ზაალ ანჯაფარიძე  -  ხელისუფლების  შესანარჩუნებლად  „ქართულ ოცნებას“ ნემსის ყუნწში გაძვრენა მოუწევს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, ავად თუ კარგად გავაცილეთ შინ და გარეთ პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვლსაზრისით საკმაოდ დაძაბული და რთული 2019 წელი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვისაც არც თუ ისე იოლი წელი იყო.

ვინაიდან 2019 წელს არაერთი ისეთი პოლიტიკური პროცესი დაიწყო, რომელიც არ დასრულებულა, ახლა ალბათ 2019 წლის შედეგების შეჯამებაზე მეტად აქტუალური იმ ტენდენციებზე ყურადღების გამახვილება გახლავთ, რომელიც 2019 წელმა გამოავლინა. თქვენი დაკვირვებით, საშინაო პოლიტიკაში ტენდენციების თვალსაზრისით რომელ ტენდენციებზე გაამახვილებდით ყურადღებას, რომელიც 2019 წელმა გამოავლინა და რომელსაც, სავარაუდოდ გაგრძელება 2020 წელსაც ექნება?

- ძალიან ფართო თემაა, რასაც მოკლე ინტერვიუში ძნელად თუ მოიცავ. 2019 წელი იყო მწარე გაკვეთილების წელი ყველასათვის. სერიოზული გამოწვევების და გამოცდის წინაშე დადგა სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა და ეფექტურობა, ასევე დემოკრატიული მმართველობის პროცესები და გამოცდა ჯერ არ დასრულებულა.

2020 წელს გამოჩნდება რამდენად სწორი დასკვნები გამოვიტანეთ სახელმწიფომ, მისმა ინსტიტუციებმა და საზოგადოებამ 2019 წელს მიღებული მძიმე გაკვეთილებიდან. შეიძლება დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ კარგა ხანი ვიქნებით ევროპული სტრუქტურების მონიტორინგის ქვეშ როგორც გარდამავალი დემოკრატია.

ჩემი დაკვირვებით, 20 ივნისის და შემდგომი პერიოდის მოვლენებმა ღირებულებითი და მსოფლმხედველური დაპირისპირების ერთგვარი „რკინის ფარდა“ ჩამოუშვა ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რომლებიც მანამდეც არ გამოირჩეოდნენ ამ კუთხით ერთსულოვნებით.

არ მგონია რომ მალე მოხდეს ამ „რკინის ფარდის“ ჩამოხსნა და ეს საფრთხის შემცველია ჩვენი მყიფე სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა რომ აზრთა პლურალიზმის კონტექსტში ეწერება.

2019 წლის მოვლენებმა აჩვენა რომ ჩვენი საზოგადოება უფრო ევოლუციური მაგრამ სტაბილური განვითარებისკენ არის მიდრეკილი, და აღარ სურს თუნდაც ძალიან კეთილშობილი სურვილებით შეფუთული რევოლუციური კატაკლიზმები.

2019 წლის მოვლენებმა აჩვენა რომ ჩვენი საზოგადოება უფრო ევოლუციური მაგრამ სტაბილური განვითარებისკენ არის მიდრეკილი და აღარ სურს თუნდაც ძალიან კეთილშობილი სურვილებით შეფუთული რევოლუციური კატაკლიზმები

შესაბამისად, რევოლუციური მუხტის მატარებელ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს და ლიდერებს შემოაკლდათ სოციალური ბაზა.

2019 წელს ვიხილეთ ახალგაზრდული აქტივიზმის სრულიად ახალი და აქამდე უცნობი ფენომენი, რომელიც რაღაცით წააგავს 1960-იან წლებში ევროპაში ახალგაზრდულ რევოლუციურ ბუნტს.

ოღონდაც ჩვენში ბოლო თვეებში აღმოცენებულ ახალგაზრდულ მოძრაობებს არ დაუფიქსირებით მწყობრი და საზოგადოებისათვის გასაგები ფორმით საკუთარი იდეური, იდეოლოგიური თუ სოციალურ- პოლიტიკური პლატფორმა.

ვერავინ დამაჯერებს რომ მხოლოდ პროპორციული არჩევნები არის ახალგაზრდული მოძრაობებითვის აქცია-პერფომანსების გამართვის მთავარი მიზეზი და მოტივატორი. 2020 წელს იმედია მივიღებთ უფრო მკაფიო სურათს მათ ზრახვებზე.

ვერავინ დამაჯერებს რომ მხოლოდ პროპორციული არჩევნები არის ახალგაზრდული მოძრაობებითვის აქცია-პერფომანსების გამართვის მთავარი მიზეზი და მოტივატორი. 2020 წელს იმედია მივიღებთ უფრო მკაფიო სურათს მათ ზრახვებზე

2019 წელს განვითარებული პროცესების შედეგად 2020 წელს შევხვდით ისე, რომ ჯერ კიდევ უცნობია რა სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ჩატარდება თუ არა კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, იმდენად მაღალია პოლიტიკური კონფრონტაცია.

2019 წელს განვითარებული პროცესების შედეგად 2020 წელს შევხვდით ისე, რომ ჯერ კიდევ უცნობია რა სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ჩატარდება თუ არა კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, იმდენად მაღალია პოლიტიკური კონფრონტაცია

ანაკლიის სტრატეგიული პროექტის გარშემო განვითარებული პერიპეტიები, შეიძლება ხელისუფლებას და ქვეყანასაც სერიოზულ პრობლემად გადაექცეს, თუ 2020 წელს, პორტის მშენებლობა რეალურად არ დაიწყება.

2019 წელს მომხდარი ცნობილი კონფლიქტები (პანკისის ხეობა, წნელისის საგუშაგო) ბოლომდე არ ჩამქრალა და მუგუზლებად ღვივის. მათ შესაძლოა 2020 წელსაც შეგვახსენონ თავი. 2019 წლის ბოლოს მიღწეული ეკონომიკის და ლარის კურსის სტაბილიზაციის შენარჩუნება შესაძლოა რთული აღმოჩნდეს 2020 წლის საარჩევნო პოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე.

- 2019 წელს ხელისუფლებას უამრავ მიზეზთა გამო უამრავი გამოწვევა ჰქონდა. სხვა საკითხია თუ როგორ შეძლო მან მათთან გამკლავება.

თქვენი აზრით, რა ტიპის გამოწვევებს გაუმკლავდა ხელისუფლება და რა ტიპის გამოწვევებზე იყო მისი რეაგირება არც თუ ისე წარმატებული და დამაჯერებელი, ზოგ შემთხვევაში გაუგებარიც კი?

- ხელისუფლებას რომ მის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება ვერ შეძლებოდა, გარწმუნებთ დღეს სხვა ხელისუფლება გვეყოლებოდა. 2003 წელს იმიტომაც მოხდა ხელისუფლების შეცვლა, რომ ის ხელისუფლება გამოწვევებს ვერ უმკლავდებოდა და სახელმწიფოს მართვის სადავეები ხელიდან გაქცეული ჰქონდა. ამ ისტორიულ ექსკურსს იმიტომ ვაკეთებ, რომ შევადაროთ დღეს რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით.

ხელისუფლებას რომ მის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება ვერ შეძლებოდა, გარწმუნებთ დღეს სხვა ხელისუფლება გვეყოლებოდა... მან არ დაუშვა სახელმწიფოს ჩაძირვა ტურბულენტობისა და დესტაბილიზაციის მორევში, რომლის რეალური საფრთხეც იდგა

ე.წ. „გავრილოვის ინციდენტი“ და მომყოლი მოვლენები იყო ხელისუფლების ყველაზე დიდი გამოწვევა. ცალკეული შეცდომების მიუხედავად, ამ გამოწვევას ჩემი აზრით, ხელისუფლება მეტნაკლებად გაუმკლავდა. მან არ დაუშვა სახელმწიფოს ჩაძირვა ტურბულენტობისა და დესტაბილიზაციის მორევში, რომლის რეალური საფრთხეც იდგა.

მმართველ გუნდში არსებულ რყევებს, რომელმაც გამოიწვია პარლამენტში პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა და მინავლებული პოლიტიკური კრიზისის განახლება, „ქართულ ოცნებას“ აქტივში ნამდვილად ვერ ჩავუთვლით.

თავად პარტია „ქართული ოცნებაში“ საკმაოდ რთული პროცესები დაიწყო, რაც მას აქამდე არ განუცდია, ვგულისხმობ არა მხოლოდ წევრების გადინებას. პარტიაში მწვავედ დადგა განახლების საკითხი.

