ვანო მაჭავარიანი  - თუ ხელისუფლებას საღი აზრი აქვს შერჩენილი, ის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავა

ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრემიერ გიორგი გახარიასათვის გამოგზავნილ წერილსა და მნიშვნელობაზე „ინტერპრესნიუსი" უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს, ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

- ბატონო ვანო, ამერიკელმა კონგრესმენებმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან ადამ კინზინგერმა და გენი კოლორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართეს.

წერილი საკმაოდ საინტერესოა ბევრი თვალსაზრისით. მასში ბევრი დეტალია, რომელზეც ცალკეც კი ღირს ყურადღების გამახვილება, მაგრამ მოდით, ჩვენი საუბარი ამ წერილის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ და შემდეგ გადავიდეთ დეტალებზე. თქვენ როგორ წაიკითხეთ და აღიქვით საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი აშშ-ს მმართველი პარტიის წარმომადგენლების გზავნილი?

- ეს არის ის პირდაპირობა, რომელიც ახასიათებს ამერიკულ პოლიტიკას, როცა ის ესაუბრება თავის მოკავშირეებს და მიაჩნიათ, რომ ისინი ყურადღებას ამახვილებენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და ამ თემებზე პირდაპირ საუბრობენ.

გზავნილი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ წერილის ავტორ კონგრესმენთაგან ერთ-ერთი, ადამ კიზინგერი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა. მან საქართველოს ხელისუფლებისგან პირადად მიიღო ის დაპირებები პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, რაზეც მაშინ „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდი საუბრობდა.

აშშ-ს კონგრესში კონგრესმენ კიზინგერს თავის თავზე აქვს აღებული იმ ვალდებულებების მონიტორინგი, რომელსაც მას საქართველოს ხელისუფლება დაჰპირდა. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კონგრესმენი კიზინგერი გახლავთ საქართველოს მეგობარი, მას საქართველოს მხარდაჭერაში მხარს დემოკრატი კონგრესმენებიც უჭერენ და ისინი უზრუნველყოფენ აშშ-ს მხრიდან საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას.

აშშ-ს ინტერესშია საქართველომ შეინარჩუნოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, შეინარჩუნოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის სისტემა და არ გახდეს წარუმატებელი ქვეყანა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ გამოწვევას ვერ გაუძლებს.

აშშ-ს ინტერესშია საქართველომ შეინარჩუნოს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, შეინარჩუნოს საქართველოში დემოკრატიული მმართველობის სისტემა და არ გახდეს წარუმატებელი ქვეყანა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ გამოწვევას ვერ გაუძლებს

- წერილში შეშფოთებაა გამოთქმული იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. გარდა ამისა, საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებებია გამოთქმული საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ხელისუფლების მხრიდან უარის თქმის გამო საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ უნდა წაეკითხა კონგრესმენების ეს გზავნილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს?

- უპირველესად უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლდათ მხოლოდ ორი კონგრესმენის გზავნილი. ეს გახლავთ ის პოზიცია, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ისმენენ ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე. მათ შორის ჩვენი ელჩი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

როგორც ჩანს, ხელისუფლებაში არ უნდათ ვაშინგტონის ეს გზავნილი მისულიყო საქართველოს მოსახლეობამდე. მაქსიმალურად ცდილობდნენ ამ თემებზე საუბრები არაფორმალურ შეხვედრებზე აზრთა გაცვლის იქით არ გასულიყო.

ამ წერილში გამოთქმული მოსაზრებები არის როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე აშშ-ს კონგრესის პოზიცია. ამგვარ პოზიციებს აფიქსირებენ საქართველოში ჩამოსული ამერიკელები, მნიშვნელობა არ აქვს ისინი სახელმწიფო დეპარტამენტს წარმოადგენენ, კონგრესს თუ პენტაგონს.

ისინი ღიად საუბრობენ იმაზე, რომ დემონსტრაციების დაშლისას ადგილი აქვს ძალის გადამეტებულ გამოყენებას. ასევე იმაზე, რომ ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ოპონენტების წინააღმდეგ მსგავსი ქმედებებისგან. ამ თემებზე ღიად მინიშნება იმაზე მითითებს, რომ აშშ-ს კონგრესმენები პრობლემას ხედავენ ქვეყნის მმართველობაში.

