ნათია თურნავას განცხადებით, როგორც კი გენგეგმის პროექტი მზად იქნება, წყალტუბოში მდებარე ქონება ბიზნესისთვის საბაზრო ფასად იქნება შეთავაზებული

ცოტა მეღიმება იმაზე, რომ მთავარი კითხვა წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით იყო ,1 ლარად 2 ლარად თუ 5 ლარად მოხდება გასხვისება და არა ის, რამდენად მასშტაბურ პოზიტივს მოუტანს ეს მთელ ქვეყანას. ჩემი აზრით, არასწორი აქცენტი იყო გაკეთებული,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ წყალტუბოს განვითარების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ნათია თურნავა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით , საქველმოქმედოს უწოდებს და აცხადებს, რომ ესაა ძალიან კარგი სინერგია ქველმოქმედს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის.

მინისტრის თქმით, როგორც კი წყალტუბოს გენგეგმის პროექტი მზად იქნება, წყალტუბოში მდებარე ქონება ბიზნესისთვის კონკურენტულ ვითარებაში, საბაზრო ფასად იქნება შეთავაზებული.

„წყალტუბო არა მარტო აღიდგენს ძველ დიდებას, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტული მიზიდულობის ცენტრად გადაიქცევა. ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს.

სახელმწიფო თავის სიტყვას იტყვის, ქველმოქმედი მზადაა შეეხიდოს ბიზნესს. წყალტუბოს განვითარების პროცესი ძალიან საჯაროდ დავიწყეთ. პირველ რიგში კეთდება გენგეგმა. გაზაფხულზე, როგორც კი გენგეგმის პირველი ეტაპი მზად იქნება , მზად ვიქნებით ბიზნესს კონკურენტულ ვითარებაში შევთავაზოთ წყალტუბოში არსებული ქონება. პირველ რიგში ეს ბიზნესისთვის იქნება შეთავაზებული და თუ შემდეგ დამატებითი რესურსი გახდა საჭირო, ჩაერთვება ბიძინა ივანიშვილი“,-განმარტა თურნავამ.

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ ხდებოდა აქამდე სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზება, მინისტრი აცხადებს, რომ სწორედ ახლაა ის მომენტი, როდესაც შესაძლოა, სახელწიფო ქონება ინვესტორებისთვის საინტერესო იყოს და გაიყიდოს.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა , რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტები ინვესტორებს გადასცემოდა, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. დღეს ჩვენი ბიზნესი იმდენად ძლიერია , რომ შეუძლია ასეთ მასშტაბურ პრივატიზაციას ინვესტიციებით უპასუხოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად პოლიტიკური ტურბულენტობისა , მიუხედავად უპასუხისმგებლო ძალების მხრიდან ქვეყნის არევის მცდელობისა, ქვეყანა თავისი დღის წესრიგით ცხოვრობს. ინვესტორს უხარია პრივატიზება, ფულს დებს, ადამიანებს ასაქმებს და ხვალინდელი დღის სჯერა,“-აცხადებს თურნავა.

ნათია თურნავა აცხადებს, რომ გარდა 100 საპრივატიზებო ობიექტისა, რომელის ბიზნესისთვის შეთავაზება ერთდროულად მოხდა, წელს უკვე 110 მილიონი ლარის ქონებაა პრივატიზებული. სავალდებულო საინვესტიციო ვალდებულება 90 მილიონ ლარს შეადგენს.

„ 100 ობიექტი პირველი ორი კვირა იყო ძალიან წარმატებული და მოლოდინებს გადააჭარბა. ორ კვირაში 26 ობიექტი გაიყიდა, მივიღეთ 40 მილიონზე მეტი, რაც იმის ნიშანია , რომ ბიზნესს ჩვენი სჯერა. ინვესტორებს, იქნება ეს ქართველი თუ უცხოელი , ჩვენი სჯერათ და მათ აქვთ პოზიტიური მოლოდინები საქართველოს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით,“-აღნიშნა თურნავამ.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!