მმართველ პარტიას აქტივში ვერ ჩავუთვლით ვერც პანკისში განვითარებულ კრიზისულ მოვლენებს, რომლებმაც აჩვენა, რომ კონფლიქტის პრევენციის ინსტრუმენტები სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებსა და სტრატეგიებში სათანადოდ არ არის გაწერილი და რაც მთავარია, პრაქტიკაში არ გამოიყენება.

მმართველ პარტიას აქტივში ვერ ჩავუთვლით ვერც პანკისში განვითარებულ კრიზისულ მოვლენებს, რომლებმაც აჩვენა, რომ კონფლიქტის პრევენციის ინსტრუმენტები სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებსა და სტრატეგიებში სათანადოდ არ არის გაწერილი და რაც მთავარია, პრაქტიკაში არ გამოიყენება

სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილის და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, ხელისუფლებამ შეძლო უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის ნაწილობრივ დაკომპლექტება ახალი და წინანდელთან შედარებით უფრო დემოკრატიული სტანდარტებით. ოპონენტებმა ვერ შეძლეს ამ თემის ირგვლივ საპროტესტო ტალღის აგორება, რაც იმის ინდიკატორია, რომ მოსახლეობის უმრავლესობაში სასამართლოს თემა არ არის პრიორიტეტული.

წლის ბოლოს ეკონომიკური პარამეტრების მცირედით გაუმჯობესება და ლარის კურსის ვარდნის შეჩერება, არ ნიშნავს იმ სისტემური სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევას, რომელთაგანაც უმთავრესს უმუშევრობა და ინვესტიციების შემცირება წარმოადგენს და ამას თავად ხელისუფლებაც აღიარებს.

მართალია ჩვენ დავწინაურდით გარკვეულ საერთაშორისო რეიტინგებში, მაგრამ ყველაზე რეალური და სანდო ინდიკატორი მაინც მოსახლეობის მაცივრები და საფულეებია.

- 2019 წელი საკმაოდ აქტიური იყო ოპოზიციისთვის. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ჯერ ცალ-ცალკე აქტიურობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მის მიერვე ინიციირებულ უბარიერო პროპორციულ სისტემაზე თქვა უარი, ხელისუფლების წინააღმდეგ ლამის მთელი ოპოზიცია გაერთიანდა ერთ საკითხში.

თქვენი აზრით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაათვალისწინებით, როგორი იყო 2019 წელი ოპოზიციური სპექტრისთვის?

- გაზრდილი აქტიურობის მიუხედავად, ოპოზიციურ სპექტრში რაიმე კარდინალური თვისობრივი ცვლილება არ მომხდარა. რაოდენობრივი მოხდა - პოლიტიკურ ველზე რამდენიმე ახალი ოპოზიციური პარტიის გამოჩენით. ოპოზიცია ცდილობდა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, თუნდაც „გავრილოვის ინციდენტი“, სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ იმდენად ნაჯახისებური მეთოდებით მოქმედებდა, რომ ბუმერანგივით დაუბრუნდათ.

მათ გააცოცხლეს „კმარა,“ თავიანთ ე.წ. ლიდერთა სკოლებში გაწვრთნილი ახალგაზრდებით და ამ რესურსით ცდილობდნენ სიტუაციის სათავისოდ შემობრუნებას.

გაზრდილი აქტიურობის მიუხედავად, ოპოზიციურ სპექტრში რაიმე კარდინალური თვისობრივი ცვლილება არ მომხდარა... ოპოზიცია ცდილობდა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები, თუნდაც „გავრილოვის ინციდენტი“, სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ იმდენად ნაჯახისებური მეთოდებით მოქმედებდა, რომ ბუმერანგივით დაუბრუნდათ

ოპოზიციამ ვერც ის მოკლევადიანი უპირატესობა გამოიყენა, რაც პარლამენტში პროპორციული არჩევნებზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ მოიპოვა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მათ მიერ არჩეული სტრატეგია და ტაქტიკა ვერ გასცდა პიკეტირებისა და ხმაურიანი პერფორმანსების ჩარჩოებს.

ფაქტია, რომ ჯერჯერობით გაერთიანებულმა ოპოზიციამ ფართო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ეს არის ირიბი ინდიკატორი იმისა, რომ საარჩევნო სისტემა მოსახლეობაში არ არის მთავარი პრიორიტეტი.