ხელისუფლება ცდილობს ამერიკელი კონგრესმენების გზავნილი გადათარგმნოს, როგორც ოპოზიციის მიერ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

ხელისუფლება ცდილობს ამერიკელი კონგრესმენების გზავნილი გადათარგმნოს, როგორც ოპოზიციის მიერ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება

მეტიც, ხელისუფლება ცდილობს გაახაროს თავისი მომხრეები იმით, რომ ამერიკელი კონგრესმენების პოზიცია უკავშირდება აშშ-ში ბოკერიასა და თუ სხვების ვიზიტებს, რომლებიც ცდილობენ ამერიკელი კონგრესმენებისთვის თავგზის აბნევას.

როგორც ჩანს, ამას ემსახურებოდა ბოკერიას პროკურატურაში დაბარება და ის ღია რეპრესიები, რომელიც დაიწყო დემონსტრანტებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ.

აშშ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ცდილობს საქართველოს თავიდანვე აარიდოს ქვეყნის ერთ პიროვნებაზე დამყარებული, ავტორიტარული მართვა. სხვათა შორის, აშშ 2012 წელსაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ამ ტიპის რეკომენდაციები ჰქონდა.

ამერიკელი კონგრესმენების წერილიდან მკაფიოდ ჩანს, აშშ-ში ჩვენს პატრნიორებს უნდათ რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად საქართველო არ გახდეს ერთპარტიული მმართველობის ქვეყანა და დარჩეს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად.

ამერიკელი კონგრესმენების წერილიდან მკაფიოდ ჩანს, აშშ-ში ჩვენს პარტნიორებს უნდათ რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად საქართველო არ გახდეს ერთპარტიული მმართველობის ქვეყანა და დარჩეს აშშ-ს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად

- როგორც ჩანს, წერილის გამოგზავნის დრო შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. მხედველობაში მაქვს ის, რომ ევროკავშირის ინიციატივით ხელისუფლებისა და ოპოზიციის სამი შეხვედრა-დიალოგი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უშედეგოდ დასრულდა.

თუმცა არის მოლოდინი, რომ მიმდინარე კვირის პარასკევისთვის დანიშნულ შეხვედრაზე საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მხარეები შეძლებენ კონსენსუსის მიღწევას.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მისული ხელისუფლება კონსტრუქციულიც იქნება და გათვალისწინებულიც ექნება ვაშინგტონიდან მიღებული გზავნილი?

- ხელისუფლებისთვის ამოსავალი გახლავთ ძალიან კონკრეტული ციფრი - „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 30%-ზე ოდნავ მეტია, ასეთ ფონზე ისინი აკეთებენ განცხადებებს, რომ მომავალი არჩევნების შედეგადაც იგი უმრავლესობით მოვა. ეს გახლავთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების შეშფოთების საგანი და ის საარჩევნო სისტემა, რომლითაც ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალება ექნება.

ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ხელისუფლების სწორად გადაწილების საშუალებად მიაჩნიათ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ხელისუფლების სწორად გადაწილების საშუალებად მიაჩნიათ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება

საქართველოში ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების საკითხი დღეს არ დამდგარა. როცა აშშ-ს ვიცე-პრემიერი მაიკლ პენსი შეეცადა პრემიერ კვირიკაშვილთან გაერკვია რას აპირებდა „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებზე, შემდეგ იგივეს გარკვევას შეეცადა პრემიერ ბახტაძესთან, მათ ის პასუხი გასცეს, რასაც ივანიშვილი აპირებდა, ანუ ხელისუფლებაში დარჩენას. სწორედ ამის გამო აიძულა ისინი ივანიშვილმა გადამდგარიყვნენ.

ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს, არც ძალაუფლების გადანაწილებას აპირებს და სწორედ ამიტომ არ ეთმობა დღეისათვის არსებული სააარჩევნო სისტემა.

ივანიშვილი არსად წასვლას არ აპირებს, არც ძალაუფლების გადანაწილებას აპირებს და სწორედ ამიტომ არ ეთმობა დღეისათვის არსებული საარჩევნო სისტემა

პროპორციული არჩევნები შექმნიდა წინაპირობას არა მხოლოდ ძალაუფლებაში სხვადასხვა ძალების მოსასვლელად, არამედ კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.

ჩვენი ხელისუფლება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ევროკავშირსა და აშშ-ს ხელისუფლებას დაპირდა, მასა შემდეგ რაც, ივანიშვილმა ეს დაპირება უკან წაიღო, ყველა ჩვენმა პარტნიორმა თავი მოტყუებულად ჩათვალა.

ახლა ევროკავშირიცა და აშშ-ც ცდილობს ააცილოს საქართველოს ერთპარტიული, ოლიგარქიული მმართველობა, რისი ცუდი გამოცდილება მოლდოვამ უკვე იწვნია. ევროკავშირიცა და აშშ-ც ცდილობს საქართველოში ვითარება აქამდე არ მივიდეს და საარჩევნო წელს შიდა პოლიტიკაში დაძაბულობა განიმუხტოს.

ახლა ევროკავშირიცა და აშშ-ც ცდილობს ააცილოს საქართველოს ერთპარტიული, ოლიგარქიული მმართველობა, რისი ცუდი გამოცდილება მოლდოვამ უკვე იწვნია

სხვათა შორის, აშშ, როგორც საქართველოს პარტნიორი ქვეყანა ამას აკეთებს მაქსიმალურად რბილად და კორექტულად. ივანიშვილს ეს გზავნილი არ მიაჩნია მნიშვნელოვნად.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ აშშ-ს დღეს საქართველოში არ ჰყავს ელჩი, რომელსაც შეუძლია პირდაპირ გაატაროს ის კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც აშშ-ს საქართველოს მიმართ აქვს ჩამოყალიბებული.

როგორც ჩანს, ამით სარგებლობს „ქართული ოცნება“ და ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც დარჩენილია მმართველ პარტიაში. როგორც ჩანს, მმართველ გუნდში დარჩენილ ადამიანებს არ აქვთ იმის უნარი, რომ ბოლომდე გააცნობიერონ პრემიერ გახარიასადმი ვაშინგტონიდან გაკეთებული გზავნილი.

როგორც ჩანს, მმართველ გუნდში დარჩენილ ადამიანებს არ აქვთ იმის უნარი, რომ ბოლომდე გააცნობიერონ პრემიერ გახარიასადმი ვაშინგტონიდან გაკეთებული გზავნილი

როგორც ჩანს, მათ კარგად არ ესმით თუ ვისთან აქვთ საქმე. სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ „ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანა 2020 წლის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნებაა.

იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება არ აქვს, ისინი ცდილობენ ძალადობით, ძალმომრეობითა და პროვოკაციებით უპასუხონ ოპონენტებს. კონგრესმენების წერილში კარგად ჩანს, რომ ამას ჩვენი ოპონენტები ხედავენ და ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში არსებული დაძაბულობის განმუხტვას.

- ანუ არ უნდა იყოს იმის მოლოდინი, რომ პარასკევის შეხვედრაზე ხელისუფლება ოპოზიციას მეტ-ნაკლებად მისაღებ საარჩევნო სისტემას შესთავაზებს?

- თუ ხელისუფლებას საღი აზრი აქვს შერჩენილი, ის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათ არა მარტო საქართველოს ამომრჩეველს, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც ჭიდაობას შესთავაზებენ იმ საერთო პრინციპებზე, რომელიც არის ევროპული და დემოკრატიული და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, ისინი თავს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიყენებენ.

ეს არის ის, რასაც ჰქვია რუსული სცენარი, რომლის ვითარებაში საქართველოში პოლიტიკურად აქტიური ნაწილები ვერ თანხმდებიან, რაც იწვევს საზოგადოების გახლეჩვას, კონფრონტაციას და დიდ დაძაბულობას.

ასეთ ვითარებაში რუსეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სარგებელი შეიძლება ნახოს. მხედველობაში მაქვს ისიც, რომ საქართველოში პრორუსულად განწყობილი ძალები უკვე ღიად აფიქსირებენ რუსულ გზავნილებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით.

- ქართულ პოლიტიკაში რუსული ფაქტორის თემა როგორც სულ იყო აქტუალური, ასეთივედ რჩება. მისი აქტუალურობა სახიფათო შეიძლება იყოს იმ ფონზე, როცა აშშ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობის ახალი ტალღაა აგორებული.

მხედველობაში მაქვს ანკარის წინააღმდეგ აშშ-ს მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები, სომხეთის გენოციდის აღიარება. ასევე პრეზიდენტ ერდოღანის განცხადება, რომ საჭიროების შემთხვევაში ანკარა არ გამორიცხავს დააყენოს თურქეთში ინჯირლიკის ბაზის დახურვის საკითხი. არადა, ცნობილია, რომ ამ ბაზაზეა განთავსებული ამერიკული ბირთვული იარაღი.

არაა გამორიცხული, რომ დიდი პოლიტიკური ცვლილებების ზღვარზე დგას ჩვენი ახლო სამეზობლო. როგორადაც არ უნდა განვითარდეს აშშ-თურქეთის ურთიერთობები, ფაქტია, რომ საქართველოში ვითარება ყველა შემთხვევაში დალაგებული უნდა იყოს, რომ შეძლოს მეტ-ნაკლებად წარმატებით გაართვას თავი გამოწვევებს.

თქვენი დაკვირვებით, ჩვენს ახლო სამეზობლოში მიმდინარე პროცესები რამდენად აქვს გაცნობიერებული ხელისუფლებას?

- სამწუხაროდ, ვერც მე და ძალიან ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი „ქართულ ოცნებაში“ ვერ ხედავს ადამიანებს, რომელთაც ესმით თუ რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს თანამედროვე მსოფლიოში, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის მთავარი გამოწვევაა 2020 წლის არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნება.

სამწუხაროდ, ვერც მე და ძალიან ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი „ქართულ ოცნებაში“ ვერ ხედავს ადამიანებს, რომელთაც ესმით თუ რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს თანამედროვე მსოფლიოში, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის

სამწუხაროდ, იმასაც ვხედავ, რომ „ოცნების“ გუნდი მზადაა დაჯდეს რუსულ გზავნილებზე, შეინარჩუნოს ხელისუფლება და მოსკოვს შესთავაზონ საერთაშორისო ასპარეზზე იმგვარი ე.წ. დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, რომლის შესახებაც ივანიშვილი 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების დასრულების შემდეგ აცხადებდა.

ეს კი იმას ითვალისწინებდა, რომ საქართველო არ უნდა ყოფილიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების საგანი. ამ მცდარი გზავნილით „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად დაუახლოვდება რუსეთს ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ხელისუფლებამ იცის, რომ მას მხარდამჭერები იმდენი არ გყავს, რამდენიც სჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ამიტომაც ისმის მათი მხრიდან ნაციონალისტურ-პატრიოტული რიტორიკა იმ დოზითა და იმ მოცემულობით, რაც საქართველოსთან მიმართებაში რუსული პოლიტიკის დღის წესრიგია.

ამას კარგად ხედავენ ჩვენი ამერიკელი და დასავლელი პარტნიორები. ხელისუფლება თავის რიტორიკაში რუსული გზავნილების მომრავლებით ეთამაშება არა მხოლოდ რუსულ ნარატივებს, არამედ რუსულ დღის წესრიგს.

ხელისუფლება თავის რიტორიკაში რუსული გზავნილების მომრავლებით ეთამაშება არა მხოლოდ რუსულ ნარატივებს, არამედ რუსულ დღის წესრიგს

ამის კარგი მაგალითია „ქართული ოცნების“ თანაგუნდელის განცხადებები ცხინვალის ციხეში მჯდომ ექიმ გაფრინაშვილთან დაკავშირებით, ასევე პრეზიდენტის განცხადებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთისთვის იყო სასიამოვნოდ მოსასმენი და სასარგებლო.

- ახალი წელი გვიახლოვდება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მთლად კარგ ხასიათზე ვერ უნდა ვიყოთ. ვაშინგტონ-ანკარის ურთიერთობების გაუარესების ფონზე ანტიამარიკულ ტალღაზე რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოება საქართველოსთვის აშკარად წარმოადგენს საფრთხეს...

- რა თქმა უნდა, აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების გამწვავება ართულებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. ასეა, თუნდაც იმიტომ, რომ თურქეთი, როგორც ნატოს წევრი ქვეყანა და რეგიონალური ლიდერი ჩვენი უპირველესი პარტნიორია.

აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობების გამწვავება ართულებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას

თურქეთმა საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ კეთილმეზობლური პოლიტიკა გაატარა იმ პრობლემებთან მიმართებაში, რაც საქართველოს ეხება. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სამხედრო სფეროში რადიკალურად შეიცვლება. ეს მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც ანკარასა და ვაშინგტონში ისმის.

ფაქტია, რომ ძალთა ბალანსის შეცვლის გარკვეულ მცდელობებთან გვაქვს საქმე.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა სამხედრო სფეროში რადიკალურად შეიცვლება

ვფიქრობ, რომ სამხედრო თემებზე გაკეთებული განცხადებებით ანკარა აშშ-სთან და დასავლეთთან ცდილობს ვაჭრობას. ანკარა აშში და დასავლეთში ეძებს მათი მხრიდან მისი დღის წესრიგისათვის მნიშვნელოვან საკითხებში მაქსიმალური მხარდაჭერის მიღებას. როგორც ჩანს ანკარა თვლის, რომ ახლო აღმოსავლეთიდან მიმდინარე საფრთხეეებზე ვაშინგტონისგან არაადეკვატური პასუხები აქვს მიღებული.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა