბობ, არის ჩემი გულწრფელი პოზიცია. ვისაც უნდა დაიჯერებს, ვისაც არ უნდა - არა.

- ფიქრობთ, რომ კონკრეტული ადამიანები, ვის მიმართაც საზოგადოება განსაკუთრებით ნეგატიურადაა განწყობილი, აზიანებენ „ქართულ ოცნებას“? მაგალითად ირაკლი კობახიძე...

- ირაკლის აქვს ხოლმე საკმაოდ ხისტი პოზიციები და განცხადებები და ზოგჯერ მაქვს ხოლმე ეს განცდა, რომ მისი პერსონა და მისი განცხადებები არ შეესაბამება, რადგან არ არის ასეთი ხისტი ადამიანი. მე ძალიან კარგად ვიმუშავე მასთან ორი წელი, მისი მოადგილე ვიყავი და ძალიან კარგად ვითანამშრომლეთ ამ დროის განმავლობაში. მე მგონია, რომ პერსონები კი არა, ის ხაზი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მმართველმა გუნდმა აირჩია, რომელიც იყო ცოტა რიგიდული და იმის თქმა, რომ ეს ასეა და მორჩა, სისტემა იქნება ასეთი, არჩევნები იქნება ასეთი და ყველა შეეგუეთ ამას, ეს არ იყო უბრალოდ სწორი. ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში განცხადებები განსხვავდება, უფრო სხვანაირია, თითქოს დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ შესაძლებელია რაღაც მოდელებზე, რაღაც ვერსიებზე, რაღაც კომპრომისებსა და დათმობებზე ფიქრი. ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვამ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს და ასეთი მიდგომა უფრო სწორია - მოდით, ვცადოთ, იქნებ ლაპარაკით მოვაგვაროთ პრობლემები და არ ქუჩაში ჭიდაობით. არ შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მუშტი-კრივით გვარდებოდეს, არაფერში არ წერია ეს და ეს პირველ რიგში მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა. ვინც ქვეყანას მართავს, პირველ რიგში, იმას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ხალხი ერთმანეთს კი არ დააჯახო და აჩხუბო ფიზიკურად, არამედ დაჯდე, ლაპარაკით შეძლო რაღაც პრობლემების მოგვარება. პოლიტიკა ეს არის - პრობლემების გადაჭრა საუბრით, დათმობებით, კომპრომისითა და დიალოგით. ბოლო პერიოდში უფრო გამოიკვეთა ამის ნიშნები. ამას მივესალმები და იმედი მაქვს, რომ უფრო სერიოზულ ფორმას მიიღებს ეს ყველაფერი, უბრალო განცხადებები კი არ იქნება, უკვე ვნახავთ ჩვენ საარჩევნო სისტემის ვერსიას თუნდაც, რომელიც შეიძლება უმრავლესობისთვისაც და ოპოზიციისთვისაც კომპრომისული და მისაღები იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, სხვანაირად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ნორმალური არჩევნების ჩატარება 2024 წლისთვის.

- რას ურჩევდით „ქართულ ოცნებას“?

- ჩემი რჩევა ეს იქნება - ამ შემთხვევაში სიჯიუტე და ძალის დემონსტრირება არ არის სწორი. შეიძლება ასე ძალიან ბევრს ჰგონია და ძალიან ბევრი მინახავს პოლიტიკაში, ვინც ასეთ გზებს ირჩევს და ამბობს, რომ ვიღაცას რაღაც დაუმტკიცო და ხელი გადაუწიო. ეს არ არის სწორი ფორმა არც პოლიტიკის, არც ქვეყნის მმართვის. არ შეიძლება საკუთარ საზოგადოებასთან გქონდეს განცდა, რომ ვიღაცას ხელი უნდა გადაუწიო. რა არის იცით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის? - ყველა გვაკვირდება, მთელი მსოფლიო დააკვირდება, როგორ წავა და როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები, ამაზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან საერთოდ უნდათ თუ არა ურთიერთობა, უნდათ თუ არა თანამშრომლობა. იმისთვის, რომ ეს არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს, აუცილებელია რამდენიმე რამ - ერთი, რომ მეტ-ნაკლებად თამაშის წესებზე იყოს შეთანხმება, რომ ეს არის ის თამაშის წესები, რითაც ჩვენ არჩევნებში შევდივართ, ჯერჯერობით ეს სიტუაცია არ გვაქვს, ახლა პირიქით - ქუჩაში და ჩხუბით ვარჩევთ ერთმანეთთან სიტუაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მეტ-ნაკლებად თამაშის წესებზე შეთანხმება მოხდეს, არჩევნები არ იყოს უკიდეგანოდ აგრესიული და რეპრესიული და საარჩევნო პროცესში დარღვევების ფორმები და მაჩვენებელი არ იყოს შემაშფოთებელი. მე იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებს უმრავლესობა. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა. ამ ქვეყანასაც და მმართველ გუნდსაც სჭირდება, რომ მომავალი წლის არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად სუფთად და ჩატარდეს იმ თამაშის წესებით, რომელზეც კონსენსუსი იქნება.

- პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა. დაიწყეს მასშტაბური აქციები, პიკეტები და ა.შ. თქვენ, როგორც უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი, როგორ შეაფასებდით ოპოზიციის ქმედებებს?

- პროტესტის ფორმები, როგორც ნებისმიერი სხვა საქმის კეთების ფორმები, აუცილებლად უნდა იყოს კანონიერი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოიკოტიც, საპროტესტო აქციებიც, ეს არის ლეგიტიმური ფორმები, რაც არ არის ლეგიტიმური, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება, კარების აჭედვა, ბოქლომების დადება და ა.შ. ეს არის გასული კანონის მოთხოვნებიდან და მეორე - სამართლებრივ ნაწილს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკური ნაწილი მგონია, რომ ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მეტად ეშინიათ დესტაბილიზაციის და სჭირდებათ სტაბილურობა. ეშინიათ ასეთი მოვლენების განვითარების, რომელმაც შესაძლოა, სერიოზული რყევები გამოიწვიოს, ამიტომ ოპოზიციის ადგილას მე ისე მოვიქცეოდი, რომ ადამიანები უფრო არ შევაშინო და უფრო არ დავაფრთხო, არამედ სწორად ავუხსნა, რაშია არსი ამ ყველაფრის იმიტომ, რომ მგონია, მათი ქმედებები, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ როცა აი, ამ დამხობის და რევოლუციურ ნარატივში გადადის, არის ძალიან შემაშინებელი და დამაფრთხობელი ადამიანებისთვის. პოლიტიკურად ეს ძალიან არასწორი მგონია. ეს ორი რამ არის, რასაც მე არ და ვერ გავიზიარებ და არ ვეთანხმები, მაგრამ ის, რომ პროტესტი გამოიწვია და საპარლამენტო ცხოვრების ბოიკოტირების სურვილი გაუჩნდათ საპარლამენტო სუბიექტებს, ეს ჩემთვის სრულიად გასაგებია იმ მოვლენების მერე, რასაც კენჭისყრის დროს და მას შემდეგ ჰქონდა ადგილი.

- სახალხო დამცველმა ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და თქვა, რომ პიკეტირება ცხადია, არაკანონიერია, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ მაჟორიტარებს, რომლებმაც ლამის სახალხოდ შეთანხმებული კანონპროექტი ჩააგდეს. თუ იზიარებთ ამ პოზიციას?

- ეს პოლიტიკური შეფასებაა და ჩემი აზრით, სწორი, თუმცა უკანონობაზე მარტო მაჟორიტარებს ვერ დავაკისრებთ ალბათ პასუხისმგებლობას. პოლიტიკურად გასაგებია, რატომ გაჩნდა სურვილი რაღაც პროცესების გამწვავების. იმხელა მოლოდინები იყო და იმხელა პროცესების ცვლილებებში ვიყავით და უცებ ისე ამოყირავდა სიტუაცია, რომ მწვავე ფორმებისკენ უბიძგა ვიღაცას. მე მაინც მგონია, რომ პროტესტისა და გაბრაზების გამოხატვასაც თავისი კანონის ჩარჩოები აქვს და ეს ჩარჩოები დაცული უნდა იყოს.

- ფიქრობთ, რომ პიკეტირებები ეფექტურია?

- არ ვიცი... მე მგონია, რომ სხვა ფორმითაც შეიძლება აზრის დაფიქსირება და სხვა ფორმითაც შეიძლება, თუ ეს არის ოპოზიციის სურვილი, ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტები რომ არ ავჭედოთ და ბოქლომები რომ არ დავადოთ.

- მარიამ ჯაშმა იმავე მიზეზით დატოვა უმრავლესობა, თუმცა ფრაქცია სხვა დეპუტატებთან ერთად შექმნა. ხომ არ გქონიათ, მასთან კომუნიკაცია, თუ ის არ მოიაზრებოდა თქვენი „გუნდის“ ნაწილად?

- ფორმალურად ეს „გუნდი“ არც არსებობს. ჩვენ ვართ ინდივიდუალური ადამიანები, ამ ეტაპზე დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც მივიღეთ უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება, მათ შორის იყვნენ “კონსერვატორები“, გიორგი ბეგაძე, ანუ ბევრი ადამიანი გამოვიდა უცებ უმრავლესობიდან ამ ერთი კენჭისყრის შედეგების გამო. კარგია, რომ მარიამ ჯაშმა გუნდიდან მანამდე წასულ წევრებთან ერთად ფრაქცია გააკეთა. ჩვენ კომუნიკაცია და კოორდინაცია გვაქვს მუდმივად იმიტომ, რომ ჩვენი ხედვები ძალიან ბევრ რამეზე ემთხვევა, ერთნაირად ვხედავთ პრინციპში მოსამართლეების თემასაც და დაახლოებით ერთნაირად ვხედავთ საარჩევნო სისტემას. ძალიან ბევრ, ქვეყნისთვის პრინციპულ საკითხზე ჩვენი მოსაზრებები ემთხვევა, ამიტომ ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს და რაღაც ამ ფორმით ვთანამშრომლობთ. ვინაიდან ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს ჩამოყალიბებული მკაფიო ხედვები სამომავალოდ ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა როგორ გაგრძელდება, ამ ურთიერთობების ფორმალიზებას არ ვაპირებთ, თუმცა ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით თანხვედრა გვაქვს.

- კონკრეტულად თქვენ რას გეგმავთ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით? გასაგებია, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია შესაძლოა, არ გაქვთ და ფიქრის რეჟიმში ხართ, მაგრამ მაინც ვარაუდის დონეზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- ჯერჯერობით არ ვსაურობთ ამაზე იმიტომ, რომ არ არის ამაზე არც საუბრის დრო და არც აუცილებლობა და დროთა განმავლობაში რაღაცები უფრო გამოჩნდება. ალბათ, მოვიქცევით ისე, სადაც დავინახავთ საჭიროებას ქვეყნისთვის. რადგან აღარ გვაქვს პარტიული ინტერესი, რასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ, როგორც პარტიის წევრებმა, ამ ერთი წლის განმავლობაში პოზიციონირებას გავაკეთებთ ისე, როგორც სწორად მიგვაჩნია.

- არსებობს მოსაზრება, რომ განიხილებით მამუკა ხაზარაძის „ლელოში“. ხომ არ ყოფილა მათი მხრიდან რაიმე სახის კომუნიკაცია ან არის ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოს?

- საერთოდ არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან მოდის. მეც რამდენიმე ადამიანმა ჭორის სახით მითხრა. არ ვიცი, ვინ ავრცელებს, რატომ და საიდან გაჩნდა იმიტომ, რომ საერთოდ არ მქონია არანაირი კომუნიკაცია, არც შეხვედრა და არც რაიმე მსგავსი.

ირაკლი კუნჭულია

„ინტერპრესნიუსი“

ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2020
ზაალ ანჯაფარიძე - საკონსტიტუციო პროცესის ბოიკოტირება ოპოზიციას პოლიტიკურად დააზიანებს და გააძლიერებს განცდას, რომ ისინი არჩევნებისთვის კი არა, არაკონსტიტუციური ქმედებისთვის ემზადებიან
რატომ არ უნდა დავუბრუნდეთ ძველ “ნორმალურ” ცხოვრებას
Wolt - კვლავ ღამის 3 საათამდე