ოპოზიციამ ვერც ის მოკლევადიანი უპირატესობა გამოიყენა, რაც პარლამენტში პროპორციული არჩევნებზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ მოიპოვა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ მათ მიერ არჩეული სტრატეგია და ტაქტიკა ვერ გასცდა პიკეტირებისა და ხმაურიანი პერფორმანსების ჩარჩოებს

ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ აუხსნეს ხალხს რატომ და როგორ შეიცვლება ხალხის და ქვეყნის ცხოვრება უკეთესობისკენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლით. ხალხი კი ხედავს, რომ ოპოზიციის ეს ქმედებები ნაკარნახევია ძირითადად მათი პარტიული ინტერესებით და არა ხალხზე ზრუნვით.

ამას გარდა, გუშინ დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა ერთად დადგომამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში. ყველა ხვდება, რომ ეს ოპოზიციური სოლიდარობა ხელოვნური და მოჩვენებითია და ყველა პარტია მღვრიე წყალში თავის თევზის დაჭერას ცდილობს.

- ერთ საარჩევნო საკითხში ერთიანობის მიუხედავად ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პროცესი საკმაოდ რთულადაც კი გამოიყურება.

აქტუალობას არ კარგავს თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესი ოდესღაც ერთიან „ნაცმოძრაობაში.“

ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ოპოზიციის ლიდერი კვლავ სააკაშვილი იყოს. არაერთხელ ვნახეთ, რომ „ოცნება“ სააკაშვილის დაბრუნების იდეის პროპაგანდით, არ უჭირს მხარდამჭერების მობილიზება.

მოახლოებულ არჩევნების წელს რა იქნება ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა?

- ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება რომ ოპოზიცია, ეს ძირითადად ეხება „ნაცმოძრაობას,“ მის განშტოებებს და მათთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს, ვერ აცნობიერებს თუ რა სოციუმში ცხოვრობს. ეს ადამიანები ცხოვრობენ და მოქმედებენ თავიანთი ღირებულებითი და მსოფლმხედველური სისტემებით, რომლებიც ხშირად ვერ მოდის თანხვედრაში ქართულ ტრადიციებთან, კულტურასთან და მენტალიტეტთან.

ამას გარდა, სისტემური და არასისტემური ოპოზიცია საზოგადოებას ვერ სთავაზობს პოზიტიურ დღის წესრიგს და პროგრამას. სამაგიეროდ აშკარად ავლენს პრობლემების ძალადობრივი გზით გადაჭრის სურვილს, რასაც ადასტურებს მათი ლიდერების ხისტი რიტორიკაც და ქმედებაც.

მაგალითად, ამბობენ რომ აქცია იქნება მშვიდობიანი მაგრამ რადიკალურიო. როგორ შეიძლება რადიკალური აქცია იყოს მშვიდობიანი?!

მოახლოებულ არჩევნებზე ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება მათ რიგებში საზოგადოებისათვის მისაღები ლიდერების არარსებობა. დიდი ალბათობით, არჩევნებზე ისინი ისევ იმ ოდიოზური ფიგურებით წარდგებიან, აქედან გამომდინარე შედეგებით.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგში ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ჯერჯერობით მედიატორების როლში გამოდიან, მაგრამ მათ, როგორც ჩვენს ძირითად დონორებს, ზემოქმედების ბერკეტებიც გააჩნიათ ორივე პოლიტიკურ მხარეზე, თუკი ამის საჭიროება წარმოიქმნა

- პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ“ პოლიტიკური პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ დააფუძნა. „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის ღმაწყლოვან პორტზე საუბრისას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა.

თქვენი დაკვირვებით რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხაზარაძის ბრალდება და თქვენი აზრით, რა შანსები აქვს „ლელოს-საქართველოსთვის“, რომ 2020 წლის არჩევნებამდე „ოცნების“ ალტერნატივად ჩამოყალიბდეს?

- ასეთი მძიმე და სერიოზული ბრალდება, რა თქმა უნდა, სერიოზულ მტკიცებულებებს საჭიროებს. სამწუხაროდ, ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურა ასეთ რამეს არ ცნობს, აქ მთავარია ოპონენტი გასვარო და რაც შეიძლება მაგრად. როგორც ვხედავთ ბატონი ხაზარაძეც კარგად ჩაეწერა ამ მანკიერ კულტურაში. ის ითქვიფება პოლიტიკოსების საერთო მასაში, არადა, პოლიტიკაში შემოსვლისას პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებას გვპირდებოდა.

„ლელო“-ს შანსები არჩევნებზე შეიძლება შევაფასოთ იმ ტრადიციული ინდიკატორებით, რომლებითაც ფასდება ნებისმიერი პარტიის პოტენციალი - ლიდერები, პროგრამა-იდეოლოგია, ორგანიზაციული სტრუქტურის გამართულობა, სოციალური ბაზა და ფინანსური რესურსები.

ზოგი ინდიკატორი სახეზეა, ზოგის შეფასებას კი დრო სჭირდება. საარჩევნო შანსებზე დეტალურად საუბარი ჭირს, რადგანაც ისიც არ ვიცით რა სისტემით ჩატარდება არჩევნები და როდის.

„ლელო“-ს ლიდერებს „ნაცმოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ შედარებით გააჩნიათ ის უპირატესობა, რომ არ აქვთ მათსავით მძიმე წარსული. თუმცა, ‘ლელოს“ ცალკეული ლიდერების წარსულთან საზოგადოებას შესაძლოა ჰქონდეს კითხვები.

მოახლოებულ არჩევნებზე ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება მათ რიგებში საზოგადოებისათვის მისაღები ლიდერების არარსებობა. დიდი ალბათობით, არჩევნებზე ისინი ისევ იმ ოდიოზური ფიგურებით წარდგებიან, აქედან გამომდინარე შედეგებით

მართალია, „ლელოს“ ლიდერთა უმეტესობას ფართო საზოგადოებაში ცნობადობის პრობლემა აქვს, მაგრამ შესაძლოა ამან საზოგადოების ნაწილში პოზიტიური მოლოდინიც კი გააჩინოს, გვარიანად მოყირჭებული და დისკრედიტირებული პოლიტიკური სახეების ფონზე.

მე ვფიქრობ, რომ „ლელო“-ს უფრო მეტი შანსი აქვს „ნაცმოძრაობის“ და მისი განშტოებების ალტერნატივად ჩამოყალიბდეს, ვიდრე „ქართული ოცნების.“

„ლელო“-ს ლიდერებს „ნაცმოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ შედარებით გააჩნიათ ის უპირატესობა, რომ არ აქვთ მათსავით მძიმე წარსული. თუმცა, ‘ლელოს“ ცალკეული ლიდერების წარსულთან საზოგადოებას შესაძლოა ჰქონდეს კითხვები

„ლელო-ს“ პოლიტიკური და ელექტორალური ველი ძირითადად გადაუწყვეტელი და მერყევი ამომრჩევლია. თუმცა რამდენად სწორად კითხულობს „ლელო“ ამომრჩევლის ამ სეგმენტის სურვილებსა და მოლოდინებს?!

მეჩვენება რომ არცთუ ისე სწორად, რადგანაც პირველივე აქტივობად რატომღაც კონკრეტული მოსამართლეებისა და მოხელეების „შავი სიის“ შედგენა აირჩია.

- საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დაძაბულობის ზრდის ფონზე სენატმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დაამტკიცა.

რა კორექტივებს შეიტანს ამ საკითხზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შედეგი ერთი მხრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებზე, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მიმართ ამერიკისა და ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებაში?

- ნიშანდობლივია, რომ აშშ-ს ელჩის დამტკიცება სწორედ საარჩევნო წელს მოხდა, რაც ხაზს უსვამს აშშ-ს ინტერესს საქართველოს, როგორც მისი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგში ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ჯერჯერობით მედიატორების როლში გამოდიან, მაგრამ მათ, როგორც ჩვენს ძირითად დონორებს, ზემოქმედების ბერკეტებიც გააჩნიათ ორივე პოლიტიკურ მხარეზე, თუკი ამის საჭიროება წარმოიქმნა.

ვფიქრობ, რომ „ლელო“-ს უფრო მეტი შანსი აქვს „ნაცმოძრაობის“ და მისი განშტოებების ალტერნატივად ჩამოყალიბდეს, ვიდრე „ქართული ოცნების“

სამწუხაროდ, ჯერჯერობით დიალოგი მძიმედ მიდის და ორივე მხარისათვის მისაღები შედეგის დადგომის ალბათობა მცირეა. თუ ურთიერთმისაღები შედეგი არ დადგა, ტურბულენტური პერიოდი გაგრძელდება და ეს უარყოფითად აისახება ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ურთიერთობაზე, რადგანაც მათ წარმოდგენაში მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებზე მაინც ხელისუფლებას აკისრია.

- მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეჟიმმა ექიმი გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა, რჩება შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, კრემლი მით მეტად დაიწყებს თბილისთან ღიად ვაჭრობას საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკის წარმოებაა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ და საარჩევნო წელს რამდენად შეძლებს მათთან გამკლავებას მმართველი გუნდი?

- თუ ამ თეორიას გავყვებით, მაშინ კრემლმა ოფიციალურ თბილისთან პოლიტიკურ ვაჭრობაში ისეთი რაღაც უნდა დადოს მაგიდაზე, რაც ვაჭრობის საგანი გახდებოდა. არ ვიცი კულუარულად თუ იხილება რაიმე ინიციატივა, მაგრამ საჯაროდ და ოფიციალურად ამის ნიშნები არ ჩანს.

რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, არ არის სულერთი თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები მის მოსაზღვრე სახელმწიფოში, რომელსაც საფრთხის წყაროდ აღიქვამს, რადგანაც ის აშშ-ს და ნატოს პარტნიორი ქვეყანაა.

კრემლმა ოფიციალურ თბილისთან პოლიტიკურ ვაჭრობაში ისეთი რაღაც უნდა დადოს მაგიდაზე, რაც ვაჭრობის საგანი გახდებოდა. არ ვიცი კულუარულად თუ იხილება რაიმე ინიციატივა, მაგრამ საჯაროდ და ოფიციალურად ამის ნიშნები არ ჩანს

რუსეთი ალბათ დააკვირდება წინასაარჩევნო პროცესების დინამიკას საქართველოში და ანალიზის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას უღირს თუ არა არჩევნებში ჩარევა მისი ცნობილი ტექნოლოგიების გამოყენებით. მე ჩარევის ალბათობას არ გამოვრიცხავდი, რადგანაც რუსეთს არანაირად არ სურს საქართველოს ხელისუფლებაში იხილოს გამოკვეთილად ანტი-რუსული ძალა.

გამკლავებას კი კომპლექსური მიდგომა, კვალიფიციური კადრები და რესურსები სჭირდება, რომ შესაძლო ჩარევის ან სხვა დესტრუქციული ქმედებების მცდელობა ადრეულ სტადიაზევე იყოს აღკვეთილი.

ჩვენი პარტნიორებიც უნდა დაგვეხმარონ ამაში აქტიურად. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასპროცენტიანი პრევენცია ალბათ შეუძლებელია, მითუმეტეს თუ პროცესები ჩვენი კონტროლის მიღმაა.

- რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის პირობებში თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს აშშ და ევროპა საქართველოსთან დაკავშირებით ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარებას?

- გააჩნია ვის როგორ წარმოუდგენია მათი პოლიტიკის ეფექტურობა და რა შედეგს ელოდებიან. არცთუ იშვიათად, ევროპისა და აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში ექვემდებარება საერთაშორისო კონიუნქტურასა და ე.წ. „რეალ-პოლიტიკას,“ რომელიც საკმაოდ ულმობელი რამ გახლავთ.

დასავლეთის სურვილი დაითანხმონ რუსეთი დიალოგზე და შეაცვლევინონ ქცევის წესი საერთაშორისო არენაზე, ხშირად გულისხმობს ისეთ კომპრომისულ მიდგომებს, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის გაუგებარი და მიუღებელია.

ამის მაგალითია თუნდაც საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გაჭიანურება, ევროპული პერსპექტივის მინიჭებაზე თავშეკავება და ა.შ.

ის, რომ ევროპას და აშშ-ს რუსეთთან ახალი კონფრონტაცია არ სურთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს მაღალ ფასს არ გადაახდევინებენ საქართველოს მიმართ ღია აგრესიის შემთხვევაში.

ის, რომ ევროპას და აშშ-ს რუსეთთან ახალი კონფრონტაცია არ სურთ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს მაღალ ფასს არ გადაახდევინებენ საქართველოს მიმართ ღია აგრესიის შემთხვევაში

თუმცა, სამწუხაროდ, აშშ და ევროპა ვერ შეაჩერებენ .ე.წ. „საზღვრის“ გადმოწევის პროცესს. ვერც რუსეთის „რბილი ძალის“ შემოჭრას აღუმართავენ კედელს. 2020 წელს აშშ-ს პოლიტიკური კლასის და საზოგადოების, ასევე საერთაშორისო წრეების მთელი ყურადღება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე იქნება გადართული, რომლის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც ამ ქვეყნის ისე საერთაშორისო დღის წესრიგზე.

ევროპას ბრექსითის და სხვა პრობლემები აქვს მოსანელებელი, უკრაინის საკითხი იქნება მწვავედ დღის წესრიგში და დასავლეთისთვის საქართველოზე გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა რეგიონული პრობლემების სიმწვავეც არ მოიკლებს.

ამ ყველაფრის ფონზე, არ მგონია საქართველოს პრობლემატიკა მათი პირველი რიგის პრიორიტეტებში მოექცეს. ევროპაც და აშშ-ც რა თქმა უნდა, დაელოდებიან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

ამიტომაც შესაძლოა ურთიერთობებში ერთგვარი პაუზაც დადგეს, რაც რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის რაიმე პუნქტში შესუსტებას.

- ჩვენ ბევრ თემას შევეხეთ, მაგრამ არაფერი გვითქვამს ჩვენში განვითარებულ მოვლენებზე საზოგადოების დამოკიდებულებაზე. არადა, 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და სწორედ ხალხს მოუწევს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე არჩევანის გაკეთება.

ვინაიდან 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, წლის მთავრი კითხვა უკვე ვიცით - შეძლებს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნებას „ქართული ოცნება“? სახელისუფლებო წრეებთან დაკავშირებული ანალიტიკოსები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შედარებით შედარებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

თქვენი დაკვირვებით, შეძლებს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნებას „ქართული ოცნება“?

- გამომდინარე იქიდან, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალაუფლების წყარო ხალხია, მე კითხვას ასე დავსვამდი - მოისურვებს თუ არა ხალხი - ამომრჩეველი დატოვოს „ქართულ ოცნება“ ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით?

ქართველი ამომრჩევლის დამოკიდებულება ხელისუფლებებისადმი საკმაოდ რთული და მრავალშრიანი პროცესია, რომელიც სხვათა შორის ჯერ არავის ჩაღრმავებულად არ გამოუკვლევია.

აქ ერთმანეთთან თანაცხოვრობს აქტიური და პასიური პროტესტი. ერთიც და მეორეც ვიხილეთ 2012 და 2018 წლების არჩევნებზე. დიახ, დღეს „ქართულ ოცნებას“ ჰყავს სხვა პოლიტიკურ ძალებთან შედარებით მეტი მხარდამჭერი და ამას ადასტურებს არა მხოლოდ თავისუფლების მოედანზე გამართული ღონისძიება, არამედ სოციოლოგიური გამოკითხვებიც.

მისცემს თუ არა ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ იმდენ ხმას, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება, დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დადებითად აღიქვამს ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს და რამდენად იგრძნობს ამ ნაბიჯების დადებით შედეგებს. ამისთვის კი „ქართული ოცნება,“ რომ იტყვიან, ნემსის ყუნწში უნდა გაძვრეს.

მისცემს თუ არა ამომრჩეველი „ქართულ ოცნებას“ იმდენ ხმას, რომ მან შეინარჩუნოს ძალაუფლება, დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დადებითად აღიქვამს ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს და რამდენად იგრძნობს ამ ნაბიჯების დადებით შედეგებს. ამისთვის კი „ქართული ოცნება,“ რომ იტყვიან, ნემსის ყუნწში უნდა გაძვრეს

მე გამოვყოფდი სამ პრიორიტეტულ ამოცანას - სწორი და დროული კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რესურსების ეფექტური მენეჯმენტი და კონფლიქტური სიტუაციების პრევენცია.

არსებობს მოსაზრება, თითქოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა-არდარჩენა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე.

თუმცა გარეშე ფაქტორების ზემოქმედებასაც აქვს ლიმიტები, რომლებიც სრულდება იქ, სადაც იწყება საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება და ამ ნების აღსრულების მზაობა.

ამის მკაფიო მაგალითი კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები გახლდათ. ასე რომ, საბოლოოდ ყველაფერს გადაწყვეტს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი, რომელმაც 2020 წელს პოლიტიკური და მოქალაქეობრივი სიმწიფე უნდა აჩვენოს, თუკი სურს, რომ ქვეყანას დესტაბილიზაცია და ქაოსი ააცილოს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს